Facebook Twitter

#ბს-512-494 (კ-13) 29 მაისი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) _ ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ გ. ლ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.06.13 წ. გადაწყვეტილება

დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ლ-მა 01.04.2013წ. სარჩელით მიმართა ლენტეხის მაგისტრატი სასამართლოს მოპასუხე ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 26.03.13წ. =2პ-159, 27.03.13წ. =2პ-159, 28.03.13წ. =2პ-163 ბრძანებების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და 3 თვის იძულებითი განაცდურის - 2400 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2007 წლიდან მუშაობდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე და კეთილსინდისიერად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 26.03.13წ. 27.03.13წ. ბრძანებებს მინიჭებული აქვთ ერთი და იგივე ნომერი, რაც კანონდარღვევაა, ვინაიდან არ შეიძლება არსებობდეს ერთი და იგივე ნომრით სხვადასხვა დღეს გამოცემული ბრძანებები. ამასთან, 28.03.13წ. ბრძანებით თანამდებობიდან უკვე გათავისუფლებული გ. ლ-ი გამგებელმა კვლავ გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან, რასაც მოსარჩელე დაუშველად მიიჩნევს. ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე, 26.03.13წ., 27.03.13წ. და 28.03.13წ. მიიღო სამი იდენტური შინაარსის ბრძანება დაკავებული თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ, რითაც უხეშად დაარღვია კანონი, კერძოდ ზაკ-ის 53-ე მუხლი, გასაჩივრებული აქტები არ შეიცავენ წერილობით დასაბუთებას და აქტების გამოცემის სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებას, რაც სსკ-ის 32.1 მუხლის საფუძველზე სადავო ბრძანებების ბათილად ცნობის საფუძველია. მოსარჩელემ აგრეთვე მიუთითა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 127.5, 112-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ სამსახურიდან უკანონო განთავისუფლება ქმნის გ.ლ-ის სამსახურში დაუყონებლივ აღდგენის და 3 თვის იძულებითი განაცდურის - 2400 ლარის ანაზღაურების საფუძველს.

მოსარჩელემ 01.04.13წ. შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, რომლითაც სსკ-ის 182-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა მისი სარჩელის მ.ხ-ის და სხვათა სარჩელის გამო საქმესთან გაერთიანება და ერთად განხილვა. 02.04.03წ. განჩინებით შუამდგომლობა საქმეთა გაერთიანების შესახებ არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიუთითა, რომ მ.ხ-ის და სხვათა საქმე არის მომზადებული და ჩანიშნულია მთავარი სხდომა, ხოლო გ.ლ-ის სარჩელი არის მომზადების სტადიაზე.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ შესაგებელში მიუთითა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 50-ე და 101-ე მუხლები ითვალისწინებენ 65 წელს მიღწეული მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებას. გამგებლის 26.03.13წ., 27.03.13წ., =2პ-159 ბრძანებებში დაშვებული ტექნიკური შეცდომის გამო 28.03.13წ. =2პ-162 ბრძანებით ისინი ბათილად იქნენ ცნობილნი, რის შემდეგაც კანონიერად მიღებულ იქნა 28.03.2013 წ. =2პ-163 ბრძანება.

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას გ.ლ-მა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ 28.03.13წ. =2პ-163 ბრძანების ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა, რადგან ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 26.03.13წ. =2პ-159 და 27.03.13წ. =2პ-159 ბრძანებები ბათილად იქნა ცნობილი ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 28.03.13წ. =2პ-162 ბრძანებით, გამოვლენილი ხარვეზების გამო. მოსარჩელემ აგრეთვე აღნიშნა, რომ სადავო ბრძანების მიღების სამართლებრივი საფუძველი - ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 101-ე მუხლი ამოღებულია 20.03.13წ. =358 კანონით (გამოქვეყნდა 02.04.13წ.). შესაბამისად, აღარ არსებობს გ.ლ-ის გათავისუფლების საფუძველი და კანონის უკუქცევითი ძალის გამოყენებით შესაძლებელია მისი სამსახურში აღდგენა. ამასთანავე მოსარჩელე 1 თვით ადრე არ იყო წერილობით გაფრთხილებული შესაძლო გათავისუფლების შესახებ, რაც სადავო ბრძანების ბათილად ცნობის დამატებითი საფუძველია.

ლენტეხის მაგისტრი სასამართლოს 18.04.2013წ. გადაწყვეტილებით გ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 28.03.13წ. =2პ-163 ბრძანებით, 06.04.47წ. დაბადებული, გ. ლ-ი გათავისუფლდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან საპენსიო ასაკის გამო, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონის 50-ე და 101-ე მუხლების საფუძველზე. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ აღნიშნა, რომ 02.04.13წ. კანონით შეტანილ ცვლილებამდე ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტით სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკი 65 წელს შეადგენდა.Aამავე კანონის 101-ე მუხლი ითვალისწინებდა სამსახურიდან ასაკის გამო გათავისუფლებას ამ კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე. ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ კანონის 39.3 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტზე მითითებით სასამართლომ მიიჩნია, რომ ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი უფლებამოსილი იყო კანონით დადგენილი წესით თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა გამგეობის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსი. ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონში 20.03.13წ. კანონით შეტანილი ცვლილების შედეგად (ამოქმედდა 02.04.13წ.), გაუქმდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონის 101-ე მუხლი. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტი კანონისთვის უკუქცევითი ძალის მინიჭებით გ.ლ-ის სამსახურში აღდგენის შესახებ, რადგან ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ კანონის 24.1 მუხლის შესაბამისად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ მაშინ, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონი მსგავს დათქმას არ ითვალისწინებს.

ის გარემოება, რომ გ. ლ-ი გათავისუფლებამდე 1 თვით ადრე წერილობით არ ყოფილა გაფრთხილებული შესაძლო გათავისუფლების შესახებ, სასამართლოს აზრით ვერ გახდება სადავო ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, რადგან წერილობითი გაფრთხილების შემთხვევაშიც მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა იგივე გადაწყვეტილება. სზაკ-ის 601.2 მუხლის საფუძველზე სასამართლომ მიუთითა, რომ ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 28.03.13წ. =2პ-163 ბრძანების მიღებისას არსებითად არ დარღვეულა სზაკ-ისა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონის მოთხოვნები, სადავო ბრძანება არ ეწინააღმდეგება კანონს და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძვლები. შესაბამისად უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ.

ლენტეხის მაგისტრი სასამართლოს 18.04.2013წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.06.2013წ. გადაწყვეტილებით გ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ლენტეხის მაგისტრატი სასამართლოს 18.04.2013წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, გ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 28.03.2013წ. =2პ-163 ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ, გ. ლ-ი აღდგენილ იქნა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე და დადგინდა მისთვის იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება არაუმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას გ. ლ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების კანონიერებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონის (02.04.13წ. მოქმედი რედაქციით) 50.1 მუხლის თანახმად, სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკი განისაზღვრება 65 წლით. მოსამსახურე პენსიაში გადის კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კანონის 101-ე მუხლის შესაბამისად, მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ასაკის გამო ამ კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე. 108-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მოხელეს ერთი თვით ადრე უნდა ეცნობოს დაწესებულების ლიკვიდაციის, თანამდებობის შემცირების, ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგების ან ასაკის გამო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონის 108-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, არ უცნობებია მოსარჩელე გ. ლ-ისათვის ასაკის გამო სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ, რაც კანონის დარღვევას წარმოადგენს. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ გ. ლ-მა, რომელიც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 50.1 და 101-ე მუხლების საფუძველზე იქნა სამუშაოდან გათავისუფლებული, მისი გათავისუფლების შესახებ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გაასაჩივრა სასამართლოში, რა დროშიც მითითებულმა ნორმებმა განიცადეს ცვლილება. ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ 20.03.13წ. კანონით (რომელიც ამოქმედდა 02.04.13წ.) 101-ე მუხლი ამოღებულ იქნა, ხოლო 50-ე მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით-მოსამსახურე პენსიაში გადის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიმართ, რომელიც ასაკის გამო გათავისუფლდა სამუშაოდან, უნდა გავრცელდეს კანონის ახალი რედაქცია და საპენსიო ასაკის მიღწევა არ უნდა გახდეს მისი სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველი. მით უმეტეს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა, რომ სამსახურიდან არ გათავისუფლებულა 65 წლის ასაკს მიღწეული ყველა მოხელე, შესაბამისად გაურკვეველია რის საფუძველზე მიიჩნია ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გ. ლ-ის გათავისუფლება მიზანშეწონილად. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციული ორგანოს ამგვარი გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ზაკ-ის 4.3 მუხლის დანაწესს, რომლის მიხედვით საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ მოპასუხემ იმსჯელა გ. ლ-ის პროფესიონალიზმისა და კომპეტენტურობის, მისი შრომისუნარიანობის, პროფესიული უნარ-ჩვევების თაობაზე, რაც დაადასტურებდა სადავო გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონის 37-ე, 112-ე და 127-ე მუხლების საფუძველზე მიიჩნია, რომ მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენა უნდა მოხდეს იმავე თანამდებობაზე, რომელიც მოხელეს ეკავა გათავისუფლებამდე-ბათილად ცნობილი ბრძანების გამოცემამდე. ამასთან, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების ფაქტი წარმოშობს იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ვალდებულებას, რომელიც მიზნად ისახავს პირის იმ უფლებებში აღდგენისაკენ, რომელშიც პირი იმყოფებოდა სამსახურიდან გათავისუფლებამდე. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სახეზეა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გემგებლის 28.03.13წ. =2პ-163 ბრძანების ბათილად ცნობისა და გ. ლ-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

გ. ლ-მა 03.07.2013წ. შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის მოთხოვნით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.07.2013წ. განჩინებით გ. ლ-ის განცხადება დაკმაყოფილდა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.06.2013წ. გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

გ. ლ-მა 26.07.2013წ. განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სააპელაციო პალატის 25.06.2013წ. გადაწყვეტილების განმარტება, რაზეც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.08.2013წ. განჩინებით ეთქვა უარი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.06.2013წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ. კასატორის მოსაზრებით, გ. ლ-ის გათავისუფლება მოხდა 2013 წლის 2 აპრილამდე, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონის 50-ე და 101-ე მუხლების მოქმედების პირობებში, შესაბამისად, გამგებლის ბრძანება გ. ლ-ის გათავისუფლების შესახებ კანონიერია და შეესაბამება ზემოაღნიშნულ მუხლების მოთხოვნებს. მოსარჩელე იყო კანონით განსაზღვრული 65 წელს მიღწეული პირი, რის გამო სააპელაციო სასამართლოს მიერ სადავო ბრძანების უკანონოდ მიჩნევა უსაფუძვლოა, სააპელაციო სასამართლომ კანონში განხორციელებულ ცვლილებებს არასწორად მიანიჭა უკუქცევის ძალა, რაც ეწინააღმდეგება ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ კანონის 24-ე მუხლის მოთხოვნებს, ამ ნორმის თანახმად, კანონს უკუქცევის ძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირაა გათვალისწინებული ნორმატიული აქტით. კასატორი თვლის, რომ სააპელაიციო პალატამ დაარღვია კონსტიტუციის 42.5 მუხლი, რადგან კანონდარღვევად მიიჩნია გამგებლის ისეთი ქმედება, რომელიც მისი განხორციელების დროს მართლზომიერი იყო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 28.03.13წ. N2პ-162 ბრძანებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონის 101-ე მუხლისა და 50-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსი გ. ლ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს ბრძანება სზაკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ~ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია, რის გამოც განსახილველ დავაზე უნდა შემოწმდეს სადავო ბრძანების შესაბამისობა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან. საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ.ლ-ი (დაბ. 06.09.1947წ.) სამსახურიდან განთავისუფლების (28.03.13წ) მომენტისათვის იყო 65 წლის. ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონის 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით გამგებელი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ანთავისუფლებს გამგეობის სტურქტურული ერთეულების და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს, გამგეობის სხვა თანამშრომლებს. სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სადავო ბრძანების გამოცემისას მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 50.1 მუხლის თანახმად, საჯარო სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკი იყო 65 წელი, ამავე კანონის 101-ე მუხლი ითვალისწინებდა მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებას ასაკის გამო. ამდენად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი, სადავო აქტის გამოცემის მომენტისთვის, ფორმალური თვალსაზრისით უფლებამოსილი იყო სამსახურიდან გაეთავისუფლებინა გამგეობის მოხელე ზღვრული ასაკის მიღწევის საფუძვლით.

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში 20.03.13წ. კანონით შეტანილი ცვლილებები ძალაში შევიდა გამოქვეყნებიდან, 20.03.13წ. კანონი ოფიციალურად 02.04.13წ. გამოქვეყნდა, შესაბამისად, სადავო აქტის გამოცემის დროისათვის ის არ იყო ძალაში შესული. ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. განსახილველ შემთხვევაში მსგავსი დათქმა გათვალისწინებული არ ყოფილა, რაც გამორიცხავს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილების მიმართ უკუქცევითი ძალის მინიჭების შესაძლებლობას. საკასაციო პალატა აღნიშნავს აგრეთვე, რომ სზაკ-ის 5.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს იმოქმედოს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ. ადმინისტრაციული ორგანო თითოეული მმართველობითი ღონიძიების განხორციელებისას მოქმედებს კონკრეტული ნორმატიული აქტით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, შესაბამისად, აქტის სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისას, უნდა დადგინდეს აქტის შესაბამისობა მისი გამოცემისას მოქმედ ნორმატიულ საფუძველთან. კანონმდებელი უფლებამოსილია შეცვალოს კონკრეტული ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგება, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს ცვლილების შეტანამდე დამდგარი ყველა სამართლებრივი შედეგის გაუქმებასა და შეცვლას. ადმინისტრაციული ორგანო, კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულია იმოქმედოს მმართველობითი ღონისძიების განხორციელების მომენტში არსებული ნორმატიული ბაზის საფუძველზე. ამდენად, ვინაიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში 20.03.2013წ N358 კანონით შეტანილი ცვლილება არ ითვალისწინებს უკუქცევითი ძალის გამოყენების შესაძლებლობას, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 42.5 მუხლით განსაზღვრული დანაწესი (კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს) ორგანულადაა დაკავშირებული იურიდიულ პასუხისმგებლობასთან და მხოლოდ მასთან ერთობლიობაში გამოიყენება, ამასთანავე, სამსახურიდან გათავისუფლების აქტი არის ერთჯერადი, მას არ აქვს განგრძობადი ხასიათი, გათავისუფლებისთანავე ის დასრულებულია, რის გამოც არ დგას ნორმატიული აქტის არაპირდაპირი უკუქცევითი ძალის საკითხი, შესაბამისად, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში 20.03.2013წ N358 კანონით შეტანილ ცვლილებებს უკუძალა არ ენიჭება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს აგრეთვე, რომ აქტის კანონიერების შემოწმება მისი მხოლოდ ფორმალური კანონიერების კუთხით შეფასებას არ გულისხმობს: აქტი აგრეთვე მატერილურად კანონიერი უნდა იყოს, ანუ აქტი შინაარსობრივად უნდა შეესაბამებოდეს მისი გამოცემის სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს არა მხოლოდ გამოცემის საფუძვლებზე მითითებას, არამედ სარწმუნოდ უნდა ასაბუთებდეს აქტის გამოცემის ფაქტობრივ და სამართლებრივ წინამძღვრებს. დასაბუთებიდან უნდა იკვეთებოდეს, თუ რა გარემოებებმა მოახდინა გავლენა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებაზე. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების მოთხოვნა არამარტო ადმინისტრაციული ორგანოს თვითკონტროლის განხორციელებას ემსახურება, არამედ აქტის კანონიერების შემოწმებასაც უწყობს ხელს. განსახილველ შემთხვევაში ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის სადავო ბრძანება არ შეიცავს რაიმე დასაბუთებას, იგი მხოლოდ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 50.1, 101-ე მუხლებზე მიუთითებს. სააპელაციო პალატაში საქმის ზეპირი განხილვისას მოპასუხის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დღემდე დასაქმებულები არიან ზღვრულ ასაკს მიღწეული პირები (05.06.13წ. სხდომის ოქმი, 15:23 სთ). სზაკ-ის 4.3 მუხლის თანახმად, საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას. ამდენად, გ.ლ-ის სამსახურიდან განთავისუფლებას საფუძვლად დაედო არა მხოლოდ მოხელის ასაკი. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმის მასალებით სრულად არ დგინდება სადავო გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. მოხელის ასაკი ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის 5.1 პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის პირობას ქმნის. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად ასაკის გამო სამსახურიდან გათავისუფლება ქმნის არა სამსხურიდან გათავისუფლების, არამედ დასაქმებულის პენსიაზე გასვლის უფლებას (გარდა იმ მოსამსახურეებისა, რომლებზედაც ვრცელდება ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ“ კანონი (მე-4 მუხ. ,,გ“ ქვეპუნქტი, 5.1 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი)). რაც შეეხება 02.04.13წ. კანონით ცვლილების შეტანამდე არსებულ რედაქციას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 65 წლის ასაკის მიღწევა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მიხედვით ქმნიდა სამსახურიდან გათავისუფლების არა იმპერატიულ ვალდებულებას, არამედ შესაძლებლობას, ამ შემთხვევაში დაწესებულების ხელმძღვანელი სარგებლობდა დისკრეციული უფლებამოსილებით. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენას, რომლებიც საფუძვლად შეიძლება დაედოს გადაწყვეტილებას, თანასწორობის, დასაბუთებულობის, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვას. სადავო ბრძანება არ შეიცავს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების რაიმე დასაბუთებას. საპენსიო ასაკს მიღწეული მოხელის სამუშაოდან განთავისუფლება ადმინისტრაციულ ორგანოს თავისი ინიციატივით შეეძლო გადაეწყვიტა მოხელის შრომისუნარიანობის, პროფესიული მომზადებისა და სხვა გარემოებების შეფასების შემდეგ, რაც ადმინისტრაციის და არა სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნება. სზაკ-ის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და სზაკ-ის 96-ე მუხლის მოთხოვნათა უგულებელყოფით, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველია. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის შრომისუნარიანობის, პროფესიული მომზადების, უნარ-ჩვევების და სხვა გარემოებათა გამოკვლევა დამსაქმებელი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებათა რიგს განეკუთვნება, სადავო სამართალურთიერთობის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს სასკ-ის 32.4 მუხლი და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის სადავო ბრძანება.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე საქმის მასალებში დაცულ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 12.04.13წ. N04-122 დახასიათებაზე, რომლის მიხედვით გ. ლ-ი თავისი მუშაობის პერიოდში გამოირჩეოდა პროფესიონალიზმით და შრომისუნარიანობით, პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს, გამოირჩეოდა პასუხისმგებლობის გრძნობით და სარგებლობდა ავტორიტეტით. საქმეში დაცულია ასევე მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებლის ზ. ლ-ის წერილობითი განმარტება, რომელშიც აღნიშნულია, რომ გ. ლ-ი თავის სამსახურებრივ მოვალეობებს ასრულებდა არაჯეროვნად, რაც გამოიხატა მის მიერ მუნიციპალიტეტის გამგეობის ბიუჯეტში სრული სარეზერვო ფონდის თანხის ჩამოჭრასა და სხვა მუხლებში გადატანაში, რის გამოც გამგეობამ ვერ შეძლო მისთვის დაკისრებული მნიშვნელოვანი ფუნქციების შესრულება, გ.ლ-ი აყოვნებდა ასევე გამგებლის მიერ მოთხოვნილი, გამგეობის ბალანსზე არსებული ქონების თაობაზე ინფორმაციის შემცველი დოკუმენტაციის დროულ წარდგენას. ამდენად, სახეზეა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებები, თუ გ.ლ-ის სამსახურიდან განთავისუფლებისას ორგანომ მოხელის ასაკის გარდა, მისი პროფესიული მახასიათებლების შეფასებითაც იხელმძღვანელა, სზაკ-ის 96-ე მუხლიდან გამომდინარე, ორგანომ დამატებით უნდა გამოიკვლიოს საქმეში არსებული გარემოებები, მიუთითოს გათავისუფლების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ამასთანავე, სადავო აქტის გამოცემის პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 108-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ითვალისწინებდა ადმინისტრაციის ვალდებულებას ერთი თვით ადრე მოხელისათვის გაეგზავნა შეტყობინება ასაკის გამო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. ამ მოვალეობის დარღვევის შემთხვევაში 108-ე მუხლის მე-2 პუნქტი ითვალისწინებდა მოხელისათვის ხელფასის გაცემას. აღნიშნულის მიუხედავად არ დასტურდება ადმინისტრაციის მიერ ასაკის გამო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მოხელის გაფრთხილება, ამ მოვალეობის დარღვევისათვის მოხელისათვის ხელფასის გაცემა. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ 05.02.14 წ. ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 59-ე, მე-60.4 მუხლების თანახმად, გამგებლის თანამდებობიდან გათავისუფლება, აგრეთვე ახალი გამგებლის არჩევა არის გამგებლის სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და სათანადო დასაბუთების გარეშე. აქტი არ შეიცავს მითითებას მისი გამოცემის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე, შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია სადავო აქტის კანონიერების შეფასების შესაძლებლობას, რაც სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე გ.ლ-ის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერების საკითხის გადაუწყვეტლად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 28.03.12წ. =2პ-162 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველს ქმნის. საკასაციო სასამართლო თლის, რომ სსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად, სახეზეა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.06.13წ. გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.07.2013წ. განჩინება 25.06.2013წ. გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 32.4 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.07.2013წ. განჩინება, 25.06.2013 წ. გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. გ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 28.03.2013წ. =2პ-163 ბრძანება და ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალოს საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გ. ლ-თან დაკავშირებით;

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე