საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
ბს-265-262 (კ-14) 08 მაისი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.02.14წ. განჩინებაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.02.14წ. განჩინებით ჯ. ი-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 10.10.13წ. გადაწყვეტილება, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 06.08.2013წ №2-607 ბრძანება და დაევალა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა. მხარეებს განემარტათ, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელი იყო საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, მდებარე ქ. თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
საკასაციო სასამართლო გაეცნო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 396-ე მუხლზე, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. სსკ-ის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.02.14წ. განჩინების ასლი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობას გაეგზავნა და სსკ-ის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად ჩაბარდა 2014 წლის 21 მარტს (ტ.2. ს.ფ. 224). საქმეში წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე დასმული შტამპით ირკვევა, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ფოსტის მეშვეობით გააგზავნა 12.04.14წ. (ტ.2, ს.ფ.236) ანუ სსკ-ის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული 21 დღიანი ვადის დარღვევით, რადგან ხსენებული განჩინების გასაჩივრების ვადა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის სსკ-ის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დაიწყო 2014 წლის 22 მარტს და სსკ-ის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად 2014 წლის 11 აპრილს ოცდაოთხ საათზე ამოიწურა, რომელიც იყო სამუშაო დღე პარასკევი და არ ემთხვეოდა უქმე და დასვენების დღეს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ საკასაციო საჩივარი შეტანილი იქნა სააპელაციო სასამართლოში 2014 წლის 12 აპრილს, 1 დღის დაგვიანებით. სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მხარე ვალდებულია, კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რომელთა შესრულების ვადებიც კანონმდებელმა დააწესა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საკასაციო საჩივრის დაგვიანებით წარდგენის გამო დაკარგა ისეთი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, როგორიცაა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება. შესაბამისად, სსკ-ის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საკასაციო საჩივრის შეტანის 21 დღიანი ვადის დარღვევის გამო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 397-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.02.14წ. განჩინებაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე