Facebook Twitter

საქმე #ბს-117-115(კს-14) 13 მაისი, 2014 წელი

ქ . თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ რ. მ-ე

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 7 თებერვლის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2013 წლის 22 ოქტომბერს რ. მ-ემ სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 17 ოქტომბრის №188463, ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 10 სექტემბრის №882013424979-03 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება (იხ. ს.ფ. 2-13).

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით რ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 17 ოქტომბრის #188463 და ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 10 სექტემბრის #882013424979-03 გადაწყვეტილებები; ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ქ. ბორჯომში, ... ქ. #4-ში მდებარე უძრავ ნივთზე (ს/კ #...) რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაცია (იხ.ს.ფ. 240-250).

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 256-268).

2014 წლის 6 თებერვალს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და აღნიშნა, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურს ჩაჰბარდა 2013 წლის 13 იანვარს, ხოლო სააპელაციო საჩივარი სასამართლოში გაგზავნილ იქნა 2014 წლის 24 იანვარს. აღნიშნულის დასადასტურებლად განცხადებას დაურთო 2014 წლის 24 იანვრის რეესტრი #7 და ახალციხის რაიონული სასამართლოს 25.12.13 წლის გზავნილის ასლი, სადაც დასმულია ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის შტამპი (იხ. ს.ფ. 271-274).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 7 თებერვლის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის სააპელაციო საჩივარი ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად კანონით დადგენილი გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრით გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დარღვევის გამო (იხ. ს.ფ. 275-277), რაც დასტურდება შემდეგნაირად: ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურს გაეგზავნა 2013 წლის 25 დეკემბერს და 2014 წლის 10 იანვარს ჩაბარდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსს სპეციალიტს მ. ბ-ეს, რაც დასტურდება საქმეში არსებული ,,უკუგზავნილით’’ (ს.ფ. 252). სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახური (რომლებსაც ერთი წარმომადგენელი ჰყავთ) ვალდებული იყვნენ სასამართლოში ან საფოსტო განყოფილებაში სააპელაციო საჩივარი შეეტანათ სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების მეორე დღიდან (2014 წლის 11 იანვრიდან) 14 დღის ვადაში ანუ 24 იანვრის ჩათვლით. განსახილველ შემთხვევაში კი სააპელაციო საჩივარი საფოსტო განყოფილებაში წარდგენილია 2014 წლის 27 იანვარს ანუ კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადის დარღვევით, რა დასტურდება სააპელაციო საჩივარზე დართული საფოსტო კონვერტით, რაზეც აღნიშნულია თარიღი ბეჭდით ,,27.01.2014’’ (ს.ფ. 268).

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ წარმოდგენილი 2014 წლის 24 იანვრის ,,შპს ,,...’’ მეშვეობით გაგზავნილ გზავნილებათა შესახებ’’ რეესტრით №7-ით არ დასტურდება, რომ გზავნილი (სააპელაციო საჩივარი) საფოსტო განყოფილებას ჩაბარდა 2014 წლის 24 იანვარს, ვინაიდან მასზე არ იკითხება გზავნილის მიღების თარიღი და მიმღების ვინაობა. ამდენად, ამ დოკუმენტით არ დასტურდება, რომ ,,შპს ,,...’’ გზავნილი (სააპელაციო საჩივარი) ჩაბარებული აქვს 2014 წლის 24 იანვარს, ეს არ დგინდება ფოსტის პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით. პირიქით, საფოსტო კონვერტით დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარი საფოსტო განყოფილებაში წარდგენილი იქნა 2014 წლის 27 იანვარს ანუ კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადის დარღვევით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან საქმის განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება (იხ. ს.ფ. 284-286), შემდეგი მოტივით: ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება ჩაბარდა მხოლოდ ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის №835 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული მისამართია - ქ. თბილისი, .../... #2 და არა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის მისამართი - ბორჯომი, ... #1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ ჩაბარებია რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. რის გამოც, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი გადაწყვეტილების კანონით დადგენილი წესით ჩაუბარებლობის პირობებში მიეღო განჩინება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

კერძო საჩივრის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73.8 მუხლის თანახმად, ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს არ უნდა მიეჩნია ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსი სპეციალისტისათვის მ. ბ-ისათვის გზავნილის ჩაბარება ადრესატისათვის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ჩაბარებად და სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის ათვლა არ უნდა დაწყებულიყო სასამართლოს მიერ დასახელებული თარიღიდან. ადმინისტრაციული ორგანოს სახელით კორესპოდენციის ჩაბარებაზე უფლებამოსილია კანცელარია (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეული) და სწორედ ასეთი ერთეულის არყოფნის შემთხვევაში იქნებოდა ორგანიზაციის სხვა უფლებამოსილი პირი ვალდებული კორესპოდენციის ჩაბარებაზე (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 15 ოქტომბრის განჩინება საქმე #ბს-393-382(კს-13)).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 7 თებერვლის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ჩაბარდა 2014 წლის 11 თებერვალს. შესაბამისად, ახალციხის რაიონულ სასამართლოში სააპელაციო საჩივარი წარადგინეს 2014 წლის 17 თებერვალს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2014 წლის 7 თებერვლის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დაირღვა საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსსკ-ის 393-ე, 394 “ე” მუხლების მოთხოვნები. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, განჩინება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურს გაეგზავნა 2013 წლის 25 დეკემბერს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსს სპეციალისტს მ. ბ-ეს ჩაბარდა 2014 წლის 10 იანვარს (იხ. ს.ფ. 252).

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახური (რომლებსაც ერთი წარმომადგენელი ყავთ) ვალდებული იყვნენ სასამართლოში ან საფოსტო განყოფილებაში სააპელაციო საჩივარი შეეტანათ სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების მეორე დღიდან - 2014 წლის 11 იანვრიდან 14 დღის ვადაში ანუ 2014 წლის 24 იანვრის ჩათვლით, ხოლო სააპელაციო საჩივარი საფოსტო განყოფილებაში წარადგინეს 2014 წლის 27 იანვარს ანუ კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით, რაც დასტურდება სააპელაციო საჩივარზე დართული საფოსტო კონვერტზე დასმული შტამპით 27.01.14 (იხ. ს.ფ. 268).

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ წარდგენილი 2014 წლის 24 იანვრის შპს ,,...“ რეესტრით #7 არ დასტურდება, რომ გზავნილი (სააპელაციო საჩივარი) საფოსტო განყოფილებას ჩაბარდა 2014 წლის 24 იანვარს, ვინაიდან მასზე არ იკითხება გზავნილის მიღების თარიღი, მიმღების ვინაობა და არ შეიცავს ფოსტის პასუხისმგებელი პირის ხელმოწერას. შესაბამისად, არ დასტურდება მხარის მიერ სააპელაციო საჩივრის 2014 წლის 24 იანვარს ჩაბარება ფოსტისათვის.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2 მუხლის შესაბამისად, სასამართლო მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს უგზავნის იმ გადაწყვეტილების, განჩინების ასლს, რომელიც ექვემდებარება გასაჩივრებას იმავე ან ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის VIII თავში, 70-78-ე მუხლებში რეგლამენტირებულია სასამართლო შეტყობინების და დაბარების წესი, რომლის 71-ე მუხლის 1-ლი მუხლის შესაბამისად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსათვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით, ხოლო ამავე კოდექსის 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება, დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. სსსკ-ის 73.8 მუხლის შესაბამისად, ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლიარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება არ ჩაბარებია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. ჩაბარდა მხოლოდ ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურს, ვინაიდან, საქმის მასალების თანახმად, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 დეკემბრის გზავნილის შესაბამისად, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება გაეგზავნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურს შემდეგ მისამართზე: თბილისი, .../... ქ. 2, მაგრამ სასამართლოში დაბრუნებული უკუგზავნილის თანახმად, გადაწყვეტილება ჩაბარდა მხოლოდ ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის უფროს სპეციალისტს მ. შ-ეს (ბ-ეს) (პირადი #...) მისამართზე: ქ. ბორჯომი, ... #1 (იხ. ს.ფ. 252).

საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის დასაბუთებას, იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს სახელით კორესპოდენციის ჩაბარებაზე უფლებამოსილია კანცელარია და ასეთი ერთეულის არ ყოფნის შემთხვევაში ორგანიზაციის სხვა უფლებამოსილი პირი იქნებოდა ვალდებული კორესპოდენციის ჩაბარებაზე, ვინაიდან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73.8 მუხლის თანახმად, ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს ცალსახად არ უნდა მიეჩნია მ. შ-ისათვის (ბ-ე) 2014 წლის 10 იანვარს გზავნილის ჩაბარება ადრესატისათვის ჩაბარებად, ვინაიდან, ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურმა 2014 წლის 6 თებერვალს თბილისის საპელაციო სასამართლოს წარუდგინა განცხადება, სადაც მიუთითა, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაბარდა 2014 წლის 13 იანვარს და დაურთო ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის შტამპიანი სასამართლოს გზავნილი, რაც სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია (იხ. ს.ფ. 272).

შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების (ს.ფ. 251; 252; 272) შესწავლისა და ურთიერთშეჯერების გზით, სსსკ-ის 105 მუხლის შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ხელახლა უნდა შეამოწმოს, სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაეგზავნა თუ არა საქმეში მონაწილე ყველა მხარეს სასკ-ის 13.2 მუხლის მოთხოვნის შესაბამისად და როდის ჩაბარდათ აღნიშნული სასამართლოს გზავნილი 2014 წლის 10 იანვარს თუ 2014 წლის 13 იანვარს. რის შემდეგაც უნდა გააკეთოს დასკვნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის სააპელაციო საჩივარი წარდგენილი იქნა თუ არა სსსკ-ის 369.1 მუხლით დადგენილ 14-დღიან ვადაში.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისათვის, ამასთან, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, თავად მიიღოს საქმეზე ახალი განჩინება, რადგან სსსკ-ის 412.1 მუხლის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 7 თებერვლის განჩინება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე, 372-ე, 390-ე, 399-ე, 412-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 7 თებერვლის განჩინება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე