347აპ ქ. თბილისი
17 ნოემბერი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),
ზ. მეიშვილი, პ. სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ტ. ღ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 დეკემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 18 სექტემბრის განაჩენით ტ. ღ., _ დაბადებული .... წლის........-ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ» ქვეპუნქტით იმაში, რომ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი ხულიგნური ქვენაგრძნობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2007 წლის 18 აპრილს მთვრალმა ტ. ღ-მ ხულიგნური ქვენაგრძნობით, ხის ჯოხით თავის არეში სცემა თავის მეზობელ რ. ჯ-ს მისსავე საცხოვრებელ სახლში, რითიც მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება.
აღნიშნული ქმედებისათვის ტ. ღ-ს, საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 25 აპრილიდან.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ტ. ღ-მ და ითხოვა სასჯელის შემსუბუქება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 დეკემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.
კასატორი _ მსჯავრდებული ტ. ღ. საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ, რ. ჯ-ს ხის ჯოხი ორჯერ დაარტყა ბეჭზე, რადგან მან მის მეუღლეს შეურაცხყოფა მიაყენა; რ. ჯ-მ თავის არეში დაჟეჟილობა მიიღო 2007 წლის 17 აპრილს, როდესაც თანასოფლელის დედის ორმოცზე დათვრა და რასაც ადასტურებს მრავალი მოწმე, ასევე _ ქუთაისის კლინიკური საავადმყოფოს ექსპერტი; თვითონ დაავადებულია ტუბერკულოზით, გადატანილი აქვს გულის ინფარქტი, მარჯვენა ფილტვზე აქვს სიმსივნე, ნაღვლის ბუშტში _ კენჭი, ხოლო მარჯვენა თირკმელში _ ჩირქი; ამჟამად ძალიან ცუდად გრძნობს თავს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ტ. ღ. მიუთითებს, რომ ბრალად შერაცხული ქმედება არ ჩაუდენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა ტ. ღ-ს ქმედების მოტივთან დაკავშირებით მიუთითეს, რომ დაზარალებულ რ. ჯ-ს ზ. დ-ი არ უცემია და, შესაბამისად, არც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების საბაბი არსებობს. ამასთან, სასამართლომ არ უარყო, რომ პ. ს-სა და რ. ჯ-ს გაზავების დროს ამ უკანასკნელის ხელი მოხვდა ზ. დ-ს, თუმცა რაიმე დაზიანება არ მიუღია და ეს ფაქტი უმნიშვნელო საბაბია, მით უფრო, რომ ზ. დ-მ მომხდარის თაობაზე მეუღლეს არაფერი უთხრა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ქმედების მოტივთან დაკავშირებით საგულისხმოა მოცემულ საქმეზე დაკითხული არაერთი პირის, მათ შორის _ დაზარალებულის ჩვენებები, კერძოდ:
დაზარალებული რ. ჯ. აღნიშნავს, რომ ტ. ღ-სთან აკავშირებს კარგი ურთიერთობა, ერთად იზრდებოდნენ. 2007 წლის 18 აპრილს იმყოფებოდა სახლში, სადაც მივიდა ტ. და ჰკითხა _ მეუღლე რატომ გამილახეო, იმავდროულად, დაარტყა ხელი, შემდეგ აიღო ხის მსხვილი ჯოხი და სამჯერ ჩაარტყა თავში, რის გამოც გონება დაკარგა. რ. ჯ-მ მიუთითა, რომ ტ. ღ-ს მეუღლისათვის შეურაცხყოფა არასდროს მიუყენებია (ტ. 1, ს.ფ. 139).
მოწმე ნ. ჯ-ს ჩვენებით, მის შვილს სცემდა ტ. ღ., რის მიზეზად მსჯავრდებულმა დაუსახელა მეუღლის ფიზიკური შეურაცხყოფა (ტ. 1, ს.ფ. 139).
მოწმე ნ. გ-მ განმარტა, რომ რ. ჯ-ს სახლიდან მოესმა ჩხუბის ხმა, ტ. ღ. ყვიროდა _ მოგკლავ, მეუღლე რატომ გამილახეო. ეს უკანასკნელი სახლიდან გამოვიდა, რა დროსაც ეკავა ხის ჯოხი (ტ. 1, ს.ფ. 142).
მოწმე პ. ს-მ მიუთითა, რომ რ. ჯ-სთან მოუხდა კამათი, თუმცა არ უჩხუბიათ. კამათისას იქ იმყოფებოდა ტ. ღ-ს მეუღლეც (ტ. 1, ს.ფ. 142).
ტ. ღ-ს მეუღლის _ ზ. დ-ს სასამართლოში დაკითხვა ვერ მოხერხდა. მან საქმის წინასწარი გამოძიებისას აჩვენა, რომ მოხვდა რ. ჯ-ს მიერ პ. ს-სათვის მოქნეული ხელი, მაგრამ დარტყმა უმნიშვნელო იყო და დაზიანება არ მიუღია. მომხდარის შესახებ არც თავის მეუღლეს უამბო. სახლში დაბრუნებისას ტ. ღ-მ უთხრა, რომ ჯოხით სცემა რ-ს, თუმცა მიზეზი არ დაუსახელებია (ტ. 1, ს.ფ. 13-14).
თავად ტ. ღ. დაკავების დღიდანვე განმარტავს, რომ თავისი მეუღლისაგან შეიტყო რ. ჯ-სა და პ. ს-ს შორის მომხდარი ჩხუბის შესახებ, რა დროსაც რომანს ხელი დაურტყამს ზ. დ-ც. სწორედ ამის გამო, ტ. ღ. წავიდა რ. ჯ-სთან ,,საქმის გასარკვევად".
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულისა და სხვა პირთა ჩვენებებით არ დასტურდება დანაშაულის ხულიგნური ქვენაგრძნობით ჩადენის ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში სათანადო ყურადღება არ გამახვილდა დანაშაულის სუბიექტურ მხარეზე და ორივე ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, ფაქტობრივად, სახეზეა ქმედების ობიექტური შერაცხვა, თუმცა არც ობიექტურად დადგენილი გარემოებები მეტყველებს დანაშაულის ხულიგნური ქვენაგრძნობით ჩადენაზე. ცხადია, რომ ტ. ღ-მ შეიტყო თავის მეუღლესთან დაკავშირებული ინციდენტის შესახებ, რაც მისი შემდგომი ქმედების მოტივად იქცა. აღნიშნულს არც სააპელაციო პალატა უარყოფს, მაგრამ მიუთითებს ამ საბაბის უმნიშვნელო ხასიათზე. იმ შემთხვევაშიც, როდესაც რ. ჯ-ს ზ. დ-სათვის ხელი განზრახ არ დაურტყამს, ტ. ღ-ს ქმედების სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით დაკვალიფიცირება არასწორია, ვინაიდან მსჯავრდებულმა ამის შესახებ არ იცოდა, ყოველ შემთხვევაში, ამის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. საპირისპიროდ ამისა, საქმეშია ტ. ღ-ს არაერთი ჩვენება, სადაც იგი თავისი ქმედების მოტივს მეუღლის გალახვას უკავშირებს და რასაც ადასტურებენ სხვა პირებიც, მათ შორის _ დაზარალებული.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ცალკეულ შემთხვევაში პირი შესაძლოა მოქმედებდეს შურისძიების მოტივით, თუმცა ობიექტურად ამის საბაბი არ არსებობდეს. ასეთ შემთხვევაში მატერიალური კანონის სწორად გამოყენებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორედ ქმედების სუბიექტური მხარის ნიშნებს აქვს, რომელთა უტყუარად დადგენას ემსახურება ქმედების ობიექტური შემადგენლობის ნიშნები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ტ. ღ-ს ქმედება სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს ამავე მუხლის 1-ელ ნაწილზე, რაც უდავოდ დადასტურებულია მოპოვებული და გამოკვლეული მტკიცებულებებით.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ტ. ღ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 დეკემბრის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: ტ. ღ-ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 117-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე და სასჯელის ზომად საბოლოოდ განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.