#ბს-210-202 (კ-13) 20 maisi, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, მაია ვაჩაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ ზ. ა-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ქ. თბილისის მერია
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე)-ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 თებერვლის განჩინება
დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2012 წლის 29 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ზ. ა-მა მოპასუხეების ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და ქ. თბილისის მერიის მიმართ.
მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა ქ.თბილისის მერიის 2012 წლის 19 ივლისის N2055 განკარგულებისა და ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 23 აპრილის N001660 დადგენილების ბათილად ცნობას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ 2012 წლის 28 თებერვალს, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტებმა შეადგინეს მითითება №001660 ზ. ა-ისა და ფ. ა-ის მიმართ, სადაც დაფიქსირდა, რომ ქ.თბილისში, დიდი ლილო, სოფელი ..., მოქალაქე ზ. ა-მა და ფ. ა-მა განახორციელეს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, შესაბამისი სამშენებლო სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. მოსარჩელეებს მითითებით დაევალათ 15 დღის ვადაში, მითითების გაცემამდე არსებული შესაბამისი სამშენებლო სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა ან ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის დემონტაჟის განხორციელება; 2012 წლის 14 მარტს, ფ. ა-ის წარმომადგენელმა ა. კ-მა განცხადებით მიმართა თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს ქ.თბილისში, დიდი ლილო, სოფ. ... მდებარე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის დასრულებაზე ნებართვის გაცემის მოთხოვნით; ინსპექტირების სამმართველოს ისანი-სამგორის რაიონული განყოფილების მთავარი სპეციალისტის 2012 წლის 16 მარტის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე მითითებით განსაზღვრული ვადის დინება შეჩერდა უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ წარმოების დაწყებიდან გადაწყვეტილების მიღებამდე. 2012 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით მხარეს დაუდგინდა ხარვეზი და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისათვის მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარსადგენად განესაზღვრა ვადა 10 დღით, ხოლო სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 30 მარტის N103134 ბრძანებით განმცხადებელს უარი ეთქვა ქ. თბილისში, დიდი ლილო, სოფ. ... უნებართვოდ დაწყებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასრულებისათვის ვადის განსაზღვრაზე; 2012 წლის 02 აპრილს, თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სპეციალისტებმა შეადგინეს შემოწმების აქტი №001660, რომელშიც დაფიქსირდა ზ. ა-ის მიერ მითითებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ მითითების გამოცემის დროს თბილისში, დიდი ლილო, სოფ. ... მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენდა ფ. ა-ი, რომელიც 2012 წლის 16 მარტის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ისანი-სამგორის სამსახურის გარდაცვალების მოწმობის თანახმად, გარდაიცვალა 2012 წლის 15 თებერვალს. შესაბამისად, ზ. ა-ი ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 23 აპრილის N001660 დადგენილებით ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ’’ საქართველოს კანონის 221-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევისათვის დაჯარიმდა 8 000 ლარით ქ.თბილისში, დიდი ლილო, სოფ. ... ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის უნებართვოდ მშენებლობისათვის.
სასამართლომ მიუთითა, რომ ქ.თბილისში, დიდი ლილო, სოფ. ... მდებარე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობად ზ. ა-ი აწარმოებდა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურთან შეთანხმებული პროექტისა და სანებართვო მოწმობის გარეშე და ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამახურის მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები არ შეასრულა;
სასამართლომ იხელმძღვანელა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მესამე მუხლის 74-ე პუნქტზე, რომლის თანახმად, უნებართვო მშენებლობა – ეს არის მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ; სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, ზ. ა-ი ვალდებული იყო, მშენებლობა ეწარმოებინა შესაბამისი ნებართვით, რაც მან უგულვებელყო.
პირველი ინსტანციის სასამართლომ „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ს“ ქვეპუნქტის საფუძველზე განმარტა, რომ სამშენებლო სამართალდარღვევა არის საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა, რისთვისაც გასაჩივრებული თბილისის მერიის ზედამხედევლობის საქალაქო სამსახურის დადგენილების გამოცემის დროისათვის მოქმედი „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის 221-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახამად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 8 000 ლარით.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ იგი არ წარმოადგენს სამართალურთიერთობის მონაწილეს, რამდენადაც მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა ფ. ა-ი, რომელიც გარდაიცვალა, ხოლო მოსარჩელე არ წარმოადგენს მის მემკვიდრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ ქ.თბილსიის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ სამართალდარღვევა დაფიქსირდა მიმდინარე ეტაპზე და სამართალდარღვევის საქმისწარმოება დაწყებული იყო ზ. ა-ისა და ფ. ა-ის მიმართ, შესაბამისად, ზ. ა-ს ეკისრებოდა სამართალდარღვევის აღმოფხვრის ვალდებულება. ამასთან, „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ვრცელდება იურიდიული და ფიზიკური პირების, ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი ან სხვა სპეციალური სამუშაოები; ამავე მუხლის ”გ” ქვეპუნქტის თანახმად კი, ამ კანონის მოქმედება სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ვრცელდება სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, იმ შემთხვევაში, როდესაც დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნით, მოცემულ შემთხვევაში, ქ. თბილისში, დიდი ლილო სოფ. ... განხორციელდა უნებართვო მშენებლობა, შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ფ. ა-ი გარდაცვლილია, ზედამხედველობის საქალაქო სამსახური უფლებამოსილი იყო სამშენებლო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობა დაეკისრებინა მშენებლობის მწარმოებელი კონკრეტული პირისათვის, კერძოდ, დამკვეთზე და ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, რომელიც უშუალოდ ახორციელებდა სამშენებელო-სამონტაჟო სამუშაოებს, რომელსაც სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დროისათვისაც წარმოადგენდა ზ. ა-ი;
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მერიის განკარგულება არ ეწინააღმდეგებოდა სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებს, ამასთან, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან, სადავო აქტის გამოცემისას ადგილი არ ჰქონია კანონის ისეთ დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, რის გამოც არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ა-მა.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებით ზ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბოლისის საქალაქო სასამარლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმის თაობაზე, რომ ვინაიდან უძრავი ქონება არ წარმოადგენს მის საკუთრებას, უნებართვო მშენებლობა მას არ უწარმოებია და მოწინააღმდეგე მხარის მიერ შედგენილი სამართლებრივი აქტები უკანონოდაა შედგენილი იმ პირის მიმართ, რომელიც სამართალურთიერთობის მონაწილე მოცემულ დავაში არ არის.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2012 წლის 28 თებერვლის №001660 მითითებაზე, რომელიც შედგენილია ზ. ა-ისა და ფ. ა-ის მიმართ, სადაც დაფიქსირებული არის, რომ ქ.თბილისში, დიდი ლილო, სოფელ ... მოქალაქე ზ. ა-მა და ფ. ა-მა განახორციელეს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, შესაბამისი სამშენებლო სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. ამდენად, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ აღნიშნული მითითების გაცემის მომენტში, მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა ფ. ა-ის საკუთრებას, მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ დარღვევა დაფიქსირდა შესაბამისი მშენებლობის მიმდინარე ეტაპზე და ადგილზე გადამოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ უნებართვო მშენებლობას ახორციელებდნენ ფ. ა-ი და ზ. ა-ი, შესაბამისად, სამართალდარღვევის საქმისწარმოება დაწყებულ იქნა ორივე მოქალაქის მიმართ; ზ. ა-ს ეკისრებოდა სამართალდარღვევის აღმოფხვრის ვალდებულება, რის გამოც სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის განმარტება იმის თაობაზე, რომ ზ. ა-ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია უნებართვო მშენებლობის განხორციელებას და იგი არ წარმოადგენს სამართალურთიერთობის მონაწილე მხარეს.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ა-მა, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორმა საკასაციო საჩივარში აღნიშნა, რომ უნებართვო მშენებლობას ახორციელებდა არა ზ. ა-ი, არამედ ფ. ა-ი, ამასთანავე იგი არ წარმოადგენს აღნიშნული ქონების მესაკუთრეს და არც ფ. ა-ის მემკვიდრეს, შესაბამისად, მისი სამართალდარღვევის აქტებში სამართალდამრღვევად მოხსენიება და შემდგომში მისი დაჯარიმება კანონსაწინააღმდეგოა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ა-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2012 წლის 28 თებერვალს თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტებმა შეადგინეს მითითება №001660 ზ. ა-ისა და ფ. ა-ის მიმართ, სადაც დაფიქსირდა, რომ ქ. თბილისში, დიდი ლილო, სოფელ ... მოქალაქე ზ. ა-მა და ფ. ა-მა განახორციელეს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, შესაბამისი სამშენებლო სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. დარღვევის გამოსწორების მიზნით, მოსარჩელეებს მითითებით დაევალათ 15 დღის ვადაში, წარედგინათ მითითების გაცემის მომენტამდე არსებული შესაბამისი სამშენებლო სანებართვო დოკუმენტაცია ან ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის დემონტაჟის განხორციელება; 2012 წლის 02 აპრილს, თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სპეციალისტებმა შეადგინეს შემოწმების აქტი №001660, რომელშიც დაფიქსირდა ზ. ა-ის მიერ 2012 წლის 28 თებერვალს თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ შედგენილი მითითებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობა; ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 23 აპრილის N001660 დადგენილებით „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ’’ საქართველოს კანონის 221-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევისათვის ზ. ა-ი დაჯარიმდა 8000 ლარით ქ.თბილისში, დიდი ლილო, სოფ. ... ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის უნებართვოდ მშენებლობისათვის; ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 23 აპრილის N001660 დადგენილება ზ. ა-ის მიერ ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრებულ იქნა ქ. თბილისის მერიაში. 2012 წლის 19 ივლისის ქ.თბილისის მერიის N2055 განკარგულებით არ დაკმაყოფილდა ზ. ა-ის ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 23 აპრილის N001660 დადგენილება. 2012 წლის 28 თებერვალს, ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ მითითების გამოცემის დროს თბილისში, დიდი ლილო, სოფ. ... მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენდა ფ. ა-ი, რომელიც 2012 წლის 16 მარტის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ისანი-სამგორისს სამსახურის გარდაცვალების მოწმობის თანახმად, გარდაიცვალა 2012 წლის 15 თებერვალს; საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის 2012 წლის 06 მარტის ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისი, დიდი ლილო, სოფელ ... მდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ მითითებულია ფ. ა-ი.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ იგი არ წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევაზე პასუხისმგებელ სუბიექტს, საკასაციო სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითებს კასატორის მიმართ მიმდინარე სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას მოქმედ ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, რომლითაც განისაზღვრა იმ სამართალდამრღვევ სუბიექტ პირთა წრე, რომელზეც ვრცელდება აღნიშნული კანონის მოთხოვნები; კანონის მე-2 მუხლის შესაბამისი პუნქტებით ამ კანონის მოქმედება სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ვრცელდებოდა იურიდიული და ფიზიკური პირების, ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი ან სხვა სპეციალური სამუშაოები; დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, იმ შემთხვევაში, როდესაც დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი. საკითხის ანალოგიურ მოწესრიგებას შეიცავს აგრეთვე ამჟამად მოქმედი პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი ( 14.2 მუხლი). ამდენად, კანონი სამართალდამრღვევ პირად არ მოიაზრებს მხოლოდ უძრავი ქონების მესაკუთრეს, სამართალდამრღვევია ის პირი, რომელიც აწარმოებს უკანონო მშენებლობას, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი, მაშინ უკანონო მშენებლობისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება უძრავი ქონების მესაკუთრეს ან მოსარგებლეს. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო კონკრეტული სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტზე, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ტ.1; სფ.81-ზე დაცულ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2012 წლის 28 თებერვლის №001660 მითითებაზე, დარღვევის სახეობის, შინაარსის და გამოსწორების მიზნით მისაღები ზომების გრაფაში აღნიშნულია, რომ ზ. და ფ. ა-ებმა სოფ. ..., განახორციელეს ინდ. საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, შესაბამისი სამშენებლო სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. წარმოდგენილი მითითების ჩაბარება 2012 წლის 29 თებერვალს დადასტურებულია ზ. ა-ის ხელმოწერით, რომლითაც მან დარღვევის გამოსწორების მიზნით იკისრა ვალდებულება შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენაზე ან ინდ. საცხოვრებელი სახლის დემონტაჟის განხორციელებაზე. შესაბამისად, კანონმდებლობის მოთხოვნათა საფუძველზე, სახეზეა ორივე სამართალდამრღვევის მიმართ სოლიდარულად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, თუმცა ფ. ა-ის ნაწილში სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყდა მისი გარდაცვალების გამო.
ამდენად, ზ. ა-ის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მშენებლობის დაწყებისას იგი არ იყო არსებული უძრავი ნივთის მესაკუთრე და არც ფ. ა-ის მემკვიდრეს და ამიტომ ბრალი არ მიუძღვის უკანონო მშენებლობაში, სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ საქმეში დაცული მასალების საფუძველზე თავად კასატორი წარმოადგენს სამართალდამრღვევ პირს, რომელსაც დაეკისრა სამართალდარღვევის აღმოფხვრის ვალდებულება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს, განჩინების გამოტანისას არ დაურღვევია პროცესუალური და მატერიალური სამართლის ნორმები, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
მ. ვაჩაძე