საქმე #ბს-254-251(კ-14) 24 ივნისი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 24 თებერვლის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე ე. ს-ის სარჩელისა გამო, მოპასუხის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრისა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ, ქმედების განხორციელების დავალების თაობაზე).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ე. ს-ემ სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრისა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა მოპასუხეს დაევალოს ე. ს-ის სახელზე გამოსცეს წყალტუბოს რაიონის სოფ. ... მდებარე წისქვილის საკუთრების დადასტურების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (იხ. ს.ფ. 2-10).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“ დაევალა ე. ს-ის სახელზე გამოსცეს წყალტუბოს რაიონის სოფ. ... მდებარე წისქვილის (რომელზედაც 2003 წლის 11 მარტს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წყალტუბოს სამმართველოს მიერ ჩატარდა აუქციონი პრივატიზაციის მიზნით) საკუთრების დადასტურების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; მოპასუხე სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“ დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით (იხ. ს.ფ. 108-115).
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 121-132).
სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი სააპელაციო შესაგებლით ე. ს-ემ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 150-158).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 24 თებერვლის განჩინებით სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 168-177).
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 178-189)
საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 5 მაისის განჩინებით სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მხარეებს საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად განესაზღვრათ 15 დღიანი საპროცესო ვადა (იხ. ს.ფ. 198-199).
საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი წერილობითი მოსაზრებით ე. ს-ემ მოითხოვა სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ. 213-219).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორის _ სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე