Facebook Twitter

#ბს-162-160(გ-14) 29 მაისი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელე _ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მოპასუხეები _ 1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; 2. საქართველოს მთავრობა

დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2013 წლის 31 ოქტომბერს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მიმართ.

მოსარჩელემ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №1-1/1524 ბრძანების მე-7 პუნქტის ნაწილობრივ, კერძოდ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საავადმყოფოების შენობების (მდებარე - ჩოხატაური, კოსტავას ქ. №13 და დუმბაძის ქ. №22), ასევე, მათ გარშემო არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (საკადასტრო კოდი: №28.01.23.040 და №28.01.21.026) საერთო-სახელმწიფოებრივ ქონებად განსაზღვრის ნაწილში ბათილად ცნობა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის ქმედების განხორციელების დავალება, კერძოდ, სადავო მიწისა და შენობების გაყიდვიდან მიღებული 30 5396 ლარის ოდენობით შემოსულობების ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავალში ჩარიცხვის უზრუნველყოფის დავალება მოითხოვა. მოსარჩელემ ასევე ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 ოქტომბრის №1434 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 ნოემბრის განჩინებით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სასარჩელო განცხადება მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მიმართ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №1-1/1524 ბრძანების ბათილად ცნობის, მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის ქმედების განხორციელების დავალებისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 ოქტომბრის №1434 განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ, განსახილველად გადაეგზავნა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფელის მიხედვით. ამავე კოდექსის მე-18 მუხლის თანახმად, სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან განთავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთებზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთებზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთის ადგილსამყოფელის მიხედვით.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში სარჩელის წარდგენისას დაცულ უნდა იქნეს როგორც საგნობრივი, ისე ტერიტორიული და დარგობრივი განსჯადობის წესები და შესაბამისად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც ზემოხსენებული საპროცესო ნორმების შესაბამისად უფლებამოსილია გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე.

განსახილველ შემთხვევაში, სადავო უძრავი ქონების ადგილსამყოფელია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორია, რის გამოც საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სასარჩელო განცხადება განსჯადობით უნდა გადაეგზავნოს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს დავის სწრაფად და ეფექტურად განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 20 მარტის განჩინებით ადმინისტრაციული საქმე №3-102/13 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარჩელით, მოპასუხეების საქართველოს მთავრობის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობის და თანხის დაკისრების თაობაზე, განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას გადმოეგზავნა.

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მსჯელობა განსჯადობასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს. ამდენად, თუ პირის მიერ სარჩელი აღძრულია არაგანსჯად სასამართლოში, საქართველოს ადმინისტარციული საპროცესო კოდექსის 26.2. მუხლით, სასამართლო ვალდებულია საქმე გადაუგზავნოს განსჯად სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, არაუფლებამოსილი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა გამოიწვევს საპროცესო ნორმების ისეთ დარღვევას, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ა“ პუნქტით, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.

რაიონული სასამართლოს მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით არ არის განსაზღვრული სასამართლოების ტერიტორიული განსჯადობა, შესაბამისად, გამოყენებულ უნდა იქნას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა. სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლით განსაზღვრულია ტერიტორიული განსჯადობის საერთო წესი. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფელის მიხედვით. სასამართლოს განმარტებით, მოხმობილი მუხლი პირდაპირ მიუთითებს, რომ სარჩელი იურიდიული პირის მიმართ წარედგინება სასამართლოს მისი ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.

რაიონული სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ დავის საგანი ეხება არა უძრავ ნივთზე უფლებას, არამედ, მხოლოდ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებას და თანხის გადახდის დაკისრებას. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს მოსარჩელის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებისა და სასარჩელო მოთხოვნისგან.

რაიონული სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან განთავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთებზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთებზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთის ადგილსამყოფელის მიხედვით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ნივთობრივ განსჯადობას განეკუთვნება სარჩელი, რომელიც მიმართულია უძრავი ნივთის მესაკუთრის ან მფლობელის წინააღმდეგ, აგრეთვე სარჩელი, რომელიც აღძრულია უძრავი ნივთის დაზიანების ან ზარალის ანაზღაურების გამო.

განსახილველ შემთხვევაში რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ წარმოდგენილი სარჩელით დავის საგანს წარმოადგენს არა უძრავი ქონება, არამედ, პირველი სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; მე-2 სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში კი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.

რაიონული სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში განსჯადობის განსაზღვრისას უნდა დადგინდეს არა ის ფაქტი, თუ სად მდებარეობს უძრავი ქონება (რომელიც მხარეთა შორის სადავო არ არის), არამედ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფელის მიხედვით უნდა გაირკვეს, თუ რომელი სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვნება საქმე განსახილველად. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება და თანხის გადახდის დაკისრება, რა დროსაც საერთო განსჯადობის წესების საფუძველზე სარჩელი უნდა წარედგინოს, განიხილოს და გადაწყვიტოს მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით განსჯადმა სასამართლომ. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია და თანხის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნა მიმართულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინააღმდეგ, რომლის ადგილსამყოფელია - თბილისი, ჭანტურიას ქ. №12. შესაბამისად, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეზე ტერიტორიული განსჯადობის გათვალისწინებით, განსჯად სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგია. დასახელებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების მხედველობაში მიღებით, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარჩელი უნდა განიხილოს არა ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ, არამედ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ, რის გამოც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარჩელი, მოპასუხეების საქართველოს მთავრობის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობის და თანხის დაკისრების თაობაზე, განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას გადმოეგზავნა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსაზრებების გაცნობის შედეგად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიაჩნია, რომ მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ არსებითად სწორად განსაზღვრა მოცემული დავის განსჯადობის საკითხი და მართებულად მიიჩნია საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯად დავად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42.2 მუხლის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია“ კანონიერ სასამართლოზე ადამიანის უფლებას სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლების შემადგენელ ნაწილად მოიაზრებს (მე-6 მუხ.). კანონიერი სასამართლოს უფლება კი სასამართლოს განსჯადობის ზუსტ განსაზღვრას მოითხოვს.

ამასთან, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი იმპერატიული შინაარსის ნორმაა, რომელიც ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ მომენტიდან, როცა სასამართლო არაგანსჯადი ხდება, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.2. მუხლი სასამართლოს ავალდებულებს საქმე გადაუგზავნოს განსაჯად სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება არაუფლებამოსილი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა, რაც იწვევს საპროცესო ნორმების იმგვარ დარღვევას, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394 „ა“ მუხლის თანახმად, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური პროცესუალური საფუძველი ხდება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლით რეგლამენტირებულია საერთო განსჯადობის შესახებ წესები. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფელის მიხედვით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილი თავისი ხასიათით, შინაარსითა და იურიდიული ბუნებით არის ზოგადი და ამავე დროს იმპერატიული ნორმა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად ადგენს განსჯად საერთო სასამართლოს ტერიტორიული ნიშნის, ანუ მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით.

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლით რეგლამენტირებულია ნივთობრივი განსჯადობის შესახებ სპეციალური წესები. ხსენებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი საკუთრების უფლების შესახებ, თუ დავა ეხება უძრავ ნივთზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთის ადგილსამყოფელის მიხედვით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის ანალიზი ნათლად გვიჩვენებს, რომ დასახელებული საპროცესო ნორმა ადგენს სპეციალურ განსჯადობას და იძლევა შესაძლებლობას, შესაბამისი სუბიექტური და ობიექტური გარემოებების არსებობისას, განსჯადი სასამართლო განისაზღვროს უძრავი ნივთის ფაქტობრივი ადგილსამყოფელის მიხედვით.

განსახილველ საქმეში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოები არიან - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს მთავრობა, ხოლო დავის საგანს წარმოადგენს:

1) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №1-1/1524 ბრძანების მე-7 პუნქტის ნაწილობრივ, კერძოდ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საავადმყოფოების შენობების (მდებარე - ჩოხატაური, კოსტავას ქ. №13 და დუმბაძის ქ. №22), ასევე, მათ გარშემო არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (საკადასტრო კოდი: №28.01.23.040 და №28.01.21.026) საერთო-სახელმწიფოებრივ ქონებად განსაზღვრის ნაწილში ბათილად ცნობა;

2) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის ქმედების განხორციელების დავალება, კერძოდ, სადავო მიწისა და შენობების გაყიდვიდან მიღებული 30 5396 ლარის ოდენობით შემოსულობების ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავალში ჩარიცხვის უზრუნველყოფის დავალება;

3) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 ოქტომბრის №1434 განკარგულების ბათილად ცნობა.

საკასაციო სასამართლო საქმეზე დადგენილად მიიჩნევს (რასაც თავად სასარჩელო მოთხოვნაც ადასტურებს), რომ დავის საგანი ეხება არა უძრავ ნივთზე უფლებას, არამედ, მხოლოდ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებასა და თანხის გადახდის დაკისრებას, რა დროსაც სასამართლოებმა წარმოდგენილი სარჩელის სასამართლო წესით განსჯადობის განსაზღვრისას უნდა დაადგინონ არა ის ფაქტი, თუ სად მდებარეობს უძრავი ქონება და რას ეხება სადავო აქტები, არამედ აქტების გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოების მიხედვით უნდა გამოარკვიონ თუ რომელი სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვნება საქმე განსახილველად. ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება და თანხის გადახდის დაკისრება, რა დროსაც საერთო განსჯადობის წესების საფუძველზე სარჩელი უნდა წარედგინოს, განიხილოს და გადაწყვიტოს მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით განსჯადმა სასამართლომ. შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, მოცემულ საქმეზე ტერიტორიული განსჯადობის გათვალისწინებით განსჯად სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სარჩელი მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქმე - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარჩელისა გამო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მიმართ, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ლ. მურუსიძე