საქმე ბს-623-598(კ-13) 17ივნისი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა ქათამაძე
სხდომის მდივანი - ანა ვარდიძე
კასატორი (მოსარჩელე) : მ. ს-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) : ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 23 სექტემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მოსარჩელე: მ. ს-ე
მოპასუხე: ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო
სარჩელის სახე: ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
სარჩელის საგანი:
1. ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2011 წლის 26 იანვრის №1-005 ბრძანების ბათილად ცნობა;
2. სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
სარჩელის საფუძველი:
ფაქტობრივი: მოსარჩელესა და ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის 2007 წლის 26 მარტს გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება და ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2007 წლის 26 მარტის №1 ბრძანებით დაინიშნა ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მთავარ სპეციალისტად, ხოლო 2011 წლის 26 იანვრის №1-005 ბრძანებით გათავისუფლდა სამსახურიდან 2007 წლის 26 მარტის №1 ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო.
მოსარჩელის მტკიცებით, ბრძანება მისი სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე უკანონოა, ვინაიდან, მხარეებს შორის 2007 წლის 26 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების ვადის _ ერთი წლის გასვლის შემდეგ მოპასუხეს იგი არ გაუთავისუფლებია სამსახურიდან, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ შრომითი ხელშეკრულება გაუგრძელდა უვადოდ.
სამართლებრივი: მოსარჩელის განმარტებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამსახური (შემდგომ - სამსახური) არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში. ამავე კანონის მე-2 მუხლს მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებს, რომლებში საქმიანობაც ითვლება საჯარო სამსახურად, წარმოადგენს - საკრებულო. ამავე კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად: საჯარო მოსამსახურე (შემდგომ - მოსამსახურე) ამ კანონით დადგენილი წესით ეწევა ანაზღაურებად საქმიანობას სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: მოსამსახურე, რომელსაც აქვს სამსახურებრივი ურთიერთობა სახელმწიფოსთან, არის სახელმწიფო მოსამსახურე, ხოლო პირი, რომელიც სამსახურებრივ ურთიერთობაშია ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულთან, არის ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურე. ამავე კანონის მე-5 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანამხად: ,,საჯარო სამსახურს ეწევა: მოხელე. მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, კი მოხელე არის პირი, რომელიც ინიშნება ან აირჩევა სახაზინო დაწესებულების საშტატო (შტატით გათვალისწინებულ) თანამდებობაზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: მოხელეები იყოფიან სახელმწიფო მოხელეებად და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებად. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14.1 მუხლის თანახმად: საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით, ამავე კანონის 21-ე მუხლის თანახმად, კი მოხელე სამსახურში მიიღება თანამდებობაზე დანიშვნით ან არჩევით. 23-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მოხელე სამსახურში ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება განუსაზღვრელი ვადით, გარდა ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თანამდებობაზე დანიშვნა ფორმდება ბრძანებით, განკარგულებით ან დადგენილებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის განმარტებით, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს - ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეს, რომელიც თანამდებობაზე მიღებული იყო განუსაზღვრელი ვადით, მიუხედავად ხელშეკრულებისა, მისი სამსახურში მიღება გაფორმდა ბრძანებით და მისი გათავისუფლებისას მოპასუხეს უნდა ეხელმძღვანელა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და არა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
მოსარჩელის მტკიცებით, არ შეიძლება მისი სამსახურიდან გათავისუფლება შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლის გამო, ვინაიდან საჯარო მოსამსახურე სამსახურში მიიღება განუსაზღვრელი ვადით და საჯარო მოსამსახურეზე ვრცელდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, რაც არ ითვალისწინებს განუსაზღვრელი ვადით მიღებული მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებას ვადის გასვლის გამო. მოსარჩელის განმარტებით, არ შეიძლებოდა მისი სამსახურში მიღება განსაზღვრული ვადით, შესაბამისად, მხარეებს შორის გაფორმებული შრომის ხელშეკრულების შესაბამისი პუნქტი, რომელიც მიუთითებს ხელშეკრულების მოქმედების ვადაზე, არის ბათილი, რადგან იგი ეწინააღმდეგება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
ამასთან, მოსარჩელის განმარტებით, თუნდაც შრომის ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო სამსახურიდან გათავისუფლების დასაშვებად მიჩნევის შემთხვევაშიც გასაჩივრებული ბრძანება მაინც უკანონოა, რადგან მხარეებს შორის 2007 წლის 26 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების ვადის გასვლისას ერთი წლის შემდეგ მოპასუხეს იგი არ გაუთავისუფლებია სამსახურიდან, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მას გაუგრძელდა შრომითი ხელშეკრულება უვადოდ.
ასევე გასაჩივრებული ბრძანება მიღებული იყო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52.2-ე მუხლის უგულებელყოფით, ვინაიდან, მასში არ იყო მითითებული ის ორგანო, რომელშიც შეიძლებოდა ბრძანების გასაჩივრება, მისი მისამართი და საჩივრის წარდგენის ვადა.
მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1.1, მე-4.1, მე-6, 21-ე, 23.1-ე, 37-ე 112-ე, 127-ე მუხლებზე და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსზე (იხ. ს.ფ. 2-15).
მოპასუხე - ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობამ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელე 2006 წლის 1 დეკემბერს დაინიშნა ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მთავარ სპეციალისტად. ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო, 2007 წლის 26 მარტს, მასთან გაფორმდა ახალი №1 ხელშეკრულება, ერთი წლის ვადით, 2008 წლამდე. 2009 წლის 26 იანვრის №97 ბრძანებით მოსარჩელეს გაუგრძელდა ხელშეკრულების ვადა ერთი წლით და დაუდგინდა ახალი თანამდებობრივი სარგო.
მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელის - მ. ს-ის სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 94-ე მუხლის საფუძველზე _ ვადის გასვლის გამო.
მოპასუხე არ იზიარებს, მოსარჩელის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ იგი ითვლებოდა მოხელედ, ვინაიდან, მოპასუხის განმარტებით, იმ პერიოდში საკრებულოში არ არსებობდა საშტატო ნუსხა და ყველა თანამშრომელი აყვანილი იყო ხელშეკრულებით, მათ შორის, მ. ს-ეც (იხ. ს. ფ. 25-32).
საქმის გარემოებები:
მოსარჩელესა და ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის 2007 წლის 26 მარტს გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება.
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2007 წლის 26 მარტის №1 ბრძანების თანახმად, დაინიშნა ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მთავარ სპეციალისტად, დანიშვნის საფუძვლად მიეთითა - პირადი განცხდება და ხელშეკრულება.
ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო, 2007 წლის 26 მარტს, მასთან გაფორმდა ახალი №1 ხელშეკრულება, ერთი წლის ვადით. 2009 წლის 26 იანვრის №97 ბრძანებით მოსარჩელეს გაუგრძელდა ხელშეკრულების ვადა ერთი წლით და განესაზღვრა ახალი თანამდებობრივი სარგოცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2011 წლის 26 იანვრის №1-005 ბრძანებით გათავისუფლდა სამსახურიდან 2007 წლის 26 მარტის №1 დადებული ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო.
რაიონული/საქალაქო/ სასამართლოს გადაწყვეტილება/სარეზოლუციო
ცაგერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლოს მიერ უდავოდ მიჩნეული ფაქტები:
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2006 წლის 01 დეკემბრის №1 ბრძანების თანახმად, მ. ს-ე დაინიშნა ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მთავარ სპეციალისტად.
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2011 წლის 26 იანვრის №1-005 ბრძანებით მ. ს-ს შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, მისი ვადის გასვლის გამო.
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2009 წლის 26 იანვრის №97 ბრძანების საფუძველზე, მოსარჩელეს გაუგრძელდა ხელშეკრულების მოქმედების ვადა ერთი წლით და განესაზღვრა ახალი თანამდებობრივი სარგო.
2011 წლის 26 იანვარს, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გამოსცა №1-005 ბრძანება ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის შესახებ, რომლის საფუძველზეც ვადის გასვლის გამო შეუწყდათ ხელშეკრულება 2011 წლის 27 იანვრიდან საკრებულოს აპარატის მთელ რიგ თანამშრომლებს, მათ შორის მოსარჩელესაც.
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ 2011 წლის 26 იანვარს გამოიცა №1-006 ბრძანება ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ, რითაც დასტურდება, რომ აღნიშნულ პერიოდამდე არ არსებობდა საშტატო ნუსხა და ყველა თანამშრომელი მიიღებოდა მხოლოდ ხელშეკრულებით, გარკვეული ვადით.
სასამართლოს მიერ სადავოდ მიჩნეული ფაქტები:
სადავოა გასაჩივრებული ინიდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება.
სასამართლოს დასკვნები - რაიონულმა სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა.
სადავოდ მიჩნეული ფაქტების შეფასება: რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტი, იმის თაობაზე, რომ ვინაიდან, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2007 წლის 26 მარტს გაფორმებული შრომის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, მოპასუხე არ გაათავისუფლა სამსახურიდან, ხელშეკრულება გაუგრძელდა უვადოდ. სასამართლოს შეფასებით, საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, წინა შრომითი ხელშეკრულება ძალას ინარჩუნებს იმდენად, რამდენადაც მისი დებულებები შეცვლილი არ არის შემდგომი ხელშეკრულებით.
სასამართლოს მითითებით, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 26 იანვრის №97 ბრძანების საფუძველზე, მოსარჩელეს გაუგრძელდა ხელშეკრულების მოქმედების ვადა ერთი წლით, რადგან მასში შეტანილ იქნა ცვლილება თანამდებობრივ სარგოებთან დაკავშირებით. მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ის ფაქტი, რომ მას გაეზარდა თანამდებობრივი სარგო, რაც სასამართლოს მოსაზრებით იმის დასტური იყო, რომ იგი დაეთანხმა ახალი ხელშეკრულების პირობებს.
სასამართლოს განმარტებით, მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საკითხი მოწესრიგებულია საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე და 38-ე მუხლებით. ხსენებული კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა.
სასამართლოს დასკვნით, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2011 წლის 26 იანვრის №1-005 ბრძანების თანახმად, ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო შრომითი ხელშეკრულება შეუწყდათ ცაგერის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს, მათ შორის, მ. ს-ესაც, რის საფუძვლადაც მითითებულია შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი, რაც შეესაბამებოდა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს.
სამართლებრივი შეფასება /კვალიფიკაცია/:
რაიონულმა სასამართლომ სარჩელის არ დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლებად მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლი; ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლი და საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლი.
აპელანტი: მ. ს-ე
მოწინააღმდეგე მხარე: ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო
აპელაციის საგანი და მოცულობა:
ცაგერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
აპელაციის მოტივები:
ფაქტობრივი: აპელანტის განმარტებით, 2008 წლის 26 იანვრის შემდეგ რადგან მოპასუხეს არ გაუთავისუფლებია სამსახურიდან შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო და არც 2009 წლის 26 იანვრის №97 ბრძანების შინაარსი გაუცვნია, მიუთითებს იმაზე, რომ მას შრომითი ხელშეკრულება უვადოდ გაუგრძელდა.
აპელანტის მტკიცებით, 2009 წლის 26 იანვრის №97 ბრძანებით გაგრძელებულ შრომით ხელშეკრულებას მოქმედების ვადა გაუვიდა 2010 წლის 26 იანვარს. მიუხედავად ამისა, 2010 წლის 26 იანვრიდან 2011 წლის 26 იანვრამდე ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შრომითი ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ რაიმე აქტი არ გამოუცია, ე.ი. რაიონული სასამართლოს მსჯელობის გაზიარების შემთხვევაშიც, რომ მისთვის ცნობილი იყო აღნიშნული ბრძანების შესახებ, 2010 წლის 26 იანვრიდან მასსა და მოპასუხეს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულება უვადოდ გაგრძელებულად ითვლება, ვინაიდან, მიუხედავად შრომითი ხელშეკრულების 1 წლიანი ვადის გასვლისა, არც მოპასუხეს არ გამოუცია ბრძანება მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, მოქმედების ვადის გასვლის გამო და არც მას შეუწყვეტია მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება, ე.ი. ხელშეკრულება გაგრძელდა უვადოდ.
სამართლებრივი: ამასთან, აპელანტის მოსაზრებით, შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო მისი გათავისუფლება იყო უკანონო, ვინაიდან, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს _ ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეს, რომელიც სამსახურში მიღებული იქნა განუსაზღვრელი ვადით (მიუხედავად მხარეებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებისა), მისი დანიშვნა გაფორმდა ბრძანებით და მისი გათავისუფლებისას მოპასუხეს უნდა ეხელმძღვანელა ”საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით. აპელანტის განმარტებით, საჯარო მოსამსახურე სამსახურში მიიღება განუსაზღვრელი ვადით და მასზე ვრცელდება ”საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი, რომელიც არ ითვალისწინებს განუსაზღვრელი ვადით მიღებული მოხელის გათავისუფლებას ვადის გასვლის გამო (იხ. ს.ფ. 115-123).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება /სარეზოლუციო/:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 23 სექტემბრის განჩინებით მ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ცაგერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება (იხ.ს.ფ. 171-177; ტ.2.).
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების გაზიარების თაობაზე სასამართლოს მსჯელობა:
სააპელაციო პალატის განმარტებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით.
საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლი არეგულირებს შრომითი ხელშეკრულების დადებას. აღნიშნული ნორმის (სადავო შრომითი ურთიერთობის პერიოდში მოქმედი რედაქციით) პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული, განუსაზღვრელი ან სამუშაოს შესრულების ვადით. ამავე კანონის 37-ე მუხლი განსაზღვრავს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლებს. მითითებული მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა.
,,საჯარო სამსახურის შესახებ ” საქართველოს კანონის 94-ე მუხლის თანახმად, სამსახურის ვადის გასვლასთან დაკავშირებით სამსახურიდან თავისუფლდება პირი, რომელიც თანამდებობაზე გარკვეული ვადით იყო არჩეული ან დანიშნული.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მ. ს-ე ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა 2007 წლის 26 მარტის შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, რომლითაც იგი დაინიშნა საკრებულოს მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. ხელშეკრულება ძალაში შევიდა მხარეების მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და ძალაში იყო ერთი წლის განმავლობაში, რის შემდეგაც მხარეებს შორის შრომის ხელშეკრულების მოქმედების ვადა ფაქტობრივად გრძელდებოდა 2009 წლის 26 იანვრამდე. ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2009 წლის 26 იანვრის №97 ბრძანებით მ. ს-ეს გაუგრძელდა ხელშეკრულების მოქმედების ვადა ერთი წლით, თუმცა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის შრომითი ურთიერთობა აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგაც გაგრძელდა. ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2011 წლის 26 იანვრის №1-005 ბრძანებით კი მ. ს-ეს 2011 წლის 27 იანვრიდან შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება მისი ვადის გასვლის გამო, რაც სრულ შესაბამისობაშია ზემოთ მითითებულ ნორმებთან.
სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ვინაიდან, ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ შრომითი ურთიერთობა ფაქტობრივად გაგრძელდა და ხსენებული ვადის დასრულებისთანავე არცერთ მხარეს არ მოუთხოვია მისი შეწყვეტა, შრომითი ურთიერთობა ითვლებოდა განუსაზღვრელი ვადით გაგრძელებულად.
სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა, საქართველოს 1973 წლის 28 ივნისის შრომის კანონთა კოდექსის 31-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, თუ შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) ვადის გასვლის შემდეგ შრომითი ურთიერთობა ფაქტიურად გრძელდებოდა და არც ერთი მხარე არ მოითხოვდა მის შეწყვეტას, ხელშეკრულების მოქმედება ითვლებოდა გაგრძელებულად განუსაზღვრელი ვადით, თუმცა მითითებული კოდექსი ძალადაკარგულია საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონით (რომელიც ამოქმედდა 2006 წლის 04 ივლისიდან). სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ამგვარ დათქმას არც სადავო შრომითი ურთიერთობის პერიოდში და არც ამჟამად მოქმედი შრომის კოდექსი აღარ ითვალისწინებს.
კასატორი: მ. ს-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) : ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობა
კასაციის საგანი და მოცულობა:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 23 სექტემბრის განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
კასაციის მოტივები/სამართლებრივი/:
პროცესუალური : კასატორის მითითებით გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული. გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ამასთან, სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არასწორად განმარტა კანონი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლების თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
მატერიალური: კასატორის მითითებით, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2006 წლის 1 დეკემბრის №1 ბრძანებით დაინიშნა ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მთავარ სპეციალისტად, რის საფუძვლადაც მითითებულია პირადი განცხადება და ხელშეკრულება.
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულს თავმჯდომარის 2009 წლის 26 იანვრის №7 ბრძანებით გაუგრძელდა ხელშეკრულების მოქმედების ვადა 1 წლით და განესაზღვრა ახალი თანამდებობრივი სარგო.
ცაგერის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის 2011 წლის 26 იანვრის №01-005 ბრძანებით საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო, 2011 წლის 27 იანვრიდან შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2009 წლის 26 იანვრის №97 ბრძანებით მოსარჩელეს გაუგრძელდა შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა 1 წლით, თუმცა ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა 1 წლის გასვლის შემდეგაც.
შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომაც დადგენილად მიიჩნია, რომ 2010 წლის 27 იანვრიდან 2011 წლის 27 იანვრამდე მხარეებს შორის შრომითი ურთიერთობა გაგრძელდა ახალი ვადიანი ხელშეკრულების გაფრომებისა და ცაგერის საკრებულოს მუნიციპალიტეტის ახალი ,,შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების“ შესახებ ბრძანების გამოცემის გარეშე. შესაბამისად, მხარეების მიერ შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის დასრულებისთანავე მხარეთა მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მოუთხოვნელობის გამო, მხარეებს შორის შრომითი ურთიერთობა ითვლება განუსაზღვრელი ვადით გაგრძელებულად.
კასატორის მტკიცებით, დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ ხდიან იმ ფაქტს, რომ მხარეებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლისას 2010 წლის 27 იანვრისას მხარეებს შორის ახალი ვადიანი ხელშეკრულება არ გაფორმებულა და არც ბრძანება არ გამოცემულა დამსაქმებლის - ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის და შრომითი ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით გაგრძელების შესახებ. აღნიშნული მიუთითებს, იმაზე, რომ მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედება ითვლება გაგრძელებულად განუსაზღვრელი ვადით.
სამართლებრივი: კასატორის მტკიცებით, სასამართლოს არ უნდა გამოიყენებინა შრომის კანონთა კოდექსი და უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 559.2 მუხლის ანალოგიის გამოყენებით.
საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი წერილობითი მოსაზრებით მ. ს-ის წარმომადგენელმა მოითხოვა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად (იხ. ს.ფ. 204-205).
წერილობით წარმოდგენილი მოსაზრებით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა მოითხოვა ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულომ (იხ. ს.ფ. 209-210)
საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წანამძღვრები:
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმე დასაშვებია ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლის თაობაზე და იგი მიჩნეულ იქნა დასაშვებად, როგორც აბსოლუტური კასაცია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 23 სექტემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია: ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2006 წლის 1 დეკემბრის №1 ბრძანებით მ. ს-ე ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულებთა მოთხოვნათა შესაბამისად, დაინიშნა ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მთავარ სპეციალისტად, დანიშვნის საფუძვლად მითითებულია პირადი განცხადება და ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 16).
2007 წლის 26 მარტის ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესა და მ. ს-ეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების 9.1 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 1 წლით. (იხ. ს.ფ. 17).
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2009 წლის 26 იანვრის №97 ბრძანებით ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მუშაკებს, მათ შორის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის საკითხებში საკრებულოს მთავარ სპეციალისტს _ მ. ს-ეს, გაუგრძელდათ ხელშეკრულებების მოქმედების ვადა 1 წლით და დაუდგინდათ ახალი თანამდებობრივი სარგოები (ს.ფ. 43-44).
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2011 წლის 26 იანვრის №1-005 ბრძანებით, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14, 93-ე, 94-ე, 104-ე მუხლების და საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულებების ვადის გასვლის გამო, 2011 წლის 27 იანვრიდან შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის 17 თანამშრომელს, მათ შორის, მ. ს-ეს (ს.ფ. 20-21).
2011 წლის 26 იანვარს, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამოიცა №1-006 ბრძანება, რომლითაც დამტკიცდა ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხა (ს.ფ. 39).
კონკრეტულ შემთხვევაში სარჩელის საგანს წარმოადგენს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2011 წლის 26 იანვრის №1-005 ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც ცაგერის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები და მათ შორის მოსარჩელეც დაითხოვეს სამსახურიდან, შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო, სადავო ბრძანების გაუქმებას მოსარჩელე ითხოვს იმ საფუძვლით, რომ 2007 წლის 26 მარტის ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესა და მ. ს-ეს შორის გაფორმებული ხელშეკრულება დაიდო 1 წლის ვადით, 1 წლის გასვლის შემდეგ მ. ს-ესა (დასაქმებული) და ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (დამსაქმებელი) შორის არ დადებულა ახალი ხელშეკრულება, იგი აგრძელებდა მუშაობას, 2009 წლის 26 იანვრის №97 ბრძანებით გაუგრძელდა ხელშეკრულება კვლავ 1 წლის ვადით, ანუ 2010 წლის იანვრამდე, მისი სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება კი, რომლის საფუძველი იყო ხელშეკრულების ვადის გასვლა, მიღებულია 2011 წლის 26 იანვარს.
საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით განმარტავს, დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია იმ საკითხის გარკვევა ხელშეკრულება (რომლის საფუძველზეც მოსარჩელე აიყვანეს სამსახურში) არის კერძო სამართლებრივი ხასიათის თუ ადმინისტრაციული ხელშეკრულება, ვინაიდან, განსხვავებულია მათი გაფორმების კრიტერიუმებიც და მათი სამართლებრივი ბუნებაც.
საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემდგენლობის უმრავლესობით განმარტავს, რომ ხელშეკრულება, როგორც სამოქალაქო სამართლის ინსტიტუტი არის ორმხრივი (ან მრავალმხრივი) ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულება იდება ხელშეკრულების მხარეების ურთიერთთანმხვედრი, საერთო მიზნისკენ მიმართული ნების გამოხატვის შედეგად. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის, როგორც საჯარო-სამართლებრივი, ასევე კერძო-სამართლებრივი ფორმები, ანუ მას შეუძლია დადოს როგორც ადმინისტრაციული ხელშეკრულება, ასევე სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.
სწორედ ადმინისტრაციული და სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულების გამიჯვნას ემსახურება ადმინისტრაციული ხელშეკრულების ცნების ლეგალურ დეფინიციაში მოცემული ელემენტი: ,,საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით“. ხელშეკრულების მიზანი უნდა განვსაზღვროთ მისი შინაარსიდან გამომდინარე, არსებითია იმის დადგენა, თუ როგორია საქმის ფაქტობრივი გარემოებების, განსაკუთრებით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ან დადგენილი მოთხოვნების სამართლებრივი ბუნება.
კონკრეტულ შემთხვევაში, ხელშეკრულება, რომლის შეწყვეტაც წარმოადგენს დავის საგანს, დადებულია ფიზიკურ პირსა და ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის.
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 2.4 მუხლით, ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებს, რომლებში საქმიანობაც ითვლება საჯარო სამსახურად, წარმოადგენენ: ა) საკრებულო; ბ) გამგეობა, მერია; გ) მუნიციპალიტეტი. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის თანახმად, საჯრო სამსახურის ერთ-ერთი სახეა ასევე ადგილობრივი თვითმმართველობა (მუხლი 3).
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრულია საჯარო მოსამსახურის სახეები, კერძოდ: საჯარო სამსახურს ეწევა: ა) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი; ბ) მოხელე; გ) დამხმარე მოსამსახურე; დ) შტატგარეშე მოსამსახურე. შტატგარეშე მოსამსახურე ეს არის - პირი, რომელიც დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით გარკვეული ვადით მიიღება სამსახურში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად (,,საჯარო სასახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 8.).
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი ასევე არეგულირებს შრომის კოდექსის მოქმედებას საჯარო მოსამსახურბზე, კერძოდ, 14.1 მუხლის შესაბამისად, საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით.
საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით მიიჩნევს, რომ მ. ს-ესა და ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის დადებულია ადმინისტრაციული ხელშეკრულება, ვინაიდან, მ. ს-ე დასაქმდა თანამდებობაზე, რომელიც განეკუთვნება საჯარო მოსამსახურის კატეგორიას, მისი ფუნქციები არ ატარებდა დამხმარე ხასიათს. იგი ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურის ორგანულ კომპეტენციას ახორციელებდა. აღნიშნულის დასტურია ის ფაქტი, რომ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 26 იანვრის №1-006 ბრძანებით დამტკიცდა ცაგერის მუნიციპალიტეტის აპარატის საშტატო ნუსხა და საკრებულოში დაშვებულ იქნა შტატები, მათ შორის, მ. ს-ის მიერ დაკავებული თანამდებობაც - წამყვანი სპეციალისტი - საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის საკითხებში (იხ. ს.ფ. 39; 40; პ.8).
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობას მიაჩნია, ის ფაქტი, რომ 2011 წლის 26 იანვრამდე მ. ს-ის მიერ დაკავებული თანამდებობა შტატებით დაშვებული არ იყო, არ განაკუთვნებს მას დამხმარე მოსამსახურის კატეგორიას, შესაბამისად, მ. ს-ე წარმოადგენს საჯარო მოსამსახურეს, რომელიც შტატის არარსებობის გამო აყვანილ იქნა სამსახურში ხელშეკრულებით, რომლის საფუძველზეც გამოიცა ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 26 იანვრის №97 ბრძანება (იხ. ს.ფ. 43-44), ამდენად, მ. ს-ე ახორციელებდა საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას, ხოლო მასთან დადებული ხელშეკრულება ატარებდა საჯარო უფლებამოსილების მიღწევის მიზანს, რის გამოც მისი დადების, შეწყვეტის ან შესრულების კანონიერება უნდა შეფასდეს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობის შეფასებით, სადავო ბრძანების გამოცემის საფუძველი არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება, ვინაიდან, მას გააჩნია ადმინისტრაციული ხელშეკრულების დამახასიათებელი ყველა ელემენტი, კერძოდ, მოსარჩელე შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან - ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან და მისი საქმიანობით იგი ახორციელებდა საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას.
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენელობის უმრავლესობის განმარტებით, ადმინისტრაციული ხელშეკრულების საკანონმდებლო საფუძვლები მოწესრიგებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის V თავით, ადმინისტრაციული ხელშეკრულების, როგორც საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით დადებული შეთანხმების, კანონიერად მიჩნევისათვის აუცილებელია იგი აკმაყოფილებდეს ადმინისტრაციული ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ, როგორც ფორმალურ ასევე მატერიალურ-სამართლებრივ მოთხოვნებს, კერძოდ: ადმინისტრაციული ხელშეკრულების ფორმალური კანონიერება გულისხმობს: 1. ორმხრივ ნებას, რომელიც გამოიხატება ოფერტსა და აქცეპტში. ანუ ადმინისტრაციული ხელშეკრულება შეიძლება ჩაითვალოს დადებულად თუ გამოხატულია მხარეთა ორმხრივი, თანმხვედრი ნება, ერთის მხრივ, წინადადების შეთავაზება (ოფერტი) ხელშეკრულების დადებაზე და მეორე მხარის მიერ გამოხატული თანხმობა (აქცეპტი) წარმოადგენს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების აუცილებელ წინაპირობას; 2. ხელშეკრულების ფორმა. ზოგადი ადმინისტრაციულ კოდექსის 69-ე მუხლის მიხედვით ,,ადმინისტრაციული ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხოლოდ წერილობითი ფორმით“. აღნიშნული კრიტერიუმი ერთ-ერთ განმასხვავებელ ფაქტორად გვევლინება კერძო სამართლებრივ ხელშეკრულებასთან მიმართებით.
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობის მითითებით, არამართებულია კასატორის აპელირება იმაზე, რომ ვინაიდან, 2009 წლის 26 იანვრის №97 ბრძანებით განსაზღვრული ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, მოსარჩელეს არ შეუწყვიტეს ხელშეკრულება, იგი ითვლებოდა განუსაზღვრელი ვადით დადებულად, რადგან განსაზღვრული ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების უვადო ხელშეკრულებაში გადაზრდის საკითხს ადგენდა საქართველოს შრომის კანონმდებლობა 2006 წლამდე.
2013 წლის 12 ივნისის №729 ცვლილებით შრომის კოდექსში შეტანილ იქნა ნორმა, რომლითაც ეს საკითხი კიდევ დაექვემდებარა თავდაპირველ მოწესრიგებას, კერძოდ, მე-6 მუხლის 13-ლი პუნქტის შესაბამისად: ,,თუ შრომითი ხელშეკრულება დადებულია 30 თვეზე მეტი ვადით, ან თუ შრომითი ურთიერთობა გრძელდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების ორჯერ ან მეტჯერ მიმდევრობით დადების შედეგად და მისი ხანგრძლივობა აღემატება 30 თვეს, ჩაითვლება, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება. ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები მიმდევრობით დადებულად ჩაითვლება, თუ არსებული შრომითი ხელშეკრულება გაგრძელდა მისი ვადის გასვლისთანავე ან მომდევნო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება დაიდო პირველი ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 60 დღის განმავლობაში. (12.06.2013. N729). (ამ მუხლის 11–13 პუნქტების მოქმედება ვრცელდება ,,საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (12.06.2013 N729) ამოქმედების შემდეგ დადებულ ინდივიდუალურ შრომით ხელშეკრულებაზე ან/და კოლექტიურ ხელშეკრულებაზე. მე-6 მუხლის 13 პუნქტის პირობების მიუხედავად, ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე დასაქმებულთან, რომლის შრომითი ურთიერთობები ერთსა და იმავე დამსაქმებელთან გრძელდება 5 წლის ან მეტი ხნის განმავლობაში, უვადო შრომითი ხელშეკრულება მე-6 მუხლის 13 პუნქტის შესაბამისად დადებულად ჩაითვლება ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის შემდეგ, ხოლო თუ ასეთივე დასაქმებულის შრომითი ურთიერთობები ერთსა და იმავე დამსაქმებელთან გრძელდება 5 წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში, მასთან უვადო შრომითი ხელშეკრულება მე-6 მუხლის 13 პუნქტის შესაბამისად დადებულად ჩაითვლება ,,საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (12.06.2013 N729) ამოქმედებიდან 2 წლის შემდეგ)“.
მ. ს-ისა და ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის ხელშეკრულების დადება, შეწყვეტის პერიოდში შრომის კოდექსი არ იცნობდა ვადიანი ხელშეკრულების უვადო ხეშეკრულებაში გადაზრდის ცნებას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შრომის კოდექსი აწესრიგებს კერძო სამართლის სუბიექტებს შორის დადებულ შრომით ხელშეკრულების პირობებს, სტანდარტს და სხვა. მაშინ, როცა განსახილველი შემთხვევა განეკუთვნება არა კერძო სამართლებრივი შრომითი ურთიერთობის განმსაზღვრელი შრომითი ხელშეკრულების (სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება), არამედ საჯარო შრომითი სამართლებრივი ურთიერთობის (ადმინისტრაციული ხელშეკერულება) კატეგორიას, შესაბამისად, სამოქალაქო შრომითი ხელშეკრულების წესების უპირობო გავრცელება-გამოყენება საჯარო შრომით-სამართლებრივი, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მიმართ, არამართებულია.
შრომის კოდექსის მოსარჩელისათვის ხელსაყრელი, ჯერ კიდევ აუმოქმედებელ ნორმის გავრცელების პირობებშიც მ. ს-ის მოთხოვნა არ არის კანონიერი, ვინაიდან, ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომლის დადების ერთადერთი ლეგიტიმური ფორმა არის წერილობითი, მისი გაგრძელება ასევე, უნდა გაფორმდეს წერილობით, რასაც მოცემულ შეთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
შესაბამისად, არარსებობს სადავო ბრძანების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან, შრომის კანონთა კოდექსის 37 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების საფუძველია ხელშეკრულების ვადის გასვლა. კონკრეტულ შემთხვევაში, 2009 წლის 26 იანვრის №97 ბრძანებით ცაგერის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს და მათ შორის მ. ს-ეს შრომითი ხელშეკრულების ვადა
გაუგრძელდათ 1 წლის ვადით ანუ 2010 წლამდე და მას შემდეგ მოსარჩელესა და ცაგერის მუნიციპალიტეტს ახალი ხელშეკრულება აღარ დადებულა ანუ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხრიდან მ. ს-ისათვის რაიმე შეთავაზებას ადგილი არ ჰქონია და ის, რომ იგი სამსახურში მიღებული იყო განსაზღვრული ვადით, ცნობილი იყო თავად მ. ს-ისთვისაც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენობის უმრავლესობით მიაჩნია, რომ არ არსებობს მ. ს-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 23 სექტემბრის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243.2, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 23 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: /ნ. წკეპლაძე/
მოსამართლეები: /მ. ვაჩაძე/
/პ. ქათამაძე/