საქმე #ბს-213-211(კს-14) 17 ივნისი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ გ. ტ-ო
მოწინააღმდეგე მხარე _ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა
მესამე პირები - ს. მ-ე; ნ. მ-ე
დავის საგანი _ სააღსრულებო ფურცლის გაცემა
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 26 თებერვლის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ტ-ომ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხის ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ და მოითხოვა ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელება (იხ. ს.ფ. 1-21; ტ.1).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 აპრილის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ს. მ-ე (იხ. ს.ფ. 69-71; ტ.1).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ნ. მ-ე (იხ. ს.ფ. 202-204; ტ.1).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ. ტ-ოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით (იხ.ს.ფ. 248-262; ტ.1).
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ტ-ომ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 370-287; ტ.1).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით გ. ტ-ოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილება და გ. ტ-ოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2012 წლის 5 მარტის №ტ-09 გადაწყვეტილება, ქ. ქობულეთში, ... ქ. №163 ვ-ში მდებარე №48 საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე უარის თქმის თაობაზე; ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გ. ტ-ოს განცხადებასთან დაკავშირებით, რომლითაც მოთხოვნილია ქ. ქობულეთში, ... ქ. №162 ვ-ში მდებარე №48 საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა (იხ. ს.ფ. 158-175; ტ.2).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ივნისის განჩინებით გასწორდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 26 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-4 პუნქტებში დაშვებული უსწორობა და ნაცვლად ,,48-ის“ მიეთითა №41“ (იხ.ს .ფ. 176-177; ტ.2).
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება (იხ. ს.ფ. 186-193; ტ.2).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად (იხ. ს.ფ. 218-221; ტ.2 ).
2014 წლის 6 თებერვალს გ. ტ-ომ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2013 წლის 26 მარტის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა (იხ. ს.ფ. 229; ტ. 2).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 26 თებერვლის განჩინებით გ. ტ-ოს განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდა (გარდა სახელმწიფო ბაჟის მოპასუხისათვის დაწესების მოთხოვნის ნაწილისა) (იხ. ს.ფ. 248-250; ტ. 2), რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ მხარის მიერ წარდგენილი 2014 წლის 28 იანვრის მიმართვისა და მასზე თანდართული ქობულეთის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის 2014 წლის 23 იანვრის #01-19/33 ბრძანებით დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 26 მარტის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება გ. ტ-ოს 2012 წლის 29 თებერვლის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლითაც განმცხადებელი ითხოვდა ქ. ქობულეთში, ... ქ. #162 ვ-ში მდებარე ბინა #41-ის საკუთრებაში გადაცემას. 2014 წლის 23 იანვრის #01-19/33 ბრძანებით უარი ეთქვა გ. ტ-ოს განცხადების დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ ფართი არ ირიცხება სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის საბინაო საცხოვრებელ ფონდში.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,სააღსრულებო წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აღსრულებას ექვემდებარება კერძო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილით, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნული ბიურო. 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. მე-20 მუხლის მე-2 ნაწილით, სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორზე.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 26 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი დღეის მდგომარეობით მოვალის - ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ნებაყოფლობით აღსრულებულია 2014 წლის 23 იანვრის #01-19/33 ბრძანებით, შესაბამისად, გადაწყვეტილების ამ ნაწილზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ გ. ტ-ოს მოთხოვნა არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ. ტ-ომ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და სააღსრულებო ფურცლის გაცემა იმ მოტივით, რომ არ აღსრულებულა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება მისი სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე და უხეშად არის დარღვეული მისი კონსტიტუციური უფლება, საბინაო უფლება და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის უფლება.
კერძო საჩივრის ავტორის აღნიშვნით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ისე მიიღო ახალი 2014 წლის 23 იანვრის #01-19/33 ბრძანება, რომ საერთოდ არ უმსჯელია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე, რის გამოც უნდა გაიცეს სააღსრულებო ფურცელი და აღსრულდეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (იხ. ტ. 2; ს.ფ. 266-267).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ. ტ-ოს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 26 თებერვლის განჩინება და განცხადების განხილვის სტადიიდან საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დაარღვია საპროცესო სამართლის ნორმები. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ შეიცავს დასაბუთებას, რის გამოც სახეზეა მისი სსსკ-ის 393-394-ე მუხლებით გათვალისწინებული გაუქმების საფუძვლები.
საქმის მასალებით ირკვევა:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 2 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გ. ტ-ოს სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთის საკრებულოს გამგეობასა და ს. მ-ეს შორის 2006 წლის 17 თებერვალს გაფორმებული ქ. ქობულეთში, ... ქ. #162-ვ, ბინა 41-ში მდებარე ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება (იხ. ტ. 1; ს.ფ. 38-49).
2. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მიმართა ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურს ცვლილება შეეტანა სარეგისტრაციო ჩანაწერებში და იმ საცხოვრებელ ფართზე, რომელიც პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებული იყო ს. მ-ის საკუთრებად, გაეუქმებინა ჩანაწერები და ფართი მუნიციპალურ საკუთრებად დაერეგისტრირებინა, რაზედაც ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურიდან მიიღო უარი იმ მოტივით, რომ გ. ტ-ოს განცხადების საფუძველზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 31 მარტის განჩინებით სადავო ფართს ედო ყადაღა.
3. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მიმართა სასამართლოს მითითებული ყადაღის მოხსნის მოთხოვნით, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 6 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა; გ. ტ-ოს სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 31 მარტის განჩინებით ს. მ-ის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქ. ქობულეთში, ... ქ. 162-ვ, ბინა 41-ში მდებარე უძრავი ქონების ½ ნაწილზე დადებული ყადაღა გაუქმდა.
4. აღნიშნულ განჩინებაზე გ. ტ-ომ საჩივარი შეიტანა და მოითხოვა მისი გაუქმება იმ მოტივით, რომ ყადაღის მოხსნის შემთხვევაში ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა დაირეგისტრირებდა ქონებას, რომელიც შეეძლო გაესხვისებინა, შემძენი გახდებოდა კეთილსინდისიერი და იგი ვერ შეძლებდა თავისი უფლებების დაცვას.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 8 თებერვლის განჩინებით გ. ტ-ოს საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 6 დეკემბრის განჩინება და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განცხადება არ დაკმაყოფილდა ყადაღის მოხსნის თაობაზე (იხ. ტ. 1; ს.ფ. 50-51).
6. გ. ტ-ომ განცხადებით მიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას და მოითხოვა არაპრივატიზებული საცხოვრებელი ფართის ქ. ქობულეთში, ... ქ. #162-ვ, ბინა #41-ის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა, რაც ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2012 წლის 5 მარტის #ტ-09 გადაწყვეტილებით განცხადება არ დაკმაყოფილდა (იხ. ტ. 1; ს.ფ. 33).
7. გ. ტ-ომ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2012 წლის 5 მარტის #ტ-09 გადაწყვეტილების, ქ. ქობულეთში, ... ქ. 162-ვ, ბინა #41-ის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე უარის თქმის თაობაზე, ბათილად ცნობა. აღნიშნულ სარჩელზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 26 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გ. ტ-ოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილება და გ. ტ-ოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2012 წლის 5 მარტის №ტ-09 გადაწყვეტილება, ქ. ქობულეთში, ... ქ. №162 ვ-ში მდებარე №48 საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე უარის თქმის თაობაზე; ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გ. ტ-ოს განცხადებასთან დაკავშირებით, რომლითაც მოთხოვნილია ქ. ქობულეთში, ... ქ. №162 ვ-ში მდებარე №48 საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა (იხ. ს.ფ. 158-175; ტ.2), რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად: კანონიერი მოსარგებლის სტატუსის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასაცემ ფართობზე დაინტერესებული პირის (განმცხადებლის) სარგებლობის უფლების მართლზომიერების საკითხი. ფაქტობრივი სარგებლობისას კი გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ სარგებლობის უფლება მოიცავს ასევე შესაძლებლობას, არ ისარგებლოს პირმა თავისი ნივთით. აღნიშნული საკითხების გამოკვლევა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის #73 ბრძანებულებით ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს კომპეტენციაა, რაც მან უნდა განახორციელოს ბრძანებულებით დამტკიცებული წესისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული ადმინისტრაციული წარმოების გზით.
სააპელაციო პალატის მითითებით, მხოლოდ ის გარემოება, რომ სარეგისტრაციო სამსახურის მონაცემებით სადავო ფართი რეგისტრირებულია ფიზიკური პირის, ს. მ-ის, საკუთრებად, არ შეიძლება გახდეს საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული 2006 წლის 17 თებერვლის პრივატიზაციის ხელშეკრულება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 2 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად არის ცნობილი.
სააპელაციო პალატის მითითებით, გ. ტ-ოს მიერ წარდგენილი და დამატებით მოძიებული დოკუმენტების, ასევე სადავო ბინასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაციის მქონე პირთა განმარტებების მოსმენის შედეგად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უნდა დაადგინოს დასტურდება თუ არა გ. ტ-ოს მიერ სადავო საცხოვრებელი ბინის კანონიერი სარგებლობის ფაქტი, ვინაიდან ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თავისი წერილით ისე უთხრა გ. ტ-ოს უარი ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე, რომ აღნიშნულზე არ უმსჯელია კანონით დადგენილი წესით.
8. სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინებით დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 26 მარტის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის საჭიროება არ არსებობს, ვინაიდან ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ნებაყოფლობით შეასრულა იგი 2014 წლის 23 იანვრის #01-19/33 ბრძანების გამოცემით (იხ. ტ. 2; ს.ფ. 242-243).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე, თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.
საკასაციო სასამართლო წინამდებარე განჩინების გამოტანისას ეყრდნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 25 მარტის განჩინებაში ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებებსა და დასკვნებს, ადმინისტრაციულ საქმეზე #ბს-110-103(2კ-13) გ. ჩ-ას სარჩელისა გამო მოპასუხეების - ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ, კერძოდ:
,,საქართველოს კონსტიტუციის 82.2 მუხლის მიხედვით, სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საერთო სასამართლოების მიერ მიღებული აქტების აღსრულების წესსა და პირობებს აწესრიგებს რა 1999 წლის 16 აპრილის ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ კანონი, რომლის 5.4. მუხლის თანახმად, თავის საქმიანობაში სააღსრულებო დაწესებულება – სააღსრულებო ბიურო ხელმძღვანელობს ამ კანონით, საქართველოს ნორმატიული აქტებით და სააღსრულებო ბიუროს დებულებით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების სახე მის კანონიერ ძალაში შესვლისას აღსრულების სპფეციფიკურ სახეს განეკუთვნება, რა დროსაც სასამართლო აქტი აღსრულდება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხზე ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული ქტის გამოცემის მეშვეობით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამგვარი სასამართლო აქტის აღსრულებისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით შეასრულოს სასამართლოს დავალება. არამედ, ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელიც სასამართლომ გამოურკვევლად და დაუდგენლად ჩათვალა და ამავდროულად, მათ გამოკვლევა-დადგენა სადავო საკითხის სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტისათვის აუცილებლად მიიჩნია, სათანადო პროცედურების და სამართლებრივი ინსტიტუტების მეშვეობით ჯეროვნად უნდა იქნეს გამოკვლეული, დადგენილი და შეფასებული.
საკასაციო სასამართლო დასძენს, რომ ზემოაღნიშნულის უგულებელყოფა უნდა შეფასდეს არა მხოლოდ, როგორც ადმინისტრაციული წარმოების პროცედურების არსებით დარღვევად, არამედ, ამავდროულად როგორც კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტის არაღსრულება, რაც სასამართლო აქტების სავალდებულობის შესახებ კონსტიტუციური დანაწესის იგნორირებას ნიშნავს“.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულო ხასიათი გულისხმობს იმას, რომ გადაწყვეტილება არ შეიძლება გაუქმდეს ან შეიცვალოს რომელიმე ადმინისტრაციული ორგანოს, საჯარო თუ კერძო იურიდიული პირის ან ნებისმიერი თანამდებობის პირის მიერ, ამ ორგანოებსა და პირებს უფლება არ აქვთ სასამართლო გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღონ. მართლმსაჯულების ეფექტური განხორციელება სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებაში გამოიხატება, სამართლიანი განხილვის უფლება ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებასაც მოიცავს, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება, ევროპული კონვენცის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ,,სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად განიხილება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოტივებს, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 26 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ისე მიიღო ახალი 2014 წლის 23 იანვრის #01-19/33 ბრძანება, რომ საერთოდ არ უმსჯელია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, მტკიცებულებებზე და სასამართლოს დავალებაზე, რაც გადაწყვეტილების აღუსრულებლობაა, ვინაიდან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა დაედგინა - დასტურდებოდა თუ არა სადავო საცხოვრებელი ბინის გ. ტ-ოს მიერ კანონიერი სარგებლობის ფაქტი და ისე გამოეცა ახალი ადმინისტრაციული აქტი განმცხადებელ გ. ტ-ოს მიმართ. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ კი 2014 წლის 23 იანვარს მიიღო #01-19/33 ბრძანება, რომლითაც გ. ტ-ოს უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ ფართი არ ირიცხება სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის საბინაო საცხოვრებელ ფონდში ანუ ადმინისტრაციულმა ორგანომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მიიღო ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტი, იმავე საფუძველზე დაყრდნობით, რომელზეც მიუთითებდა იმ ადმინისტრაციულ აქტში, რომელიც სასამართლომ ბათილად ცნო.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივი დასკვნა, რომ აღსრულების ფურცლის გაცემა უკანონოა, რამდენადაც მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ნებაყოფლობით აღასრულა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის გამოცემით, არ შეესაბამება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით გათვალისწინებულ სასამართლო გადაწყვეტილების სახის ნამდვილ ფუნქციას, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არა მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით უნდა გამოსცეს აქტი არამედ, გამოიკვლიოს ყველა ის ფაქტები და გარემოებები, რომელთა დაუდგენლობის გამო ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა ხელახლა საკითხის განხილვა და კანონიერი ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ გ. ტ-ოს განცხადება ხელახლა უნდა განიხილოს, რამდენადაც გასაჩივრებულ განჩინებაში ჩამოყალიბებულ სასამართლო დასკვენები არ გამომდინარეობს საქმის მასალების ჯეროვანი შესწავლისა და ობიექტური გამოკლევიდან. სასამართლომ უნდა იმსჯელოს გ. ტ-ს ნების გამოვლენის - სასამართლოსადმი განცხადებით მიმართვის - ყადაღის მოხსნის თაობაზე, გარეშე შეუძლია თუ არა ქობულეთის საკრებულოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ადმინისტრაციული სამართლის თეორაში ცნობილ და პრაქტიკაში ათასგზის გამოყენებული ე.წ. პირობით გამოცემული ინდივიდუალური აქტის მიღება, როგორც ამის გამორკვევა დაავალა სასმართლომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით - გ. ტ-ოს მიერ სადავო საცხვოვრებელი ბინის კანონიერი სარგებლობის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში.
შესაბამისად, გ. ტ-ოს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 26 თებერვლის განჩინება და განცხადების განხილვის სტადიიდან საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე, 372-ე, 390-ე, 399-ე, 412-ე, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. ტ-ოს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 26 თებერვლის განჩინება და განცხადების განხილვის სტადიიდან საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე