საქმე #ბს-603-581(კ-13) 08 მაისი, 2014 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ც. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.07.2013წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ც.გ-მა 31.05.12წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ. დაზუსტებული სარჩელით ც.გ-მა მოითხოვა მოპასუხის 22.02.2012წ. №116, 27.02.2012წ. №133 და 11.04.2012წ. №249 ბრძანებების ბათილად ცნობა და თბილისის სააღსრულებო ბიუროსთვის თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 19.08.05წ. გადაწყვეტილების აღსრულების დავალება, კერძოდ, განაცდური ხელფასის პრემიის ნაწილის ანაზღაურება. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ განაცდური ხელფასის ანაზღაურების მიზნით, სააღსრულებო წარმოების შედეგად მას ჩაერიცხა მხოლოდ 1129 ლარი, რაც არამართლზომიერია, რადგან არასწორად გაანგარიშდა განაცდური ხელფასის ოდენობა, კერძოდ, მის მიმართ განაცდური ხელფასის ოდენობის დაანგარიშებისას დისკრიმინაციულად არ გაითვალისწინეს სარეფორმო გამოცდების შემდგომი სახელფასო ზრდა. ამასთანავე, მოსარჩელის მოსაზრებით, მისი ხელფასი სამსახურიდან გათავისუფლებისას იყო 378 ლარი, საიდანაც 38 ლარი იყო თანამდებობრივი სარგო, ხოლო 340 ლარი - პრემია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 37.1 მუხლის საფუძველზე, ც.გ-ი მიიჩნევს, რომ მისი განაცდური ხელფასის ოდენობა უნდა გაანგარიშდეს არა მარტო განთავისუფლების მომენტში არსებული თანამდებობრივი სარგოს, არამედ მისთვის დარიცხული პრემიის ოდენობის გათვალისწინებით. რაც შეეხება სადავო აქტებს, ც.გ-ი აღნიშნავს, რომ ისინი დაუსაბუთებელნი, სამართლებრივად გაუმართავებია, რაც მათი ბათილობის საფუძვლებს ქმნის.
დავის საქალაქო სასამართლოში განხილვისას საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ შემოსავლების სამსახური.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.03.2013წ. გადაწყვეტილებით ც.გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.07.2013წ. განჩინებით ც.გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ც.გ-ის მიერ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ც.გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.03.2006წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 19.08.05წ. გადაწყვეტილება, რომლითაც ც.გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ც.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, არაკანონიერად იქნა აღიარებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 01.10.04წ. ბრძანება ც.გ-ის სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე და იგი დაუყოვნებლივ აღდგენილ იქნა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ.თბილისის საგადასახადო ინსპექციის გადამხდელთა სამმართველოს ისანი-სამგორისა და მთაწმინდა-კრწანისის განყოფილებაში მთავარი ინსპექტორის თანამდებობაზე, ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტს ც.გ-ის სასარგებლოდ გადახდა იძულებითი განაცდური ხელფასი გათავისუფლების დღიდან სამუშაოზე აღდგენამდე მთელი პერიოდის განმავლობაში.
საქართველოს ფინანასთა სამინისტრომ 24.04.2008წ. განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო პალატის 19.08.05წ. გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნით, რაც სააპელაციო სასამართლოს 15.05.2007წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩნება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის კანონიერ ძალაში მყოფი 10.09.2008წ. განჩინებით შემოსავლების სამინისტროს განცხადება განმარტების თაობაზე, დაკმაყოფილდა, შემოსავლების სამსახურს განემარტა, რომ იძულებითი გაცდენილი დროის ხელფასის ოდენობის გაანგარიშებას საფუძვლად უნდა დაედოს ის ანაზღაურება, რომელსაც ც.გ-ი იღებდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 01.10.2004წ. =3593-ბ ბრძანების გამოცემამდე - სამსახურიდან მისი განთავისუფლების დროს არსებული ხელფასის ოდენობის მიხედვით. ც.გ-ი სამსახურიდან განთავისუფლდა 01.10.2004წ..
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში დაცული ქ.თბილისის რეგიონალური ცენტრის - საგადასახადო ინსპექციის მიერ გაცემული გრაფიკით (ტ.1, ს.ფ.18) დგინდება, რომ ც.გ-ს 2001-2003 წლებში ყოველთვიურად ერიცხებოდა პრემია 300 ლარის ოდენობით. 2004 წლის იანვარში ც.გ-ს პრემია არ დარიცხვია, ხოლო ამავე წლის მარტიდან განთავისუფლებამდე (01.10.2004წ.) ც.გ-ი იღებდა სხვადასხვა ოდენობის პრემიას (მაგ:მარტი-65ლ., აპრილი-132ლ., მაისი-266ლ., ივნისი-114ლ. და ა.შ.).
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 27.04.2001წ. ,,საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის თანამშრომლების შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ“ =252 ბრძანების პირველი მუხლის საფუძველზე საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის თანამშრომელთა მატერიალური წახალისების მიზნით შემოღებულ იქნა ყოველთვიური პრემია დაკავებულ თანამდებობათა მიხედვით, ბრძანების =1 დანართის შესაბამისად. აღნიშნული ბრძანება ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 25.12.2003წ. ბრძანებით. ამდენად, 2001-2003 წლებში, როდესაც ც.გ-ს ყოველთვიურად ერიცხებოდა ერთიდაიმავე ოდენობის პრემია, ადმინისტრაცია ხელმძღვანელობდა საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 27.04.2001წ. =252 ბრძანებით, რომლის პირველი მუხლით დადგენილი იყო მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის თანამშრომელთათვის კონკრეტული ოდენობის ყოველთვიური პრემიის ჩარიცხვის ვალდებულება. აღნიშნული ბრძანების გაუქმებასთან ერთად თანამშრომელთათვის პრემიის დარიცხვა ადმინისტრაციის ვალდებულებიდან მის უფლებამოსილებად ტრანსფორმირდა, შესაბამისად, ც.გ-ის განთავისუფლების მომენტისთვის (01.10.2004წ.), პრემია ირიცხებოდა არა როგორც ხელფასის ყოვეთვიური სავალდებულო დანამატი, რომელიც დამოკიდებული არ იყო პირის შრომით შედეგებზე, არამედ როგორც თანამშრომლის წახალისების ზომა (აღნიშნულ გარემოებას ისიც ადასტურებს, რომ კასატორი 2004 წელს ყოველთვიურად სხვადასხვა ოდენობის სახელფასო დანამატს იღებდა). ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოთხოვნა განაცდური პრემიის ანაზღაურების შესახებ, რადგან იძულებითი განაცდურის ანაზღაურების არსი გამორიცხავს ისეთ ანაზღაურებას, როგორიცაა შრომითი შედეგების მიხედვით დაჯილდოების თანხების ანაზღაურება, რადგან პირი რეალურად არ ასრულებს მასზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობებს, რის გამოც ადმინისტრაცია მოკლებულია შრომითი შედეგების მიხედვით პირის წახალისების შესაძლებლობას. ამასთანავე, კასატორი ვერ ასაბუთებს, რომ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების შემთხვევაში, მის მიმართ გამოყენებული იქნებოდა ფინანსური წახალისების ზომა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ც.გ-მა სსკ-ის 102-ე მუხლის საფუძველზე ვერ შეძლო თავისი მოთხოვნის დამადასტურებელი სათანადო და უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენა. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ც.გ-ის საკასაციო საჩივარს არ აქვს წარმატების პერსპექტივა.
რაც შეეხება ც.გ-ის მოთხოვნას განაცდური ხელფასის ოდენობის გაზრდილი სახელფასო განაკვეთის მიხედვით დაანგარიშების შესახებ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მიმართულია იმ უფლებებში აღდგენისკენ, რომელშიც პირი იმყოფებოდა სამსახურიდან გათავისუფლებამდე, შესაბამისად, განაცდური ხელფასის ანაზღაურების ოდენობის გაანგარიშებას საფუძვლად საკასაციო სასამართლოს 13.09.2007, =ბს-171-160(კ-07) განჩინების და სასამართლოს პრაქტიკის (იხ. მაგ: სუსგ 28.05.2008, ბს-65-65(2კ-08)) თანახმად, უნდა დაედოს ის ანაზღაურება, რომელსაც კასატორი იღებდა მისი განთავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემამდე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით: საკასაციო საჩივარი არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ განსახილველ საკითხთან მიმართებით დამკვიდრებული პრაქტიკისაგან. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ც.გ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ც.გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.07.2013წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ.ვაჩაძე