საქმე ¹ბს-181-179(კს-14) 27 მაისი, 2014 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ა. ღ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
დავის საგანი - ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 27 თებერვლის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2005 წლის 20 აგვისტოს ა. ღ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს მიმართ და მოითხოვა მისთვის რეგისტრირებული უმუშევრის სტატუსის მინიჭება (უმუშევრად დარეგისტრირება) და ასევე 6 თვის კომპენსაციის – 120 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. ღ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ღ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 აპრილის განჩინებით ა. ღ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება, რაც საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ა. ღ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა. ა. ღ-მა ასევე გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 აპრილის განჩინება, რომლითაც უარი ეთქვა საქმეში სს ,,...” მესამე პირად ჩართვაზე იმ საფუძვლით, რომ აღნიშნულ საკითხზე არსებობდა პირველი ინსტანციის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინება. კასატორმა ასევე მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინსტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 აპრილის განჩინების გაუქმება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი განცხადება სხდომის ოქმში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 31 დეკემბრის განჩინებით ა. ღ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 აპრილის განჩინება სს ,,...” საქმეში მესამე პირად ჩართვაზე უარის თქმის შესახებ, ამავე პალატის 2008 წლის 7 აპრილის განჩინება ა. ღ-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და 2008 წლის 18 აპრილის განჩინება სხდომის ოქმში შენიშვნების შეტანაზე უარის თქმის შესახებ.
2009 წლის 16 თებერვალს ა. ღ-მა განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 26 თებერვლის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 აპრილის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა. 2009 წლის 8 მაისს ა. ღ-მა განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა 2009 წლის 30 აპრილის სხდომის ოქმში შენიშვნების შეტანა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 13 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა.
2009 წლის 20 მაისს ა. ღ-მა კერძო საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 აპრილის განჩინების გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით ა. ღ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 აპრილისა და 13 მაისის განჩინებები.
ა. ღ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 7 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ნოემბრის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 7 ოქტომბრის განჩინების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დატოვებული იქნა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 1 თებერვლის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დატოვებული იქნა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 მარტის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 1 თებერვლის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დატოვებული იქნა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აპრილის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 მარტის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დატოვებული იქნა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ივნისის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აპრილის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დატოვებული იქნა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
ა. ღ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ივნისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 აგვისტოს განჩინებით ა. ღ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ივნისის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დატოვებული იქნა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ღ-მა, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 აგვისტოს განჩინების გაუქმება და მისი განცხადების არსებითად განხილვა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 ნოემბრის განჩინებით ა. ღ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 აგვისტოს განჩინება.
ა. ღ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 აგვისტოს განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება (იხ. ტ. II; ს.ფ. 137-139).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ივლისის განჩინებით ა. ღ-ის შუამდგომლობა მოსამართლე ლეილა მამულაშვილის აცილების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო 2011 წლის 15 ივლისის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 აგვისტოს განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დატოვებული იქნა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო. აღნიშნული განჩინებები კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ღ-მა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ივლისის განჩინებების გაუქმება და მისი განცხადების დასაშვებად ცნობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ნოემბრის განჩინებით ა. ღ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ივლისის განჩინება (იხ. ტ. II; ს.ფ. 180-187).
2012 წლის 23 იანვარს ა. ღ-მა განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 22 ნოემბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 13 მარტის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 22 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა (ტ.III, ს.ფ.35).
2012 წლის 10 მაისს ა. ღ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ივლისის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 2 ივლისის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება დატოვებული იქნა განუხილველად, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ღ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განცხადების დასაშვებად ცნობა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ნოემბრის განჩინებით ა. ღ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ივლისის განჩინება (ტ.II, ს.ფ.230-238).
2013 წლის 9 იანვარს ა. ღ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 2 ივლისის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება (იხ. ტ. 6; ს.ფ. 1-10).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 17 იანვრის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩა განუხილველი, რაც კერძო საჩივრით გასაჩივრდა ა. ღ-ის მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსთვის ა.ღრუბელაშვილის განცხადების დასაშვებად ცნობის და განცხადების არსებითი განხილვის დავალება მოითხოვა (იხ. ტ. 6; ს.ფ. 26-32).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 4 აპრილის განჩინებით ა. ღ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 17 იანვრის განჩინება (იხ. ტ. 6; ს.ფ. 41-47).
2013 წლის 22 ივლისს ა. ღ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 17 იანვრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება (იხ. ტ. 7; ს.ფ. 1-8).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 2 აგვისტოს განჩინებით ა. ღ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩა განუხილველი (იხ. ტ. 7; ს.ფ. 12-24).
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ღ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსთვის ა. ღ-ის განცხადების დასაშვებად ცნობის და განცხადების არსებითი განხილვის დავალება (იხ. ტ. 7; ს.ფ. 29-30).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის განჩინებით ა. ღ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 2 აგვისტოს განჩინება (იხ. ტ. 7; ს.ფ. 41-48).
2014 წლის 18 თებერვალს ა. ღ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 2 აგვისტოს განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება (იხ. ტ. 7; ს.ფ. 58-63).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 27 თებერვლის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩა განუხილველი (იხ. ტ. 7; ს.ფ. 64-76).
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ღ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განცხადების დასაშვებად ცნობის და განცხადების არსებითი განხილვა (იხ. ტ. 7; ს.ფ. 81-86), შემდეგი მოტივით: სააპელაციო სასამართლოს უფლება არ ჰქონდა ერთპიროვნულად განეხილა განცხადება. განჩინება უნდა მიეღო სასამართლოს კოლეგიურ შემადგენლობას. ასევე, სააპელაციო სასამართლოს სსსკ-ის 427.2 მუხლის გათვალისწინებით განცხადების პირდაპირ განუხილველად დატოვების უფლება არ ჰქონდა. მას განცხადებაზე უნდა დაედგინა ხარვეზი, რისი გამოუსწორებლობის შემთხვევაში შეეძლო განცხადება დაეტოვებინა განუხილველად.
ა. ღ-მა კერძო საჩივარში აღნიშნა, რომ მას დაცული ჰქონდა განცხადების წარდგენისათვის დადგენილი განსჯადობის წესები და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადა. წარდგენილი განცხადება იყო დასაბუთებული. ასევე აღნიშნა, რომ თავდაპირველად თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 22 ნოემბრის უკანონო გადაწყვეტილების გამოტანა განაპირობა შრომის წიგნაკის გაუცემლობის ფაქტის გამაქარწყლებელი შესაბამისი წერილობითი მტკიცებულების არარსებობამ. ა. ღ-ის აზრით, აღნიშნული მტკიცებულება არსებითი ხასიათისაა და მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეეძლო დავის სამართლებრივ შედეგზე, თუმცა იგი უგულებელყოფილ იქნა სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ. მისი განცხადების - ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე - საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ სასამართლომ სს ,,...“ არ გამოითხოვა მისი სამუშაოდან დათხოვნის დღეს შრომის წიგნაკის გაუცემლობის ფაქტის გამაქარწყლებელი წერილობითი მტკიცებულება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა. ღ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2014 წლის 27 თებერვლის განჩინება, როგორც არსებითად სწორი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას არ დაურღვევია სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები. კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.11 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლემ შეიძლება ერთპიროვნულად განიხილოს სააპელაციო საჩივარი. ამავე კოდექსის მე-6 მუხლი შეიცავს მაგისტრატი მოსამართლის განსახილველ საქმეთა ჩამონათვალს, რომლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსახილველ საქმეთა კატეგორიას განეკუთვნება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხის თაობაზე აღძრული სარჩელები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ მისი საქმე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს ერთპიროვნულად არ შეეძლო განეხილა, ვინაიდან ა. ღ-ის თავდაპირველი სარჩელის დავის საგანია უმუშევრად დარეგისტრირება (რეგისტრირებული უმუშევრის სტატუსის მინიჭება) და უმუშევრის შემწეობის გაცემა. აღნიშნული მოთხოვნა წარმოადგენს სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო ა. ღ-ის განცხადების დასაშვებობის საკითხი განეხილა და გადაეწყვიტა ერთპიროვნულად.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 421.1 მუხლის შესაბამისად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების წანამძღვრები. სსსკ-ის 423.1 მუხლის “ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის წარმოების განახლების საფუძველია ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მხარისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
ამდენად, მითითებული ნორმა ადგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების, ანუ ფაქტობრივად საქმის ხელახლა განხილვის შესაძლებლობას, თუ მხარისათვის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ცნობილი გახდება საქმის განხილვისას მისთვის ახალი რაიმე გარემოება, ან მტკიცებულება, რომლებიც საქმის განხილვის სტადიაზე ცნობილი თუ იქნებოდა სასამართლოსათვის, გამოიწვევდა სხვაგვარი, მხარისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების დადგენას.
საკასაციო სასამართლო სსსკ-ისLLII თავის – განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ და მისი განხილვის წესი, ნორმების საფუძველზე განმარტავს, რომ განცხადების განხილვა ექვემდებარება სტადიებს:
1. განცხადების დასაშვებობა;
2. განცხადების საფუძვლიანობა.
განცხადების დასაშვებობის სტადიაზე სასამართლო ამოწმებს ორ კრიტერიუმს: 1. განცხადების წარდგენის ვადის დაცულობას და 2. განცხადების სსსკ-ის 427.1. მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას. 427.1 მუხლი განსაზღვრავს განცხადების შინაარსს, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განცხადება არ დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს განმცხადებელს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, განცხადება აღარ დაიშვება. ზემოაღნიშნული კოდექსის 429-ე მუხლის საფუძველზე თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავის განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მისთვის განცხადებაზე ჯერ ხარვეზი უნდა დაედგინა და გამოუსწორებლობის შემთხვევაში ემჯელა განუხილველად დატოვებაზე, ვინაიდან განმცხადებლისთვის ხარვეზის დადგენა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ განცხადება არ შეიცავს ზემოაღნიშნული 427.1 მუხლით განსაზღვრულ საქმისწარმოების განახლების შესახებ განცხადებისათვის სავალდებულო რომელიმე რეკვიზიტს. ა. ღ-ი ახლად აღმოჩენილ გარემოებად უთითებდა და საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიიჩნევდა იმ ფაქტს, რომ სასამართლომ არ გამოითხოვა მისი სამსახურიდან გათავისუფლების დღეს შრომის წიგნაკის გაუცემლობის ფაქტის ფაქტის გამაქარწყლებელი წერილობითი მტკიცებულებები. აღნიშნული საფუძვლით აღძრული განცხადება, სასამართლოებმა არაერთხელ დატოვეს ხარვეზზე და არაერთი განჩინებით უარყოფითად გადაწყვიტეს ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით. შესაბამისად, იმავე საფუძვლით დაყენებული მოთხოვნა აღარ ექვემდებარებოდა განხილვას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ა. ღ-ი სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ განცხადებაში საქმის წარმოების განახლების საფუძვლად უთითებდა იმ ფაქტს, რომ დავის განხილვისას სს ,,...“ არ ყოფილა გამოთხოვილი მისი სამუშაოდან დათხოვნის დღეს შრომის წიგნაკის გაუცემლობის ფაქტის გამაქარწყლებელი წერილობითი მტკიცებულება, რაც კერძო საჩივრის ავტორის აზრით, წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას. აღნიშნულ გარემოებაზე, როგორც საქმის წარმოების განახლების საფუძველზე, ა. ღ-ი არაერთგზის უთითებდა მის მიერ სამივე ინსტანციის სასამართლოში სხვადასხვა დროს წარდგენილ განცხადებებში. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორს აღნიშნული გარემოების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა სააპელაციო სასამართლოში 2013 წლის 18 თებერვალს განცხადების შეტანამდე რამდენიმე წლით ადრე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა გასაჩივრებულ განჩინებაში ა. ღ-ის მიერ სსკ 426-ე მუხლით განსაზღვრული ერთთვიანი ვადის დარღვევის თაობაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ა. ღ-ის კერძო საჩივარი არ უნდა იქნეს გაზიარებული უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 421-429-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ღ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2014 წლის 27 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე