Facebook Twitter

საქმე #ბს-129-126(კს-14) 6 მაისი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ზ. ო-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების

სამინისტრო

დავის საგანი _ გადაწყვეტილების განმარტება

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 28 იანვრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2004 წლის 2 ივლისს ზ. ო-მა სარჩელი აღძრა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს 2004 წლის 31 მაისის #121-კ ბრძანების ბათილად ცნობა, საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს აპარატის უფროსის მოადგილის პირვანდელ თანამდებობაზე აღდგენა და 2004 წლის 1 ივნისიდან გადაწყვეტილების გამოტანამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება თვეში 91 ლარის ოდენობით (იხ. ტ. 1; ს.ფ. 2-93).

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზ. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს 2004 წლის 31 მაისის #121-კ ბრძანება და ზ. ო-ი აღდგენილ იქნა საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს სისტემაში რანგით წინანდელის ტოლფას თანამდებობაზე. ზ. ო-ს აუნაზღაურდა თანამდებობაზე აღდგენამდე იძულებითი განაცდური დროის ხელფასი (იხ. ტ.1; ს.ფ. 61-64;).

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება (იხ. ტ. 1; ს.ფ. 65-66).

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. ზ. ო-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ტ. 1; ს.ფ. 93-99).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ო-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება (იხ. ტ. 1; ს.ფ. 112-113).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ზ. ო-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება გაუქმდა საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს 2004 წლის 31 მაისის #121-კ ბრძანების გაუქმებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ზ. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; არაკანონიერად იქნა ცნობილი საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს 2004 წლის 31 მაისის #121-კ ბრძანება ზ. ო-ის სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე; სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში საქმე განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო სასამართლოს (იხ. ტ. 1; ს.ფ.125-133).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილების სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში შეცვლით ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ზ. ო-ის სარჩელი სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაევალა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ზ. ო-ის სამუშაოზე მოწყობის თაობაზე; ზ. ო-ს აუნაზღაურდა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი დათხოვნის დღიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე (იხ. ტ. 1; ს.ფ. 222-234).

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ო-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, მის თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება თვეში 1000 ლარის ოდენობით 2004 წლის 1 ივნისიდან სამუშაოზე აღდგენამდე (იხ. ტ. 1; ს.ფ. 238-240).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით ზ. ო-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად (იხ. ტ. 1; ს.ფ. 253-258).

2013 წლის 20 მაისს ზ. ო-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა განმარტება როდის შედის ძალაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 29 მარტის #კ-1/169 ბრძანება და ეკუთვნის თუ არა ბრძანების ძალაში შესვლამდე განაცდურისა და ხელფასის დაგვიანებით გამოწვეული კომპენსაცია (იხ. ტ. 2; ს.ფ. 1-9).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 23 მაისის განჩინებით ზ. ო-ის სარჩელი დატოვებულ იქნა ხარვეზზე, რათა მოსარჩელეს დაეზუსტებინა სასარჩელო მოთხოვნა (იხ. ტ. 2; ს.ფ. 11-13).

2013 წლის 28 მაისს ზ. ო-მა ხარვეზის შევსების თაობაზე განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს იგივე საფუძვლებზე მითითებით და იშუამდგომლა სარჩელის წარმოებაში მიღება (იხ. ტ. 2; ს.ფ. 17).

2013 წლის 3 ივნისის განჩინებით ზ. ო-ს ხარვეზის შესავსებად გაუგრძელდა საპროცესო ვადა დამატებით 10 დღით სასარჩელო მოთხოვნის ჩამოსაყალიბებლად (ტ. 2; ს.ფ. 45-47).

2013 წლის 10 ივნისს ზ. ო-მა განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ხარვეზის აღმოფხვრის თაობაზე და მოითხოვა სასარჩელო განცხადება, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე, სასამართლოს მიეჩნია განცხადებად, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 10 მაისის გადაწყვეტილების განმარტებაზე გადაეგზავნოს დანიშნულებისამებრ შესაბამისად სააპელაციო სასამართლოში (იხ. ტ. 2; ს.ფ. 50).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 ივნისის განჩინებით ზ. ო-ს სასარჩელო განცხადების წარმოებაში მიღებაზე ეთქვა უარი და სარჩელი, თანდართულ მასალებთან ერთად დაუბრუნდა უკან; ზ. ო-ის განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა (იხ. ტ. 2; ს.ფ. 55-57).

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ზ. ო-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის წარმოებაში მიღება (იხ. ტ. 2; ს.ფ. 61-69).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 8 ივლისის განჩინებით ზ. ო-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 ივნისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 ივნისის განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი (იხ. ტ. 2; ს.ფ. 74-79).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 27 სექტემბრის განჩინებით ზ. ო-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 10 მაისის #33ბ/1095 გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე განსახილველად განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას (იხ. ტ. 2; ს.ფ. 84-87).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 28 იანვრის განჩინებით ზ. ო-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 10 მაისის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდა (იხ. ტ. 2; ს.ფ. 119-124).

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 10 მაისის №3ბ/1095 გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილების, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში შეცვლით, ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. ზ. ო-ის სარჩელი სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაევალა, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზ. ო-ის სამუშაოზე მოწყობის თაობაზე. ზ. ო-ს აუნაზღაურდა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი დათხოვნის დღიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე (იხ. საქმე #3ბ/1095-06; ს.ფ. 222-234).

სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 25 სექტემბრის განჩინებით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების სამინისტროს 2013 წლის 30 დეკემბრის წერილითა და მოპასუხის ახსნა-განმარტების საფუძველზე ასევე დადგენილად მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 10 მაისის №3ბ/1095 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ 2007 წლის 13 ივნისის №12/143 წერილით ზ. ო-ს შესთავაზა სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველოს (წალენჯიხა) სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ 2004 წლის 31 მაისის №121 ბრძანების ბათილად ცნობის შემდეგ, სამინისტროს მიერ შეთავაზებული თანამდებობის (სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველოს (წალენჯიხა) სპეციალისტის თანამდებობა) დაკავებაზე მოსარჩელემ უარი განაცხადა.

ამავე გადაწყვეტილებით, ზ. ო-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაევალა ზ. ო-ის სამსახურიდან გათავისუფლების გაფორმება - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

2010 წლის 23 თებერვალს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა 2010 წლის 23 თებერვალს გამოსცა №1-1/236 ბრძანება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ზ. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 23 თებერვლის №1-1/236 ბრძანება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 29 მარტის №კ-1/169 ბრძანებით, ზ. ო-ი გათავისუფლდა საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს აპარატის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან 2007 წლის 22 ივნისიდან.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საფინანსო, სახელმწიფო შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტს დაევალა ზ. ო-ისათვის განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2007 წლის 13 ივნისიდან 2007 წლის 21 ივნისის ჩათვლით ( იხ. ს.ფ. 33-44 და ს.ფ. 96-97).

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, მხარეთა ან სასამართლო აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული ნორმა მიზნად ისახავს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტებას იმ შემთხვევაში, როდესაც გადაწყვეტილების მითითებული ნაწილი არ არის ცალსახად, გარკვევით და ნათლად ჩამოყალიბებული, შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ ან შეუსაბამო დებულებებს. ამასთან, განმარტების ძირითად და მთავარ დანიშნულებას წარმოადგენს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობა იქმნება მაშინ, როცა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია და სრულყოფილად არ ასახავს სამოტივაციო ნაწილის დასკვნებს. აღნიშნული ნორმა მიმართულია იმ სამართლებრივი მიზნისაკენ, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას არ შეექმნას წინააღმდეგობა, ანუ მოხდეს მისი აღსრულება.

შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით მიაჩნია, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, მისი აღსრულების თვალსაზრისით, არ არის ბუნდოვანი და გაუგებარი, იგი აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტებას არ საჭიროებს, ასევე 2006 წლის 21 ნოემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი დღეის მდგომარეობით ნაწილობრივ აღსრულებულია. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით მისი განმარტების აუცილებლობა, რის გამოც განმცხადებლის მოთხოვნა გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს, უსაფუძვლობის მოტივით (იხ. ტ.2; ს.ფ. 119-124).

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ზ. ო-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 10 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება იმ მოტივით, რომ მასში ბუნდოვნად არის მითითებული სამინისტრომ აქტი გამოსცეს მისი სამსახურში დანიშვნის თაობაზე, მის ყოფილ ან შესატყვის თანამდებობაზე, რომელზეც ,,თანახმა იქნება მოსარჩელე“ და არა ისე როგორც მოპასუხე ცრუობს თითქოს მას უარი განეცხადებინოს სამინისტროს შეთავაზებებზე. იგი არის 2004 წლიდან დღემდე უკანონოდ გათავისუფლებული საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს აპარატის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან და დღემდე არ აღსრულებულა ზემოაღნიშნული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს უფლებამონაცვლე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაევალა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ზ. ო-ის სამუშაოზე მოწყობის თაობაზე.

კერძო საჩივრის ავტორის აღნიშვნით, არავის არ აქვს უფლება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების თავისებურად შეცვლის. ვინაიდან, არ არის გამოცემული აქტი მისი სამსახურში მოწყობის თაობაზე და არ არის გაცემული იძულებითი განაცდური ხელფასი, რაც სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობაა (იხ. ტ.2; ს.ფ. 173-175).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზ. ო-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2014 წლის 28 იანვრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევის გარეშე, კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების განმარტების ინსტიტუტის სწორი გაგება საჭიროებს თავად სასამართლო აქტის სტრუქტურისა და მისი შინაარსის გადმოცემის სამართლებრივი კულტურის სტანდარტის სწორ გაანალიზებას. საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, სასამართლო გადაწყვეტილებები უნდა პასუხობდეს გარკვეულ მოთხოვნებს. იგი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული, აგრეთვე, უნდა პასუხობდეს უფრო კონკრეტულ მოთხოვნებსაც, სასამართლო აქტი უნდა იყოს სრული, ამომწურავი. მისი შინაარსი ისე მკაფიოდ უნდა ჩამოყალიბდეს, რომ გამოირიცხოს სასამართლო დასკვნებისა და დადგენილების ორაზროვნება, ბუნდოვანება. დაუშვებელია დადგენილებითი ნაწილის ალტერნატიულობა (მაგ: “გადაეცეს ნივთი ან გადახდილ იქნეს მისი ღირებულება”), სასამართლო აქტი არ უნდა შეიცავდეს რაიმე სახის პირობით დათქმებს, რადგან მისი აღსრულება არ უნდა იყოს დამოკიდებული ამა თუ იმ პირობის შესრულება-შეუსრულებლობაზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების განმარტების ინსტიტუტის დადგენა ემსახურება სასამართლო აქტის, როგორც აღსასრულებელი ოფიციალური დოკუმენტის, სიცხადეს, რათა აღმოიფხვრას მისი შინაარსის ბუნდოვანება. სასამართლო გადაწყვეტილების განმარტების აუცილებლობა დგება მაშინ, როცა გადაწყვეტილების შინააარსის გაურკვევლობა, ბუნდოვანება შეიძლება მისი აღსრულების დამაბრკოლებელ გარემოებად იქცეს.

სსსკ-ის 262-ე მუხლის I ნაწილი იმპერატიულად განსაზღვრავს გადაწყვეტილების განმარტების წინაპირობებს:

1. მხარის ან აღმასრულებლის განცხადება;

2. გადაწყვეტილება არ უნდა იყოს აღსრულებული;

3. გადაწყვეტილების აღსრულების ვადა არ უნდა იყოს გასული;

4. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსის ბუნდოვანება.

ამასთან, გადაწყვეტილების აღსრულებისა და აღსრულების ვადის გასვლის ფაქტის არსებობა გამორიცხავს განცხადების დაშვებას განსახილველად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო ხელისუფლების კონსტიტუციური უფლებამოსილება – სამართლის ნორმის ინტერპრეტაციის თაობაზე გულისხმობს სასამართლოს მოვალეობას კანონის ტექსტის ლოგიკური, პროგრესული და დინამიკური განმარტების თაობაზე.

კანონმდებელი სრულიად ლოგიკურად უკავშირებს გადაწყვეტილების განმარტებას მისი აღსრულების სტადიას და მის მიზნად სწორედ აღსრულების ხელშეწყობას მიიჩნევს, რამდენადაც გადაწყვეტილების განმარტების ფარგლები გულისხმობს, რომ განმარტებამ არ უნდა გამოიწვიოს გადაწყვეტილების შინაარსის შეცვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამან შესაძლებელია გამოიწვიოს აღსრულებული გადაწყვეტილების სახეცვლილება, რაც ეწინააღმდეგება ერთ საქმეზე მრავალჯერადი მართლმსაჯულების განხორციელების დაუშვებლობის პრინციპს.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2006 წლის 10 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებაზე იმ კუთხით, რომ სამინისტრომ აქტი უნდა გამოსცეს მისი სამსახურში დანიშვნის თაობაზე, მის ყოფილ ან შესატყვის თანამდებობაზე, რომელზეც იგი თანახმა იქნება და არა ისე, როგორც მოპასუხე მხარე ცრუობს თითქოს იგი უარს აცხადებს სამინისტროს შეთავაზებებზე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული საფუძვლით გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნა არ გამომდინარეობს ზემოაღნიშნული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი გადაწყვეტილების განმარტების ინსტიტუტის სწორი გაგებიდან ვინაიდან, საქმის მასალებითა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2013 წლის 30 დეკემბრის წერილიდან დადგენილად არის მიჩნეული, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 10 მაისის №3ბ/1095 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ 2007 წლის 13 ივნისის №12/143 წერილით ზ. ო-ს შეეთავაზა სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველოს (წალენჯიხა) სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნა, რაზედაც უარი განაცხადა.

ზ. ო-ს მოთხოვნის შესაბამისად, რომ თანახმა იქნებოდა სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოში დანიშნულიყო თბილისთან ახლოს კერძოდ, მცხეთაში, მარნეულში ან ბოლნისში. სამინისტროს მიერ შეეთავაზა სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოში (მარნეული) სპეციალისტის თანამდებობა, რაზედაც პასუხი არ უცნობებია სამინისტროსათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ. ო-ის მოთხოვნა - კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება განიმარტოს იმგვარად, რომ მოპასუხეს დაევალო ისეთი თანამდებობის შეთავაზება, რომელზეც თანახმა იქნება მოსარჩელე, სცდება ამ გადაწყვეტილების შინაარსს, შესაბამისად, მისი განმარტების პროცესუალურ ფარგლებს, რამდენადაც ზ. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა არა სრულად, არამედ ნაწილობრივ, რაც გასაჩივრებული იქნა კიდეც საკასაციო წესით. თუმცა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით დაუშვებლად იქნა მიჩნეული. ამდენად, კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 10 მაისის გადაწყვეტილების განმარტება იმგვარად, როგორც ამას კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს, ეწინააღმდეგება სასამართლო აქტის განმარტების ინსტიტუტის პროცესუალურ დანიშნულებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება აღსრულებულია ნაწილობრივ, ხოლო რაც შეეხება გადაწყვეტილებას, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში, 2006 წლის 21 ნოემბრის გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება (იხ. ს.ფ. 107-113).

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორის ამგვარი პროცესულაური მოქმედების მიზანი, რის გამოც იგი ითხოვს გადაწყვეტილების განმარტებას და მიიჩნევს გადაწყვეტილებას ბუნდოვნად, აღნიშნული ვერ მიიღწევა გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნის შედეგად.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ უნდა იქნეს გაზიარებული უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262.1, 372-ე, 390-ე, 399-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. ო-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2014 წლის 28 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე