ბს-63-62(2კ-14) 19 ივნისი, 2014 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს მთავარი პროკურატურის და ნ. ნ-ას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.11.2013წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ.ნ-ამ 24.04.2013წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმართ სამსახურში აღდგენის და 2005 წლის 08 დეკემბრიდან 2007 წლის 07 მარტამდე საშუალო ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნით.
ნ.ნ-ამ 05.06.2013წ. დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმართ სამსახურში აღდგენის, 2005 წლის 08 დეკემბრიდან 2007 წლის 07 მარტამდე საშუალო ხელფასის ანაზღაურების და 2007 წლის 03 ივლისიდან 2012 წლის 07 დეკემბრამდე საგამოძიებო ორგანოების დაუსაბუთებელი ქმედების გამო მიუღებელი შემოსავლის - 61 750 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.
ნ.ნ-ამ 19.06.2013წ. დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის საქართველოს მთავარი პროკურატურის და მესამე პირის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონო მიცემის გამო მიუღებელი საშუალო ხელფასის 155 979 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.07.2013წ. გადაწყვეტილებით ნ.ნ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საქართველოს მთავარ პროკურატურას ნ.ნ-ას სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 2 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ნ.ნ-ას მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.11.2013წ. გადაწყვეტილებით ნ.ნ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ.ნ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს მთავარ პროკურატურას ნ.ნ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 18 329 ლარის ანაზღაურება, დანარჩენ ნაწილში ნ.ნ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს მთავარი პროკურატურის და ნ.ნ-ას მიერ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურისა და ნ. ნ-ას საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს მთავარი პროკურატურისა და ნ.ნ-ას საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს მთავარი პროკურატურის და ნ.ნ-ას საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე