Facebook Twitter

საქმე #ბს-290-287(კს-14) 24 ივნისი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ თ. ფ-ა (ქორწინებამდელი გვარი: ხ-ი)

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) _ 1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;

2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახური;

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახმეტის სარეგისტრაციო სამსახური

მესამე პირი - შპს ,,...“

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 4 მარტის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2013 წლის 11 თებერვალს თ. ხ-მა სარჩელით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, თელავის სარეგისტრაციო სამსახურის, ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურისა და მესამე პირის შპს ,,...“ მიმართ და მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 5 ნოემბრის #892012075047-03, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 11 იანვრის #3625 და #3627 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, მ. ხ-ის 1999 წლის 12 ნოემბრის #6792/99 საკუთრების უფლების მოწმობის არარად აღიარება და ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება ქმედების განხორციელების თაობაზე (იხ. ტ. 1; ს.ფ. 3-19)

თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ტ. 2; ს.ფ. 380-389).

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ხ-ის წარმომადგენელმა თ. მ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ტ. 2; ს.ფ. 401-422).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 13 თებერვლის განჩინებით თ. ხ-ს დაუდგინდა ხარვეზი სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო (იხ. ტ. 3; ს.ფ. 2-3).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 4 მარტის განჩინებით თ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ მოტივით, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო (იხ. ტ. 3; ს.ფ. 6-8).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. ფ-ამ (ქორწინებამდელი გვარი: ხ-ი), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად დამატებითი ვადის განსაზღვრა (იხ. ტ. 3; ს.ფ. 22-23).

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავდა, რომ სარჩელის აღძვრის შემდეგ, 2013 წლის 12 თებერვალს დაქორწინდა ქ. ვილნიუსში მცხოვრებ, ლიტვის მოქალაქეზე დ. ფ-ზე. ქორწინების შედეგად მიიღო მეუღლის გვარი - ფ-ა. აღნიშნულის გამო უწევდა დროდადრო საქართველოს დატოვება და მეუღლის საცხოვრებელ ადგილას წასვლა. აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. კერძოდ, ტრამვის შედეგად დასჭირდა მენჯ-ბარძაყის ძვლის მკურნალობა, რის გამოც მეუღლემ წაიყვანა ევროპაში.

აღნიშნულის გამო, ვერ მოახერხა ადვოკატ თ. მ-ისათვის ეცნობებინა მისი ადგილსამყოფელი და საკონტაქტო ტელეფონი. რამდენიმეჯერ თავადაც სცადა ადვოკატთან დაკავშირება და ვერ შეძლო.

უკანასკნელად მკურნალობა ჩაუტარდა დიდ ბრიტანეთში, საიდანაც თურქეთის გავლით საქართველოში დაბრუნდა 2014 წლის 10 აპრილს. საქართველოში დაბრუნებულმა მიაკითხა თ. მ-ს, რომელმაც განუმარტა, რომ ვერ შეძლო მასთან დაკავშირება, რათა ეცნობებინა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი და ვინაიდან, ადვოკატმა ვერ გაარკვია მარწმუნებლის პოზიცია, არ და ვერ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, რისი ვალდებულებაც თავად არ გააჩნდა და სწორედ ამ მიზეზით ვერ მიმართა სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის გადავადების ანდა ხარვეზზე ვადის გაზრდის განცხადებით.

კერძო საჩივრის ავტორის აღნიშვნით, მას არ დაუკარგავს ინტერესი საქმის განხილვის და სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობა არც მისი და არც მისი მარწმუნებლის ბრალით არ მომხდარა. აღნიშნული გამოიწვეულ იქნა მისი საქართველოში არ ყოფნით, ჯანმრთელობის პრობლემებითა და წარმომადგენელთან კონტაქტის დაუმყარებლობით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ. ფ-ას (ქორწინებამდელი გვარი: ხ-ი) კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 4 მარტის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის სწორად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე არსებითად სწორი განჩინება დაადგინა, კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ, რის გამოც არ არსებობს სსსკ-ის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 407.2 მუხლის შესაბამისად, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა შესახებ კერძო საჩივრის ავტორს არ წამოუყენებია დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზია, კერძოდ, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 13.02.2014წ. განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო და განესაზღვრა 7-დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად (იხ. ტ. 3; ს.ფ. 2-3). აღნიშნული განჩინება თ. ხ-ის წარმომადგენელს თ. მ-ს ჩაჰბარდა 2014 წლის 15 თებერვალს (იხ. ტ. 3; ს.ფ. 5). შესაბამისად, ხარვეზის აღმოფხვრის ვადა აპელანტს ამოეწურა 2014 წლის 24 თებერვალს, მაგრამ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლად დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას, ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ ვის მიერ არის განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა (სასამართლოსა თუ კანონისმიერი), განასხვავებენ კანონის და სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ასევე საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს კანონისმიერ ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, თუ მხარემ კანონისმიერ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. ამასთან, განსხვავებით სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადისა, რომელიც შესაძლებელია გააგრძელოს სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით, კანონისმიერი ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებას კანონისმიერ განსაზღვრულ დროში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია პირთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისათვის, კერძოდ, კანონისმიერ განსაზღვრულ დროში მოქმედების შესრულება განაპირობებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1 მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60.2 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ თვეობით გამოსათვლელი ვადა იწყება იმ კალენდარული თარიღის შემდგომი დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი რჩება.

sაკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მოცემულ შემთხვევაში თ. ხ-ის წარმომადგენლის თ. მ-ის მიერ საპროცესო უფლება რეალიზებული არ იქნა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ანუ მხარემ არ შეასრულა საპროცესო მოვალეობა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად იქნა დატოვებული განუხილველად თ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი.

საკასაციო სასამართლო მართალია ითვალისწინებს კერძო საჩივრის ავტორის მიერ კერძო საჩივარში მითითებულ ჯანმრთელობის მდგომარეობას, მაგრამ ვერ გაიზიარებს მის არგუმენტს, რომ სასამართლოს მიერ მითითებული ხარვეზის გამოუსწორებლობა არც მისი და არც მისი წარმომადგენლის ბრალით არ მომხდარა, აღნიშნული გამოიწვია აპელანტის საქართველოში არ ყოფნამ, ჯანმრთელობის პრობლემებმა და წარმომადგენელთან კონტაქტის დაუმყარებლობამ, ვინაიდან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აპელანტის თ. ხ-ის წარმომადგენელს თ. მ-ს შეეძლო ესარგებლა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებით და სააპელაციო სასამართლოსათვის ეცნობებინა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის მიზეზები და ეშუამდგომლა სასამართლოში საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე, რათა შესძლებოდა მარწმუნებელთან დაკავშირება და მისთვის ხარვეზის განჩინების შინაარსის გაცნობა, რაც მას არ განუხორციელებია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თ. ფ-ას (ქორწინებამდელი გვარი: ხ-ი) კერძო საჩივარი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას, რამდენადაც სახეზე არ არის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 410-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. ფ-ას (ქორწინებამდელი გვარი: ხ-ი) კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 4 მარტის განჩინება; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე