საქმე #ბს-230-227(კ-14) 24 ივნისი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 21 იანვრის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე ქ. თბილისის მერიის სარჩელისა გამო, მოპასუხის - ზ. თ-ის მიმართ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო თანხის დაკისრების თაობაზე).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ქ. თბილისის მერიამ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხის ზ. თ-ის მიმართ და მოითხოვა ზ. თ-ს ქ. თბილისის მერიის სასარგებლოდ დაკისრებოდა აღნაგობის საურავის დავალიანების - 68,2 ლარის, აღნაგობის დავალიანების გამო დარიცხული პირგასამტეხლოს 355,23 ლარისა და ქ. თბილისის თვითმმართველ ერთეულსა და ზ. თ-ს შორის დადებული ხელშეკრულების 11.1 პუნქტის დარღვევის გამო დარიცხული პირგასამტეხლოს - 100 ლარის გადახდა (იხ. ს.ფ. 1-10).
შესაგებლით ზ. თ-მა სარჩელი ცნო ნაწილობრივ; კერძოდ, ძირითადი დავალიანების გადახდის ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 41-48).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე - ზ. თ-ს ქ. თბილისის მერიის სასარგებლოდ დაეკისრა აღნაგობის დავალიანების - 68,2 ლარისა და პირგასამტეხლოს - 355,23 ლარის ანაზღაურება; მოპასუხე ზ. თ-ს ქ. თბილისის მერიის სასარგებლოდ დაეკისრა აღნაგობის ღირებულების დავალიანების საბოლოო აღსრულებამდე აღნაგობის დავალიანების - 68,2 ლარის 0.1%, მაგრამ არანაკლებ 1 (ერთი) ლარის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ზ. თ-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით - 100 ლარის ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 59-65).
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 69-79).
სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი სააპელაციო შესაგებლით ზ. თ-მა მოითხოვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 89-95).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 21 იანვრის განჩინებით ქ. თბილისის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 116-117).
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამ და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 133-142; ტ.2)
საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 2 მაისის განჩინებით ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მხარეებს საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად განესაზღვრათ 15 დღიანი საპროცესო ვადა (იხ. ს.ფ. 146-147).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორის _ ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ ქ. თბილისის მერიის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე