საქმე #ბს-145-142(კს-14) 13 მაისი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ მ. ჭ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
დავის საგანი _ გადაწყვეტილების განმარტება, გადაწყვეტილების აღსრულების გადავადება
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 7 თებერვლის განჩინება (ტექნიკური შეცდომა: მითითებული უნდა იქნეს 2014 წელი)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2013 წლის 8 აპრილს მ. ჭ-ემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2013 წლის 21 თებერვლის #17 გასაუბრების სხდომის ოქმის, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საპრეტენზიო კომისიის 2013 წლის 7 მარტის #5 სხდომის ოქმისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 11 მარტის #187-კ ბრძანების, დ. მ-ის ბოლნისის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე, ბათილად ცნობა. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება მისი კონკურსში გამარჯვებულად ცნობის თაობაზე (იხ. ტ. 1; ს.ფ. 1-12).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით მ. ჭ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ტ.1; ს.ფ. 92-103;).
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ჭ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ტ. 1; ს.ფ. 108-120).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2013 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2013 წლის 21 თებერვლის გასაუბრების სხდომის ოქმი N17 დ. მ-ისა და მ. ჭ-ის ნაწილში და დაევალა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიას საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 11 მარტის N187-კ ბრძანება დ. მ-ის მიმართ და მისი მოქმედება შეწყდა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ ახალი აქტის გამოცემის დღიდან. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საპრეტენზიო კომისიის 2013 წლის 07 მარტის სხდომის ოქმი N5 (იხ. ტ. 2; ს.ფ. 42-58).
აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეთა მიერ არ გასაჩივრებულა და 2014 წლის 9 იანვარს შევიდა კანონიერ ძალაში.
2014 წლის 31 იანვარს, სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მ. ჭ-ემ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება, ასევე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების გადავადება და უსწორობის გასწორება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების საკითხის თაობაზე.
განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ გადაწყვეტილება ჩაბარდა 2013 წლის 18 დეკემბერს. გასაჩივრების 21 დღიანი ვადა ამოეწურა 2014 წლის 8 იანვარს, ხოლო კომისიას დაევალა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ახალი აქტის გამოცემა ე.ი. 2014 წლის 8 თებერვლამდე, რაც არ განხორციელებულა. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, მისთვის გაგაზავნილი 2014 წლის 27 იანვრის #2579 წერილით აცნობა, რომ სამინისტრომ დანიშნა განმეორებითი გასაუბრება 2014 წლის 3 თებერვალს, რაც განმცხადებლის აზრით არასწორია.
განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებიდან არ ირკვევა, რა ადმინისტრაციული აქტი უნდა გამოსცეს საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ და როგორ, კერძოდ, უნდა ჩატარდეს თუ არა განმეორებითი გასაუბრება, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა და შეფასება უნდა მოხდეს 2013 წლის 21 თებერვლის მდგომარეობით, თუ დღეის მდგომარეობით. ვინაიდან 2013 წლის შემდეგ სამინისტრომ შეცვალა საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილი დამატებითი მოთხოვნების ჩამონათვალი და დაამატა 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
განმცხადებელი ასევე ითხოვდა სააპელაციო სასამართლომ იმჯელოს გადაწყვეტილების აღსრულების გონივრული ვადით გადადებისა და გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების თაობაზე (იხ. ტ. ტ. 3; ს.ფ. 1-1-2);
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებით (ტექნიკური შეცდომა: უნდა იყოს 2014 წელი) მ. ჭ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 30 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების და აღსრულების გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; მ. ჭ-ის განცხადება გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ დაკმაყოფილდა; გასწორდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მიეთითა: მ. ჭ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 2013 წლის 08 აპრილს სს ბანკ ”...” გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი (საგადასახადო დავალება #1, ხაზინის ერთიანი ანგარიშის რეკვიზიტები: ბანკის დასახელება - ქ. თბილისი, ”სახელმწიფო ხაზინა”, ბანკის კოდი TRESGE ..., სახაზინო კოდი ...); მ. ჭ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს გ. ჭ-ის (პ/ნ ...) მიერ მ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარზე 2013 წლის 30 ივლისს №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით (იხ. ტ. 3; ს.ფ. 22-26).
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით სასამართლოს მიერ ახალი აქტის გამოცემის დავალება გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებების გამოკვლევის შედეგად გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების ხელახლა ჩატარებას და ახალი აქტის გამოცემას ამ წარმოების დროს შეგროვილი და გამოკვლეული გარემოებების საფუძველზე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამის ნორმებზე დაყრდნობით. ვინაიდან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილები შეიცავს ამგვარ მოთხოვნებზე მითითებას, ის არ არის ბუნდოვანი და არ საჭიროებს დამატებით განმარტებას სასამართლოს მხრიდან.
სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნა გადაწყვეტილების აღსრულების გადავადების თაობაზე, ვინაიდან სააპელაციო პალატის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა ახალი აქტის გამოცემა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ახალი აქტი გამოსცეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში; ამასთან, სახეზე არ არის ისეთი გარემოებები, რომელთა გათვალისწინებით უზრუნველყოფილი იქნება მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებით განმცხადებლის კანონიერი ინტერესების დაცვა.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 30 ოქტომბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული იქნა უსწორობა, რადგან მასში არ იქნა ასახული მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების საკითხი, რაზეც სასამართლომ იმსჯელა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.
სააპელაციო პალატა მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ 2013 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მე-6 პუნქტში (საპროცესო ხარჯები) სასამართლომ მიუთითა სასკ-ის მე–9 მუხლზე, რომლის თანახმად სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდევნება. ამასთან, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მოცემული სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა არ ასახულა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში, რითაც სასამართლომ დაუშვა უსწორობა, რადგან სსსკ – ის 249–ე მუხლის მიხედვით გადაწყვეტილების (განჩინების) სარეზოლუციო ნაწილი, რომელიც გამომდინარეობს და ეფუძნება სამოტივაციო ნაწილს, შეიცავს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ, მითითებას სასამართლოს ხარჯების განაწილების თაობაზე, აგრეთვე მითითებას გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადასა და წესზე.
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 7 თებერვლის განჩინება (ტექნიკური შეცდომა: უნდა იყოს 2014 წელი) კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ჭ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება გადაწყვეტილების განმარტებისა და გადაწყვეტილების აღსრულების გადავადების თაობაზე უარის თქმის ნაწილში (იხ. ტ. 3; ს.ფ. 34-37), შემდეგი მოტივით: თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანება და ურთიერთგამომრიცხაობა მდგომარეობს იმაში, რომ თუკი სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა ჩატარდეს ხელახალი ადმინისტრაციული წარმოება, ადმინისტრაციულმა წარმოებამ უნდა მოიცვას კონკურსის ყველა ეტაპი, თუ ადმინისტრაციული წარმოება უნდა გაგრძელდეს გასაუბრების ეტაპიდან. ამასთან, როგორ უნდა ჩატარდეს ხელახალი ადმინისტრაციული წარმოება, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილებით მას არ აკისრია ადმინისტრაციულ ორგანოში გამოცხადების (ტესტირებისა ან/და გასაუბრების ხელახალი გავლის) ვალდებულება.
მართალია სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დანიშნა განმეორებითი გასაუბრება 2014 წლის 3 თებერვალს, მაგრამ წერილობითი ცნობა კომისიის გადაწყვეტილების შესახებ არ მიუღია, შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება არ აღსრულებულა.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავდა, რომ 2013 წლის 11 მარტს დ. მ-ე დაინიშნა ბოლნისის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე, სადაც დღემდე მუშაობს. ამ პერიოდის განმავლობაში მან მიიღო სამუშაო გამოცდილება, აიმაღლა პროფესიული დონე, კვალიფიკაცია, შეიძინა პროფესიული ჩვევები და უნარები, რაც არ ჰქონდა 2013 წლის კონკურსის მომენტისათვის და იმ შემთხვევაში, თუ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჩაატარებს განმეორებით გასაუბრებას და სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდება ამ ფორმით, ის და დ. მ-ე, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, აღმოჩნდებიან არათანაბარ პირობებში, რაც არღვევს მის უფლებას გაიაროს კონკურსი თანასწორობისა და ობიექტურობის პირობებში.
შესაბამისად, კერძო საჩივრის აღნიშვნით, განმეორებითი გასაუბრება ვერ იქნება გადაწყვეტილების აღსრულების სწორი ფორმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ. ჭ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2013 წლის 7 თებერვლის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევის გარეშე, კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების განმარტების ინსტიტუტის სწორი გაგება საჭიროებს თავად სასამართლო აქტის სტრუქტურისა და მისი შინაარსის გადმოცემის სამართლებრივი კულტურის სტანდარტის სწორ გაანალიზებას. საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, სასამართლო გადაწყვეტილებები უნდა პასუხობდეს გარკვეულ მოთხოვნებს. იგი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული, აგრეთვე, უნდა პასუხობდეს უფრო კონკრეტულ მოთხოვნებსაც, სასამართლო აქტი უნდა იყოს სრული, ამომწურავი. მისი შინაარსი ისე მკაფიოდ უნდა ჩამოყალიბდეს, რომ გამოირიცხოს სასამართლო დასკვნებისა და დადგენილების ორაზროვნება, ბუნდოვანება. დაუშვებელია დადგენილებითი ნაწილის ალტერნატიულობა (მაგ: “გადაეცეს ნივთი ან გადახდილ იქნეს მისი ღირებულება”), სასამართლო აქტი არ უნდა შეიცავდეს რაიმე სახის პირობით დათქმებს, რადგან მისი აღსრულება არ უნდა იყოს დამოკიდებული ამა თუ იმ პირობის შესრულება-შეუსრულებლობაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების განმარტების ინსტიტუტის დადგენა ემსახურება სასამართლო აქტის, როგორც აღსასრულებელი ოფიციალური დოკუმენტის, სიცხადეს, რათა აღმოიფხვრას მისი შინაარსის ბუნდოვანება. სასამართლო გადაწყვეტილების განმარტების აუცილებლობა დგება მაშინ, როცა გადაწყვეტილების შინააარსის გაურკვევლობა, ბუნდოვანება შეიძლება მისი აღსრულების დამაბრკოლებელ გარემოებად იქცეს.
სსსკ-ის 262-ე მუხლის I ნაწილი იმპერატიულად განსაზღვრავს გადაწყვეტილების განმარტების წინაპირობებს:
1. მხარის ან აღმასრულებლის განცხადება;
2. გადაწყვეტილება არ უნდა იყოს აღსრულებული;
3. გადაწყვეტილების აღსრულების ვადა არ უნდა იყოს გასული;
4. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსის ბუნდოვანება.
ამასთან, გადაწყვეტილების აღსრულებისა და აღსრულების ვადის გასვლის ფაქტის არსებობა გამორიცხავს განცხადების დაშვებას განსახილველად.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო ხელისუფლების კონსტიტუციური უფლებამოსილება – სამართლის ნორმის ინტერპრეტაციის თაობაზე გულისხმობს სასამართლოს მოვალეობას კანონის ტექსტის ლოგიკური, პროგრესული და დინამიკური განმარტების თაობაზე.
კანონმდებელი სრულიად ლოგიკურად უკავშირებს გადაწყვეტილების განმარტებას მისი აღსრულების სტადიას და მის მიზნად სწორედ აღსრულების ხელშეწყობას მიიჩნევს, რამდენადაც გადაწყვეტილების განმარტების ფარგლები გულისხმობს, რომ განმარტებამ არ უნდა გამოიწვიოს გადაწყვეტილების შინაარსის შეცვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამან შესაძლებელია გამოიწვიოს აღსრულებული გადაწყვეტილების სახეცვლილება, რაც ეწინააღმდეგება ერთ საქმეზე მრავალჯერადი მართლმსაჯულების განხორციელების დაუშვებლობის პრინციპს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს გადაწყვეტილების აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანობის თვალსაზრისით, რამდენადაც სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით, სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2013 წლის 21 თებერვლის გასაუბრების სხდომის ოქმი #17 დ. მ-ისა და მ. ჭ-ის ნაწილში და დაავალა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიას საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ იმ ვითარებაში, როდესაც სადაოდ გამხდარი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2013 წლის 21 თებერვლის გასაუბრების სხდომის ოქმი #17 არ ასახავდა გასაუბრების მიმდინარეობას, დასმულ შეკითხვებს და მათზე გაცემულ პასუხებს, არამედ შეიცავდა ზოგად მითითებას იმის თაობაზე, რომ დიმირტი მიშელაძის მონაცემები ჩაითვალა დამაკმაყოფილებლად, ხოლო მ. ჭ-ემ ხმათა უმრავლესობა ვერ მოიპოვა, გაუგებარია რას დაეყრდნო კომისია ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას. სააპელაციო სასამართლომ, ,, საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის #46 ბრძანებულების მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განმარტა, რომ ვაკანტური თანამდებობისათვის შესაბამის კანდიდატად პირის მიჩნევა ეფუძნება კანდიდატის კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, პროფესიული ჩვევების, პიროვნული თვისებების და შესაძლებლობების შეფასებას, რაც გამოკვლეული უნდა იქნას იმ შემაჯამებელ დოკუმენტში (გასაუბრების ოქმში), რომლის საფუძველზეც ხდება კანდიდატის თანამდებობაზე დანიშვნა და მხოლოდ აღნიშნული მისცემს სასამართლოს შესაძლებლობას შეაფასოს კონკურსის მიმდინარეობისას დაცული იყო თუ არა საკანონმდებლო დონეზე განმტკიცებული საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების ძირითადი პრინციპები: ობიექტურობა, გამჭირვალობა, არადისკრიმინაციულობა, საჯაროობა და კოლეგიურობა.(იხ. ტ. 2; ს.ფ. 42-58)
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებაზე, რომ თუკი ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ჩაატაროს ხელახალი ადმინისტრაციული წარმოება, ადმინისტრაციულმა წარმოებამ უნდა მოიცვას კონკურსის ყველა ეტაპი, თუ ადმინისტრაციული წარმოება უნდა გაგრძელდეს გასაუბრების ეტაპიდან. ამასთან, როგორ უნდა ჩატარდეს ხელახალი ადმინისტრაციული წარმოება, როდესაც სასამართლო გადაწყვეტილებით მას არ აკისრია ადმინისტრაციულ ორგანოში გამოცხადების (ტესტირების ან/და გასაუბრების გავლის) ვალდებულება და რომ განმეორებით გასაუბრების ჩატარება არ არის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების სწორი ფორმა
საკასაციო სასამართლო ზოგადი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას, რისი დაცვაც ადმინისტრაციულ ორგანოს აკისრია აქტის გამოცემისას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სასამართლოსათვის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებული პროცესუალური უფლებამოსილების - სადაო ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა დავის გადაუწყვეტლად და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი აქტის გამოცემის დავალება, გამოყენება გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის მიზნით სრული ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების ვალდებულებას, ყველა პროცედურული სტადიის გათვალისწინებით, რომელიც კანონით დადგენილია ამგვარი აქტის გამოსაცემად. პროცედურული სტადიების განსაზღვრა არ განეკუთვნება არც ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას და არც ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე პირთა შეხედულებებს. იგი კანონით მკაცრად განსაზღვრული ერთიანი პროცედურაა და დაცული უნდა იქნეს უკლებლივ ყველა აქტის მომზადების, მიღებისა და გამოცემისას.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმარტებისა და გადაწყვეტილების აღსრულების გადავადების თაობაზე არ უნდა იქნეს გაზიარებული უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262.1, 372-ე, 390-ე, 399-ე, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ჭ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2013 წლის 7 თებერვლის განჩინება (ტექნიკური შეცდომა: უნდა იყოს 2014 წელი);
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე