საქმე ბს-195-193 (კ-14) 5 მაისი, 2014 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ე. თ-ემ სარჩელი აღძრა მოპასუხე - შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხის 2011 წლის 29 დეკემბრის №1-136 ბრძანების მის ნაწილში ბათილად გამოცხადება, ადმინისტრაციული ორგანოს დავალდებულება გასცეს საკუთრების უფლების მოწმობა ანდა მოპასუხის დავალდებულება განახორციელოს შესაბამისი ქმედება, რომლის საფუძველზე უძრავი ქონება მდებარე დაბა შუახევი, ... ქ.№... საკუთრების უფლებით დარეგისტრირდება საჯარო რეესტრში მოსარჩელის სახელზე. შემდგომში სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტებით მოსარჩელემ მოითხოვა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2012 წლის 9 მარტის და 2012 წლის 15 მარტის მიმართვების, შუახევის საკრებულოს 2012 წლის 12 მარტის №15 განკარგულების ბათილად ცნობა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ე. თ-ემ გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 4 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 4 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით ე. თ-ემ გაასაჩივრა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 27 ივნისის განჩინებით ე. თ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 4 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად დ. დ-ე ჩაება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე. თ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ე. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 დეკემბრის №1-136 ბრძანება შუახევის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით განკარგვის მუდმივმოქმედი კომისიის სხდომის 2011 წლის 1 დეკემბრის №12 ოქმის ბათილად ცნობის შესახებ ე. თ-ის ნაწილში; ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 12 მარტის №15 განკარგულება და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის 2012 წლის 15 მარტის №01-10/1321 მიმართვა; შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაევალა 2011 წლის 01 დეკემბრის №12 ოქმის შესაბამისად გასცეს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა შუახევის რაიონის დაბა შუახევში, ... ქუჩის №...-ში მდებარე უძრავ ქონებასთან (საკადასტრო კოდი: ...) დაკავშირებით ე. თ-ეზე საკუთრების უფლების მინიჭების შესახებ; დანარჩენ ნაწილში სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 7 მარტის განჩინებით გასწორდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში დაშვებული უსწორობა და მითითებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „გაუქმდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 დეკემბრის №1-136 ბრძანების, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 12 მარტის №15 განკარგულებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის 2012 წლის 15 მარტის №01-10/1321 მიმართვის ბათილად ცნობის თაობაზე ე. თ-ისათვის უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება“.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გაასაჩივრა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე