Nბს-354-344 (კ-13) 17 ივნისი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი _ ა. ვარდიძე
კასატორი (მოპასუხე) _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, წარმომადგენელი ეთერ საბიაშვილი;
თავდაპირველი მოპასუხე-სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების სააგენტო;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ზ. წ-ე, წარმომადგენელი ნ. ყ-ი;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება;
დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის ქმედების განხორციელების დავალება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2013 წლის 14 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ზ. წ-ემ მოპასუხეების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა მოსარჩელისათვის ასაკით პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრის 2012 წლის 29 აგვისტოს N04-03/3852 აქტისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2012 წლის 10 დეკემბრის N04/77326 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრის დავალება მოსარჩელეს 2012 წლის 22 ივნისიდან დაუნიშნოს ასაკით პენსია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით ზ. წ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე, კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოადგენს საპენსიო ასაკს მიღწეულ პირს, რომელიც დასაქმებულია აიპ ,,საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში’’ ... ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე და იმავდროულად არის ... დეპარტამენტის სრული პროფესორი. დაფინანსება ხორციელდება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლებიდან. სასამართლომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გაცემული 2012 წლის 25 აპრილის №04-01/27973 წერილსა და 2013 წლის 07 თებერვლის №04-02/8307 წერილის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ ა(ა)იპ ,,საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი’’ წარმოადგენს საბიუჯეტო ორგანიზაციას.
პირველი ინსტანციის მოსაზრებით, ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ’’ კანონის მიზნებისათვის, სახელმწიფო პენსიის დანიშვნა დაუშვებელია იმ შემთხვევაში, თუ პირი ეწევა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობისა, ადმინისტრაციულ ორგანოში, ან სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში. ასევე მიუთითებს იმ გარემოებას, რომ კანონმდებელმა აკრძალა ანაზღაურებადი საქმიანობის გაწევა ორი სახის დაწესებულებაში – ადმინისტრაციულ ორგანოში და საბიუჯეტო ორგანიზაციაში (მართალია საბიუჯეტო ორგანიზაცია ძირითადად წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, მაგრამ კანონმდებლის მიერ დამატებით განისაზღვრა ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელება არაადმინისტრაციულ ორგანოში, რომელიც წარმოადგენს საბიუჯეტო ორგანიზაციას).
სასამართლომ მიუთითა, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციის განმარტებას იძლევა საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე–6 მუხლის „ს“ ქვეპუნქტი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 31-ე მუხლი. აღნიშნული განმარტებების მიხედვით საბიუჯეტო ორგანიზაციად ითვლება: „მხარჯავი დაწესებულება (ანუ ბიუჯეტის პროგრამულ კლასიფიკაციაში პირველი თანრიგით გათვალისწინებული საბიუჯეტო ორგანიზაცია) ან/და ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში თანხის განკარგვის უფლებამოსილების მქონე ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს საკუთარი ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, ბიუჯეტის შესრულებასა და ანგარიშგებას დადგენილი ნორმების, პროცედურებისა და წესების თანახმად“.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბერის №215/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ წესდების 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დეკანი და მათი მოადგილეები, უნივერსიტეტის ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელი, ამავე წესდების მე-20 მუხლის შესაბამისად 1. დეკანს, აკადემიური საბჭოს წარდგინებით, თანამდებობაზე ირჩევს ფაკულტეტის საბჭო. 2. დეკანი აირჩევა 4 წლის ვადით. დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 3. დეკანის თანამდებობაზე კანდიდატთა რეგისტრაციისა და არჩევნების ჩატარების წესები განისაზღვრება არჩევნების ჩატარების საუნივერსიტეტო დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს აკადემიური საბჭო.
სასამართლოს მოსაზრებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ცალსახად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს მიეკუთვნება არამარტო სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირები (გარდაპოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), არამედ ნებისმიერი პირი (ფიზიკური ან იურიდიული), რომელსაც მინიჭებული აქვს ისეთი ფუნქციის განხორციელება, რომლის შესრულება არ საჭიროებს მეორე მხარის თანხმობას და რომლის უკანაც სახელმწიფო იძულების მექანიზმი დგას.
პირველი ინსტანციის სასამართლომ იხელმძღვანელა ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით ,,სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის შესახებ’’ და მიუთითა, რომ ვინაიდან დღეის მდგომარეობით მოსარჩელე ზ. წ-ე დასაქმებული არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში დეკანის თანამდებობაზე და უკავია ადმინისტრაციული თანამდებობა და იმავდროულად არის ... დეპარტამენტის სრული პროფესორი და მოსარჩელე ეწევა საჯარო საქმიანობას და მუშაობის პერიოდში სახელმწიფო პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, ასაკით პენსიის მიღების უფლებას ვერ მოიპოვებდა. შესაბამისად, სოციალური მომსახურების სააგენტო დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრმა 2012 წლის 29 აგვისტოს №04-03/3852 გადაწყვეტილებით უარი უთხრა მოსარჩელეს ასაკით პენსიის დანიშვნის თაობაზე, რაც ასევე კანონიერად იქნა მიჩნეული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2012 წლის 10 დეკემბრის №04/77326 გადაწყვეტილებით.
სასამართლოს მოსაზრებით, ზემოაღნიშნული ცალსახად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №215/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დელეგირებული აქვს საჯარო სამართლებრივი ფუნქციები და შესაბამისად, მოსარჩელე ეწევა საჯარო საქმიანობას, რაც „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით წარმოადგენს „საჯარო საქმიანობას“, რაც სახელმწიფო პენსიის დანიშვნის მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. წ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით ზ. წ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ზ. წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრის 2012 წლის 29 აგვისტოს #04-03/3852 აქტი და სოციალური მომსახურების სააგენტოს 2012 წლის 10 დეკემბრის #04/77326 გადაწყვეტილება; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრს დაევალა გამოეცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზ. წ-ის მიმართ, ასაკის საფუძვლით სახელმწიფო პენსიის დანიშვნის შესახებ, პენსიის დასანიშნად მიმართვის დღიდან.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელეს არ დაენიშნა ასაკის საფუძვლით პენსია, ვინაიდან ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე სამეცნიერო მოღვაწეობასთან ერთად, ახორციელებს საჯარო საქმიანობას; შესაბამისად, დავის გადასაწყვეტად პალატის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია იმ გარემოების შეფასება მოსარჩელის საქმიანობა აიპ ,,საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში’’ დეკანის თანამდებობაზე წარმოადგენს თუ არა ისეთ საჯარო საქმიანობას, რაც გამორიცხავს პენსიის მიღების უფლების რეალიზაციის შესაძლებლობას.
სააპელაციო პალატამ მიუთითა ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლზე, რომლის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის მიღწევა; ამასთანავე, ამავე მუხლით დადგენილია, რომ პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში; სააპელაციო პალატის მითითებით, იმის განმარტება, თუ ამ კანონის მიზნებისათვის რა მიიჩნევა ისეთ საჯარო საქმიანობად, რომელიც გამორიცხავს პენსიის მიღების შესაძლებლობას, მოცემულია ამავე კანონის მე-4 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტში, რომლის მიხედვით საჯარო საქმიანობაა ადმინისტრაციულ ორგანოში ან სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში განხორციელებული ანაზღაურებადი საქმიანობა, გარდა სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობისა. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირს პენსიაზე უფლება არ წარმოეშობა საპენსიო ასაკის მიღწევის მიუხედავად, თუ ის დასაქმებულია საბიუჯეტო დაწესებულებაში.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საბიუჯეტო დაწესებულებაა ის დაწესებულება, რომლის საქმიანობაც მთლიანად ან ნაწილობრივ ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ასეთი შეიძლება იყოს არა მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანო, არამედ სხვა საწარმო, დაწესებულება თუ ორგანიზაცია, რომელიც დელეგირების საფუძველზე ახორციელებს საჯარო ფუნქციებს და იმყოფება ბიუჯეტის დაფინანსებაზე. შესაბამისად, პენსიის უფლება დამოკიდებული არ არის იმაზე, დამსაქმებელი ადმინისტრაციული ორგანოა, თუ კერძო საწარმოა დელეგირებული საჯარო ფუნქციებით, ან იმაზე, რა სახის საჯარო ფუნქციებს ახორციელებს საპენსიო ასაკს მიღწეული პირი ამ დაწესებულებაში, არამედ ის დამოკიდებულია მხოლოდ იმაზე, თუ რა სახსრებია საჯარო ფუნქციების განმახორციელებელი პირის ხელფასის დაფინასების წყარო, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, კანონმდებელი პენსიასთან შეუთავსებლად მიიჩნევს საბიუჯეტო დაწესებულებაში ,,ანაზღაურებად საქმიანობას“ და არა მხოლოდ საჯარო საქმიანობას, რომელიც შეიძლება ხორციელდებოდეს არასაბიუჯეტო დაწესებულებაშიც დელეგირების საფუძველზე.
სააპელაციო პალატამ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე–4 მუხლის საფუძველზე განმარტა, რომ პენსიის მომთხოვნი პირი კარგავს პენსიის მიღების უფლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი საჯარო საქმიანობისათვის ხელფასის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს საბიუჯეტო სახსრები, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ასეთი დაფინასება ხორციელდება სამეცნიერო ან პედაგოგიური საქმიანობისათვის.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ დავაში ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ა(ა)იპ ,,საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი“, სადაც საჯარო საქმიანობას ეწევა მოსარჩელე, მართალია, სახელმწიფოსაგან დელეგირების საფუძველზე ახორციელებს საჯარო ფუნქციებს, მაგრამ ამ ფუნქციების განსახორციელებლად დაფინანსებას არ იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან; კერძოდ, სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ აიპ „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ მიერ გაცემულ ცნობაზე, რომლის შესაბამისად, მოსარჩელის ხელფასის დაფინანსება დეკანის თანამდებობაზე ხორციელდება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლებიდან. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სახეზეა ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც ადასტურებს მოსარჩელის უფლებას, მიიღოს პენსია ასაკის საფუძვლით საჯარო საქმიანობის განხორციელების პირობებშიც.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სახეზეა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული, სადავო აქტების–სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრის 2012 წლის 29 აგვისტოს #04-03/3852 და სოციალური მომსახურების სააგენტოს 2012 წლის 10 დეკემბრის #04/77326 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრისათვის ქმედების განხორციელების დავალების წინაპირობები.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. კასატორმა აღნიშნა, რომ ის დაწესებულება, სადაც მოსარჩელეა დასაქმებული, წარმოადგენს საბიუჯეტო დაწესებულებას, თანახმად საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის ,,რ’’ ქვეპუნქტებისა. ამასთანავე, თუ პირს ერთდროულად პედაგოგიურ ან სამეცნიერო საქმიანობასთან ერთად, იმავე ან სხვა დაწესებულებაში უკავია ადმინისტრაციული თანამდებობა ან ეწევა სხვა საჯარო საქმიანობას, მოქმედი კანონმდებლობით, მუშაობის პერიოდში მოკლებულია პენსიის მიღების შესაძლებლობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში დაცული მასალებით დადგენილია, რომ ზ. წ-ე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრისათვის მიმართვის მომენტისათვის არის ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული საპენსიო ასაკს მიღწეული პირი, საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ იგი მუშაობს ა(ა)იპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ... ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე და ... დეპარტამენტში სრულ პროფესორად.
მოსარჩელის მიერ პენსიის დანიშვნის მოთხოვნის მომენტისათვის (2012 წლის 22 ივნისი) მოქმედი ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად პენსიის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. ამასთანავე, ამავე კანონის მე-4 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტით საჯარო საქმიანობა არის ადმინისტრაციულ ორგანოში ან სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში განხორციელებული ანაზღაურებადი საქმიანობა, გარდა სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობისა.
,,სახელმწიფო პენსიის შესახებ’’ საქართველოს კანონში 1.11.2013წ. N1490 კანონით შეტანილი ცვლილებებით აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით, საჯარო საქმიანობა არის საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, სკოლამდელი აღზრდის, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა, რომლის შესახებ ინფორმაციას კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; კანონის აღნიშნული რედაქცია ამოქმედდა 2013 წლის 1 დეკემბრიდან.
კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციული სარჩელის საგანს წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრის 2012 წლის 29 აგვისტოს N04-03/3852 გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2012 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ასევე მოპასუხის დავალდებულება ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ზ. წ-ის მიმართ ასაკის საფუძვლით სახელმწიფო პენსიის დანიშვნა. ამასთან, როგორც მხარეებმა საკასაციო სასამართლოს სხდომებზე დაადასტურეს სადავო სამართალურთიერთობა მოიცავს 2012 წლის ივლისიდან ახალ 1.11.2013წ. N1490 საკანონმდებლო ცვლილებამდე არსებულ პერიოდს, შესაბამისად, დავის სწორად გადაწყვეტა საჭიროებს მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციული ორგანოებისათვის მიმართვის დროს მასში საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებამდე მოქმედი ნორმების სწორ განმარტებას.
როგორც ადმინისტრაციული ორგანოს, ასევე მისი ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზ. წ-ეს ასაკის გამო სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელე წარმოადგენს საბიუჯეტო ორგანიზაციაში დასაქმებულ პირს, რომელიც ეწევა ადმინისტრაციულ ფუნქციებს და ახორციელებს საჯარო საქმიანობას, შესაბამისად, იგი ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ’’ საქართველოს კანონით პენსიის მიღებაზე უფლებამოსილ პირს არ წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ’’ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის პენსიის დანიშვნის მოთხოვნით მიმართვის მომენტში მოქმედ რედაქციას და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოცემული კანონის მიზნებისათვის კანონმდებელმა პენსიის მიღებაზე უფლებამოსილ პირად არ მიიჩნია საპენსიო ასაკს მიღწეული პირი, რომელიც ეწევა საჯარო საქმიანობას. ამავე კანონის მე-4 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტმა ამ კანონის მიზნებისათვის განმარტა საჯარო საქმიანობის ცნება და გარდა სამეცნიერო საგანმანათლებლო საქმიანობისა, ადმინისტრაციულ ორგანოში ან სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში განხორციელებული ანაზღაურებადი საქმიანობა ჩათვალა პენსიის დანიშვნასთან შეუთავსებელ საქმიანობად. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის’’ მესამე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობა არის საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი სამეცნიერო-კვლევით, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ, უმაღლეს, სკოლისგარეშე, სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებაში სამეცნიერო ან პედაგოგიურ თანამდებობაზე მუშაობა. ამდენად, საჯარო საქმიანობის განხორციელების ცნების სწორი გაგება საჭიროებს ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ’’ კანონის ნორმების ტელეოლოგიურ განმარტებას, რათა გარკვეულ იქნეს კანონის ობიექტური მიზანი.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2014 წლის 21 იანვრის განჩინებაში საქმეზე №ბს-381-370(კ-13) განმარტა, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონით ტერმინი „პენსია“ დეფინირებულია შემდეგნაირად: პირისთვის ამ კანონის შესაბამისად დანიშნული ყოველთვიური ფულადი სარგებლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის ერთობლიობა. საპენსიო უზრუნველყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხორციელდება, რის გამოც მას სახელმწიფო პენსიის სტატუსი გააჩნია. საპენსიო უზრუნველყოფის სისტემა და პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ მოხდეს ორი ფულადი გასაცემლის გაცემა, შესაბამისად, სახელმწიფო პენსიის მიღების გამომრიცხველი ფაქტორია, თუ პირი არის საჯარო საქმიანობის განმხორციელებელი, რაც ნიშნავს, რომ პენსიის დანიშვნის მოთხოვნის მომენტში პირი იმავდროულად არ უნდა იყოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხელფასის მიმღები სუბიექტი (რაც გამორიცხავს სახელმწიფო დაფინანსებით ერთდროულად ხელფასისა და პენსიის მიღების შესაძლებლობას)’’.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის დადგენის მიზანს სწორედ ის წარმოადგენდა, რომ არ განხორციელებულიყო საბიუჯეტო სახსრებიდან პირისთვის ორი სახის გასაცემლის გაცემა, რაც გამოიხატა ამკრძალავი ნორმის დადგენაში ადმინისტრაციულ და საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ იმ საპენსიო ასაკს მიღწეული პირების მიმართ, რომელთა ხელფასის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. ამდენად, კანონმდებელმა პენსიასთან შეუთავსებლად საბიუჯეტო დაწესებულებაში ,,ანაზღაურებადი საქმიანობა“ მიიჩნია და არა მხოლოდ საჯარო საქმიანობა, რომელიც ამ კანონისა და ზაკ-ის მე-2 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, შეიძლება ხორციელდებოდეს არასაბიუჯეტო დაწესებულებაშიც დელეგირების საფუძველზე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ კონკრეტულ დავაში მნიშვნელოვანია გაირკვეს მოსარჩელის ხელფასის ფორმირების წყარო, რამდენადაც სწორედ კანონის მიზნებიდან გამომდინარე ეს განაპირობებს პენსიის მიღების უფლების არსებობა-არარსებობის საკითხს და არა მხოლოდ ის გარემოება, მოსარჩელე დასაქმებულია თუ არა საბიუჯეტო დაწესებულებაში. ა(ა)იპ საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის 2013 წლის 19 თებერვლის N74-01-309/01-25 ცნობის თანახმად, ზ. წ-ე მუშაობს ა(აიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ... დეკანის და ... დეპარტამენტის სრული პროფესორის თანამდებობაზე. დაფინანსება ხორციელდება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლებიდან. ამდენად, მიუხედავად მოსარჩელის საბიუჯეტო ორგანიზაციაში დასაქმებისა, მისი ხელფასი არ ფინანსდება საბიუჯეტო სახსრებიდან, შესაბამისად არ არსებობს არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი წანამძღვრები იმისათვის, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვას ასაკის საფუძვლით სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით დაწესებული აკრძალვა არ უნდა გავრცელდეს მოსარჩელეზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, იგი პენსიის მოთხოვნის მომენტში არ არის საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი პირი, შესაბამისად, მის მიმართ ამ კანონისმიერი დათქმის საფუძველზე პენსიის დანიშვნაზე უარი ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, რასაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.1. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება და დავა გადაწყვიტა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანისას არ დაურღვევია პროცესუალური და მატერიალური სამართლის ნორმები, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
მ. ვაჩაძე