Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

№ბს-202-200(კ-14) 29 მაისი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ბ. ფ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, მოწინააღმდეგე მხარეების _Qშ. თ-ას, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, მესამე პირების - ს. ბ-ისა და რ. ჭ-ის მონაწილეობით.

2012 წლის 20 აპრილს შ. თ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს №A11026510-009/001 და №A11026510-011/001 განკარგულებების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 10 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ბ. ფ-ე, რ. ჭ-ე და ს. ბ-ე.

2012 წლის 30 აპრილს შ. თ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ ქ. ქუთაისში, ... ქ. მე-2 შეს. #10-ში მდებარე უძრავი ქონების ბ. ფ-ის სახელზე რეგისტრაციასთან დაკავშირებით მიღებული საჯარო რეესტრის ყველა გადაწყვეტილების გაუქმება, ასევე, ყადაღის აღდგენა და სადავო სახლის ს. ბ-ის საკუთრებად რეგისტრაცია მოითხოვა; ხოლო სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 26 დეკემბრის №102011245364/3, №102011245351/3, №102011245358/3 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა (რომლებითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა ყადაღის რეგისტრაცია და ბ. ფ-ის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა უძრავი ქონება, მდებარე - ქ. ქუთაისი, ... ქ. მე-2 შესახ. №10), აღნიშნულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებული ყადაღის აღდგენა და სადავო სახლის ს. ბ-ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვა მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 4 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ბ. ფ-ე და ს. ბ-ე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 5 ივნისის განჩინებით აღნიშნული ადმინისტრაციული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით შ. თ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. თ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 3 სექტემბრის განჩინებით შ. თ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 3 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ. თ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივლისის განჩინებით შ. თ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 3 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილებით შ. თ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შ. თ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს №A11026510-009/001 და №A11026510-011/001 გაკნარგულებები; ასევე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 26 დეკემბრის №102011245364/3, №102011245351/3, №102011245358/3 გადაწყვეტილებები უძრავ ქონებაზე განხორციელებული ყადაღის რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ და 2008 წლის 13 ივნისის №882008174355 გადაწყვეტილება ქ. ქუთაისში, ... ქუჩის მე-2 შესახვევის №10-ში მდებარე უძრავი ქონების ბ. ფ-ეზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შესახებ; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, კერძოდ, ქ. ქუთაისში, ... ქუჩის მე-2 შესახვევის №10-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ს. ბ-ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვა და მასზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 17 დეკემბრის განჩინების საფუძველზე შ. თ-ას სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული ყადაღის რეგისტრაცია.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. ფ-ემ, რომელმაც მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულმა პალატამ 2014 წლის 17 აპრილის განჩინებით მიიჩნია, რომ ბ. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნას, კერძოდ, საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. ამასთან იგი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან არ იყო გათავისუფლებული არც საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსებისა და არც ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

Aამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2014 წლის 17 აპრილის განჩინებით ბ. ფ-ეს დაუდგინა ხარვეზი და განუსაზღვრა ვადა მის შესავსებად, კერძოდ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში უნდა შეევსო და საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის – დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის ქვითარი. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 აპრილის განჩინების შემცველი გზავნილი კანონით დადგენილი წესით, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კასატორს - ბ. ფ-ეს. A საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 აპრილის განჩინება 2014 წლის 28 აპრილს ჩაიბარა ბ. ფ-ის მეუღლემ - მ. ს-ემ (პირადი ნომერი ...), რაც დასტურდება გზავნილზე პირის ხელმოწერით.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. ფ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი სასამართლოს მიერ მხარეთათვის სასამართლო უწყების, დოკუმენტების გადაცემისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილი განსაზღვრავს, რომ სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 აპრილის განჩინების ასლი ბ. ფ-ის მეუღლეს – მ. ს-ეს 2014 წლის 28 აპრილს ჩაბარდა, შესაბამისად, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა 2014 წლის 29 აპრილიდან უნდა დაწყებულიყო და საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 10 დღიანი ვადა 2014 წლის 8 მაისს 24 საათზე იწურებოდა. ბ. ფ-ემ მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 აპრილის განჩინებით დადგენილი ხარვეზი, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ბ. ფ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს ბ. ფ-ის საკასაციო საჩივარი;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

ნ. სხირტლაძე