საქმე ბს-96-94 (კ-14) 22 მაისი, 2014 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა ზ. ლ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.12.13წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. ლ-მა 30.08.13წ. სარჩელი აღძრა მოპასუხის ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ და მოითხოვა ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 23.08.13წ. №154 განკარგულების და ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 23.08.13წ. №64 ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც ზ. ლ-ი გათავისუფლდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობიდან. ასევე მოითხოვა გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების მოქმედების შეჩერება.
ლენტეხის მაგისტრი სასამართლოს 01.09.13წ. განჩინებით ზ. ლ-ის შუამდგომლობა გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების მოქმედების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
ლენტეხის მაგისტრი სასამართლოს 18.10.13წ. გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 23.08.13წ. №154 განკარგულება და ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 23.08.13წ. №64 ბრძანება, დაევალა ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა ზ. ლ-თან დაკავშირებით, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ზ. ლ-მა და ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ.
ლენტეხის მაგისტრი სასამართლოს 22.10.13წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა ზ. ლ-ის განცხადება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა ზ. ლ-მა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 20.12.13წ. გადაწყვეტილებით ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ლენტეხის მაგისტრი სასამართლოს 18.10.13წ. გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი. ზ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ზ. ლ-ის კერძო საჩივარზე შეწყდა საქმის წარმოება. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ლ-მა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ლ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ზ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, კასატორს - ზ. ლ-ს (პ.ნ. ...) უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 11.02.14წ. #1 საგადახდო დავალებით შეცდომით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 300 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. ლ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. კასატორს - ზ. ლ-ს (პ.ნ. ...) დაუბრუნდეს მის მიერ 11.02.14წ. #1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 300 ლარის ოდენობით.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე