Facebook Twitter

№ბს-206-204(კს-14) 8 მაისი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ რ. მ-ე

მოსარჩელე _ ააიპ „...“

მოპასუხეები – ქ. ბათუმის მერია; ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახური

მესამე პირები – შპს „...“, რ. მ-ე, შ. ე-ე, ნ. ო-ე, ნ. დ-ე, მ. მ-ა, ჯ. ფ-ე, თ. კ-ე, ი. ბ-ა, ჟ. დ-ე, ლ. შ-ა, რ. ც-ე, ც. ს-ე, ე. მ-ე, ჯ. კ-ი, თ. ე-ე, გ. დ-ე, ლ. ა-ო, რ. მ-ე, ნ. ფ-ე, ა. ბ-ი, ც. ფ-ა, ლ. გ-ე, გ. დ-ე, მ. ქ-ე, ს. ჭ-ა, ი. ბ-ა, ე. ჯ-ე, ნ. კ-ა, რ. ვ-ე, გ. ვ-ე, ჯ. შ-ე, ს. დ-ე, ნ. ე-ე, ნ. ტ-ი, მ. ყ-ა, მ. კ-ე, კ. ქ-ა, ც. კ-ა, კ. უ-ა, მ. ფ-ე, მ. ს-ა, მ. გ-ი, ლ. მ-ა, ე. გ-ი, ზ. ბ-ე, ნ. მ-ი, მ. მ-ე, ა. შ-ა, რ. ა-ე, ჟ. მ-ი, ა. მ-ე, ლ. კ-ა, გ. ა-ი, ნ. კ-ა, გ. გ-ა, ნ. მ-ი, ლ. რ-ე, ა. ლ-ე, ლ. ღ-ი, ნ. ე-ე, ჯ. ქ-ე, მ. ა-ა, დ. კ-ი, ე. თ-ე, ნ. ნ-ე, თ. ნ-ი

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 28 თებერვლის განჩინება

დავის საგანი _ საქმეში მესამე პირად ჩაბმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2013 წლის 15 მარტს ააიპ „...“ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების – ქ. ბათუმის მერიისა და ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიმართ, ხოლო მესამე პირად შპს „...“ მიუთითა.

მოსარჩელემ პროექტის შეთანხმების შესახებ 2009 წლის 14 იანვრის №01-22/23 ბრძანების, 2009 წლის 14 იანვარს გაცემული მშენებლობის სანებართვო მოწმობის, 2011 წლის 18 ოქტომბერს გაცემული სმ №000906 მშენებლობის სანებართვო მოწმობის, არქიტექტურულ პროექტში ცვლილებების შეთანხმების თაობაზე 2011 წლის 18 ოქტომბრის №1255 ბრძანების, არქიტექტურულ პროექტში ცვლილებების შეთანხმების თაობაზე ქ. ბათუმის მერის 2013 წლის 25 იანვრის №135 ბრძანების, 2013 წლის 28 იანვარს გაცემული სმ №000572 მშენებლობის სანებართვო მოწმობის ნაწილობრივ (იმ ნაწილში, რომელიც ნებართვის მაძიებელს შენობის მომიჯნავე მხარეს ღიობებისა და აივნების მოწყობის უფლებასა და 12 მეტრზე დაბლა, ფანჯრებისა და ღიობების მოწყობის უფლებას აძლევს) ბათილად ცნობა და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ ქ. ბათუმის მერიის 2013 წლის 26 თებერვლის წერილის ნაწილობრივ ბათილად ცნობა მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი პროექტის შეთანხმების შესახებ ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2009 წლის 14 იანვრის №01-22/23 ბრძანება, არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2009 წლის 14 იანვარს გაცემული მშენებლობის სანებართვო მოწმობა, არქიტექტურულ პროექტში ცვლილებების შეთანხმების თაობაზე არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2011 წლის 18 ოქტომბრის №1255 ბრძანება, არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2011 წლის 18 ოქტომბერს გაცემული სმ №000906 მშენებლობის სანებართვო მოწმობა, არქიტექტურულ პროექტში ცვლილებების შეთანხმების თაობაზე ქ. ბათუმის მერის 2013 წლის 25 იანვრის №135 ბრძანება, ქ. ბათუმის მერის 2013 წლის 28 იანვრის სმ №000572 მშენებლობის სანებართვო მოწმობა (ქ. ბათუმში, ... ქ. №38-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე შპს „...“ მიერ განხორციელებული მრავალსართულიანი სახლის მშენებლობის სამეზობლო საზღვრის მხარეს, ფასადზე ფანჯრების გარდა სხვა სახის ღია ნაწილების მოწყობის ნაწილში); ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურს აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა ქ. ბათუმში, ... ქ. №38-ში შპს „...“ მიერ მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ აქტებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელების თაობაზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 28 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ რ. მ-ე, შ. ე-ე, ნ. ო-ე, ნ. დ-ე, მ. მ-ა, ჯ. ფ-ე, თ. კ-ე, ი. ბ-ა, ჟ. დ-, ლ. შ-ა, რ. ც-ე, ც. ს-ე, ე. მ-ე, ჯ. კ-ი, თ. ე-ე, გ. დ-ე, ლ. ა-ო, რ. მ-ე, ნ. ფ-ე, ა. ბ-ი, ც. ფ-ა, ლ. გ-ე, გ. დ-ე, მ. ქ-ე, ს. ჭ-ა, ი. ბ-ა, ე. ჯ-ე, ნ. კ-ა, რ. ვ-ე, გ. ვ-ე, ჯ. შ-ე, ს. დ-ე, ნ. ე-ე, ნ. ტ-ი, მ. ყ-ა, მ. კ-ე, კ. ქ-ა, ც. კ-ა, კ. უ-ა, მ. ფ-ე, მ. ს-ა, მ. გ-ი, ლ. მ-ა, ე. გ-ი, ზ. ბ-ე, ნ. მ-ი, მ. მ-ე, ა. შ-ა, რ. ა-ე, ჟ. მ-ი, ა. მ-ე, ლ. კ-ა, გ.ა-ი, ნ. კ-ა, გ. გ-ა, ნ. მ-ი, ლ. რ-ე, ა. ლ-ე, ლ. ღ-ი, ნ. ე-ე, ჯ. ქ-ე, მ. ა-ა, დ. კ-ი, ე. თ-ე, ნ. ნ-ე, თ. ნ-ი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეში მესამე პირებად უნდა ჩაებნენ - რ. მ-ე, შ. ე-ე, ნ. ო-ე და სხვები (მათ შორის რ. მ-ე), რადგან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩართული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, რაც სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით მოცემულ შემთხვევაშია სახეზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 28 თებერვლის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა რ. მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მან ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა უძრავი ქონება (მდებარე - ქ. ბათუმი, ... ქ. №36-38-ში), რომელიც საჯარო რეესტრში აივნით იყო რეგისტრირებული და იგი აღნიშნული ბინის კეთილსინდისიერი შემძენია, რეესტრის ჩანაწერების მიმართ კი მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმეში მესამე პირების ჩართვის თაობაზე, იგი ვალდებული იყო საქმის მასალები გასაცნობად გაეგზავნა მისთვის, რათა ცნობილი ყოფილიყო საქმის გარემოებების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 აპრილის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული რ. მ-ის კერძო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა რ. მ-ის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 28 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე (სხვა ფიზიკურ პირებთან ერთად) საქმეში მესამე პირად ჩაება კერძო საჩივრის ავტორი - რ. მ-ე. სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, განსახილველ ადმინისტრაციულ საქმეში მესამე პირებად რ. მ-ე, შ. ე-ე, ნ. ო-ე და სხვები (მათ შორის კერძო საჩივრის ავტორი - რ. მ-ე) იმ მოტივით ჩააბა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩართული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მესამე პირების ინსტიტუტი უფლებას აძლევს მათ მოახდინონ საკუთარი კერძო, სუბიექტური ინტერესების დაცვა და რეალიზება ადმინისტრაციული პროცესის ფარგლებში. მესამე პირების ინსტიტუტის საფუძველს ადმინისტარციულ კანონმდებლობაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი ქმნის. ამასთან, აღნიშნული მუხლის თანახმად, კანონმდებელი განასხვავებს მესამე პირების ჩვეულებრივ და სავალდებულო (აუცილებელ) ჩაბმას. მე-16 მუხლის პირველი ნაწილი მესამე პირთა ჩვეულებრივი წესით ჩაბმის ფორმულირებას შეიცავს, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილი – სავალდებულო, აუცილებელი ჩაბმის ფორმულირებას. ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა ჩვეულებრივ და სავალდებულო ფორმით ჩაბმას შორის განსხვავებას მნიშვნელობა ენიჭება სწორედ მათთვის საპროცესო უფლებაუნარიანობისა და ქმედუნარიანობის მინიჭების თვალსაზრისით. საყურადღებოა, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მარტივი ჩაბმის დროს გადამწყვეტია მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესი, ხოლო რაც შეეხება ადმინისტრაცილ პროცეში მესამე პირთა აუცილებელ, სავალდებულო ჩაბმას, ამ დროს სამართლებრივი ინტერესის პარალელურად მნიშვნელოვანია ის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მესამე პირთა უფლებები და მოვალეობები შეიძლება განისაზღვროს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში მესამე პირების სავალდებულო მოწვევა სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორს განუმარტავს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესის დაცვის მიზანი წარმოადგენს უპირატეს მიზანს, რომელსაც ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მოწვევის ინსტიტუტი ემსახურება. ამდენად, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორს მიუთითებს, რომ მისი განსახილველ ადმინისტრაციულ საქმეში მესამე პირად ჩართვა უპირველესყოვლისა მისივე ინტერესების დაცვას ემსახურება, ვინაიდან, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გაცემულია სწორედ მისი და საქმეში მესამე პირებად მოწვეული პირების კუთვნილი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის საწარმოებლად და ბუნებრივია, გასაჩივრებული აქტების გაუქმება უშუალო გავლენას მოახდენს მათ სამართლებრივ ინტერესსა და უფლება-მოვალეობებზე. საქმეში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეების მესამე პირებად ჩაბმა კი უზრუნველყოფს განსახილველ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას მათივე ინტერესების დაცვას.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო საქმის მასალები გასაცნობად რ. მ-ისთვის გადაეგზავნა. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული მესამე პირი სარგებლობს მოსარჩელის (მოპასუხის) ყველა უფლებით და მას ეკისრება მოსარჩელის ყველა მოვალეობა; ხოლო ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მიერ გასაგზავნი დოკუმენტი დიდი მოცულობისაა, მაშინ მხარეს ან მის წარმომადგენელს ეცნობება ამ დოკუმენტის მხოლოდ დასახელება და ის, რომ მას აქვს მისი სასამართლოს კანცელარიაში გაცნობის უფლება. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ პირებს განუმარტა, რომ მათ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე უფლება ჰქონდათ გასცნობოდნენ საქმის ყველა მასალას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის კანცელარიაში. ამასთან, საყურადღებოა, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში ჩაბმულ მესამე პირებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის ასლები გადაუგზავნა; საპროცესო კანონმდებლობა კი სასამართლოს არ აკისრებს საქმეში ჩაბმული მესამე პირებისთვის საქმის ყველა მასალის გაგზავნის ვალდებულებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ. მ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ რ. მ-ის კერძო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა კერძო საჩივარზე შეადგენს 50 ლარს. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ. მ-ეს უნდა დაუბრუნდეს ს. ი-ის მიერ 2014 წლის 14 მარტს რ. მ-ის კერძო საჩივარზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 28 თებერვლის განჩინება;

3. რ. მ-ეს დაუბრუნდეს ს. ი-ის მიერ მის კერძო საჩივარზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ლ. მურუსიძე