Facebook Twitter

№ბს-521-503(კ-13) 20 მაისი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორები (მოსარჩელეები) – თ. ც-ე, მა. ჩ-ე და მუ. ჩ-ე

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახური; ი. ჩ-ე; წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობა

მესამე პირი - მა. ჩ-ე

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 24 აპრილის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მოსარჩელები: თ. ც-ე, მ. ჩ-ე და მუ. ჩ-ე

მოპასუხეები: 1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახური; 2. ი. ჩ-ე

სარჩელის სახე: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

სარჩელის საგანი:

1994 წლის 21 დეკემბრის №598 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა; მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის ბათილად ცნობა უძრავ ნივთზე, მდებარე წყალტუბო, სოფ. ..., საკადასტრო კოდი №.... დაუზუსტებელი ფართობი 2177,78 კვ.მ. მეტრი (ახალი საკადასტრო კოდი: №..., დაზუსტებული ფართობი 2222 კვ.მ.). უძრავ ქონებაზე მდებარე წყალტუბოს რ/ნ, სოფ. ..., საკადასტრო კოდი №... დაუზუსტებელი ფართობი 2177,78 კვ.მ. (ახალი საკადასტრო კოდი №..., დაუზუსტებელი ფართობი 2222 კვ.მ. ) ¼-1/4 წილზე მესაკუთრეებად ცნობა.

სარჩელის საფუძველი:

ფაქტობრივი: მოსარჩელის მითითებით, 1993 წლის 30 მარტიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მა. ჩ-ესთან, თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - მუ. და მ. ჩ-ეები. წყალტუბოს არქივში სოფ. წყალტუბოს სასოფლო საბჭოსა და საკრებულოს 1995-2006 წლების საკომლო წიგნების ჩანაწერებით მა. მურთაზის ძე ჩ-ის კომლი შედგებოდა შემდეგი წევრებისაგან:

მა. მურთაზის ძე ჩ-ე - ოჯახის უფროსი (მოსარჩელის მეუღლე)

თ. თ. ასული ც-ე - მეუღლე (მოსარჩელე)

მ. მა. ასული ჩ-ე - შვილი (მოსარჩელე)

მუ. მა. ძე ჩ-ე - შვილი (მოსარჩელე).

აღნიშნული საკომლო წიგნის ჩანაწერებით საცხოვრებელი სახლის აგების თარიღია 1997 წელი, რომლის საერთო სასარგებლო ფართია 45 კვ.მ.

1995-2000 წლების საკომლო წიგნების ჩანაწერების შესაბამისად, კომლს აწერია 0,2 ჰა მიწის ნაკვეთი, აღნიშნული მიწერილია ფანქრით, ხოლო 2001-2006 წლების საკომლო წიგნში მიწის ფართის შესახებ მონაცემები არ ფიქსირდება.

მოსარჩელის მითითებით, საარქივო ცნობებით აგრეთვე ირკვევა, რომ ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცული წყალტუბოს რაიონის სოფ. წყალტუბოს საკრებულოს (სოფ. ...) 1997-2000 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად რეგისტრირებულია მურთაზ შ. ძე ჩ-ე, კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან:

მურთაზ შ. ძე ჩ-ე - ოჯახის უფროსი (გადახაზულია);

მაგული ს. ასული ჩ-ე - ცოლი;

ი. მურთაზის ძე ჩ-ე - შვილი;

გ. ი. ძე ჩ-ე - შვილიშვილი.

კომლს პირად საკუთრებაში ერიცხებოდა საცხოვრებელი სახლის საერთო ფართი - 70 კვ.მ. აგებული 1970 წელს და 0,4 ჰა მიწის ფართი, ხოლო წყალტუბოს რაიონის სოფ. წყალტუბოს საკრებულოს (სოფ. ... 2001-2006 წლების საკომლო წიგნებში კომლის უფროსად ფიქსირდება მაგული ს. ასული ჩ-ე, კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან:

მაგული ს. ასული ჩ-ე - ოჯახის უფროსი;

ი. მურთაზის ძე ჩ-ე - შვილი;

გ. ი. ძე ჩ-ე - შვილიშვილი.

კომლის პირად საკუთრებაში რიცხული ქონება საკომლო წიგნში მითითებული არ არის.

მოსარჩელის მითითებით, მურთაზ და მაგული ჩ-ეები არიან მისი დედამთილი და მამამთილი, ხოლო ი. ჩ-ე არის მისი მაზლი, 1998 წლამდე ცხოვრობდნენ ერთად, ხოლო 1997 წლის ბოლოს იგი მეუღლესთან და შვილთან - მ. ჩ-ესთან ერთად გადავიდა სხვა ადგილას, 1997 წელს აშენებულ სახლში. მისი მეუღლე, მა. ჩ-ე გამოეყო ცალკე კომლად.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 26 ივლისის №116239 წერილით დასტურდება, რომ მურთაზ ჩ-ის სახელზე სისტემური რეგისტრაციის პერიოდში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. ... საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ორი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდებით: №... და №.... ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს იგივე მიწის ნაკვეთს, რაც საკომლო წიგნების ჩანაწერებით ერიცხებოდა ა.წ გარდაცვლილ მურთაზ ჩ-ის კომლს, რომელიც გარდაიცვალა 2004 წელს. კომლზე რიცხული მიწის ნაკვეთი 0,4 ჰა ორი სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთია, რომელთაგან ერთ-ერთზე განთავსებულია 70 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი. 1994 წლის 21 დეკემბერს მაზლზე - ი. ჩ-ეზე გაიცა მიწის მიღება-ჩაბარების აქტი №598 მიწის ნაკვეთზე 0,4 ჰა 2 ნაკვეთად. მოსარჩელის განმარტებით, ის მიწის ნაკვეთი რომელიც გაცემულია აღნიშნული მიწის მიღება-ჩაბარების აქტით, არის იგივე მიწის ნაკვეთი, რომელიც საკომლო წიგნებით ერიცხებოდა მისი მეუღლის მა. ჩ-ის კომლს და აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მდებარეობს მათ მიერ აშენებული სახლიც.

სამართლებრივი: მოსარჩელემ მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსზე და აღნიშნა, რომ 1997 წლის ახალი სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლისას მეუღლის, მისი და მისი შვილების კანონიერ სარგებლობაში იმყოფებოდა ის მიწის ნაკვეთი, რომელიც ირიცხებოდა მოპასუხე ი. ჩ-ის სახელზე საკუთრების უფლებით და მასზე განლაგებულია მის მიერ 1997 წელს აშენებული საცხოვრებელი სახლი, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს მისი და მისი შვილების საკუთრებას თანაბარი უფლებით (იხ ს.ფ. 1-12; ტ.1).

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება მა. ჩ-ე (იხ. ს.ფ. 31; ტ.1).

მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახურის შესაგებელი:

ფაქტობრივი: მოპასუხე სასარჩელო განცხადებაში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებს არ დაეთანხმა და მიუთითა, რომ 1999 წლის 9 დეკემბრის სააღრიცხვო ბარათებით (განაცხადის რეგისტრაცია №10394/99 და №10409/99) დასტურდება, რომ წყალტუბოს რ/ნ, სოფ. წყალტუბოს საკრებულოში მდებარე 2177,78 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №... - სავარაუდოდ ნაკვეთზე განთავსებულია შენობა-ნაგებობა- საცხოვრებელი სახლი) და ამავე საკრებულში მდებარე 2013,77 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №...) სისტემური რეგისტრაციის პერიოდში რეგისტრირებულია ფიზიკური პირის ი. ჩ-ის საკუთრების უფლებები.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის შესაბამისად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული აქტების გაუქმების საფუძველი (იხ. ს.ფ. 33-39; ტ.1).

მოპასუხე - ი. ჩ-ის შესაგებელი:

ფაქტობრივი: მოპასუხის მტკიცებით, მოსარჩელის მოსაზრება, რომ მის სახელზე გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი გაცემულია ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, არამართებულია, ვინაიდან მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 1995-2006 წლების საკომლო წიგნების ჩანაწერებით, ასევე წარმოდგენილი ცნობებით შეუძლებელია სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება, საარქივო ცნობებით არ დასტურდება მოსარჩელეების საკუთრების უფლება სადავო ურავ ქონებაზე. ამასთან, მოპასუხის მოსაზრებით, სარჩელით არ დასტურდება, მოსარჩელეები არიან თუ არა დაინტერესებული მხარეები, რომლებსაც უფლება აქვთ სადავო გახადონ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.

მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელე და მესამე პირი მა. ჩ-ე (მისი ძმა) განქორწინდნენ 2011 წელს, ფაქტობრივად კი ისინი ერთმანეთს დაშორებული არიან 2004 წლიდან.

მოსარჩელეებს საკუთრების უფლებით არასდროს ჰქონიათ დარეგიტრირებული რაიმე უძრავი ქონება, თ. ც-ეს სოფელთან ურთიერთობა გაწყვეტილი აქვს უკვე რამდენიმე წელია, მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის წყალტუბო, ... ქ. №... და მას არანაირი უფლებები არ აქვს მის ძმის ქონებაზე, მით უფრო, მაშინ როცა მისი ძმის სახელზე არანაირი უძრავი ქონება არ ირიცხება ა.წ გარდაცვლილი მამის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები ვერანაირად ვერ წარმოშობენ რაიმე სახის უფლებას მოსარჩელეების სასიკეთოდ.

ამასთან, თ. ც-ეს ერთხელ უკვე ჰქონდა სარჩელი აღძრული მისი ძმის მა. ჩ-ის წინააღმდეგ.

სამართლებრივი: მოპასუხის განმარტებით, სადავო რეგისტრაცია კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები. ამასთან, მოპასუხის მითითებით სარჩელი ხანდაზმულია (იხ. ს.ფ. 48-57; ტ.).

საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელეებმა დააზუსტეს სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვეს 1994 წლის 21 დეკემბრის №598 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სოფ. ... მდებარე უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდით №..., დაუზუსტებელი ფართობი 2177,78 კვ. მეტრი (ახალი საკადასტრო კოდი: №..., დაზუსტებული ფართობი 2222 კვ. მეტრი) გაცემული მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის ბათილად ცნობა და წყალტუბოს რაიონის სოფ. ... მდებარე უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით №..., დაუზუსტებელი ფართობი 2177,78 კვ. მეტრი (ახალი საკადასტრო კოდი: №..., დაზუსტებული ფართობი 2222 კვ. მეტრი) 1/4-1/4 წილზე მესაკუთრეებად ცნობა.

საქმის გარემოებები:

თ. ც-ე 1993 წლის 30 მარტიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მა. ჩ-ესთან. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ორი შვილი _ მუ. და მ. ჩ-ეები. წყალტუბოს არქივში დაცული სოფ. ... სასოფლო საბჭოსა და საკრებულოს 1995-2006 წლების საკომლო წიგნების ჩანაწერებით მა. ჩ-ის კომლი შედგება შემდეგი წევრებისაგან: მა. ჩ-ე, თ. ც-ე, მ. ჩ-ე, მუ. ჩ-ე. 1995 – 2000 წლების საკომლო წიგნების ჩანაწერებით კომლს აწერია 0,2 ჰექტარი მიწის ფართობი, ხოლო 2001 – 2006 წლების საკომლო წიგნში მიწის ფართის შესახებ მონაცემები არ ფიქსირდება. საარქივო ცნობით აგრეთვე ირკვევა, რომ წყალტუბოს რაიონის სოფელ წყალტუბოს საკრებულოს (სოფ. ...) 1997 – 2000 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად რეგისტრირებულია მურთაზ ჩ-ე, კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან _ მურთაზ ჩ-ე, მაგული ჩ-ე, ი. ჩ-ე და გ. ჩ-ე. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1970 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი, საერთო ფართით 70 კვ. მეტრი და 0,4 ჰექტარი მიწის ფართობი. 2001 – 2006 წლების საკომლო წიგნში კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან მაგული ჩ-ე, გ. ჩ-ე და ი. ჩ-ე. კომლის პირად საკუთრებაში საკომლო წიგნის მიხედვით ქონება არ ირიცხება.

1997 წლის ბოლოს თ. ც-ე და მისი მეუღლე მა. ჩ-ე გამოეყვნენ ძირითად კომლს და მათ მიეცათ მიწის ნაკვეთი, სადაც ერთობლივად ააშენეს სახლი.

მოსარჩელე მხარის მტკიცებით, 1994 წელს ი. ჩ-ეზე გაცემული №598 მიღება-ჩაბარების აქტით მას გადაეცა ის მიწის ნაკვეთი, რომელიც საკომლო წიგნის ჩანაწერების მიხედვით მა. ჩ-ეს ერიცხებოდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება/სარეზოლუციო/:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 იანვრის გადაწყვეტილებით თ. ც-ის, მ. ჩ-ისა და მუ. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლოს მიერ უდავოდ მიჩნეული ფაქტები:

ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცული წყალტუბოს რაიონის სოფელ წყალტუბოს საკრებულოს (სოფ. ...) 1995 – 2000 წლებში საკომლო წიგნში კომლის უფროსად რეგისტრირებულია მურთაზ ჩ-ე, კომლის შემადგენლობაში მასთან ერთად ირიცხებიან მაგული ჩ-ე (ცოლი), ი. ჩ-ე (შვილი), გ. ჩ-ე (შვილიშვილი). კომლს საკუთრებაში ერიცხება 1970 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი, ფართით 70 კვ. მეტრი და 0,4 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. მურთაზ ჩ-ე გადახაზულია და მითითებულია, რომ გარდაიცვალა 2004 წელს (იხ. ს.ფ. 190; 197-200; ტ.1).

ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცული წყალტუბოს რაიონის სოფ. წყალტუბოს საკრებულოს (სოფ. ...) 2001 – 2005 წლებში საკომლო წიგნში კომლის უფროსად რეგისტრირებულია მაგული ჩ-ე, კომლის შემადგენლობაში მასთან ერთად ირიცხებიან ი. ჩ-ე (შვილი), გ. ჩ-ე (შვილიშვილი). კომლის საკუთრებაში რიცხული ქონება აღნიშნული არ არის (იხ. ს.ფ. 193-196; ტ.1).

ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცული, წყალტუბოს რაიონის სოფელ წყალტუბოს საკრებულოს (სოფ. ...) 1995 – 2000 წლებში საკომლო წიგნში კომლის უფროსად რეგისტრირებულია მა. ჩ-ე, კომლის შემადგენლობაში მასთან ერთად ირიცხებიან თ. ც-ე (მეუღლე), მ. ჩ-ე (შვილი), მუ. ჩ-ე (შვილი). კომლის საკუთრებაში რიცხულ ქონებას წარმოადგენს 0,2 ჰექტარი მიწის ნაკვეთი და 1997 წელში აგებული საცხოვრებელი სახლი, ფართით 45 კვ. მეტრი (იხ. ს.ფ. 156-158; ტ.1).

ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცული წყალტუბოს რაიონის სოფელ წყალტუბოს საკრებულოს (სოფ. ...) 2001 – 2005 წლებში საკომლო წიგნში კომლის უფროსად რეგისტრირებულია მა. ჩ-ე, კომლის შემადგენლობაში მასთან ერთად ირიცხებიან თ. ც-ე (მეუღლე), მ. ჩ-ე (შვილი), მუ. ჩ-ე (შვილი). კომლის საკუთრებაში რიცხულ ქონებას წარმოადგენს 1997 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი, ფართით 45 კვ. მეტრი.

1994 წლის 21 დეკემბერის №598 მიღება-ჩაბარების აქტის, შესაბამისად, ი. ჩ-ეს გადაეცა 0,4 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, მდებარე წყალტუბოს რაიონის სოფ. ... (იხ. ს.ფ 18).

2000 წლის 11 იანვარის მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის №10394/99, შესაბამისად, ი. ჩ-ის საკუთრებაში იყო მიწის ნაკვეთი, მდებარე წყალტუბოს რაიონის სოფ. .., საკადასტრო კოდით ..., დაუზუსტებელი ფართობი 2177,78 კვ. მეტრი.

ი. ჩ-ის საკუთრებაშია მიწის ნაკვეთი, მდებარე წყალტუბოს რაიონი, სოფ. ..., საკადასტრო კოდით ..., დაზუსტებელი ფართობი 2222 კვ. მეტრი. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები: საკომლო წიგნის ჩანაწერი, 2012 წლის პირადი განცხადება.

სასამართლოს მიერ სადავოდ მიჩნეული ფაქტები:

სადავოა 1994 წლის 21 დეკემბრის №598 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ განხორციელებული რეგისტრაციის კანონიერების საკითხი.

ამასთან, მოსაპუხეს მიაჩნია, რომ მოსარჩელეები არ წარმოადგენენ სათანადო მოსარჩელეებს.

სასამართლოს დასკვნები - საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ თ. ც-ის, მ. ჩ-ისა და მუ. ჩ-ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეთა პოზიცია, რომ მოსარჩელეები არ წარმოადგენდნენ სათანადო მოსარჩელეებს და აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია 1994 წლის 21 დეკემბრის №598 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც ი. ჩ-ეს გადაეცა 0,4 ჰა მიწის ნაკვეთი, მითითებული მიწის ნაკვეთის საფუძველზე გამოცემული საკუთრების უფლების მოწმობისა და მისი რეგისტრაციის შესახებ აქტების ბათილად ცნობა, ე.ი მოსარჩელე დავობს იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც არის ი. ჩ-ის საკუთრება და საკუთრება დადასტურებულია სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტებით.

რაც შეეხება მოსარჩელის არგუმენტს, რომ სადავო მიწის ნაკვეთი იმყოფებოდა მათ კანონიერ სარგებლობაში, საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულიც მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, ვინაიდან, მოსარჩელეებმა ვერ დაამტკიცეს ის გარემოება, რომ მიწის ნაკვეთი მდებარე წყალტუბოს რაიონი, სოფ. ... საკადასტრო კოდი: №..., დაუზუსტებელი ფართობი 2177,78 კვ.მ. მათ მიერ დაკავებული იყო ,,კანონიერად“ - სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით, მოსარჩელეებმა ასევე ვერ დაადასტურეს ის გარემოება, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე განათავსებული სახლი აგებულია მა. ჩ-ისა და თ. ც-ის მიერ ერთობლივი ხარჯებით.

სამართლებრივი შეფასება /კვალიფიკაცია/:

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლიდან გამომდინარე, მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების აუცილებელი პირობა კანონმდებლობის მიხედვით მიწის ,,კანონიერი“ ფლობის ფაქტია. ,,საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ’’ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების პრაქტიკული განხორციელების დამატებით ღონისძიებათა თაობაზე’’ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 6 თებერვლის №128 დადგენილების მე-2 პუნქტის შესაბამისად, საკარმიდამო მიწის ნაკვეთის გაცემა უნდა განხორციელებულიყო 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული კომლების მიხედვით. 1992 წლის 1 იანვრის შემდეგ გაყრის შედეგად წარმოქმნილი ახალი კომლები უნდა დაკმაყოფილებულიყვნენ ამ მიზნით მიწის სარეზერვო ფონდის შექმნის შემდეგ. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, საკარმიდამო მიწის ნაკვეთი უნდა გაცემულიყო მხოლოდ 1992 წლის 1 იანვრამდე რიცხულ კომლებზე. კონკრეტულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ მა. ჩ-ის კომლი საკომლო წიგნების შესაბამისად, ცალკე კომლად რეგისტრირებულია 1995 წლის შემდეგ. ამავე დროს სადავო არ არის ის გარემოება, რომ მიღება-ჩაბარების აქტი გაცემულია 1994 წლის 21 დეკემბერს ანუ მიწის გადაცემა მოხდა ჯერ კიდევ მა. ჩ-ის ცალკე კომლად აღრიცხვამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მოსაზრებით, უსაფუძვლოა იმაზე მითითება, რომ მა. ჩ-ის, როგორც ცალკე კომლის, კუთვნილი მიწის ნაკვეთი კანონის დარღვევით გადაეცა ი. ჩ-ეს.

სასამართლოს მითითებით, რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ AA2012020418-04 საარქივო ცნობას, რომლის თანახმად, მა. ჩ-ე ცალკე კომლად გატარდა 1992 წლის 30 ოქტომბრის შემდეგ, აღნიშნული არ დასტურდება თავად საკომლო წიგნის ჩანაწერებით, ამასთან, საქმეში წარმოდგენილია AA2011021846-03 საარქივო ცნობა, რომლის შესაბამისად, არქივში დაცული სოფელ წყალტუბოს სასოფლო საბჭოსა და საკრებულოს 1986 -1992 წლების (ცვლილებები ნაწარმოებია 1995 წლამდე) საკომლო წიგნების ჩანაწერებით მა. ჩ-ის კომლის უფროსად გატარება არ დასტურდება.

საქალაქო სასამართლოს შეფასებით, მართალია, საქმეში წარმოდგენილია საკომლო წიგის ჩანაწერი, რომლის შესაბამისად, 1995-2000 წლებში კომლის უფროსად რეგისტრირებულია მა. ჩ-ე, კომლის შემადგენლობაში მასთან ერთად ირიცხებიან თ. ც-ე (მეუღლე), მ. ჩ-ე (შვილი), მუ. ჩ-ე (შვილი). კომლის საკუთრებაში რიცხულ ქონებას წარმოადგენს 0,2 ჰა მიწის ნაკვეთი და 1997 წელში აგებული საცხოვრებელი სახლი ფართით 45 კვ.მ მაგრამ არ არსებობს მიღება-ჩაბარების აქტი ან კომლის გაყრის დოკუმენტი, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი გადაეცა მა. ჩ-ეს.

შესაბამისად, საქალაქო სასამართლოს შეფასებით, იქიდან გამომდინარე, რომ მოსარჩელეთა მიერ ვერ იქნა დადასტურებული 1994 წლის 21 დეკემბრის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №598 აქტისა და მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის არაკანონიერება, შესაბამისად, უსაფუძვლოა მოთხოვნა ¼-1/4 წილზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზეც (იხ. ს.ფ. 226-236; ტ.1).

აპელანტები: თ. ც-ე, მ. ჩ-ე, მუ. ჩ-ე

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახური; ი. ჩ-ე

მესამე პირი - მა. ჩ-ე

აპელაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით 1994 წლის 21 დეკემბრის №598 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის ნაწილობრივ (0,2 ჰა მიწის ნაკვეთის ნაწილში) ბათილად ცნობა; წყალტუბო, სოფ. ... მდებარე უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდით №..., დაუზუსტებელი ფართობი 2177,78 კვ. მეტრი (ახალი საკადასტრო კოდი: №..., დაზუსტებული ფართობი 2222 კვ. მეტრი) ი. ჩ-ეზე გაცემული მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის, ამავე მიწის ნაკვეთზე ი. ჩ-ის სახელზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობა და წყალტუბოს რაიონის სოფ. ... მდებარე უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით №..., დაუზუსტებელი ფართობი 2177,78 კვ. მეტრი (ახალი საკადასტრო კოდი: №..., დაზუსტებული ფართობი 2222 კვ. მეტრი) 1/4-1/4 წილზე მესაკუთრეებად ცნობა.

აპელაციის მოტივები:

ფაქტობრივი: აპელანტების განმარტებით, დაუსაბუთებელია საქალაქო სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ მა. ჩ-ის ცალკე კომლად გატარება 1995 წლამდე არ დასტურდება და სადავო მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი გაცემულია 1994 წლის 21 დეკემბერს მა. ჩ-ის ცალკე კომლად გატარებამდე, ვინაიდან, საქმეში არსებული მასალებით - საარქივო ცნობებით დასტურდება, რომ მა. ჩ-ე ცალკე კომლად გატარდა 1992 წლის 30 ოქტომბრის შემდეგ, კერძოდ, საქმეში არსებული საარქივო ცნობების თანახმად, მა. ჩ-ე ცალკე კომლად გატარებულია 1992 წლის 30 ოქტომბრის შემდეგ და იგი 1992 წლის 30 ოქტომბრიდან ა.წ. გარდაცვლილი მამის - მურთაზ ჩ-ის კომლის შემადგენლობაში არ ფიქსირდება.

ასევე დაუსაბუთებელია მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ უტყუარად არ არის დადასტურებული, რომ სადავო მიწის ნაკვეთი გადაეცა მა. ჩ-ეს, ვინაიდან არ არსებობს მიწის მიღება-ჩაბარების აქტი და კომლის გაყრის დოკუმენტი, რადგან როგორც საქმეზე დაკითხულმა მოწმეებმა და სპეციალისტებმა განმარტეს, უმრავლეს შემთხვევაში არქივებს არ გადაეცემოდათ კომლის გაყრის დამადასტურებელი დოკუმენტი და აგრეთვე არ გადაეცემოდა უმრავლეს შემთხვევაში მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი.

სამართლებრივი: აპელანტების მტკიცებით, საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლი, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 6 თებერვლის №128 დადგენილება ,,საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმების შესახებ“, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების პრაქტიკული განხორციელების დამატებითი ღონისძიებათა თაობაზე“, 1993 წლის 23 ივნისის საქართველოს მინისტრთა კაბინეტის №503 დადგენილება ,,საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებისათვის სარგებლობაში გადაცემული მიწის ნაკვეთებზე დოკუმენტაციის გაფორმების რეგულირების შესახებ“.

აპელანტების მოსაზრებით, წყალტუბოს რ/ნ, სოფ. ... არსებობს ორი მიწის ნაკვეთი, რომელზეც თითოეულზე აგებულია საცხოვრებელი სახლი და აქედან ერთი წარმოადგენდა ა.წ გარდაცვლილი მურთაზ ჩ-ის კომლის საკუთრებას და მეორე მესამე პირის მა. ჩ-ისა და მის ოჯახის წევრების (მოსარჩელეების) კომლის საკუთრებას. სადავო საცხოვრებელი მიწის ნაკვეთი კი წარმოადგენს მესამე პირისა და მისი ოჯახის წევრების (მოსარჩელეების) კომლის საკუთრებას, რადგან მოპასუხე (მოწინააღმდეგე მხარე) დარჩა ა.წ გარდაცვლილი მურთაზ ჩ-ის კომლის მემკვიდრედ და მას ცალკე მიწის ნაკვეთი არ უნდა გამოყოფოდა და არც გამოყოფია.

საქმეში არსებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 26 ივლისის №116239 წერილით დასტურდება, რომ ა.წ გარდაცვლილი მურთაზ ჩ-ის სახელზე სისტემური რეგისტრაციის პერიოდში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. ... საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ორი სასოფლო-სამეურენო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდებით: №... და №.... აღნიშნული მიწის ნაკვეთები წარმოადგენს იგივე მიწის ნაკვეთს, რაც საკომლო წიგნების ჩანაწერებით ერიცხებოდა ა.წ გარდაცვლილ მურთაზ ჩ-ის კომლს, რომელიც გარდაიცვალა 2004 წელს. კომლზე რიცხული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს 0,4 ჰა ორ სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რომელთაგან ერთ-ერთზე განთავსებულია 70 კვ.მ. ფართობის საცხოვრებელი სახლი. შესაბამისად, ლოგიკურია თუ საკუთრების უფლების მოწმობები გაიცა მოპასუხე ი. ჩ-ის ა.წ გარდაცვლილი მამის მურთაზ ჩ-ის სახელზე, იმავე პერიოდში მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი და მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო მოწმობები ვერ გაიცემოდა მისი კომლის წევრზე - ი. ჩ-ეზე (იხ. ს.ფ. 25-37; ტ.2).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 6 მარტის საოქმო განჩინებით საქმეში მოპასუხედ ჩაება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობა (იხ. ს.ფ. 59-63; ტ.2).

სააპელაციო სასამართლოს განჩინების /სარეზოლუციო/:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 24 აპრილის განჩინებით თ. ც-ის, მ. ჩ-ისა და მუ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 იანვრის გადაწყვეტილება.

აპელაციის მოტივების არ გაზიარების თაობაზე სააპელაცო სასამართლოს მსჯელობა:

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელაციის მოტივები, პალატამ მიიჩნია, რომ მასში მითითებული გარემოებები არ ქმნიან საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების გაზიარების თაობაზე სასამართლოს მსჯელობა:

სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და დამატებით მიუთითა, რომ საკოლმეურნეო კომლი საქართველოში არსებობდა 1993 წლამდე. საკოლმეურნეო კომლის ერთ-ერთი და ძირითადი მახასიათებელი იყო კომლის ყველა შრომისუნარიანი და სრულწლოვანი წევრის კოლმეურნეობის წევრობა, პირადი შრომით საკოლმეურნეო წარმოებაში და კომლის დამხმარე მეურნეობაში მონაწილეობის სავალდებულო ხასიათი. საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) 122-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ქონება კომლის წევრებს ეკუთვნოდათ თანასაკუთრების უფლებით, ხოლო იმავე კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, კომლის ყველა წევრს, მათ შორის, არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც ეკუთვნოდათ თანაბარი წილი.

,,საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ” საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილების, ,,საქართველოს რესპუბლიკაში მიწის რეფორმის განხორციელების, სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო სამეურნეო საწარმოთა რეორგანიზაციის შესახებ” სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტის საფუძველზე, 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. შესაბამისად, ქონება, რომელიც კომლის ქონებას და ამავე დროს, კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, აღარ წარმოადგენს კომლის ქონებას და არის იმ პირთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, რომლებიც კომლის წევრებს წარმოადგენენ. აღნიშნულ ქონებაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი საკომლო წიგნის ამონაწერების მიხედვით თ. ც-ე კომლის წევრად რეგისტრირებულია 1995 წლიდან. ამდენად, თ. ც-ეს და მის შვილებს _ მ. ჩ-ეს, რომელიც დაბადებულია 1995 წელს და მუ. ჩ-ეს, რომელიც დაბადებულია 1998 წელს, კომლის ქონებაზე საკუთრების უფლება არ წარმოშობიათ, ვინაიდან, 1993 წლის შემდეგ კომლში რეგისტრაცია არ ნიშნავს კომლის წევრობას და ვერ წარმოშობს კომლის ქონებაზე საკუთრების უფლებას.

ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საკომლო წიგნების შესაბამისად, მა. ჩ-ის კომლი ცალკე კომლად რეგისტრირებულია 1995 წლიდან, ხოლო სადავო №598 მიღება-ჩაბარების აქტი გაცემულია 1994 წლის 21 დეკემბერს, ანუ ი. ჩ-ეზე მიწის ნაკვეთის გადაცემა მოხდა მა. ჩ-ის ცალკე კომლად აღრიცხვამდე. ამდენად, უსაფუძვლოა მოსარჩელე მხარის მტკიცება, რომ ი. ჩ-ეს კანონის დარღვევით გადაეცა მა. ჩ-ის, როგორც ცალკე კომლის, კუთვნილი მიწის ნაკვეთი.

სააპელაციო პალატის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ 1995–2000 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერების მიხედვით, კომლის უფროსად რეგისტრირებულია მა. ჩ-ე, კომლის შემადგენლობაში მასთან ერთად ირიცხებიან თ. ც-ე - მეუღლე, მ. ჩ-ე - შვილი, მუ. ჩ-ე - შვილი და კომლს საკუთრებაში ერიცხება 0,2 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, ასევე 1997 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი, ფართით 45 კვ. მეტრი, მაგრამ არ არსებობს მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი ან კომლის გაყრის დოკუმენტი, რომლითაც უტყუარად დასტურდებოდა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი გადაეცა მოსარჩელე თ. ც-ის მეუღლეს _ მა. ჩ-ეს. ასევე საქმეში წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ ი. ჩ-ისათვის გადაცემული 0,4 ჰა მიწის ნაკვეთი მოიცავს, მოსარჩელის მტკიცებით, მა. ჩ-ისათვის გადაცემულ 0,2 ჰა მიწის ნაკვეთს.

კასატორები: თ. ც-ე, მ. ჩ-ე და მუ. ჩ-ე

მოწინააღმდეგე მხარეები: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახური; ი. ჩ-ე; წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობა

მესამე პირი - მა. ჩ-ე

კასაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 24 აპრილის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორი საკასაციო საჩივარს ამყარებდა ძირითადად იმავე საფუძვლებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში (იხ. ს.ფ. 126-140; 162-176; ტ.2).

საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წანამძღვრები:

საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმე დასაშვებია ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლის თაობაზე და იგი მიჩნეულ იქნა დასაშვებად, როგორც პროცესუალური კასაცია (იხ. ს.ფ. 54-57; ტ.2).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლა-გაანალიზებისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ. ც-ის, მ. ჩ-ისა და მუ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 24 აპრილის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების გადამოწმების შედეგად მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დავის განხილვა-გადაწყვეტისას არ არის დაშვებული იმგვარი საპროცესო-სამართლებრივი დარღვევა, რომელსაც შესაძლოა, გამოეწვია საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების დადგენა, სასამართლომ სწორად შეუფარდა ნორმა სადავო სამართალურთიერთობას და არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა.

პროცესუალური კასაციის წარმოდგენილი მოტივები არ ქმნის გასაჩივრებული განჩინების საპროცესო დარღვევებით გამოტანილად მიჩნევის საპროცესო კანონით (სსსკ-ის 393.2. მუხლი) განსაზღვრულ შემთხვევას. საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ სამართლებრივ არგუმენტაციას გადაწყვეტილების კანონთან შეუსაბამობის თაობაზე. კერძოდ, კასატორის არგუმენტი, რომ სასამართლოებმა არასწორი შეფასება მისცეს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, არ გამომდინარეობს საქმის მასალების ობიექტური შეფასებიდან, რამდენადაც სააპელაციო სასამართლომ დავის საგნის - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება შეამოწმა, როგორც სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების ფარგლებში, ასევე მიუთითა, რომ სადავო გადაწყვეტილების გამოცემისას საქმეზე არ არის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები გამოკვლეული და დადგენილია კანონშესაბამისად, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, რადგან წარმოდგენილი არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კომლი საქართველოში არსებობდა 1993 წლამდე და მათთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით (1964 წლის რედაქცია). აღნიშნული კოდექსის 122-ე მუხლის შესაბამისად, საკოლმეურნეო კომლის ქონება ეკუთვნის მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით, საკოლმეურნეო კომლის ქონების მფლობელობა, სარგებლობა და განკარგვა წარმოებს კომლის ყველა წევრის თანხმობით (123.1 მუხლი). აღნიშნული კოდექსის 125-ე მუხლით განსაზღვრულია ასევე საკოლმეურნეო კომლის ქონებაში კომლის წევრის წილი, რომლის შესაბამისად: საკოლმეურენო კომლის ქონებაში კომლის წევრის წილი განისაზღვრებოდა: 1) მისი გასვლისას კომლის შემადგენლობიდან, ახალი კომლის შეუქმნელად (გამოყოფა); 2) ერთი კომლიდან ორი ან მეტი კომლის შექმნისას (გაყრა); 3) კომლის წევრის პირადი ვალდებულებების მიხედვით გადახდევინებისას. ამავე მუხლის შესაბამისად, კომლის ყველა წევრს, მათ შორის, არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც თანაბარი წილი ეკუთვნის.

„საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილების, შესაბამისად, სახელმწიფო კომლმა შეწყვიტა არსებობა და კომლის ქონება თანაბარ წილში ამ პირთა საერთო საკუთრებას წარმოადგენს, რომლებიც ადრე კომლის წევრებს წარმოადგენდნენ.

საქმის მასალების მიხედვით, თ. ც-ე და მა. ჩ-ე დაქორწინდნენ 1993 წლის 30 მარტს (იხ. ს.ფ. 14; ტ.1).

საქართველოს ეროვნული არქივის წყალტუბოს არქივის 2011 წლის 13 ივლისის საარქივო ცნობის შესაბამისად: 1986-1992 წლების საკომლო წიგნების ჩანაწერების თანახმად მა. მურთაზის ასული ჩ-ის კომლის უფროსად გატარება არ დასტურდება, შესაბამისად, არ დასტურდება მონაცემები მის სახელზე რიცხული ქონების შესახებ.

1995-2006 წლებში საკომლო ჩანაწერების მიხედვით მა. მურთაზის ძე ჩ-ის კომლი შედგება:

მა. მურთაზის ძე ჩ-ე - ოჯახის უფროსი; თ. მ. ასული ცერცვაძე - მეუღლე; მ. მა. ასული ჩ-ე - შვილი მუ. მა. ძე ჩ-ე - შვილი.

1995-2000 წლების საკომლო წიგნების ჩანაწერებით მიწა კომლის სულ აწერია 0,2 ჰა (ჩაწერილია ფანქრით) 2001-2006 წლების საკომლო წიგნში მიწის ფართის შესახებ მონაცემები არ ფიქსირდება.

1995-2006 წლებში საკომლო წიგნების ჩანაწერებით საცხოვრებელი სახლის აგების თარიღი 1997 წელი, რომლის საერთო სასარგებლო ფართია 54 კვ.მ.(იხ. ს.ფ. 16; 80; ტ.1).

საქართველოს ეროვნული არქივის ქუთაისის არქივის მიერ 2012 წლის 1 ივნისს გაცემული ცნობის თანახმად, ქუთაისის ცენტრალურ არქივში სოფ. წყალტუბოს საკრებულოს (სოფ. ...) 1997-2000 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად რეგისტრირებულია მურთაზ შ. ძე ჩ-ე, კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან:

მურთაზ შ. ძე ჩ-ე - ოჯახის უფროსი (გადახაზულია, გარდაცვლილია 2004 წელს);

მაგული ს. ასული ჩ-ე - ცოლი;

ი. მურთაზის ძე ჩ-ე - შვილი;

გ. ი. ძე ჩ-ე - შვილიშვილი.

კომლს საკუთრებაში ერიცხება საცხოვრებელი სახლის საერთო ფართი 70 კვ.მ. აგებულია 1970 წელს და 0,4 ჰა მიწის ფართობი.

წყალტუბოს რაიონის სოფ. წყალტუბოს (ს. ...) საკრებულოს 2001-2006 წლების საკომლო წიგნებში კომლის უფროსად ფიქსირდება მაგული ს. ასული ჩ-ე, კომლის შემადგენლობაში:

მაგული ს. ასული ჩ-ე - ცოლი;

ი. მურთაზის ძე ჩ-ე - შვილი;

გ. ი. ძე ჩ-ე - შვილიშვილი.

კომლის პირადი საკუთრებაში რიცხული ქონება აღნიშნულ საკომლო წიგნში დაფიქსირებული არ არის (იხ. ს.ფ. 21; ტ.1).

საქართველოს ეროვნული არქივის ქუთაისის არქივის მიერ 2012 წლის 27 ივნისს გაცემული ცნობის თანახმად, ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცული წყალტუბოს რაიონის სოფ. წყალტუბოს (სოფ. ...) სასოფლო საბჭოს აღმასკომის 1987-1994 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ფიქსირდება მურთაზ შ. ძე ჩ-ე, კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან:

მურთაზ შ. ძე ჩ-ე - ოჯახის უფროსი;

მაგული ს. ასული ჩ-ე - ცოლი;

ი. მურთაზის ძე ჩ-ე - შვილი;

მა. მურთაზის ძე ჩ-ე - შვილი (გადახაზულია, მინიშნებულია, რომ გატარდა ცალკე კომლად 1992 წლის 30 ოქტომბრიდან).

ნ. მურთაზის ძე ჩ-ე -შვილი (გადახაზულია მინიშნების გარეშე).

წყალტუბოს რაიონის სოფ. წყალტუბოს (ს. ...) საკრებულოს 1995-1996 წლების საკომლო წიგნში ოჯახის უფროსად რეგისტრირებულია მა. მურთაზის ძე ჩ-ე, კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან:

მა. მურთაზის ძე ჩ-ე - ოჯახის უფროსი;

თ. თ. ასული ცერცვაძე - ცოლი;

მ. მა. ასული ჩ-ე - შვილი;

მუ. მა. ძე ჩ-ე - შვილი (იხ.ს.ფ. 17; ტ.1).

წყალტუბოს რაიონის 1994 წლის 21 დეკემბრის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის №598 შესაბამისად, ი. ჩ-ეს გადაეცა წყალტუბოს რ/ნ-ში სოფ. ... 0,4 ჰა მიწა 2 ნაკვეთი (იხ. ს.ფ. 18; ტ.1).

წყალტუბოს რაიონის სარეგისტრაციო სამსახურის სარეგისტრაციო ჩანაწერის 1999 წლის 9 დეკემბერს განხორციელებული რეგისტრაციის შესაბამისად, ი. ჩ-ეს საკუთრებაში ერიცხება სარეგისტრაციო ზონა წყალტუბო; კოდი: ... სექტორი: სოფ. ..., კოდი: .... კვარტალი №..., ნაკვეთის ნომერი: ... დაუზუსტებელი ფართობი 2177,78 (იხ. ს.ფ. 22; ტ.1).

წყალტუბოს რაიონის სარეგისტრაციო სამსახურის 1999 წლის 9 დეკემბერს განხორციელებული რეგისტრაციის შესაბამიად, ი. ჩ-ეს საკუთრებაში ერიცხება ასევე სარეგისტრაციო ზონა: წყალტუბო; კოდი:.... სექტორი: სოფ. ..., კოდი: .... კვარტალი №..., ნაკვეთის ნომერი: ...; დაზუსტებული ფართობი 2013,77 (იხ. ს.ფ. 23; ტ.1).

2012 წლის 13 სექტემბერს განხორციელებული საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, ი. ჩ-ეს საკუთრებაში აქვს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, მდებარე ზონა: წყალტუბო ..., სექტორი სოფ. ... ..., კვარტალი ...; ნავკეთის ნომერი...; დაზუსტებული ფართი 2222.00 კვ.მ. (იხ. ს.ფ. 58; ტ.1).

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2012 წლის 29 ოქტომბრის წერილის შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე 2011 წლის 13 ოქტომბერს სრს წყალტუბოს სამსახურის მიერ რეგისტრირებულია მა. ჩ-ის განქორწინების აქტი (იხ. ს.ფ. 62; ტ.1).

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 17 ოქტომბრის წერილით, დასტურდება, რომ მა. ჩ-ეს სახელზე წყალტუბოს, სოფ. ... მდებარე უძრავი ნივთი საკუთრების უფლებით, წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახურში რეგისტრირებული არ არის. წყალტუბოს სარეგისტრაციო ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით სოფ. ... მოქალაქე მა... ჩ-ეს უფლება აღრიცხული არ არის (იხ. ს.ფ. 81; ტ.1).

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მა. ჩ-ეს მის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა ალიმენტის სახით თვეში 160 ლარის გადახდა საერთო შვილების 1995 წლის 7 დეკემბერს დაბადებული მ. ჩ-ისა და 1998 წლის 16 მარტს დაბადებული მუ. ჩ-ის სარჩოდ - თითოეულ ბავშვზე 80-80 ლარის მათ სრულწლოვანებამდე. ალიმენტის გადახდევინება დაუწესდა სარჩელის აღძვრის დღიდან - 2011 წლის 22 სექტემბრიდან. ამავე გადაწყვეტილებით უძრავ ქონებაზე თანასაკუთრების უფლების დადგენის და დამატებით ხარჯებში მონაწილეობის ვალდებულების დაკისრების ნაწილში მოსარჩელეს ეთქვა უარი. მითითებული გადაწყვეტილება თ. ც-ემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 იანვრის განჩინებით თ. ც-ის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც თ. ც-ეს უარი ეთქვა უძრავ ქონებაზე თანასაკუთრების უფლების დადგენაზე (იხ. ს.ფ. 128-129; 131-136; ტ.1).

საქმეში არსებული საკომლო წიგნის მიხედვით 2003 წლისათვის მა. მურთაზის -ძე ჩ-ის კომლში ირიცხებოდნენ:

მა. მურთაზის-ძე ჩ-ე - ოჯახის უფროსი;

თ. თ. ასული ც-ე - ცოლი;

მ. მა. ასული ჩ-ე - შვილი;

მუ. მა. ძე ჩ-ე - შვილი (იხ. ს.ფ. 156; ტ.1)

როგორც ზემოთ აღინიშნა, „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“, საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტის საფუძველზე 1993 წლიდან კომლმა არსებობა შეწყვიტა და ქონება, რომელიც საკოლმეურნეო კომლის ქონებას და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, არის იმ პირთა საერთო საკუთრება, რომელიც ადრე კომლის წევრებს წარმოადგენდნენ, რომელზედაც ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საკასაციო სასამართლო ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონის საფუძველზე განმარტავს, რომ კომლი არის სოფლად მცხოვრები ოჯახი, რომელიც ეწევა საკომლო მეურნეობას. აღნიშნული კანონის 4.4 მუხლის თანახმად, საკომლო მეურნეობად მიჩნევისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მასზე არსებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების, აგრეთვე შესაბამისი გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტებისა და მოწყობილობების ერთობლიობაზე საკუთრების უფლება, რაც წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო წარმოების საფუძველს. ამასთან, ამავე კანონის 4.5 მუხლის თანახმად, საკომლო მეურნეობა ითვალისწინებს რეგისტრაციას საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში). მითითებული ნორმის იმპერატიული მოთხოვნის თანახმად, საკომლო მეურნეობის ოჯახის წევრთა საერთო საკუთრებად მიჩნევისათვის თითოეული მათგანი საადგილმამულო წიგნში უნდა იყოს საკომლო მეურნეობის თანამესაკუთრედ რეგისტრირებული.

საკასაციო სასამართლო აგრეთვე მიუთითებს, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის №503 დადგენილების მე-2 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი არის მიწათსარგებლობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო აქტის გაცემის ძირითადი საფუძველი.

საკასაციო სასამართლოს შეფასებით, საქმეში არ მოიპოვება არანაირი მტკიცებულება იმისა, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის მეუღლის მა. ჩ-ის კომლის რეგისტრაციის ფაქტს 1995 წლამდე, სადავო მიღება-ჩაბარების აქტი კი მიღებულია 1994 წელს, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს სარჩელის ნამდვილი მიზნის მიღწევა ამ მოთხოვნის საფუძველზე იურიდიულად გამართლებული არ არის.

რაც შეეხება კასატორის მითითებას, სადავო ქონების ¼ მესაკუთრედ ცნობის თაობაზე და იმასთან მიმართებაში, რომ სასამართლოებს უნდა გამოეყენებინათ სამოქალაქო კოდექსის 1163-ე მუხლი, რომლის შესაბამისად:,,მეუღლის ქონების გადაქცევა მეუღლეთა თანასაკუთრებად თითოეული მეუღლის ქონება შეიძლება ჩაითვალოს მეუღლეთა თანასაკუთრებად, თუ დადგინდება, რომ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გადიდდა (გადაგეგმარება, მშენებლობის დასრულება, გადაკეთება და სხვა). მოცემული წესი არ გამოიყენება, თუ საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ იქნება გათვალისწინებული“, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებიდან გამომდინარე, მისი მეუღლის მა. ჩ-ის სახელზე არ ირიცხება არანაირი ქონება, შესაბამისად, მოთხოვნა ამ ნაწილშიც უსაფუძვლოა.

ამასთან, სადავო აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნის საფუძვლად იმის მითითება, რომ მურთაზ ჩ-ეს ჰყავდა ორი შვილი, აქედან ერთი გამოეყო მამის კომლს, ხოლო მეორე დარჩა მამის კომლში, მურთაზ ჩ-ეს გააჩნდა ორი მიწის ნაკვეთი და ერთი წარმოადგენს ა.წ გარდაცვლილი მურთაზ ჩ-ის საკუთრებას, ხოლო მეორე მა. ჩ-ის (მოსარჩელის მეუღლის და მისი კომლის) საკუთრებას, სადავო მიღება-ჩაბარების აქტით კი, მოხდა მისი კუთვნილი მიწის ნაკეთის გადაცემა, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული მოთხოვნა დაკავშირებულია მემკვიდრეობის საკითხთან და იგი ადმინისტრაციული სამართლაწარმოების წესით ვერ განიხილება, და ამავდროულად, აღნიშნული საფუძვლით აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება აქვს მოსარჩელის მეუღლეს.

რაც შეეხება საჯარო რეესტრის მიერ მიღებული აქტების ბათილად ცნობას, საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულების მიხედვით, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი საკმარისია მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ” ინსტრუქციის თანახმად,მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს -სამართლებრივ აქტს, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. „საჯარო რეესტრის შესახებ“კანონის 14.1 მუხლის მიხედვით,მიწის ნაკვეთზე უფლება ვრცელდება ასევე მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობაზე,თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კი განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, არ არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძველი, ვინაიდან, ი. ჩ-ემ საჯარო რეესტრის სამსახურს წარუდგინა უფლების რეგისტრაციისათვის საჭირო ყველა დოკუმენტაცია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობის თაობაზე, შესაბამისად, სსსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, არ არსებობს თ. ც-ის, მ. ჩ-ისა და მუ. ჩ-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408.3, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. ც-ის, მ. ჩ-ისა და მუ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 24 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: /ნ. წკეპლაძე/

მოსამართლეები: /მ. ვაჩაძე/

/პ. სილაგაძე/