Facebook Twitter

ბს-41-40(კ-14) 8 მაისი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე

განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს „...“

მესამე პირები - გ. მ-ი, მ. ნ-ი, ტ. დ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2013 წლის 28 იანვარს შპს „...“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2013 წლის 23 აგვისტოს შპს „...“ დირექტორის მიერ მოწვეულ იქნა პარტნიორთა კრება საზოგადოების პარტნიორების მიერ 2010 წლის 11 ნოემბრის კრებაზე საზოგადოების კაპიტალში დამატებითი შენატანების განხორციელებასთან დაკავშირებით აღებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, პარტნიორის - ტ. დ-ის გარიცხვის საკითხის განხილვის მიზნით. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კრება გამოცხადდა გადაწყვეტილებაუნარიანად. კრებაზე დადგინდა, რომ ტ. დ-ის მიერ შენატანის განხორციელების თაობაზე ვალდებულება არ შესრულებულა, რაც დასტურდებოდა სს „ბ...“ საზოგადოების ანგარიშზე ფინანსური სახსრების მოძრაობის შესახებ ამონაწერით, სალაროს შემოსავლის ორდერებითა და საზოგადოების 2010-2013 წლების ბრუნვითი უწყისებით. აღნიშნულის შესაბამისად, კრებაზე ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება ტ. დ-ის გარიცხვის თაობაზე.

საზოგადოების პარტნიორის გარიცხვისა და საზოგადოებაში პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობის ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით შპს „...“ დირექტორმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს. სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადგინდა ხარვეზი, ხოლო 2012 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.

მოსარჩელემ უკანონოდ მიიჩნია სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებები და მათი ბათილად ცნობის მოთხოვნით ადმინისტრაციული საჩივრებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 23 თებერვლის №32209 და 32778 გადაწყვეტილებებით ადმინისტრაციული საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 16 ნოემბრის №12124174/3 და 2012 წლის 18 დეკემბრის №12124174/4 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და ცვლილების რეგისტრაციის მოპასუხისათვის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ტ. დ-ი, გ. მ-ი და მ. ნ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით შპს ,,...“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციის სამსახურის 2012 წლის 16 ნოემბრის №12124174/3, 2012 წლის 18 დეკემბრის №12124174/4, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 27 თებერვლის №32209 და №32778 გადაწყვეტილებები და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ” ქვეპუნქტით, 27-ე, 29-ე მუხლებით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით და აღნიშნა, რომ შპს „...“ დირექტორის მიერ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი განცხადებით მოთხოვნილი იყო ტ. დ-ის საზოგადოებიდნ გარიცხვისა და დარჩენილი წილის პარტნიორების საკუთრებად რეგისტრაცია, ხოლო სამართლებრივ საფუძვლად მითითებული იყო „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადგინდა, რომ შპს „...“ წესდების 5.7 პუნქტის და 5.9 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში შპს „...“ დამფუძნებელი პარტნიორების - ტ. დ-ის, გ. მ-ისა და მ. ნ-ის მიერ ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება (2010 წლის 11 ნოემბრის N3 კრების ოქმი) 2011 წლის 1 მაისამდე ფულადი ან ქონებრივი შენატანების შეტანის გზით საზოგადოების საწესდებო კაპიტალის 100 000 ლარამდე გაზრდასთან დაკავშირებით. სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი ბ... ამონაწერით დასტურდებოდა, რომ 14.07.2010-08.11.2012 პერიოდში ტ. დ-ს არ შეუტანია თანხა შპს „...“ პირად ანგარიშზე, თუმცა სარეგისტრაციო სამსახურში არსებული შპს „...“ წესდებით არ იყო განსაზღვრული თითოეული პარტნიორის მიერ შენატანის შეტანის განხორციელების წესი (კონკრეტული საბანკო დაწესებულება, ანგარიშის ნომერი და ა.შ). წარმოდგენილი დოკუმენტაციით ასევე დგინდებოდა, რომ 2010 წლის 11 ნოემბრის N3 კრების ოქმით საწესდებო კაპიტალში შესატანი ქონება განისაზღვრა ფულადი ან ქონების სახით, რომლიც სამოქალაქო კოდექსის 147-ე და 148-ე მუხლებიდან გამომდინარე, შეიძლება იყოს მოძრავი ან უძრავი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარეგისტრაციო სამსახურმა მიიჩნია, რომ წარდგენილი დოკუმენტაცია არ ადასტურებდა საზოგადოების პარტნიორის - ტ. დ-ის მიერ შენატანის განუხორციელებლობის გარემოებას და აღნიშნული არ შეიძლებოდა საფუძვლად დადებოდა მისი წილის დაკარგვას.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე–7 პუნქტის თანახმად, პარტნიორებს შეუძლიათ განსაზღვრონ თითოეული პარტნიორის შენატანის შეტანის წესი და ვადა. ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში პარტნიორი, რომელმაც არ განახორციელა გადახდა, კარგავს წილს და ნაწილობრივ შესრულებულ ვალდებულებათა შედეგებსაც, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-51 და მე-52 პუნქტების თანახმად, თუ წესდების ცვლილება ეხება პარტნიორის ხმის უფლებას, მოგებაში/ზარალში წილს ან ლიკვიდაციისას მის უფლებებს, აღნიშნული ცვლილება მიღებული უნდა იქნეს ერთხმად, თუ წესდების შესაბამისი ნაწილით, რომელიც პარტნიორების მიერ ერთხმად იყო მიღებული, სხვა რამ არ არის დადგენილი, ხოლო თუ წესდების/პარტნიორთა შეთანხმების ცვლილება აუქმებს პარტნიორის რეგისტრირებულ უფლებას, ან მას ისეთ ვალდებულებას აკისრებს, რომელიც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მის რეგისტრირებულ უფლებაზე, პარტნიორის თანხმობის გარეშე ამგვარი ცვლილების შეტანა დაუშვებელია. იმის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციით ხორციელდება პარტნიორის - ტ. დ-ის საზოგადოებიდნ გარიცხვა, რომლის შედეგსაც წარმოადგენს ტ. დ-ის რეგისტრირებულ უფლების გაუქმება, აღნიშნულზე მითითებული იმპერატიული მუხლებიდან გამომდინარე, სავალდებულოა უკანასკნელის თანხმობა. შესაბამისად, საჯარო რეესტრმა მიიჩნია, რომ სარეგისტრაციო განცხადებას არ ერთვოდა მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ფორმით და წესით შედგენილი და დამოწმებული აუცილებელი დოკუმენტი, რაც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე–53 მუხლისა და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის შესაბამისად, წარმოადგენდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველს. შესაბამისად, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის სამსახურის 2012 წლის 16 ნოემბრის ხარვეზის დადგენის შესახებ №B12124174/3 გადაწყვეტილება შეესაბამება კანონს და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანხმად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1. მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აგრეთვე, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს წინასწარი გამოკვლევის გარეშე უარი განაცხადოს მის უფლებამოსილებაში შემავალ საკითხზე განცხადების ან შუამდგომლობის მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ ეს განცხადება ან შუამდგომლობა დაუშვებელი ან დაუსაბუთებელია.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ განმარტა, რომ სადავო აქტების გამოცემისას მოპასუხე მხარის მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლი, კერძოდ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოებისას არ არის გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება არ არის მიღებული ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კერძოდ, გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იმსჯელოს და შეაფასოს შპს ”...” პარტნიორთა 2010 წლის 11 ნოემბრის კრების ოქმი, რომელზეც პარტნიორთა მიერ ერთხმად იქნა მიღებული შეთანხმება საზოგადოების საწესდებო კაპიტალის 100 000 ლარამდე გაზრდისა და პარტნიორებისათვის შენატანების ოდენობის, ფორმისა და შეტანის ვადის განსაზღვრის შესახებ, ასევე შპს ”...” პარტნიორთა 2012 წლის 23 აგვისტოს კრების ოქმის თაობაზე, სადაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ტ. დ-ის გარიცხვის შესახებ, ასევე გადაწყვეტილების მიღებისას გამოკვლეული და შეფასებული უნდა იქნეს ტარიელ დევლახაშვილის კანონით დადგენილი წესით კრებაზე მოწვევა, კრების ოქმების გაგზავნა და ჩაბარება, საზოგადოების ფინანსური სახსრების მოძრაობის შესახებ ბანკის ამონაწერები, სალაროს შემოსავლის ორდერები და ბრუნვითი უწყისები.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ნოემბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნები და შეფასებები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ შპს „...“ პარტნიორებმა 2010 წლის 11 ნოემბრის კრების ოქმით ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება შპს „...“ საწესდებო კაპიტალის 100000 ლარამდე გაზრდის შესახებ, ასევე განისაზღვრა პარტნიორთა ვალდებულება საწესდებო კაპიტალში თავიანთი წილების პროპორციულად ფულადი ან ქონებრივი სახით შენატანები განეხორციელებინათ არა უგვიანეს 2011 წლის 1 მაისამდე.

2012 წლის 23 აგივსტოს პარტნიორთა კრებამ მიიღო გადაწყვეტილება საზოგადოების პარტნიორის - ტ. დ-ისათვის წილის ჩამორთმევისა და პარტნიორთა რიგებიდან გარიცხვის თაობაზე დამატებითი შენატანის განხორციელებასთან დაკავშირებით აღებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. ტ. დ-ის გარიცხვის შემდეგ, საზოგადოების კაპიტალში პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობა განისაზღვრა შემდეგნაირად: მ. ნ-ი - 50%, გ. მ-ი - 50%.

2012 წლის 15 ნოემბერს შპს „...“ დირექტორმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა შპს „...“ სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია, კერძოდ, პარტნიორის საზოგადოებიდან გარიცხვისა და მისი წილის დანარჩენი პარტნიორებისათვის გადაცემის რეგისტრაციის შესახებ.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 16 ნოემბრის №12124174/3 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და ცვლილების რეგისტრაციისათვის განმცხადებელს მოეთხოვა უფლებამოსილი პირის მიერ დამატებით ყველა პარტნიორის მიერ მიღებული, სათანადო წესით შედგენილი და დამოწმებული დოკუმენტი.

შპს „...“ დირექტორმა სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 18 დეკემბრის №12124174/4 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, რაც ასევე ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა შპს „...“ დირექტორმა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 27 თებერვლის №32778 და №32209 გადაწყვეტილებებით შპს „...“ დირექტორის ადმინისტრაციული საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ’’ პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. იმავე მუხლის ,,ი’’, ,,კ’’ და ,,ლ’’ პუნქტების მიხედვით, სარეგისტრაციო წარმოება არის სააგენტოს საქმიანობა რეგისტრაციის მიზნით. სარეგისტრაციო დოკუმენტია სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.

,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო შპს ,,...’’ პარტნიორთა 2012 წლის 23 აგვისტოს კრების ოქმი მიეჩნია ისეთ სარეგისტრაციო დოკუმენტად ანუ სამართლებრივ აქტად, რომელიც უშუალოდ წარმოშობს რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას და მიეღო გადაწყვეტილება ცვლილების რეგისტრაციის შესახებ, მით უფრო მაშინ, როდესაც მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე და არც ევალებოდათ კრების ოქმის შინაარსის ნამდვილობის შემოწმება.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, შემდგომ თუ აღმოჩნდებოდა, რომ კრების ოქმი შედგენილი იყო კანონის მოთხოვნათა დარღვევით და დაინტერესებული მხარის მოთხოვნით, კანონით დადგენილი წესით, უფლებამოსილი ორგანოს მიერ მოხდებოდა მისი გაუქმება, მაშინ ეს გახდებოდა განხორციელებული რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სარეგისტრაციო სამსახური უფლებამოსილი იქნებოდა შეემოწმებინა კრების ოქმის შინაარსის ნამდვილობა და დაედგინა მისი შესაბამისობა ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან, ასეთ ვითარებაშიც კი ცალსახად არსებობდა კრების ოქმის საფუძველზე სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაციის საფუძველი.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ,,პარტნიორებს შეუძლიათ წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში განსაზღვრონ თითოეული პარტნიორის შენატანის შეტანის წესი და ვადა. ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში პარტნიორი, რომელმაც არ განახორციელა გადახდა, კარგავს წილს და ნაწილობრივ შესრულებულ ვალდებულებათა შედეგებსაც, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი’’. განსახილველ შემთხვევაში შპს ,,...“ პარტნიორთა 2010 წლის 11 ნოემბრის კრების ოქმით საზოგადოების პარტნიორთა მიერ, მათ შორის, ტ. დ-ის მიერ, ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება შპს ,,...“ საწესდებო კაპიტალის 100 000 ლარამდე გაზრდის თაობაზე და განისაზღვრა საზოგადოების პარტნიორების მიერ თავიანთი წილების პროპორციულად არა უგვიანეს 2011 წლის 1 მაისამდე საწესდებო კაპიტალში შენატანების განხორციელების ვალდებულება ფულადი ან ქონებრივი სახით. სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ დადგენილ ვადაში ტ. დ-მა არ შეასრულა ვალდებულება დამატებითი შენატანების განხორციელებასთან დაკავშირებით, რის გამოც შპს ,,...“ დანარჩენ პარტნიორებს უფლება ჰქონდათ 2012 წლის 23 აგვისტოს კრების ოქმით მიეღოთ გადაწყვეტილება ტ. დ-ის მიერ 2010 წლის 11 ნოემბრის კრებაზე საზოგადოების კაპიტალში დამატებითი შენატანების განხორციელებასთან დაკავშირებით აღებული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის მისთვის წილის ჩამორთმევისა და პარტნიორთა რიგებიდან გარიცხვის თაობაზე. ამასთან, ტ. დ-ის გარიცხვის შემდგომ, დანარჩენ პარტნიორებს ასევე უფლება ჰქონდათ საზოგადოების კაპიტალში პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობა განესაზღვრათ შემდეგნაირად: მ. ნ-ი - 50%, გ. მ-ი - 50 %.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ შპს „...“ წესდებით არ განსაზღვრულა რა თითოეული პარტნიორის მიერ შენატანის შეტანის განხორციელების წესი, კონკრეტული საბანკო დაწესებულება, ანგარიშის ნომერი და ა.შ, სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი დოკუმენტაცია არ ადასტურებდა საზოგადოების პარტნიორის - ტ. დ-ის მიერ შენატანის განუხორციელებლობას და აღნიშნული არ შეიძლებოდა საფუძვლად დადებოდა მისი წილის დაკარგვას.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ წესდებაში თითოეული პარტნიორის მიერ შენატანის შეტანის განხორციელების წესის, კონკრეტული საბანკო დაწესებულების, ანგარიშის ნომრის და ა.შ მიუთითებლობა, წარმოადგენდა ტექნიკური ხასიათის საკითხებს და ეს გარემოება არ უნდა გამხდარიყო საზოგადოების პარტნიორის შენატანის შეტანის პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველი მაშინ, როდესაც მან სხვა პარტნიორებთან ერთად, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, თვითონვე იკისრა საწესდებო კაპიტალის გაზრდისა და თავისი წილის პროპორციულად საწესდებო კაპიტალში შენატანის განხორციელების ვალდებულება ფულადი ან ქონებრივი სახით.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის თანხმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, ან/და არ არის გადახდილი სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური. განსახილველ შემთხვევაში რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ ვინაიდან საკითხი ეხებოდა ტ. დ-ის საზოგადოებიდან გარიცხვას, რომლის შედეგსაც წარმოადგენდა ტ. დ-ის რეგისტრირებული უფლების გაუქმება, ამიტომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-51 და მე-52 პუნქტების შესაბამისად, აუცილებელი იყო ტ. დ-ის თანხმობა, რაც სარეგისტრაციო განცხადებას თან არ ერთვოდა.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა მოსარჩელისათვის ხარვეზის დადგენის საფუძველი და სარეგისტრაციო სამსახურმა არასწორად განმარტა ზემოაღნიშნული ნორმები.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-51 პუნქტის თანახმად, თუ წესდების ცვლილება ეხება პარტნიორის ხმის უფლებას, მოგებაში/ზარალში წილს ან ლიკვიდაციისას მის უფლებებს, აღნიშნული ცვლილება მიღებული უნდა იქნეს ერთხმად, თუ წესდების შესაბამისი ნაწილით, რომელიც პარტნიორების მიერ ერთხმად იყო მიღებული, სხვა რამ არ არის დადგენილი. იმავე მუხლის მე-52 პუნქტის მიხედვით, თუ წესდების/პარტნიორთა შეთანხმების ცვლილება აუქმებს პარტნიორის რეგისტრირებულ უფლებას, ან მას ისეთ ვალდებულებას აკისრებს, რომელიც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მის რეგისტრირებულ უფლებაზე, პარტნიორის თანხმობის გარეშე ამგვარი ცვლილების შეტანა დაუშვებელია.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-51 და მე-52 პუნქტებში საუბარია მხოლოდ წესდებაში ცვლილების შეტანის საკითხებზე, როცა რომელიმე პარტნიორის უფლება ან წილი იზღუდება, ან პარტნიორს რაიმე დამატებითი ვალდებულება ეკისრება, რა დროსაც აუცილებელია ამ პარტნიორის თანხმობა.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ ნორმებს არანაირი კავშირი არა აქვთ ისეთ შემთხვევასთან, როდესაც ხდება პარტნიორის გარიცხვა საზოგადოებიდან, საწესდებო კაპიტალის გაზრდის თაობაზე მის მიერ, საკუთარი ნებით ნაკისრი ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის გამო. საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვის შემთხვევაში გასარიცხი პარტნიორის თანხმობა ვერ იარსებებს, ვინაიდან გარიცხვა, როგორც წესი, ხდება მისი ნების საწინააღმდეგოდ. შესაბამისად, სარეგისტრაციო სამსახურს არ ჰქონდა უფლება შეეჩერებინა სარეგისტრაციო წარმოება და მოსარჩელისათვის მოეთხოვა გასარიცხი პირის ტ. დ-ის თანხმობა იმის თაობაზე, იგი თანახმა იყო თუ არა საწესდებო კაპიტალის გაზრდის თაობაზე ვალდებულების შეუსრულებლობის გამო საზოგადოებიდან მის გარიცხვაზე და მისი წილის სხვა პარტნიორებისათვის გადანაწილებაზე. ბუნებრივია და ლოგიკურიც, რომ ტ. დ-ი ასეთ თანხმობას არ გასცემდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ნოემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

კასატორის განმარტებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადგინდა, რომ შპს „...“ წესდების 5.7 პუნქტითა და 5.9 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში შპს „...“ დამფუძნებელი პარტნიორების მიერ ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება საზოგადოების საწესდებო კაპიტალის გაზრდისა და 2011 წლის 1 მაისამდე შენატანის განხორციელების თაობაზე. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი ამონაწერი ბ...იდან ადასტურებდა, რომ 2010 წლის 14 ივლისიდან 2012 წლის 8 ნოემბრამდე პერიოდში ტ. დ-ს არ შეუტანია თანხა შპს „...“ პირად ანგარიშზე, თუმცა სარეგისტრაციო სამსახურში არსებული შპს „...“ წესდებით არ იყო განსაზღვრული თითოეული პარტნიორის მიერ შენატანის განხორციელების წესი. ასევე დგინდებოდა, რომ 2010 წლის 11 ნოემბრის კრების №3 ოქმით საწესდებო კაპიტალში შესატანი ქონება განისაზღვრა ფულადი ან ქონების სახით, რომელიც სამოქალაქო კოდექსის 147-ე და 148-ე მუხლებიდან გამომდინარე შეიძლება იყოს მოძრავი ან უძრავი. შესაბამისად, სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი დოკუმენტაცია არ ადასტურებდა საზოგადოების პარტნიორის - ტ. დ-ის მიერ შენატანის განუხორციელებლობის ფაქტს და აღნიშნული არ შეიძლება საფუძვლად დაედოს მისი წილის დაკარგვას.

გარდა აღნიშნულისა, კასატორის მოსაზრებით „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტისა და 51,52 პუნქტების მოთხოვნიდან გამომდინარე, საზოგადოების პარტნიოერის გარიცხვისა და მისი რეგისტრირებული უფლების გაუქმებისათვის სავალდებულო იყო ამ უკანასკნელის თანხმობა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ იყო.

კასატორმა არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს შეფასება, რომ მარეგისტრირებელი ორგანო „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, უფლებამოსილი არ იყო შეემოწმებინა კრების ოქმის კანონიერება და იგი უნდა მიეჩნია სარეგისტრაციო დოკუმენტად, რამდენადაც მარეგისტრირებელი ორგანო პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემებისა და მასთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 21 თებერვლის განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მარტის განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაშვებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ნოემბრის განჩინება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2009 წლის 10 თებერვალს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში დარეგისტრირდა სამეწარმეო იურიდიული პირი - შპს „...“, რომლის დამფუძნებელი პარტნიორები იყვნენ ტ. დ-ი - 50%-იანი წილით, ხოლო 25-25%-იანი წილებით - გ. მ-ი და მ. ნ-ი. საზოგადოების პარტნიორთა კრების 2009 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით დამტკიცებული იყო წესდება, რომლის 3.4 მუხლით განსაზღვრული იყო საზოგადოების საწესდებო კაპიტალში პარტნიორთა შენატანების ოდენობა, ხოლო 3.5, 3.6 და 3.9 მუხლებში მითითებული იყო თითოეული პარტნიორის მიერ განსახორციელებელი შენატანის შეტანის ვადაზე.

საქმეში წარმოდგენილი შპს „...“ დამფუძნებელ პარტნიორთა 2010 წლის 11 ნოემბრის კრების №3 ოქმის თანახმად, საზოგადოების პარტნიორებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება საზოგადოების საწესდებო კაპიტალის 100 000 ლარამდე გაზრდის შესახებ. ასევე დადგინდა, რომ საწესდებო კაპიტალში შენატანი უნდა განეხორციელებინათ თავიანთი წილების პროპორციულად არა უგვიანეს 2011 წლის 1 მაისამდე.

2012 წლის 4 აგვისტოს შპს „...“ დირექტორმა მოიწვია პარტნიორთა კრება 2010 წლის 11 ნოემბრის კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების შესრულებასთან დაკავშირებით, კერძოდ, შენატანის განხორციელებასთან დაკავშირებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პარტნიორის - ტ. დ-ის გარიცხვის საკითხთან დაკავშირებით. პარტნიორთა კრებაზე არ გამოცხადდა ტ. დ-ი, რომელსაც კრების ოქმის თანახმად, შეტყობინება ჩაბარებული ჰქონდა 2012 წლის 27 ივლისს. აღნიშნულის გამო, პარტნიორთა კრება გადაიდო 2012 წლის 23 აგვისტოს.

2012 წლის 23 აგვისტოს პარტნიორთა კრების №7 ოქმის თანახმად, განმეორებით კრებას არ ესწრებოდა ტ. დ-ი. კრებაზე დამსწრე პარტნიორების მიერ ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება ტ. დ-ის პარტნიორთა რიგებიდან გარიცხვისა და აღნიშნულის შესაბამისად, პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობის განსაზღვრის შესახებ.

საქმის მასალების მიხედვით, 2012 წლის 15 ნოემბერს შპს „...“ დირექტორმა განცხადებით მიმართა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა საზოგადოების რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია, კერძოდ, პარტნიორის გარიცხვისა და პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობის ცვლილების დარეგისტრირება. სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 16 ნოემბრის №12124174/3 გადაწყვეტილებით წარდგენილ განცხადებაზე დადგინდა ხარვეზი, კერძოდ, გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ პარტნიორთა 2010 წლის 11 ნოემბრის კრების ოქმი, რომლითაც განისაზღვრა პარტნიორთა ვალდებულება შენატანის შეტანაზე, არ იყო რეგისტრირებული მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში, ხოლო სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებული შპს „...“ წესდების 2009 წლის 28 დეკემბრის რედაქციით არ იყო განსაზღვრული პარტნიორის მიერ შენატანის შეტანის წესი და ვადა. მარეგისტრირებელმა ორგანომ იხელმძღვანელა „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის 51, 52 პუნქტებით და მიიჩნია, რომ მოთხოვნილი ცვლილების რეგისტრაციისათვის საჭირო იყო დამატებით ყველა პარტნიორის მიერ მიღებული, სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტი.

სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 18 დეკემბრის №12124174/4 გადაწყვეტილებით შპს „...“ დირექტორის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 27 თებერვლის №32209 და №32778 გადაწყვეტილებებით არ დაკმაყოფილდა შპს „...“ ადმინისტრაციული საჩივრები სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებების გაუქმების თაობაზე.

მოცემული დავის ფარგლებში შპს „...“ სადავოდ ხდის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში საზოგადოების რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის განხორციელებაზე უარის თქმის თაობაზე.

სამეწარმეო იურიდიული პირების რეგისტრაცია, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განეკუთვნება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციას. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არის იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელი მარეგისტრირებელი ორგანო.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი, კერძოდ, ხსნებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც, იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი კი შეეხება სამოქალაქო საქმეების უწყებრივ დაქვემდებარებას სასამართლოებისადმი, რომლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობაა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იურიდიულად ეფუძნებოდეს საჯარო-ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული საკუთარი უფლების (უფლებების) დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით და განმსაზღვრელი არ არის მხოლოდ სადავო სამართალურთიერთობის სუბიექტური შემადგენლობა.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დავა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, რამდენადაც სამეწარმეო რეესტრში ცვლილების შეტანა რეგულირდება ,,მეწარმეთა შესახებ” კანონის შესაბამისი ნორმებით. სამეწარმეო საქმიანობა ,,მეწარმეთა შესახებ” კანონით მოწესრიგებული კერძო-სამართლებრივი საქმიანობის ფორმაა. ,,მეწარმეთა შესახებ” კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ,პარტნიორებს შეუძლიათ წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში განსაზღვრონ თითოეული პარტნიორის შენატანის შეტანის წესი და ვადა. ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში პარტნიორი, რომელმაც არ განახორციელა გადახდა, კარგავს წილს და ნაწილობრივ შესრულებულ ვალდებულებათა შედეგებსაც, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამდენად, სამეწარმეო კანონმდებლობა არეგულირებს სამეწარმეო სუბიექტების ფორმირების წესსა და მასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

მიუხედავად იმისა, რომ დავის საგანს წარმოადგენს სამეწარმეო სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერება, აღნიშნილი ვერ გახდება დავის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევის საფუძველი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო გადაწყვეტილებები არ წარმოადგენენ ადმინისტრაციულ აქტებს, რამდენადაც არ შეიცავენ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული აქტის დეფინიციის განმსაზღვრელ აუცილებელ ელემენტს, კერძოდ: სადავო სამართლებრივი ურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული /საჯარო/ სამართლის კანონმდებლობიდან.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ახორციელებს რა მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციას ან სამეწარმეო რეესტრში ცვლილების რეგისტრაციას, ამოწმებს წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობას ,,მეწარმეთა შესახებ” კანონის მოთხოვნებთან, შესაბამისად, სადავო გადაწყვეტილებები მატერიალური თვალსაზრისით შემოწმებას ექვემდებარება კერძოსამართლებრივ ნორმებთან შესაბამისობის კუთხით. ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული ორგანო სადავო სამართალურთიერთობას აწესრიგებს გადაწყვეტილების გამოცემის გზით, დავას არ განაკუთვნებს ადმინისტრაციულ კატეგორიას, რამდენადაც ურთიერთობა გამომდინარეობს კერძო სამართლის კანონმდებლობიდან, ამასთან, ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას სწორედ კერძო სამართლის კანონმდებლობის - ,,მეწარმეთა შესახებ” კანონის საფუძველზე იღებს.

საკასაციო სასამართლო მნიშვნელობას ანიჭებს აქტის შინაარსს. შპს-ს სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების შეტანა რეგულირდება ,,მეწარმეთა შესახებ” კანონის შესაბამისი ნორმებით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, ისევე, როგორც კერძო სამართლის სხვა იურიდიული პირების დაფუძნება-რეგისტრაციის, პარტნიორთა უფლება-მოვალეობებისა და საზოგადოების მართვის საკითხები, სამართლებრივად წარმოადგენს კორპორაციულ ურთიერთობებს, რომლებიც კერძო-სამართლებრივი კანონმდებლობის საფუძველზე რეგულირდება. სადავო სამართალურთიერთობა შეეხება კერძო სამართლის იურიდიული პირის რეგისტრაციის (სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანის) პირობებს სამეწარმეო კანონმდებლობის საფუძველზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მოთხოვნის სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე განმარტავს, რომ წინამდებარე სადავო სამართალურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) კანონმდებლობიდან, რის გამოც მოცემული საქმე არ განეკუთვნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრულ სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეს. შესაბამისად მოცემული დავა ექვემდებარება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვას, რამდენადაც სადავო სამართალურთიერთობა რეგულირდება კერძო სამართლის კანონმდებლობით, კერძოდ, ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით.

ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ უზენაეს სასამართლოში დღემდე არსებული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მსგავსი კატეგორიის დავები სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ დავათა კატეგორიას მიეკუთნება (საქმე №ბს-913-875(გ-07) 30.08.07 განჩინება; საქმე №844-828(გ-12) 04.04.13 განჩინება; საქმე #ბს-297-289(გ-13)27.06.13 განჩინება).

აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული დავა განსჯადობის წესების დარღვევით იქნა განხილული ქვედა ინსტანციების სასამართლოთა მიერ. საგნობრივი განსჯადობის წესების დარღვევით საქმის განხილვა თავისთავად უკვე თვით განსჯადობის წესის დარღვევით გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტის გამო, ადასტურებს საქმის უხეში საპროცესო დარღვევით განხილვას და შედეგად იწვევს სამართალწარმოების წესების დარღვევით დავის გადაწყვეტას. სასკ-ის 26-ე მუხლის იმპერატიული დანაწესის თანახმად არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს. შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ნოემბრის განჩინება და საქმე განსახილველად გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

ნ. სხირტლაძე