ბს-458-446 (2კ-13) 22 მაისი, 2014 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ი.მ.ა ,,…“ და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.06.2013წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი.მ.ა. ,,მ…“ 30.09.2011წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების ქ.თბილისის მერიისა და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსასხურის მიმართ ლეგალიზებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 17.06.2011წ. =2308 ბრძანების ბათილად ცნობის და თბილისის არქიტექტურის სამსახურისათვის ქ.თბილისში, … ქ.=3, =5, =7-ში მდებარე უნებართვოდ აშენებული შენობების ლეგალიზების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 01.11.2012წ. განჩინებით საქმეში, სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე, მესამე პირად ჩაერთო ი.მ.ა. ,,…“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.02.2013წ. გადაწყვეტილებით ი.მ.ა. ,,მ…“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.06.2013წ. გადაწყვეტილებით ი.მ.ა. ,,მ…“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 15.02.2013წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ი.მ.ა. ,,მ…“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 17.06.2011წ. =2308 ბრძანება და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ი.მ.ა. ,,მ…“ მიმართ, ქ.თბილისში, … ქ. =3, =5 და =7-ში მდებარე უნებართვოდ აშენებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ლეგალიზების თაობაზე, ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.06.2013წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ი.მ.ა. ,,…“ და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი.მ.ა ,,…“ და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სადავო აქტი მიღებულია საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, აქტის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები სარწმუნოდ არ ასაბუთებს მოსარჩელისათვის ქ.თბილისში, … ქ. =3, =5 და =7-ში მდებარე უნებართვოდ აშენებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ლეგალიზებაზე უარს. სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა სადავო საკითხის ხელახალი განხილვისას მიმდინარე წარმოების ფარგლებში სრულად უნდა უზრუნველყოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა და ურთიერთშეჯერება, რის შემდეგაც უნდა მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ი.მ.ა ,,…“ და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, ნ. გ-ს (პ.ნ….) სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 14.11.2013წ. №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი.მ.ა ,,…“ და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. ნ. გ-ს (პ.ნ….) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 14.11.2013წ. №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე