Facebook Twitter

362აპ ქ. თბილისი

25დეკემბერი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),

დ. სულაქველიძე, პ. სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. კ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ხ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 19 დეკემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 14 მაისის განაჩენით ლ. კა., _ დაბადებული .. წლის ....., საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, ჯგუფურად და არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით ლ. კ-ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, ამავე ვადით, მაგრამ იგი არ დაადგა გამოსწორების გზას და კვლავ ჩაიდინა დანაშაული, კერძოდ: 2006 წლის 4 ნოემბერს, დაახლოებით 15.30 საათზე, თბილისში, პეკინის ქ. ¹41-ში მდებარე ჩინური რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ლ. კ. დაუდგენელ ორ პირთან ერთად, ჯგუფურად, ყაჩაღურად თავს დაესხა ბ. ჩ-ს, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, კერძოდ, დანის გამოყენების იმიტაციით, თუმცა დანა ჯიბიდან არ ამოუღია, გასტაცა 450 ლარად ღირებული, „სიმენსის” ფირმის, ჩX-75 მარკის მობილური ტელეფონი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

2006 წლის 6 ნოემბერს, ქ. თბილისში, პეკინის ქ. ¹41-ში მდებარე ტექნიკური უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის ეზოში, დაზარალებულ ე. ჩ-ს მითითებით, პოლიციის მუშაკებმა დააკავეს ლ. კ..

აღნიშნული ქმედებისათვის ლ. კ-ს განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი _ 3 წელი და საბოლოოდ მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2006 წლის 6 ნოემბრიდან.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა _ გ. ღ-მა და დ. ხ-მა. მათ ითხოვეს განაჩენის გაუქმება, ლ. კ-ს გამართლება და პატიმრობიდან განთავისუფლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 19 დეკემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 14 მაისის განაჩენი შეიცვალა: ლ. კ-ს ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

კასატორები საჩივარში აღნიშნავენ, რომ განაჩენის გამოტანის დროს დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლი, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-7, მე-18, მე-19, 58-ე, 132-ე, 285-ე, 496-ე, 503-ე და 508-ე მუხლები, ასევე _ მატერიალური კანონი; ლ. კ. დაკავებისას იყო არასრულწლოვანი; აფხაზეთიდან დევნილია; სწავლობდა საღამოს დასწრებულზე, ხოლო დღისით მუშაობდა კერძო კომპანიაში; დაკავებული იყო საზოგადოებრივად სასარგებლო შრომით; პრობაციის სამსახურში ცხადდებოდა კეთილსინდისიერად; ყველა ზემოაღნიშნული ორგანიზაცია და მეზობლები ახასიათებენ დადებითად; მას დაზარალებულ ბ. ჩ-ს ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებების საფუძველზე განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქმეში არ მოიპოვება არც ერთი მტკიცებულება, რომ ლ. კ-მ ჩაიდინა დანაშაული.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატი დ. ხ. ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ლაშა კასრაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა ვერ გაიზიარებს საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ ლ. კასრაძეს დანაშაული არ ჩაუდენია და მისი მამხილებელი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება, კერძოდ:

დაზარალებულ ბ. ჩ-ის არაერთი ჩვენებით დადგენილია, რომ 2006 წლის 4 ნოემბერს ლ. კ-მ დარეკვის მოტივით მობილური ტელეფონი სთხოვა, რაც გადასცა. ამ დროს იქვე კიდევ ორი პირი მივიდა. მსჯავრდებულმა ტელეფონის აპარატში თავისი სიმ ბარათი ჩადო და ციხეში მყოფს ესაუბრა. მცირე ხანში ისევ დარეკეს, თქვეს _ ხმა არ ისმისო და საბურთალოს ბაზართან გადაინაცვლეს. სადარბაზოში ისევ საუბრობდნენ მობილური ტელეფონით, რის შემდეგ ბ. ჩ-ს უთხრეს _ ტელეფონი ორი დღით გვჭირდება, შემდეგ მოგძებნით და დაგიბრუნებთო. დაზარალებულმა უარი უთხრა და ტელეფონის დაბრუნება მოითხოვა. ლ. კ-მ ჯიბეში ხელი ჩაიყო და უთხრა: ,,მაინც და მაინც დანა უნდა ამოვიღო, ისედაც წავიღებთ შენს ტელეფონსო". დანის ხსენება ბ. ჩ-მა მუქარად აღიქვა, შეეშინდა, რადგან ბავშვი ახლდა და გაქცევასაც ვერ შეძლებდა. 6 ნოემბერს ბ. ჩ. იმყოფებოდა შსს-ს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს შენობასთან და შენიშნა ის პირი, რომელმაც მუქარით გასტაცა მობილური ტელეფონი. ამ უკანასკნელს ეცვა ის ტანსაცმელი, რაც დანაშაულის ჩადენისას. დაზარალებულის მითითებით პოლიციელებმა დააკავეს ლ. კ. (ს.ფ. 8-11; 19-20; 99-102).

ანალოგიური ჩვენება მისცა მოწმე გ. მ-მა, რომელმაც აღნიშნა, რომ ბ. ჩ. უცნობ სამ პირთან ერთად სადარბაზოში შევიდა, იქიდან გამოსულმა კი უთხრა, რომ წაართვეს ტელეფონი (ს.ფ. 21-22).

შსს-ს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლის _ ზ. ა-ს ჩვენებით ირკვევა, რომ ლ. კ. დააკავეს დაზარალებულის კატეგორიული მითითების საფუძველზე (ს.ფ. 102-103).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით უტყუარადაა დადგენილი ლ. კ-ს მიერ ჯგუფურად და არაერთგზის სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტი, რაც სწორადაა დაკვალიფიცირებული.

ამასთან დადგენილია, რომ ლ. კ. ადრე ჩადენილი დანაშაულისათვის დააკავეს 2004 წლის 25 თებერვალს. იმავე წლის 27 თებერვალს მას აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ გადაცემა და გათავისუფლდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად უნდა დაემატოს არა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი, არამედ მისი მოუხდელი ნაწილი, მოცემულ შემთხვევაში _ 2 წელი, 11 თვე და 28 დღე.

სხვა ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ლ. კ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ხ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 19 დეკემბრის განაჩენი შეიცვალოს: ლ. კ-სათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს _ 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთას მთლიანად დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის, 11 (თერთმეტი) თვისა და 28 (ოცდარვა) დღის ვადით და ლ. კ-ს საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლით, 11 (თერთმეტი) თვითა და 28 (ოცდარვა) დღით.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.