საქმე #ბს-185-183(2კ-14) 24 ივნისი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მერიისა და მ. ჭ-ას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე (ადმინისტრაციული საქმე მ. მ-ის სარჩელისა გამო, მოპასუხის - ქ. თბილისის მერიის მიმართ, მესამე პირების - ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის, მ. ჭ-ას, ე. ქ-ის, ქ. ს-ისა და გ. თ-ის მონაწილეობით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
მ. მ-ემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხის ქ. თბილისის მერიის მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისის მერიის 2013 წლის 13 თებერვლის №172 განკარგულების ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 1-12; ტ.1).
მოპასუხე - ქ. თბილისის მერიამ წერილობითი შესაგებლებით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე ურის თქმა (იხ. ს.ფ. 86-94; ტ.1).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 აპრილის საოქმო განჩინებებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლით, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ მ. ჭ-ა და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური (იხ. ს.ფ. 156-157; 158-159; ტ.1).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 ივლისის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლით, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ქ. ს-ე, გ. თ-ი და ე. ქ-ე (იხ. ს.ფ. 203-204; ტ.1).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 236-242; ტ.1).
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 251-261; ტ.1).
მოწინააღმდეგე მხარემ - ქ. თბილისის მერიამ სააპელაციო შესაგებლით მოითხოვა სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 18-25; ტ.2).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის 2013 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება და ქ. თბილისის მერიას დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ იმავე საკითხზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამარათლებრივი აქტი; ქ. თბილისის მერიას მ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 41-53; ტ.2).
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მერიამ და მ. ჭ-ას წარმომადგენელმა პ. კ-ემ.
ქ. თბილისის მერია საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 61-69; ტ.2).
მ. ჭ-ას წარმომადგენელმა პ. კ-ემ საკასაციო საჩივრით ასევე მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 71-79; 111-122; ტ.2).
საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის განჩინებით ქ. თბილისის მერიის, ხოლო 2014 წლის 2 მაისის განჩინებით მ. ჭ-ას წარმომადგენლის პ. კ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მხარეებს საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად განესაზღვრათ 15 დღიანი საპროცესო ვადა (იხ. ს.ფ. 84-84; 132-133; ტ.2).
მ. მ-ემ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მოსაზრებით მოითხოვა ქ. თბილისის მერიისა და მ. ჭ-ას წარმომადგენლის პ. კ-ის საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ. 125-126; 151-152; ტ.2).
კასატორებს მოსაზრება საკასაცო საჩივართან დაკავშირებით არ წარმოუდგენიათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის მერიისა და მ. ჭ-ას წარმომადგენლის პ. კ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორების _ ქ. თბილისის მერიისა და მ. ჭ-ას წარმომადგენლის პ. კ-ის საკასაციო საჩივრები არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორებმა ვერ დაასაბუთეს თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო განჩინების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული განჩინების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორების _ ქ. თბილისის მერიისა და მ. ჭ-ას წარმომადგენლის პ. კ-ის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ქ. თბილისის მერიისა და მ. ჭ-ას წარმომადგენლის პ. კ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მერიისა და მ. ჭ-ას წარმომადგენლის პ. კ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. ჭ-ას სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მერიისა და მ. ჭ-ას წარმომადგენლის პ. კ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. მ. ჭ-ას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2014 წლის 25 აპრილის №8 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე