Facebook Twitter

#ბს-160-157 (კს-14) 08 მაისი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – ა. ა-ი

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხე) – ქ. თბილისის მერია, ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობა, თ. და ჟ. თ-ები.

მესამე პირები – თი. თ-ი, მ. და რ. თ-ები, გ. ი-ი, ო. ი-ი.

დავის საგანი – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.02.14წ. განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ა. ა-მა 02.06.1999წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: ქ. თბილისის მერიის, ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის, თ. და ჟ. თ-ების მიმართ, რომლითაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 17.06.97წ. №12.23.681 დადგენილების და 25.09.97წ. №19.20.1141 დადგენილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის მიერ გაცემული №10-7437 და №0174-38 ორდერების გაუქმება და მოპასუხეების - თ. და ჟ. თ-ების თანმხლებ პირებთან ერთად სადავო ფართიდან (მდებარე ქ. თბილისში, დიდი დიღომი, ... ქ. №3) გამოსახლება მოითხოვა.

სასამართლოს ინსტანციებს შორის საქმის არაერთხელ განხილვის შედეგად, საბოლოოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 15.01.2010წ. გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 25.09.2003წ. გადაწყვეტილება, მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლოს 16.06.2010წ. განჩინებით (თავმჯდომარე ნ. ქადაგიძე, მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე, ლ. მურუსიძე) ა. ა-ს უარი ეთქვა საკასაციო საჩივრის განხილვაზე დაუშვებლობის მოტივით.

ა. ა-მა 21.11.13წ. სააპელაციო სასამართლოს მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 15.01.2010წ. განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით იმ მოტივით, რომ მის მიერ მოპოვებული იქნა საბურთალოს რაიონის გამგეობის განკარგულებების ასლები, რომლებიც ეხება მუნიციპალური საწარმოების დაფუძნებას და აღნიშნა, რომ საქმის არსებითად განხილვის დროს ამ მტკიცებულების სასამართლოსთვის წარდგენის შემთხვევაში მისი სასარგებლო გადაწყვეტილება დადგებოდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 09.12.13წ. განჩინებით ა. ა-ს დაევალა სასამართლოსათვის წარედგინა მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მის მიერ დაცულია ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის ვადა, ასევე სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი დედნის სახით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 03.02.14წ. განჩინებით ა. ა-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 15.01.2010წ. განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი იმ მოტივით, რომ მხარის მიერ არ იქნა მითითებული ახალ მტკიცებულებაზე, ხოლო ვ. ა-ის მიერ სააპელაციო სასამართლოსთვის წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეიძლება მიჩნეული ყოფილიყო მტკიცებულებად, რომელიც დაადასტურებდა ისეთ გარემოებას, რომლის შესახებაც მხარემ არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა გადაწყვეტილების მიღების დროს. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მხარეს შეეძლო გამოეთხოვა ეს დოკუმენტაცია შესაბამისი ორგანოდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 03.02.14წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ა-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსთვის საქმის წარმოების განახლების დავალება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, ა. ა-ის კერძო საჩივარს, საქმის მასალებს და თვლის, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სსკ-ის 29-ე მუხლით განსაზღვრულია საქმის განხილვაში მოსამართლის განმეორებითი მონაწილეობის შეზღუდვის იერარქიული პირობა – საქმის განმხილველი მოსამართლე ვერ მიიღებს მონაწილეობას იმავე საქმის განხილვაში ზემდგომ ან ქვემდგომ სასამართლო ინსტანციაში.

სსკ-ის 394-ე მუხლის `ზ~ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება გამოტანილია იმ მოსამართლეების მიერ, რომლებიც ამ საქმის განხილვაში ადრე მონაწილეობდნენ.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ა. ა-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი საკასაციო სასამართლოს 16.06.2010წ. განჩინებით. განჩინება გამოტანილია სასამართლო კოლეგიის მიერ მოსამართლე ნ. ქადაგიძის თავმჯდომარეობით. საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვისას სააპელაციო სასამართლომ კოლეგიური შემადგენლობით, მოსამართლე – ნ. ქადაგიძის მონაწილეობით, გამოიტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.02.14წ. განჩინება, რომლითაც ა. ა-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.01.10წ. გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება – საკასაციო და სააპელაციო ინსტანციებში ერთი და იმავე მოსამართლის მონაწილეობით საქმის განხილვა, არის სსკ-ის 394-ე მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი. სსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, აღნიშნული გარემოება გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ა. ა-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.02.14წ. განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 394-ე, 399-ე და 412-ე 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ა-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ,

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.02.14წ. განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე