Facebook Twitter

საქმე ბს-607-585 (2კ-13) 15 მაისი, 2014 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.09.13წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 22.05.08წ. სარჩელი აღძრა მოპასუხის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმართ, მოპასუხის 17.03.08წ. №26/20 თემატური შემოწმების აქტის მე-2 ნაწილის პირველი და მესამე პუნქტების, მესამე ნაწილის მე-10 პუნქტის 10.2 ქვეპუნქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 28.03.13წ. გადაწყვეტილებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მდგომარეობის თემატური შემოწმების (ანალიზი) შესახებ” საქართველოს კონტროლის პალატის 17.03.08წ. №26/20 თემატური შემოწმების აქტის მესამე ნაწილის მე-10 პუნქტის 10.2 ქვეპუნქტი. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 12.09.13წ. გადაწყვეტილებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.03.13წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უარი ეთქვა „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მდგომარეობის თემატური შემოწმების (ანალიზის) შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის 2008 წლის 17 მარტის N26/20 აქტის მე-2 ნაწილის პირველი პუნქტის ბათილობაზე და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 2007წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მდგომარეობის თემატური შემოწმების (ანალიზის) შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის 17.03.08წ. N26/20 აქტის მე-2 ნაწილის პირველი პუნქტი, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე