№ბს-244-241 (გ-14) 5 მაისი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს შორის დავა განსჯადობის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2013 წლის 27 დეკემბერს თ. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 29 ოქტომბრის №882013470903-09 გადაწყვეტილებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 25 ნოემბრის №219175 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. მოსარჩელემ, ასევე, ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ... მდებარე 2089 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) დაზუსტებული მონაცემებით მის საკუთრებად რეგისტრაციის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 3 იანვრის განჩინებით თ. მ-ის სარჩელი მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, მესამე პირების - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მონაწილეობით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე განსჯადობით განსახილველად გადაეცა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლზე, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტზე და აღნიშნა, რომ სადავო უძრავი ქონება მდებარეობს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ..., რის გამოც თ. მ-ის სარჩელი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, განსჯადობით განსახილველად უნდა გადაგზავნილიყო ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში.
ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მოსარჩელემ წარადგინა დაზუსტებული სარჩელი, რომლითაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 29 ოქტომბრის №882013470903-09 გადაწყვეტილების, ამავე სამსახურის 2013 წლის 27 ნოემბრის №882013470903-10 გადაწყვეტილების, ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 25 ნოემბრის №219175 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. მოსარჩელემ, ასევე, ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ... მდებარე 2089 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) დაზუსტებული მონაცემებით მის საკუთრებად რეგისტრაციის დავალება მოითხოვა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 2 აპრილის განჩინებით თ. მ-ის სარჩელი სასამართლოებს შორის განსჯადობაზე დავის გადასაწყვეტად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას გადმოეგზავნა.
ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 7 აგვისტოს №1/170 გადაწყვეტილების საფუძველზე შეიქმნა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო, რომლის სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტიების ადმინისტრაციული საზღვრებით. ამასთან, საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 14 ივნისის №4575-Iს დადგენილების თანახმად, ქ. ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლასთან დაკავშირებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის რიგი ტერიტორია მოექცა ქ. ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს უძრავი ქონება მდებარე, სოფელ ..., რომელიც დღეის მდგომარეობით თვითმმართველ ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებშია შესული. შესაბამისად, სსსკ-ის მე-18 მუხლის საფუძველზე, თ. მ-ის სარჩელი წარდგენილი უნდა ყოფილიყო სასამართლოში ნივთის ადგილსამყოფელის მიხედვით.
ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, თ. მ-ის სარჩელი განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოსა და ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოსაზრებების გაცნობის შედეგად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილზე დაყრდნობით, მიიჩნევს, რომ თ. მ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ბათუმის საქალაქო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება არაუფლებამოსილი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა, რაც იწვევს საპროცესო ნორმების იმგვარ დარღვევას, რომელიც სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური პროცესუალური საფუძველი ხდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ა” პუნქტის თანახმად.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ხსენებული მუხლი შეიცავს ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელ საპროცესო ნორმას და პირდაპირ მიუთითებს, რომ სარჩელი იურიდიული პირის მიმართ წარედგინება სასამართლოს მისი ადგილსამყოფელის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ აღნიშნული ნორმა ადგენს განსაკუთრებულ განსჯადობას, რომლის საფუძველზეც ქონების უფლებრივი დატვირთვის, ან ასეთი დატვირთვისაგან გათავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთზე, მათ შორის მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთის ადგილსამყოფელის მიხედვით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის ანალიზი ნათლად გვიჩვენებს, რომ დასახელებული საპროცესო ნორმა ადგენს სპეციალურ განსჯადობას და იძლევა შესაძლებლობას, შესაბამისი სუბიექტური და ობიექტური გარემოებების არსებობისას, განსჯადი სასამართლო განისაზღვროს უძრავი ნივთის ფაქტობრივი ადგილსამყოფელის მიხედვით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, ,,ერთი მხრივ, თვითმმართველ ქალაქ ბათუმსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს და, მეორე მხრივ, თვითმმართველ ქალაქ ბათუმსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტს შორის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე’’ საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 14 ივნისის N4757-Iს დადგენილების თანახმად, ქ. ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლასთან დაკავშირებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის რიგი ტერიტორიები მოექცა ქ. ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში. აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრული ცვლილების შესაბამისად, მახვილაურის მეურნეობის მიმდებარე ტერიტორია ქ. ბათუმის შემადგენლობაში შევიდა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 29 ოქტომბრის №882013470903-09 გადაწყვეტილების, ამავე სამსახურის 2013 წლის 27 ნოემბრის №882013470903-10 გადაწყვეტილების, ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 25 ნოემბრის №219175 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ... მდებარე 2089 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) დაზუსტებული მონაცემებით მის საკუთრებად რეგისტრაციის დავალება წარმოადგენს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სადავო უძრავი ქონება ქ. ბათუმის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში მდებარეობს, წარმოდგენილი სასარჩელო განცხადება ნივთის ადგილსამყოფელის მიხედვით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ბათუმის საქალაქო სასამართლოს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმე განსახილველად უნდა გადაეგზავნოს განსჯად ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო 1.2; 2.1; 26.3, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. მ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. წინამდებარე განჩინება გაეგზავნოს მხარეებს;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
Tavmjdomare ლ. მურუსიძე
mosamarTleebi: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე