საქმე № ბს-192-190 (კს-14) 09 ივნისი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე)
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის შესაბამისად განიხილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.03.14წ. განჩინებაზე კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საკითხი.
დ. მ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის და სს „...“ მიმართ, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 04.11.13წ. №13020026-015/001 განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 28.01.14წ. განჩინებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. მ-ას წარმომადგენელმა დ. ყ-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 06.03.14წ. განჩინებით დ. მ-ას წარმომადგენლის დ. ყ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის მოტივით, რაც კერძო საჩივრით 20.03.14წ. გაასაჩივრა დ. მ-ას წარმომადგენელმა დ. ყ-ემ.
28.03.14წ. დ. მ-ას წარმომადგენელმა დ. ყ-ემ განცხადებით მომართა სასამართლოს საქმის გამოხმობის და განუხილველად დატოვების მოთხოვნით.
საკასაციო სასამართლოს 22.04.14წ. განჩინებით დ. მ-ას კერძო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანის წარმოდგენა და განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, კერძო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. ამასთან, დ. მ-ას წარმომადგენელს დ. ყ-ეს დაევალა სასამართლოსათვის დაზუსტებული მოთხოვნით განცხადების წარმოდგენა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში და სსკ-ის 98-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი მინდობილობა, სადაც პირდაპირ იქნებოდა მითითებული სარჩელის გამოხმობის უფლების შესახებ. განმცხადებელს განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, განცხადება დარჩებოდა განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს 22.04.14წ. განჩინება დ. მ-ას წარმომადგენელს დ. ყ-ეს (მინდობილობა ტ.1. გვ.161) გაეგზავნა და ჩაბარდა გადასაცემად ოჯახის ქმედუნარიან წევრს ძმისშვილს - მ. მ-ეს (ტ.1. ს.ფ.199). დ. მ-ას სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწოებია და არც ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავს სასამართლოსთვის.
სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. სსკ-ის 396.3 მუხლების თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 420-ე, 396.3 და 399-ე მუხლების თანახმად, დ. მ-ას კერძო საჩივარი და განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 396.3 და 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. მ-ას კერძო საჩივარი და განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.03.14წ. განჩინებაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე