Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-348-344(კ-14) 12 ივნისი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა შპს „…“ საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებაზე, მოწინააღმდეგე მხარის _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, მესამე პირების - გ. ს-ასა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მონაწილეობით.

2011 წლის 27 აპრილს შპს „...“ სასარჩელო განცხადებით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, ხოლო მესამე პირად მიუთითა გ. ს-ა.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 27 მაისის საოქმო განჩინებით მესამე პირი - გ. ს-ა საქმეში ჩაება მოპასუხედ.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 27 ივნისის განჩინებით დამტკიცდა მხარეთა შორის მორიგება და მოცემული საქმის წარმოება შეწყდა. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ს-ამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 სექტემბრის განჩინებით გ. ს-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 27 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 დეკემბრის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ნოემბრის განჩინებით შპს „...“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ს-ამ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 6 ივნისის განჩინებით გ. ს-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „...“ სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გ. ს-ას სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე – ქ. სამტრედიაში, ... ქ. №6-ში მდებარე შენობასა და მიწის ნაკვეთზე.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახურმა და გ. ს-ამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახურისა და გ. ს-ას სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწვეტილება; შპს „...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...“, რომელმაც მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 11 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლზე, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების (განჩინების) გადაცემის მომენტად კი ითვლება ამ განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ჩაბარება მითითებული კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილი განსაზღვრავს, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტულურ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 11 მარტის გადაწყვეტილების შემცველი გზავნილი 2014 წლის 22 აპრილს გაეგზავნა კასატორს შპს „...“ და კანონით დადგენილი წესით 2014 წლის 24 აპრილს ჩაბარდა შპს „...“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს - ი. გ-ეს (ტ. IV, ს.ფ. 129), რაც დასტურდება შეტყობინების ბარათზე პირის ხელმოწერითა და შპს „...“ ბეჭდით.. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გასაგზავნად ფოსტაში შეტანილ იქნა 2014 წლის 16 მაისს ადვოკატის - ლ. ყ-ის მიერ, ამასთან, საკასაციო საჩივრის შედგენის თარიღადაც კასატორის მიერ 2014 წლის 16 მაისია მითითებული (ტ. IV, ს.ფ. 165; 167).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 11 მარტის გადაწყვეტილების ასლი შპს „...“ 2014 წლის 24 აპრილს ჩაბარდა, გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის ათვლა 2014 წლის 25 აპრილიდან უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, განჩინების გასაჩივრების 21 დღიანი ვადა 2014 წლის 15 მაისს (ხუთშაბათს) 24 საათზე იწურებოდა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი (განცხადება) რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორმა დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საკასაციო საჩივრის შეტანის 21 დღიანი ვადა, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 447.1 მუხლის შესაბამისად, კასატორს - შპს „...“ სრულად უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მისი სახელით ადვოკატის - ლ. ყ-ის მიერ 2014 წლის 16 მაისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 397-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს შპს „...“ საკასაციო საჩივარი;

2. კასატორს - შპს „...“ სრულად დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მისი სახელით ადვოკატის - ლ. ყ-ის მიერ 2014 წლის 16 მაისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ლ. მურუსიძე