№ბს-640-615(კ-13) 8 მაისი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე _ ი.ჩ-ა, გ.ჩ-ა, ს. ჩ-ა, მ. გ-ა
მესამე პირი – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება
სარჩელის საგანი _ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2013 წლის 7 მაისს ი., გ., ს., გო. ჩ-ებმა და მ. გ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ფოთის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელეების განმარტებით, ქ. ფოთის გამგეობის 1991 წლის 4 სექტემბრის №19/463 გადაწყვეტილებით რეგისტრირებული იყო საწარმო „...“. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლით კოოპერატივი არის წევრთა საქმიანობაზე დაფუძნებული ან წევრთა მეურნეობის განვითარებისა და შემოსავლის გადიდების მიზნით შექმნილი საზოგადოება, რომლის ამოცანა წევრთა ინტერესების დაკმაყოფილებაა. კოოპერატივის დამფუძნებელი და მფლობელი იყო ი.ჩ-ა. კოოპერატივში გაწევრიანებულები იყვნენ მისი ოჯახის წევრები: მეუღლე - გ.ჩ-ა, შვილები - გო. და ს. ჩ-ები, სიმამრი - ვ. ქ-ა და სიდედრი - დ. ქ-ა. 2006 წლის 31 დეკემბერს გარდაიცვალა ვ. ქ-ა. ასევე გარდაიცვალა დ. ქ-ა და მათ დანაშთ ქონებაზე, აქტივებსა და პასივებზე სამკვიდრო მოწმობა მიიღო შვილმა - მ. გ-ამ. აღნიშნული ფიზიკური პირები 1991 წლიდან დღემდე ფლობენ და სარგებლობენ გამოყოფილ მიწის ფართს. 1996 წლის 1 სექტემბრამდე კანონით განსაზღვრულ ვადაში საწარმო „...“ არ მოუხდენია ხელახალი რეგისტრაცია, რის გამოც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 5.8 მუხლით ეს სუბიექტი გაუქმებულია. ამასთან, პრეფექტის კაბინეტის 1991 წლის 12 ივნისის №4/118 გადაწყვეტილებით კოოპერატივის წევრებს ქ. ფოთში ... სამრეწველო ზონაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოეყოთ 1 ჰა მიწის ნაკვეთი. კოოპერატივი აღნიშნულ საქმიანობას 1993 წლამდე ახორციელებდა. 2013 წლის 28 მარტს მოსარჩელეებმა ფოთის სარეგისტრაციო სამსახურში წარადგინეს განცხადება მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე. ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 3 აპრილის №8820131331009 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ საფუძვლით, რომ საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის ფართობი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ნორმაზე 1 პროცენტზე მეტად აღემატებოდა უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ მიწის ნაკვეთის ფართობს. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა გაასაჩივრეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომლის 2013 წლის 25 აპრილის №70636 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ადმინისტრაციული საჩივარი. მოსარჩელეთა განმარტებით, ისინი 20 წელია მართლზომიერად ფლობენ 2 ჰა მიწის ნაკვეთს. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით კი რეგულირდება მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება და კანონით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურების შესაბამისად საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყილდო ფორმით გადაცემა.
ამდენად, მოსარჩელეებმა ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 3 აპრილის №8820131331009 და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 25 აპრილის №70636 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და ქ. ფოთში, ... სამრეწველო ზონაში მდებარე, მათ მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ 1.5 ჰა მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვეს.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 ივნისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით ი., გ., ს., გო. ჩ-ებისა და მ. გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საწარმო „...“ რეგისტრირებული იყო ფოთის გამგეობის მიერ 1991 წლის 4 სექტემბრის №19/463 გადაწყვეტილებით. ამასთან, პრეფექტის კაბინეტის 1991 წლის 12 ივნისის №4/118 გადაწყვეტილებით კოოპერატივის წევრებს ქ. ფოთში ... სამრეწველო ზონაში გამოეყოთ 1 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
2013 წლის 28 მარტს მოსარჩელეებმა ფოთის სარეგისტრაციო სამსახურში წარადგინეს განცხადება მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 3 აპრილის №8820131331009 გადაწყვეტილებით შეჩერებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოება. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა გაასაჩივრეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომლის 2013 წლის 25 აპრილის №70636 გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააგენტოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ კოოპერატივ „...“ გამოყოფილი ჰქონდა 1 ჰა მიწის ნაკვეთი, ხოლო უძრავი ნივთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი წარდგენილი იყო 15123 კვ. მეტრზე. შესაბამისად, აზომვითი ნახაზის ინფორმაციის საფუძველზე დაფიქსირდა 1 პროცენტიანი მეტობა.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ 1994 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის №578 დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე კერძო სამართლებრივი წესით შექმნილი საწარმოები ამ კანონის მოთხოვნის შესაბამისად დაექვემდებარნენ ხელახალ რეგისტრაციას 1996 წლის 1 იანვრამდე. აღნიშნული ვადა, საქართველოს პარლამენტის 21.12.1995წ. №80 დადგენილებით 01.09.1996 წლამდე გაგრძელდა. ამავე დადგენილების მე-3 პუნქტის თანახმად მეწარმეთა შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებული ერთობლივი საწარმოები 1996 წლის 1 სექტემბრამდე გარდაიქმნებოდნენ შპს-ებად, გარდა იმ შემთვევებისა, როცა ისინი ამ კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად დაექვემდებარნენ სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნას, ხოლო თუ საწარმო რეგისტრირებული იყო, მაგრამ 5.8 პუნტის თანახმად არ აკმაყოფილებდა რეგისტრაციის პირობებს, რეგისტრაცია გაუქმდებოდა, თუკი ეს ხარვეზი 3 თვის ვადაში არ იქნებოდა გამოსწორებული. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 22 ივლისის მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრის Nბ. 110-818-84/3 გადაწყვეტილებით მარეგისტრირებელ ორგანოში არ იყო დაცული აღნიშნული სუბიექტის ხელახალი რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ამასთან, რეგისტრაციის სამსახურის ელექტრონული მონაცემების თანახმად, ერთი პირის საწარმო, ფირმა კოოპერატივი ... არ იძებნებოდა და ვერ დგინდებოდა აღნიშნული კოოპერატივის წევრები.
სასამართლომ ჩათვალა, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების გადაწყვეტილებაში იმ საფუძვლების მითითება, რომ წარმოდგენილი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე ვერ დგინდებოდა დაინტერესებული პირის უფლებამონაცვლეობა, მართებულია.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეები ითხოვდნენ საკუთრების უფლების რეგისტრაციას მართლზომიერ მფლობელობაში არსებული უძრავ ნივთზე, როგორც ფიზიკური პირი. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი არის - ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია, „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების შემთხვევაში ასევე აღნიშნული კანონის ამოქმედების შემდეგ, დადგენილი წესით, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან/და სხვა დოკუმენტი.
სასამართლომ ჩათვალა, რომ საქმეში არსებული მასალებიდან დგინდებოდა, რომ სარეგისტრაციო სამსახურში არ იყო წარდგენილი არც საკუთრების უფლების და არც აღიარების უფლების დამდგენი დოკუმენტები. შესაბამისად „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად მარეგისტრირებელმა ორგანომ კანონშესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც შემდგომ გასაჩივრდა ზემდგომ ორგანოში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25.04.2013წ. №70636 გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი., გ., ს., გო. ჩ-ებმა და მ. გ-ამ, რომლებმაც ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ი., გ., ს., ჩ-ებისა და მ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 3 აპრილის №8820131331009 გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 25 აპრილის №70636 გადაწყვეტილება; ფოთის სარეგისტრაციო სამსახურს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს აპელანტების მიერ დამატებითი მტკიცებულების სახით წარდგენილ იქნა ინდივიდუალური საბინაო ფონდის საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტის დედანი გაცემული 1997 წლის 18 მარტს ი.ჩ-ას, გ.ჩ-ას, ვ. ქ-ასა და დ. ქ-ას სახელზე. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, ქ. ფოთში, ... ქუჩაზე (ჩიხში) დასახელებული ფიზიკური პირების მფლობელობაში იმყოფებოდა შენობა-ნაგებობანი, კერძოდ, ფერმა, დამხმარე ნაგებობა (საწყობი) და სადარაჯო, ასევე, 13800 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. სასამართლოს მითითებით, ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის 2013 წლის 4 ოქტომბრის №179127 მომართვის თანახმად, სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი 1997 წლის 18 მარტს შედგენილი ტექნიკური პასპორტი გაცემული ჩ-ა ი., ჩ-ა გ., ქ-ა ვ. და ქ-ა დ-ს სახელზე მდებარე ქ. ფოთი, ... ქუჩაზე, ფართით 13800 კვ.მ. მონაცემები დღეის მდგომარეობით ფოთის სარეგისტრაციო სამსახურში არ მოიპოვება, რადგან 2004 წლის ოქტომბერში ხანძრის გამო განადგურდა ქ. ფოთის ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის არქივი. ამასთან, სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის განმარტებით. ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები და მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობების პროექტი წარმოადგენს მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტს.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 41 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც აღნიშნულ უფლებამოსილებას ახორციელებს კანონით დადგენილი წესით. მე-2 ნაწილის შესაბამისად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება ხორციელდება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში მართლზომიერი მფლობელის (მოსარგებლის) საკუთრების უფლების რეგისტრაციით.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის, საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს, მის მიერ გაწეული მომსახურების ვადებს, საფასურის განაკვეთებს, ასევე საფასურის გადახდის, გადახდისაგან გათავისუფლების და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესსა და პირობებს განსაზღვრავს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქცია“.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მართალია მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა ისინი პასუხისმგებელი არიან რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია სზაკ-ის 96-ე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით, სრულყოფილად შეისწავლოს სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისობა მასთან დაცულ მონაცემებთან და მხოლოდ მათი ურთიერთშესაბამისობის შემთხვევაში უნდა მიეღოს გადაწყვეტილება ახალი უფლების რეგისტრაციის შესახებ. მარეგისტრირებელ ორგანოს იგივეს ავალდებულებს საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის დანაწესი, რომლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის და ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანს წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოში ი.ჩ-ას, გ.ჩ-ას, ს. ჩ-ას, მ. გ-ას წარდგენილი მოთხოვნა უკავშირდებოდა ქ. ფოთში, ქუჩა … (ზონა ფოთი, სექტორი ნაბადა-კუნძული) ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე მართლზომიერად დაკავების მოტივით საკუთრების უფლების აღიარებას.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ტექაღრიცხვის სამსახური აფიქსირებდა უძრავი ქონების ფაქტობრივ სამართლებრივ მდგომარეობას და ადგენდა შესაბამის დოკუმენტს, რომელიც მართალია არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს, თუმცა ეფუძვნებოდა ან ასახავდა ადმინისტრაციულ აქტს ან კერძო სამართლებრივ გარიგებას. ტექაღრიცხვის სამსახურის მიზანს წარმოადგენდა განაშენიანებულ ტერიტორიაზე მიწასთან მყარად დაკავშირებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური აღრიცხვა და პასპორტიზაცია. სამსახურის ერთ-ერთ ძირითად ამოცანებს მიეკუთვნებოდა შენობა-ნაგებობებზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების აღრიცხვა-შენახვა. ტექბიუროში აღრიცხული პირი მიიჩნეოდა უძრავი ნივთის მესაკუთრედ ან მოსარგებლედ.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა სააგენტოში. მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი; გ) საკუთრების უფლების აღიარების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტები; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაცია.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებულ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტად ითვლება ტექნიკური ინვენტარიცაზიის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი და მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობების პროექტი.
სააპელაციო სასამართლომ სასამართლოში წარდგენილი ქ. ფოთის ტექინვენტარიზაციის ბიუროს უფროსის 1997 წლის 18 მარტს გაცემული ინდივიდუალური საბინაო ფონდის საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტით დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ფოთში ... ქუჩაზე (ჩიხში) ფიზიკურ პირებს ჩ-ა ი., ჩ-ა გ., ქ-ა ვ.ს და ქ-ა დ. მფლობელობაში იყო შენობა-ნაგებობები (ფერმა, დამხმარე ნაგებობა, სადარაჯო და მიწის ფართი 13800 კვ.მ). ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის 2013 წლის 4 ოქტომბრის №179127 მომართვის თანახმად, ქ. ფოთის ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის არქივში აღნიშნული დოკუმენტი დაცული არ არის, რადგანაც არქივი განადგურდა 2004 წლის ოქტომბერში ხანძრის გამო.
სააპელაციო სასამართლომ მიაიჩნია, რომ საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილება მიიღოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი პროცედურის ჩატარების მეშვეობით.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა)გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ)შეაგროვოს ცნობები; გ)მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ)დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ)გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ)მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ იმ შემთხვევაში თუ ქ. ფოთის ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის არქივში ხანძრის შედეგად მისი განადგურების გამო არ აღმოჩნდება მიწის და შენობა-ნაგებობის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტები, ასეთ ვითარებაში სარეგისტრაციო სამსახურმა უნდა გამოიყენოს აპელანტების ხელთ არსებული ინდივიდუალური საბინაო ფონდის საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტის მონაცემები და გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი. ამასთან, შეაფასოს თუ რამდენად წარმოადგენს აღნიშნული დოკუმენტი აპელანტების (მოსარჩელეების) ი.ჩ-ას, გ.ჩ-ას, ს. ჩ-ას, მ. გ-ას (როგორც ფიზიკური პირების და არა როგორც კოოპერატივის წევრების) სასარჩელო მოთხოვნის (13800 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობეზე, როგორც მართლზომიერ მფლობელებზე საკუთრების უფლების აღიარება) დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფოთის სარეგისტრაციო სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება.
კასატორის განმარტებით, 1994 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის №578 დადგენილების მე-2 მუხლიდან გამომდინარე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე კერძო (სამოქალაქო) სამართლებრივი წესით შექმნილი საწარმოები ამ კანონის მოთხოვნის შესაბამისად დაექვემდებარნენ ხელახალ რეგისტრაციას 1996 წლის 1 სექტემბრამდე. ამავე დადგენილების მე-3 პუნქტის თანახმად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებული ერთობლივი საწარმოები 1996 წლის 1 სექტემბრამდე გარდაიქმნებოდნენ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ისინი ამ კანონის 2.4 მუხლის შესაბამისად დაექვემდებარნენ სააქციო საზოგადოებად გარდაქმნას, ხოლო 5.8 პუნქტის თანახმად, თუ საწარმო რეგისტრირებული იყო მაგრამ არ აკმაყოფილებდა რეგისტრაციის პირობებს ან ეს პირობები მოგვიანებით ისპობოდა, რეგისტრაცია უქმდებოდა, თუკი ეს ხარვეზი 3 თვის ვადაში არ იქნებოდა გამოსწორებული. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 22 ივლისის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრის №ბ11081884/3 გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა, რომ მარეგისტრირებელ ორგანოში არ იყო დაცული აღნიშნული სუბიექტის ხელახალი რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამასთან, რეგისტრაციის სამსახურის ელექტრონული მონაცემების თანახმად, ერთი პირის საწარმო ფირმა კოოპერატივი „...“ არ იძებნებოდა. შესაბამისად, ასევე ვერ დგინდებოდა კოოპერატივის წევრები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ წარდგენილი სამკვიდრო მოწმობის საფუძვლეზე ვერ დგინდებოდა დაინტერესებული პირის უფლებამონაცვლეობა.
ასევე, კასატორის განმარტებით, დაინტერესებული პირი ითხოვდა საკუთრების უფლების რეგისტრაციას მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ უძრავ ნივთზე, როგორც ფიზიკური პირი. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია მიიჩნევა საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლად. სარეგისტრაციო სამსახურში დაინტერესებული პირის მიერ კი არ არის წარდგენილი არც საკუთრების უფლების და არც აღიარების უფლების დამდგენი დოკუმენტი. ხოლო მიწის ნაკვეთის ტექნიკური პასპორტი მხარის მიერ სასამართლო პროცესზე იქნა წარდგენილი, სარეგისტრაციო სამსახური კი გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისად იღებს. შესაბამისად, სარეგისტრაციო სამსახური უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოსარჩელეების მოთხოვნას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 394-ე მუხლის მოთხოვნები. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სადავო საკითხს; სასამართლოს მიერ გამოტანილი დასკვნები არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალების ობიექტური შეფასებიდან.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: საწარმო „...“ რეგისტრირებული იყო ფოთის გამგეობის მიერ 1991 წლის 4 სექტემბრის №19/463 გადაწყვეტილებით. ამასთან, კოოპერატივი „...“ 1991 წლის 12 ივნისის განაცხადის საფუძველზე, პრეფექტის კაბინეტის 1991 წლის 12 ივნისის №4/118 გადაწყვეტილებით კოოპერატივი „...“ გამგეობას საქმიანი ეზოს მოსაწყობად გამოეყო ერთი ჰა ტერიტორია, სამრეწველო ზონაში, გემთმშენებელ - გემთშემკეთებელ ქარხნის დამხმარე მეურნეობის მომიჯნავედ. აღნიშნული გადაწყვეტილება მიუთითებდა, რომ ტერიტორიის ნახაზი ერთვოდა დედანს; ხოლო გადაწყვეტილებას ხელს აწერდნენ ფოთის პრეფექტის პირველი მოადგილე ი. გ-ია და კანცელარიის გამგე ლ. კ-ა.
2013 წლის 28 მარტს ი.ჩ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურს, რომლითაც მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ უძრავ ნივთზე (მდებარე - ქალაქი ფოთი, ... ქუჩა) საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. განცხადებას თან ერთვოდა: დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, გადაწყვეტილება №4/118, წესდება, მინდობილობები.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი განცხადებას თან უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 3 აპრილის №882013133109-03 გადაწყვეტილებით „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, იმ მოტივით, რომ განცხადებას თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, წარდგენილი მიწის ნაკვეთის ფართობი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ნორმაზე, კერძოდ, 1 პროცენტზე მეტად აღემატებოდა უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ მიწის ნაკვეთის ფართობს. ასევე, წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე ვერ დგინდებოდა დაინტერესებული პირის უფლებამონაცვლეობა. შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარსადგენად განისაზღვრა 30 კალენდარული დღე. აღნიშნული გადაწყვეტილება ი.ჩ-ამ გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომლის 2013 წლის 25 აპრილის №70636 გადაწყვეტილებით მას უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმებისას და დავის სწორად გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს უფლებამონაცვლეობის საკითხის დადგენას, ვინაიდან, სადავო მიწის ნაკვეთი ფოთის პრეფექტის კაბინეტის სხდომის №4/118 გადაწყვეტილებით კოოპერატივი „...“ გამგეობას გამოეყო, საქმიანი ეზოს მოსაწყობად. შესაბამისად, გამოყოფილი მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლება მოპოვებული აქვს კოოპერატივ „...“. აღნიშნული უფლების გადაცემის დროს კი გადამწყვეტია კოოპერატივის უფლებამონაცვლის არსებობის ფაქტი.
უფლებამონაცვლეობის საკითხთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო იზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას და განმარტავს, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 28 ოქტომბრის დადგენილების მე-2 მუხლის თანახმად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის ამოქმედებამდე კერძო სამართლებრივი წესით შექმნილი საწარმოები ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად დაექვემდებარნენ ხელახალ რეგისტრაციას 1996 წლის 1 სექტემბრამდე. ამავე დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებული ერთობლივი საწარმოები 1996 წლის 1 სექტემბრამდე გარდაიქმნებოდნენ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ისინი ამ კანონის 2.4 მუხლის შესაბამისად სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნას დაექვემდებარნენ. ხოლო მე-4 მუხლის თანახმად, ამ დადგენილების მე-2 და მე-3 მუხლების მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში საწარმოთა მიმართ გამოიყენებოდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის 5.8 მუხლით გათვალისწინებული წესები. აღნიშნული მუხლის იმდროინდელი რედაქცია კი საწარმოს გაუქმებულად გამოცხადებას იმ შემთხვევაში ითვალისწინებდა, თუკი საწარმო არ აკმაყოფილებდა რეგისტრაციის პირობებს და ეს ხარვეზი 3 თვის ვადაში არ იქნებოდა გამოსწორებული.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საწარმოს რეგისტრაცია წარმოადგენს იურიდიული მნიშვნელობის ფაქტებისა და მოვლენების შეტანას სახელმწიფო რეესტრში. რეგისტრაციას აქვს გადამწყვეტი იურიდიული ფაქტის მნიშვნელობა. რეგისტრაციის ინსტიტუტი მიზნად ისახავს სამართლებრივი ურთიერთობების სტაბილურობის უზრუნველყოფას.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამეწარმეო ურთიერთობების სტაბილურობის მიზნით, კანონმდებელმა ზუსტად განსაზღვრა ვადა, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იყო საწარმოთა ხელახალი რეგისტრაცია. აღნიშნული ვადის დაწესების სამართლებრივი შედეგი იმაში მდგომარეობდა, რომ ვადის გასვლის შემდეგ საწარმოებს ერთმეოდათ ხელახალი რეგისტრაციის შესაძლებლობა და დგებოდა „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 5.8 მუხლით გათვალისწინებული შედეგი – რეგისტრაციის გაუქმება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართალმემკვიდრეობის/ უფლებამონაცვლეობის საკითხი მაშინ დგება, როდესაც მაგალითად სახეზე გვაქვს საწარმოთა გარდაქმნა, შერწყმა, ნატურით გაყოფა. საწარმოთა ხელახალი რეგისტრაცია კი უთანაბრდებოდა საწარმოს რეორგანიზაციას – გარდაქმნას მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მოყვანის გზით. აღნიშნული ნიშნავდა არა სამართლებრივი ურთიერთობების ახალი სუბიექტის შექმნას, არამედ უკვე არსებული სუბიექტის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საქმიანობის გაგრძელებას. ამ მოვლენას, როგორც რეორგანიზაციას, თან სდევდა უფლებამონაცვლეობა – იმ საწარმოს უფლებები და მოვალეობები, რომლის ხელახალი რეგისტრაციაც მოხდა, გადაეცემოდა მის უფლებამონაცვლეს – ხელახალი რეგისტრაციის გზით შექმნილ საწარმოს. იმავდროულად, საწარმოს ხელახალი რეგისტრაციისაგან განსხვავდებოდა საწარმოს დაფუძნება, იმ თვალსაზრისით, რომ ამ შემთხვევაში უფლებამონაცვლეობას ვერ ექნებოდა ადგილი, რამდენადაც საწარმოს დაფუძნების გზით იქმნება სამართლებრივი ურთიერთობების ახალი სუბიექტი, რომელსაც არ ჰყავს ამ ურთიერთობებში წინამორბედი საწარმო და არავის უფლება-მოვალეობების მემკვიდრე არ არის.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმეზე დავას არ იწვევს და თავად მოსარჩელეებიც ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ კოოპერატივ „...“ ხელახალი რეგისტრაცია არ მოუხდენია. ხოლო საქმის მასალებში წარმოდგენილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 10 ივნისის №B 11081884/3 გადაწყვეტილების თანახმად, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციის სამსახურის არქივში არ იყო დაცული აღნიშნული სუბიექტის ხელახალი რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ამასთან, რეგისტრაციის სამსახურის ელექტრონული მონაცემების თანახმად, ერთი პირის საწარმო, ფირმა კოოპერატივი „...“ არ იძებნებოდა. ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმეზე დადგენილად მიიჩნევს, რომ 1991 წელს დაფუძნებულმა საწარმო „...“ გაუშვა საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 28 ოქტომბრის ზემოაღნიშნული დადგენილებით განსაზღვრული ხელახალი რეგისტრაციის ვადა. ამ ვადის გასვლის შემდეგ კი მას აღარ ჰქონდა უფლება განეხორციელებინა ხელახალი რეგისტრაცია, რამდენადაც მისი სამართლებრივი მდგომარეობა უთანაბრდებოდა რეგისტაციაგაუქმებული საწარმოს მდგომარეობას. შესაბამისად, ცალსახაა, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს კოოპერატივი „...“ უფლებამონაცვლე.
ამდენად, მოსარჩელეებს, როგორც კოოპერატივის წევრებს, ხელახალი რეგისტრაციის განუხორციელებლობით დაკარგული აქვთ პრეფექტის კაბინეტის სხდომის №4/118 გადაწყვეტილებით კოოპერატივი „...“ გამგეობისათვის გადაცემული უფლება სადავო უძრავ ქონებაზე. საყურადღებოა, რომ აღნიშნული უფლება მხოლოდ მაშინ გადაეცემოდა, თუ მოხდებოდა საწარმოს ხელახალი რეგისტრაცია და სახეზე გვექნებოდა კოოპერატივის უფლებამონაცვლე.
ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ ი.ჩ-ა ითხოვდა საკუთრების უფლების რეგისტრაციას მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ უძრავ ნივთზე, როგორც ფიზიკური პირი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მფლობელობა არის ფაქტი და მართლზომიერ მფლობელად ითვლება ყველა ის პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას. ცალსახაა, რომ მართლზომიერი მფლობელობისათვის საჭიროა, რომ პირი მართლზომიერი საფუძვლით იყოს ნივთს დაუფლებული და მართლზომიერად განაგრძობდეს მის მფლობელობას (სარგებლობას).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტებია: ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია, „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების შემთხვევაში ასევე აღნიშნული კანონის ამოქმედების შემდეგ, დადგენილი წესით, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან/და სხვა დოკუმენტი.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ი.ჩ-ას მიერ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი პრეფექტის კაბინეტის 1991 წლის 12 ივნისის №4/118 გადაწყვეტილებით სადავო მიწის ნაკვეთი სარგებლობისათვის კოოპერატივ „...“ გადაეცა, რომელიც ხელახალი რეგისტრაციის გაუვლელობის გამო გაუქმებულია, ხოლო დოკუმენტი, რომელიც სადავო მიწის ნაკვეთზე მოსარჩელეთა საკუთრების უფლებას დაადგენდა, სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი არ ყოფილა. ამასთან, გარდა აღნიშნულისა, საქმის მასალებით დადგენილია, რომ კოოპერატივი „...“ გამგეობას სარგებლობისათვის ერთი ჰა მიწის ნაკვეთი გამოეყო, ხოლო მოსარჩელეებმა საკადასტრო აზომვითი ნახაზი 15 123 კვ. მეტრზე წარადგინეს, რის შედეგადაც დაფიქსირდა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის ფართობი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ნორმაზე მეტად აღემატებოდა უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ მიწის ნაკვეთის ფართობს („საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 14.4 მუხლი). ხოლო „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ვერ დადასტურდა სადავო აქტების კანონთან შეუსაბამობა, რომ აღნიშნული აქტები მიღებულ იქნა კანონის მოთხოვნათა დარღვევით. სარეგისტრაციო სამსახურმა დაასაბუთა, რომ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება მიღებულია კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 3 აპრილის №8820131331009 გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 25 აპრილის №70636 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, არსებობს გასაჩივრებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ი.ჩ-ას, გ.ჩ-ას, ს. ჩ-ას, გო. ჩ-ას და მ. გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ლ. მურუსიძე