საქმე ბს-207-205 (კ-14) 5 მაისი, 2014 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 31 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2013 წლის 20 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ს. კ-ემ მოპასუხის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიმართ, რომლითაც ს. კ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის 2013 წლის 7 აგვისტოს №115 ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის ს. კ-ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ... კომისიის თავმჯდომარის თანაშემწის თანამდებობაზე აღდგენის დავალება და მის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ს. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის 2013 წლის 7 აგვისტოს ს. კ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ №115 ბრძანება; მოპასუხე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დაევალა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ს. კ-ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ... კომისიის თავმჯდომარის თანაშემწის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე; მოპასუხე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დაეკისრა ს. კ-ისათვის განაცდური ხელფასის ანაზღაურება სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე არაუმეტეს 3 (სამი) თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭომ გაასაჩივრა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით ს. კ-ის განცხადება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე დაკმაყოფილდა; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-4 პუნქტები - ს. კ-ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ... კომისიის თავმჯდომარის თანაშემწის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და მოპასუხე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსათვის ს. კ-ის განაცდური ხელფასი სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე არაუმეტეს 3 (სამი) თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით ანაზღაურების ნაწილში მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭომ გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 31 დეკემბრის განჩინებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სააპელაციო და კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება და 2013 წლის 23 ოქტომბრის განჩინება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 31 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭომ გაასაჩივრა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივარის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრების განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 31 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე