Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-302-298 (კ-14) 12 ივნისი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ხ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.12.14წ. გადაწყვეტილებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 30.05.13წ. გადაწყვეტილებით ხ. ბ-ის სარჩელი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოსა და მესამე პირის - სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიმართ, პროფესიული განვითარების საბჭოს 08.07.08წ. №2 სხდომის ოქმის ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 08.07.08წ. №2 სხდომის ოქმი იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეს გაუუქმდა სახელმწიფო სერთიფიკატი სპეციალობაში „მეანობა-გინეკოლოგია” და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ხ. ბ-ის პროფესიული პასუხისმგებლობის თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.12.13წ. გადაწყვეტილებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.05.13წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ხ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მხარეებს განემარტათ, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელი იყო საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, მდებარე ქ. თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ხ. ბ-ემ.

საკასაციო სასამართლო გაეცნო ხ. ბ-ის საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 396-ე მუხლზე, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. სსკ-ის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.12.13წ. გადაწყვეტილების ასლი ხ. ბ-ის უფლებამოსილ წარმომადგენელს (რწმუნებულება ტ.1. ს.ფ. 17) - ზ. ბ-ეს გაეგზავნა 08.04.14წ. და სსკ-ის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად ჩაბარდა მის ოჯახის წევრს, მეუღლეს - თ. ჩ-ას, 2014 წლის 11 აპრილს, რაც დადასტურებულია უწყებაზე მისივე ხელმოწერით (ტ.2. ს.ფ. 178). საქმეში წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე დასმული კანცელარიის შტამპით ირკვევა, რომ ხ. ბ-ემ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანა 19.05.14წ. (ტ.2 ს.ფ. 179) ანუ სსკ-ის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული 21 დღიანი ვადის დარღვევით. ხსენებული განჩინების გასაჩივრების ვადა ხ. ბ-ისათვის სსკ-ის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დაიწყო 2014 წლის 12 აპრილს და სსკ-ის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად 2014 წლის 02 მაისს ოცდაოთხ საათზე ამოიწურა, რომელიც იყო სამუშაო დღე პარასკევი და არ ემთხვეოდა უქმე და დასვენების დღეს. შესაბამისად ხ. ბ-ისათვის საკასაციო საჩივრის წარდგენის უკანასკნელ დღე იყო 2014 წლის 02 მაისი, ხ. ბ-ემ საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოში შეიტანა 2014 წლის 19 მაისს, 17 დღის დაგვიანებით. სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მხარე ვალდებულია, კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რომელთა შესრულების ვადებიც კანონმდებელმა დააწესა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ ხ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დაგვიანებით წარდგენის გამო დაკარგა ისეთი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, როგორიცაა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება. შესაბამისად, სსკ-ის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საკასაციო საჩივრის შეტანის 21 დღიანი ვადის დარღვევის გამო ხ. ბ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 397-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ხ. ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.12.14წ. გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე