Facebook Twitter

ბს-18-18 (კ-14) 22 მაისი, 2014 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს მთავარი პროკურატურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.10.2013წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი.კ-ემ 24.05.2013წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს მთავარი პროკურატურის მიმართ უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნით მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის - 15000 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით. საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქმეში ჩაერთო მესამე პირად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.07.2013წ. გადაწყვეტილებით ი.კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს მთავარ პროკურატურას ი.კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის - 10 000 ლარის ანაზღაურება. ი.კ-ის მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.10.2013წ. განჩინებით საქართველოს მთავარი პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს მთავარი პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს მთავარი პროკურატურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე