Facebook Twitter

Nბს-20-20 (კ-14) 17 ივნისი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივანი _ ა. ვარდიძე

კასატორი (მოპასუხე) _ ქ.თბილისის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, წარმომადგენელი ფ. ნ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შ. გ-ი, წარმომადგენელი ვ. ს-ე

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 23 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2013 წლის 24 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შ. გ-მა მოპასუხის ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2013 წლის 7 მარტის (ოქმი N343) გადაწყვეტილების ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომლითაც შ. გ-ს უარი ეთქვა ქ. თბილისში, ... ქ. ... ქუჩის მიმდებარედ მდებარე 904, 1 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე და ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე შ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2013 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება შ. გ-ისათვის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში (ოქმი №343, საკითხი №5); ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა შ. გ-ის განცხადების განხილვისას შესაბამისი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ. გ-მა 2013 წლის 27 თებერვალს განცხადებით მიმართა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა ქ. თბილისში, ... ქ. ... ქუჩის მიმდებარედ მდებარე 904,1 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება.

2013 წლის 7 მარტს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის №343 სხდომის ოქმის თანახმად, შ. გ-ის განცხადება კომისიის მიერ განხილული იქნა სხდომაზე რიგით მე-5 საკითხად და მიღებული იქნა გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთის დაკანონებაზე შ. გ-ისათვის უარის თქმის შესახებ შემდეგი გარემოებების არსებობის საფუძველზე: მითითებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა მოედანს, მიწის ნაკვეთზე განთავსებულია გეოგრაფიის ინსტიტუტის შენობები, განმცხადებელი შენობაში შესახლებულ იქნა სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ, მიწის ნაკვეთი მოქცეულია საკადასტრო ერთეულის საზღვრებში.

სასამართლომ მიუთითა, რომ კომისიის მიერ განცხადების განხილვისათვის მოქმედი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა” პუნქტის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა არის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა; ხოლო „გ“ პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს - ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

იმავე კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის ”ლ” ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი, მათ შორის, ის მიწის ნაკვეთი, რომელზე განთავსებული სახელმწიფო ქონებაც „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ ექვემდებარება პრივატიზებას. მე-4 მუხლის პირველი ნაწილით, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს კომისიის მეშვეობით. კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით განსაზღვრული წესით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 107-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის, 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შეესაბამება ზემოაღნიშნული ნორმების მოთხოვნებს. კერძოდ, კომისიამ დაადგინა, რომ სადაო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს მოედანს, თუმცა მოპასუხის მიერ სასამართლოში წარმოდგენილ საქმის წარმოების მასალებში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რომელზე დაყრდნობითაც ადმინისტრაციულ ორგანოს შეეძლო აღნიშნული გარემოების დადგენა. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღნიშნული გარემოების სათანადო გამოკვლევა და შესწავლა არ განხორციელებულა, არ მოპოვებულა ზემოაღნიშნული ფაქტის დასადგენად აუცილებელი მტკიცებულებები. ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძველი - კანონის, კერძოდ, იმავე კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლების მოთხოვნებისადმი წინააღმდეგობა, რის გამოც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი გასაჩივრებული აქტი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, კომისიამ დაადგინა, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებულია გეოგრაფიის ინსტიტუტის შენობები, თუმცა აღნიშნული ფაქტის დადგენისას დაეყრდნო მხოლოდ განმცხადებლის განმარტებას და დამატებით რაიმე დოკუმენტაცია მოცემული გარემოების დასადასტურებლად არ მოუძიებია. მოცემული გარემოების სათანადო შესწავლა საქმისათვის მნიშვნელოვანია, ვინაიდან მიწაზე აღმართული შენობის მესაკუთრის შესახებ ინფორმაციის ყოველმხრივი გამოკვლევა, მესაკუთრის მიერ საკუთრების უფლების შეძენის დროისა და საფუძვლების დადგენა, აღნიშნულ შენობასთან დაკავშირებით მოსარჩელის უფლებების და მათი სამართლებრივი საფუძვლების გარკვევა და ზემოაღნიშნულ საკითხებზე სათანადო მტკიცებულებების მოპოვება გავლენას ახდენს საქმეზე მისაღები გადაწყვეტილების შინაარსზე. ზემოაღნიშნული გარემოებების ყოველმხრივი შესწავლის გარეშე ფაქტების დადგენა ეწინააღმდეგება ზემოაღნიშნული მუხლებით გათვალისწინებულ, საქმის ყოველმხრივი შესწავლისა და გადაწყვეტილების მხოლოდ გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე მიღების მოთხოვნას და არის აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებით ადმინისტრაციულმა ორგანომ შესაბამისი დოკუმენტაციის მოძიების გარეშე დაადგინა ასევე ის ფაქტი, რომ მოსარჩელე სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობაში შესახლებულ იქნა სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ. აღნიშნულის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტები საქმის წარმოების მასალებში არ მოიპოვება. მოცემული ფაქტის, ასევე შესახლების სამართლებრივი საფუძვლების დადგენა მნიშვნელოვანია, ვინაიდან შესაძლოა გავლენა მოახდინოს მოსარჩელის სამართლებრივ მდგომარეობასა და სადავო მიწასა და შენობასთან დაკავშირებით მის უფლებებზე. ამდენად, აღნიშნული საკითხის სათანადოდ გამოკვლევის გარეშე საკითხის გადაწყვეტა ასევე ეწინააღმდეგება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლების მოთხოვნას და ადმინისტრაციული აქტის ბათილობის საფუძველს წარმოადგენს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებით ადმინისტრაციული ორგანოს მითითება, რომ მიწის ნაკვეთი მოქცეულია საკადასტრო ერთეულის საზღვრებში, მხოლოდ ეს გარემოება არ წარმოადგენს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველს. აღნიშნული დასკვნა ემყარება ”ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,დ” პუნქტის მოთხოვნას, რომელიც ადგენს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფიზიკური პირებისათვის საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობას. ამდენად, მიწის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებობა არ არის საკუთრების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს შ. გ-ის სარჩელის დაკმაყოფილების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით განსაზღვრული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2013 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება შ. გ-ისათვის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში (ოქმი №343, საკითხი №5) სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან დასადგენია საქმის გადაწყვეტისათვის აუცილებელი ფაქტობრივი გარემოებები და საქმეში წარმოდგენილი მასალები არ არის საკმარისი ახალი გადაწყვეტილების მისაღებად, ხოლო ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ყოველმხრივ, სრულყოფილად შეისწავლოს საქმის გარემოებები და გადაწყვეტილება დააფუძნოს მხოლოდ მის ხელთ არსებულ აუცილებელ მტკიცებულებებზე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს ადმინისტრაციულ ორგანოს და მასვე უნდა დაევალოს, ზემოაღნიშნული აუცილებელი საკითხების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ადმინისტრაციულ-სამარლებრივი აქტის გამოცემა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ.თბილისის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ და შ. გ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით შ. გ-ისა და ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით ქ.თბილისის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ გაასაჩივრა. კასატორის მოსაზრებით ადმინისტრაციულმა ორგანომ იხელმძღვანელა მოქმედი კანონმდებლობით; საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის N525 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’ შესაბამისად, თვინებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ დაინტერესებულმა პირმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს მიწის მართლზომიერი მფლობელობის, სარგებლობის ან თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, კომისიის მიერ არ მომხდარა გარემოებების შესწავლა, აღიარების კომისია იკვლევს და მსჯელობს საკითხზე წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე სადავო გადაწყვეტილებასაც განსახილველ შემთხვევაში საფუძვლად დაედო განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რადგანაც განმცხადებელს ეკისრება მტკიცების ტვირთი და ვალდებულება წარმოადგინოს ის დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღება. კასატორი აღნიშნავს, რომ განმცხადებლის მიერ კომისიაში წარდგენილი იქნა მხოლოდ ცნობა-დახასიათება საჯარო რეესტრიდან, საცხოვრებელი სახლის აზომვითი ნახაზი და ორთოფოტო, რომლის მიხედვით აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მართლაც განლაგებულია ნაგებობა, თუმცა აღნიშნული ვერ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ეს ნაგებობა აშენებულია მოწინააღმდეგე მხარის მიერ და არ არის სახელმწიფო საკუთრების ობიექტი, რომელსაც მხარეც არ უარყოფს და აღნიშნავს, რომ შენობაში განთავსებული იყო გეოგრაფიის ინსტიტუტის შენობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და მიიჩნევს, რომ ქ.თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ კანონის 4.1-ე მუხლის თანახმად, კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს სზაკ-ის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ კანონითა და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის N525 ბრძანებულებით განსაზღვრული წესით. კომისიას, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის განხილვისას, გარდა კანონისა და ბრძანებულებით დადგენილი ნორმების დაცვისა, გააჩნდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისი ნორმების მოთხოვნათა დაცვის ვალდებულება, რომელთა დაცვა წარმოადგენდა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების სავალდებულო პირობას. სზაკ-ის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. კომისიის 2013 წლის 7 მარტის N343 ოქმით მე-5 საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების მიღება, რაც გახდა განმცხადებლისათვის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი, განაპირობა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების დადგენამ: მიწის ნაკვეთი წარმოადგენს მოედანს, მიწის ნაკვეთზე განთავსებულია გეოგრაფიის ინსტიტუტის შენობები, სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობაში განმცხადებელი შესახლებულ იქნა სხვადასხვა უწყების მიერ, ამასთან, მიწის ნაკვეთი მოქცეულია საკადასტრო ერთეულის საზღვრებში.

საკასაციო პალატა თვლის, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გადაწყვიტა განცხადებით მოთხოვნილი საკითხი და აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა დააფუძნა იმ გარემოებებზე, რომელიც სათანადოდ არ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული, როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილია, რომ მიწის ნაკვეთი წარმოადგენს მოედანს, ასევე მიწის ნაკვეთზე განთავსებულია გეოგრაფიის ინსტიტუტის შენობები, თუმცა საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი ამ გარემოებების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ ირკვევა ის გარემოება, რომ მოსარჩელე სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობაში შესახლებულ იქნა სხვადასხვა უწყებების მიერ. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც ქ.თბილისის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ დადგენილ იქნა მითითებულ მიწის ნაკვეთზე გეოგრაფიის ინსტიტუტის შენობების განთავსება, ამ შემთხვევაში იგი ვალდებული იყო გამოეკვლია სადავო სამართალურთიერთობაში შესაძლო დაინტერესებული მხარის არსებობისა და მისი მონაწილეობის საკითხი ადმინისტრაციულ წარმოებაში. ქ. თბილისში, ... ქ. ... ქუჩის მიმდებარედ მდებარე 904,1 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე კონკრეტული სუბიექტის რაიმე უფლების და შესაბამისად კანონიერი ინტერესის არსებობის ფაქტის დადგენა, თუკი ასეთს ნამდვილად ექნებოდა ადგილი, განაპირობებდა მისი ან მისი სამართალმემკვიდრის გარკვევის საჭიროებას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლზე, რომლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია, უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ აღნიშნული შენობის მესაკუთრის შესახებ ინფორმაციის ყოველმხრივი გამოკვლევა, მესაკუთრის მიერ საკუთრების უფლების შეძენის დროისა და საფუძვლების დადგენა, ასევე მოსარჩელის აღნიშნულ შენობასთან დაკავშირებული უფლებები და მათი სამართლებრივი საფუძვლების გარკვევა და ამ ყველა საკითხზე სათანადო მტკიცებულებების მოპოვება გავლენას ახდენს საქმეზე მისაღები გადაწყვეტილების შინაარსზე.

საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს საქმის მასალებში წარმოდგენილ თბილისის არქიტექტურის 2013 წლის 4 მარტის N07/21492-13 წერილზე, რომელსაც ადმინისტრაციული ორგანო უთითებს საკითხის ამგვარად გადაწყვეტის დასასაბუთებლად, მითითებული წერილის თანახმად, მიწის ნაკვეთი დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია საზოგადოებრივ-საქმიან ზონაში. მიწის ნაკვეთი მოქცეულია ... საკადასტრო ერთეულის საზღვრებში. სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებითაც სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას იმის შესახებ, რომ მხოლოდ ეს გარემოება არ ქმნის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველს. აღნიშნული დასკვნა ემყარება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ კანონის მე-2 მუხლის ,,დ’’ პუნქტის მოთხოვნას, რომელიც ადგენს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფიზიკური პირებისათვის საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, რაც სსსკ-ის 410-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობას წარმოადგენს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 23 ოქტომბრის განჩინება;

2. საქართევლოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

მ. ვაჩაძე