Facebook Twitter

ბს-86-84(კ-14) 12 ივნისი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე

განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მერია

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) – დ. ბ-ი, დ. ა-ი

მოპასუხე - ქ. თბილისის ისანი-სამგორის გამგეობა

მესამე პირი - მ. ა-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2012 წლის 21 დეკემბერს დ. ბ-მა და დ. ა-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობისა და ქ. თბილისის მერიის მიმართ.

მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ 2011 წლის 23 დეკემბერს განცხადებით მიმართეს ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობას მათ კანონიერ სარგებლობაში არსებული ბინის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით. ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის 2011 წლის 28 დეკემბრის №12/176550-23 გადაწყვეტილებით წარდგენილ განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოება შეჩერდა და განმცხადებლებს დაევალათ ბინის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის ან სათანადოდ დამოწმებული ასლის, ასევე მ. ა-ის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლისა და მოსარჩელეთა სასარგებლოდ მ. ა-ის მიერ წილის დათმობის შესახებ სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობის წარდგენა.

მოსარჩელეთა განმარტებით მათ მოთხოვნილი დოკუმენტების, კერძოდ, მ. ა-ის პირადობის მოწმობის, რეგისტრაციის მოწმობების ასლების, ასევე სადავო ბინის, მდებარე ქ. თბილისში, ..., მე-3 მრ/რ, კორპ 304, ბინა №105-ის საბინაო წიგნის, ფორმა №16 და №17 მონაცემების მიღების მიზნით მიმართეს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ისანი-სამგორის სამსახურს. მითითებული სამსახურის 2012 წლის 21 თებერვლის №08/51343 გადაწყვეტილებით განმცხადებლებს უარი ეთქვათ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რაც დ. ბ-მა და დ. ა-მა ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრეს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 2012 წლის 5 აპრილის №01/94665/გ გადაწყვეტილებით საჩივრის ავტორებს განემარტათ, რომ მათ მიერ მოთხოვნილი მონაცემები შეიცავდა სხვა პირის პერსონალურ მონაცემებს, რომლის გაცემაც შესაძლებელი იყო მხოლოდ ამ პირის თანხმობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ადმინისტრაციული ორგანოს დასაბუთებული მომართვის საფუძველზე.

მ. ა-ის ბინაზე უფლებადაკარგულად ცნობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემაზე შესაბამისი ორგანოს უარის გამო, მოსარჩელეებმა 2012 წლის 12 ივნისს დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართეს ისანი-სამგორის გამგეობას. ამავდროულად მოითხოვეს ბინის საკუთრებაში გადაცემა. გამგეობამ შუამდგომლობაზე არ იმსჯელა და 2012 წლის 16 ივლისის №12/176550-23 გადაწყვეტილებით განცხადება დატოვა განუხილველად.

დ. ბ-მა და დ. ა-მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს ქ. თბილისის მერიას, მაგრამ მერიის 2012 წლის 12 ნოემბრის №3149 განკარგულებით უარი ეთქვათ საჩივრის დაკმაყოფილებაზე. უარის თქმის ერთ-ერთ მოტივად ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულების თანახმად, პრივატიზებისათვის საჭირო დოკუმენტები წარდგენილ უნდა იქნეს განმცხადებლის მიერ და მათი მოპოვების ვალდებულება ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნია. თუმცა ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელეებმა დოკუმენტების მოპოვება ვერ შეძლეს იმის გამო, რომ შეიცავდა სხვა პირის პერსონალურ მონაცემებს.

მოსარჩელეთა მოსაზრებით, საკმარისი საფუძველი არსებობს მ. ა-ის სადავო ბინაზე უფლებადაკარგულად ცნობისათვის. მ. ა-ი სასამართლოს 1988 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით განქორწინებულია დ. ბ-თან, განქორწინების საქმის სასამართლოში განხილვისას მას პრეტენზია ბინით სარგებლობის უფლების შენარჩუნების შესახებ არ წამოუყენებია და არც შემდგომში გამოუთქვამს რაიმე პრეტენზია ბინაზე. განქორწინების შემდეგ იგი დაქორწინდა სხვა პირზე, რომელთან ერთადაც ცხოვრობს სხვა ადგილას და დღეისათვის იგი ამოწერილია სადავო ბინიდან.

მოსარჩელეთა მითითებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამასთან, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველ ზემდგომი ადმინისტრაციულ ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის შემოწმება.

მოსარჩელეთა მოსაზრებით, „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულების მიზანს, რომლის საფუძველზეც ისინი ითხოვდნენ ბინის საკუთრებაში გადაცემას, წარმოადგენს ფიზიკური პირებისათვის მათ კანონიერ სარგებლობაში არსებული სახელმწიფო საბინაო ფონდის არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის პროცესის დასრულება და მისი ხელშეწყობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის 2012 წლის 16 ივლისის №12/176550-23 გადაწყვეტილებისა და ქ. თბილისის მერიის 2012 წლის 12 ნოემბრის №3149 განკარგულების ბათილად ცნობა, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დოკუმენტების გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება და სადავო ბინის მოსარჩელეთა საკუთრებაში გადაცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 27 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება მ. ა-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით დ. ბ-ისა და დ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ 1-ლი მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, მე-3 მუხლით, მე-4 მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით და აღნიშნა, რომ ბინის საკუთრებაში გადაცემის შესახებ განცხადება ისანი-სამგორის რაიონის გამგეობაში შეიტანა მხოლოდ ორმა მართლზომიერმა მფლობელმა, ხოლო ბინით უზრუნველყოფილი იყო მესამე პირიც. მ. ა-ი არ აცხადებს თანხმობას შვილისათვის წილის დათმობის თაობაზე. მოსარჩელეებს ადმინისტრაციული ორგანოსათვის არ წარუდგენიათ მ. ა-ის თანხმობა წილის დათმობის შესახებ.

კიროვის რაისაბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1986 წლის 16 ივლისის №434 გადაწყვეტილებით დ. ბ-ს ოჯახის სამ წევრზე გამოეყო ბინა და მათ შორის სახელდებით არის მითითებული მ. ა-ი.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ბ-სა და მ. ა-ს შორის ქორწინება შეწყვეტილია, რაც ადასტურებს, რომ მ. ა-ი თავისი ნების საწინააღმდეგოდ ფაქტობრივ ფლობას ვერ ახორციელებდა უძრავ ქონებაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მართებულად დაევალათ განმცხადებლებს მ. ა-ის თანხმობის წარდგენა.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის 29.01.07წ. №73 ბრძანებულებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ მე-4 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადგილობრივი თვითმართველობის აღმასრულებელი ორგანო გამოიტანს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ კანონშესაბამისად მიიჩნია გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დ. ბ-მა და დ. ა-მა, რომლებმაც მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ. ბ-ისა და დ. ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, დ. ბ-ისა და დ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის 2012 წლის 16 ივლისის №12/176550-23 გადაწყვეტილება და ქ. თბილისის მერიის 2012 წლის 12 ნოემბრის №3149 განკარგულება და ისანი-სამგორის რაიონის გამგეობას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება არ მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც არ გაიზიარა გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კიროვის რაისაბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1986 წლის 16 ივლისის №434 გადაწყვეტილებით დ. ო. ბ-ს ოჯახის სამ წევრზე, თვითონ - დ. ბ-ს, მეუღლეს - მ. ა-ს და შვილს - დ. ა-ს გამოეყო ოროთახიანი ბინა ფართით - 32,2 კვ.მ., მდებარე ქ. თბილისი, ..., მე-3 მ/რ-ნი, 304-ე კორპუსი, მე-6 სადარბაზო, მე-7 სართული. ქ. თბილისის 26 კომისრის რაიონის 1988 წლის 18 მარტის №2/722 გადაწყვეტილებით დ. ბ-სა და მ. ა-ს შორის ქორწინება შეწყდა, რაზეც 1991 წლის 10 ივლისს გაიცა განქორწინების მოწმობა. 2012 წლის 30 ნოემბრის №AA2012041018-06 საარქივო ცნობის თანახმად, მისამართზე - ..., მე-3 მ/რ, კორპ. 304, ბინა №105 რეგისტრირებული სამი მოქალაქიდან ერთ-ერთი მოქალაქე ამოწერილია 2003 წლიდან.

2011 წლის 23 დეკემბერს მოსარჩელეებმა - დ. ბ-მა და დ. ა-მა განცხადებით მიმართეს ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობას და მათ კანონიერ სარგებლობაში არსებული ბინის (მდებარე ქ.თბილისი, ..., მე-3 მ/რ-ნი, 304-ე კორპუსი, ბინა №105) საკუთრებაში გადაცემა მოითხოვეს.

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის 2011 წლის 28 დეკემბრის წერილით მოსარჩელეებს განცხადებაზე დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა, კერძოდ, კანონიერი სარგებლობის დოკუმენტში მითითებული პირის - მ. ა-ის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და წილის დათმობის თაობაზე მისი ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა.

2011 წლის 23 დეკემბრის №12/176550-23 განცხადება, ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის 2012 წლის 16 ივლისის №12/176550-23 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით განუხილველად იქნა დატოვებული.

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის 2012 წლის 16 ივლისის №12/176550-23 გადაწყვეტილება მოსარჩელეთა მიერ გასაჩივრდა ქ. თბილისის მერიაში 2012 წლის 7 აგვისტოს, თუმცა უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის ავტორებს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის N73 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არაპრივატიზირებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართის საკუთრებაში გადაცემის განხილვის საფუძველია კანონიერი მოსარგებლის განცხადება შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში, ხოლო ამავე წესის მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა დაერთოს ,,არაპრივატიზირებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვა). მითითებული წესის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვა) საფუძველზე, კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში მისი მემკვიდრე.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს პრეზიდენტის №73 ბრძანებულების მიზნებიდან გამომდინარე, კანონიერი მოსარგებლის სტატუსით პირის აღჭურვა დაკავშირებულია ერთდროულად ორი წინაპირობის არსებობასთან: 1) უფლებამოსილი ორგანოს მიერ ფიზიკურ პირზე გაცემული სათანადო დოკუმენტის ქონა (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.), რომელიც პირს ანიჭებს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით სარგებლობის უფლებას და 2) პირი ასეთი დოკუმენტის არსებობის პარალელურად, ფაქტობრივად დაუფლებულია აღნიშნულ ფართს.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება გასაჩივრებული აქტების კანონშესაბამისობასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა - ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობამ და შემდგომში ქ. თბილისის მერიამ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოსცეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით. ამავე მუხლის მე–5 ნაწილისა და 96–ე მუხლის იმპერატიული დანაწესის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არ არის უფლებამოსილი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დგინდება და არც მესამე პირი - მ. ა-ი ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ იგი განქორწინების შემდგომ საკუთარი ნებით, მუდმივ საცხოვრებლად გადავიდა სხვაგან, ხოლო 2012 წლის 30 ნოემბრის №AA2012041018-06 საარქივო ცნობით ირკვევა, რომ ..., მე-3 მ/რ, კორპ. 304, ბინა №105-ში რეგისტრირებული სამი მოქალაქიდან ერთ-ერთი მოქალაქე ამოწერილია 2003 წლიდან.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის N73 ბრძანებულებით ამომწურავადაა დადგენილი იმ დოკუმენტთა ნუსხა, რომელიც უნდა დაერთოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელ ორგანოში მოქალაქის მიერ წარდგენილ განცხადებას არაპრივატიზებული საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ. ერთ-ერთი ასეთი დოკუმენტი, რომლის წარუდგენლობაც ხარვეზის დადგენის, ხოლო მოგვიანებით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველი გახდა, არის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში შემავალი პირის, მ. ა-ის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და წილის დათმობის შესახებ ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის N73 ბრძანებულების მიზნებიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ პირი ჩაითვალოს ბინის კანონიერ მოსარგებლედ და მონაწილეობა მიიღოს ბინის პრივატიზების პროცესში, აუცილებელია ორი პირობის ერთდროულად არსებობა: პირს უნდა ჰქონდეს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი და ამავე დროს, იგი ფაქტობრივად უნდა ფლობდეს საპრივატიზებო ბინას.

განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის ის გარემოება, რომ განმცხადებლები დ. ბ-ი და დ. ა-ი ზემოაღნიშნულ ორივე პირობას აკმაყოფილებენ: ისინი მოხსენიებულნი არიან დ. ბ-ის სახელზე გაცემულ ორდერში (შესაბამისად, აქვთ სადავო ფართით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი) და დღემდე სარგებლობენ აღნიშნული ფართით. რაც შეეხება ორდერში ჩაწერილ მესამე პირს - მ. ა-ს, მართალია, იგი მოხსენიებულია ბინის ორდერში როგორც სადავო ფართის კანონიერი მოსარგებლე, მაგრამ, საქმის მასალებით დასტურდება, 1986 წლიდან (დ. ბ-თან განქორწინების შემდეგ) იგი ფაქტობრივად აღარ სარგებლობს სადავო ფართით. უფრო მეტიც, 2003 წლიდან ამოწერილია აღნიშნული მისამართიდან.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების არსებობის პირობებში, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მ. ა-ი, მეუღლესთან განქორწინების გამო, თავისი ნების საწინააღმდეგოდ ფაქტობრივ ფლობას ვერ ახორციელებდა უძრავ ქონებაზე. ასეთ ვითარებაში ადმინისტრაციულ ორგანოებს, ხოლო შემდეგ სასამართლოს უნდა გამოეკვლიათ თუ რა დროიდან და რა მიზეზით აღარ სარგებლობდა მ. ა-ი სადავო ბინით და ადგილი ჰქონდა თუ არა მისი ნების საწინააღმდეგოდ ფაქტობრივი ფლობის განუხორციელებლობას და ამის თაობაზე მიმართა თუ არა შესაბამის სახელმწიფო ორგანოს.

მითითებული გარემოებების დაუდგენლობის პირობებში, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, დაუსაბუთებელია ადმინისტრაციულ ორგანოს და სასამართლოს პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად არსებობდა აპელანტთა ვალდებულება, სადავო ბინის პრივატიზაციის მოთხოვნისას, წარედგინათ მ. ა-ის თანხმობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა ისე მიიღეს გადაწყვეტილება დ. ბ-ისა და დ. ა-ის განცხადების განუხილველად დატოვებისა და შემდგომ მათი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, რომ არ გამოურკვევიათ სადავო ბინის კანონიერ მოსარგებლედ მიჩნეული პირი - მ. ა-ი ნამდვილად სარგებლობდა თუ არა საკუთრებაში გადასაცემი ფართით და შესაბამისად, ევალებოდათ თუ არა განმცხადებლებს მისი, როგორც კანონიერი მოსარგებლის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობის წარმოდგენა სადავო ბინის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნისას. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნები, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოიკვლიოს ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისთვის.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით და მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ახალი აქტის გამოცემისას უნდა იმსჯელოს სადავო აქტის (ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის 2012 წლის 16 ივლისის №12/176550-23 გადაწყვეტილების) გამოცემის მომენტისათვის, ბინის ორდერში კანონიერ მოსარგებლედ მითითებული პირი - მ. ა-ი ფაქტობრივად ფლობდა თუ არა აღნიშნულ ბინას, შესაბამისად, განმცხადებლებს - დ. ბ-სა და დ. ა-ს ევალებოდათ თუ არა ადმინისტრაციული ორგანოსათვის მ. ა-ის, როგორც კანონიერი მოსარგებლის, წილის დათმობის შესახებ ნოტარიულად დამოწმებული თანხმობის წარდგენა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამ, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და არასწორად განმარტა კანონი.

კასატორმა არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს განმარტება, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულების თანახმად, პირის კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევისათვის სათანადო დოკუმენტის არსებობასთან ერთად სავალდებულოა ბინის ფაქტობრივად ფლობის ფაქტი. კასატორის მოსაზრებით, ბინით ფაქტობრივი ფლობა არის უფლება და არა ვალდებულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სარგებლობის უფლება მოიცავს შესაძლებლობას არ ისარგებლოს პირმა თავისი ნივთით. თუ ფართის პრივატიზება დამოკიდებული იქნება აღნიშნულ პირობაზე, კანონიერ მოსარგებლეთა უმრავლესობა ვერ მიიღებს საკუთრებაში უძრავ ქონებას.

კასატორის განმარტებით, ბინის ორდერში მითითებულნი არიან დ. ბ-ი, დ. ა-ი და მ. ა-ი. ასეთ ვითარებაში სავალდებულოა ორდერში მითითებულმა ყველა კანონიერმა მოსარგებლემ ერთობლივად წარადგინოს განცხადება ბინის პრივატიზაციის თაობაზე, ხოლო თუ პრივატიზაცია ხორციელდება დ. ბ-ისა და დ. ა-ის მიერ, ასევე მ. ა-ის თანხმობა წილის დათმობის თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 21 თებერვლის განჩინებით ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მარტის განჩინებით ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: კიროვის რაისაბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1986 წლის 16 ივლისის №434 გადაწყვეტილებით დ. ბ-ს ოჯახის 3 წევრზე (თვითონ, მეუღლე, შვილი) გამოეყო ...-ის მე-3 მრ/რ, კორპ 304, მე-6 სადარბაზოს მე-7 სართულზე მდებარე 32,3 კვ.მ. ფართის ოროთახიანი ბინა. აღნიშნულის შესაბამისად, გაიცა ბინის №024787 ორდერი დ. ბ-ის 3-წევრიან ოჯახზე. ქ. თბილისის 26 კომისრის სახალხო სასამართლოს 1988 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით დ. ბ-სა და მ. ა-ს შორის ქორწინება შეწყდა. საქმის მასალებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დასტურდება, რომ მ. ა-ს განქორწინების შემდეგ სადავო ბინაში არ უცხოვრია, 2003 წელს ამოეწერა სადავო ბინიდან, განქორწინების შემდეგ დაქორწინდა სხვა პირზე, რომელთან ერთადაც ცხოვრობს დღემდე. საქმეზე არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომ მ. ა-ი განქორწინებისა და საცხოვრებლად სხვა ადგილას გადასვლის შემდეგ რაიმე პრეტენზიას აცხადებდა სადავო ბინაზე, ან ბინაზე უფლების დადგენის მოთხოვნით მიმართავდა შესაბამის ორგანოებს ასევე არ დასტურდება, რომ მ. ა-მა თავისი ნების საწინააღმდეგოდ დატოვა ბინა.

2011 წლის 23 დეკემბერს დ. ბ-მა და დ. ა-მა განცხადებით მიმართეს ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობას კანონიერ სარგებლობაში არსებული, ქ. თბილისში, ..., მე-3 მრ/რ, კორპ 304, ბინა №105-ის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით. ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის მიერ 2011 წლის 28 დეკემბერს განმცხადებლებს დაევალათ დამატებითი დოკუმენტების, კერძოდ, ბინის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული პირის - მ. ა-ის პირადობის მოწმობის ასლისა და წილის დათმობის შესახებ სანოტარო წესით დამოწმებული მისი თანხმობის წარდგენა.

დადგენილი ხარვეზის აღმოფხრვის მიზნით, 2012 წლის 12 ივნისს დ. ბ-მა და დ. ა-მა განცხადებით მიმართეს ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობას, მიუთითეს, რომ მ. ა-ი აღარ იყო სადავო ბინის დამქირავებელი და კანონიერი მოსარგებლე, რის გამოც იგი ითვლებოდა ბინაზე უფლებადაკარგულად და პრივატიზაციის პროცესში მას მონაწილეობის მიღების უფლება არ ჰქონდა.

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის 2012 წლის 16 ივლისის №12/176550-23 აქტით დ. ბ-ისა და დ. ა-ის განცხადება დატოვებულ იქნა განუხილველად საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის N73 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის” მე-4 მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე, დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით. აღნიშნული უარი ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრეს დ. ბ-მა და დ. ა-მა, მაგრამ ქ. თბილისის მერიის 2012 წლის 12 ნოემბრის №3149 განკარგულებით უარი ეთქვათ საჩივრის დაკმაყოფილებაზე. ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ ფაქტობრივად იგივე საფუძვლებზე დაყრდნობით უარყო წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი და არ იმსჯელა მხარის მთავარ არგუმენტზე - მიჩნეული უნდა ყოფილიყო თუ არა მ. ა-ი სადავო ბინაზე უფლებადაკარგულად და საჭირო იყო თუ არა მისი თანხმობა განცხადებლების სასარგებლოდ წილის დათმობაზე.

მითითებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები უკანონოდ მიიჩნიეს დ. ბ-მა და დ. ა-მა და წარმოდგენილი სარჩელით მოითხოვეს ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის 2012 წლის 16 ივლისის №12/176550-23 აქტისა და ქ. თბილისის მერიის 2012 წლის 12 ნოემბრის №3149 განკარგულების ბათილად ცნობა და სადავო ბინის მათ საკუთრებაში გადაცემა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, მართებულად მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლების მოთხოვნები, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა არ გამოიკვლიეს მათ კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სათანადო სამართლებრივი შეფასება არ მისცეს მათ, ამასთან, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ემყარებოდა სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების არასწორ განმარტებას. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა ახალი აქტის გამოცემა, რაც საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებიათ დ. ბ-სა და დ. ა-ს.

აღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარეთა დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის შესაბამისად, უფლებამოსილია იმსჯელოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე მხოლოდ წარმოდგენილი - ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ 1-ლი მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მითითებული წესი არეგულირებდა სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის ამ დებულების ამოქმედებამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოთ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს დებულებით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს.

მითითებული წესის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ წესის მიზნებისათვის კანონიერი მოსარგებლედ მიიჩნეოდა ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე.

აღნიშნული წესის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილი შეიცავდა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით წარდგენილ განცხადებაზე დასართავი დოკუმენტების ჩამონათვალს. მითითებული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფართის კანონიერად სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად აუცილებელი იყო ნოტარიულად დამოწმებული თანხმობის წარდგენა (თანხმობები), თუკი კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულია რამდენიმე კანონიერი მოსარგებლე და საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლების დათმობა ხდება კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ ერთი ან რამდენიმე კანონიერი მოსარგებლის სასარგებლოდ.

მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითია შეფასდეს წარმოადგენდა თუ არა მ. ა-ი სადავო ბინის კანონიერ მოსარგებლეს და საჭირო იყო თუ არა მისი თანხმობა მოსარჩელეთა სასარგებლოდ წილის დათმობაზე. ანუ უნდა განიმარტოს, მითითებული წესის მიზნებისათვის, იმ პირობებში როდესაც საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის სუბიექტებს პრივატიზაციამდე ფართი გადაცემული ჰქონდათ კანონით გათვალისწინებული დოკუმენტის საფუძველზე მხოლოდ სარგებლობის უფლებით, ზემოთ აღნიშნული წესის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის დეფინიციის შესაბამისად, პრივატიზაციისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენდა თუ არა სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობასთან ერთად უძრავი ქონებით რეალურად სარგებლობის ფაქტი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ ვითარებაში, როდესაც უდავოდ დადგენილია, რომ მ. ა-ს 1988 წლის შემდეგ, დ. ბ-თან განქორწინების შემდეგ არასდროს უცხოვრია სადავო ბინაში, აღარ წარმოადგენდა მოსარჩელეთა ოჯახის წევრს, პრეტენზია ბინის თაობაზე არასდროს განუცხადებია, მისი კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევა, მხოლოდ სარგებლობის უფლების წარმოშობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითების გამო, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით არ შეესაბამება საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მოთხოვნებს. მით უფრო, რომ სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე მოქმედი საბინაო კოდექსი ბინის დამქირავებლის მიერ გარკვეული დროის განმავლობაში საცხოვრებლად სხვა ადგილას გადასვლას განიხილავდა საცხოვრებელი ადგილის მიტოვებად და ბინაზე უფლების დაკარგვად. ამასთან, ასევე უდავოდ დადგენილია, რომ მ. ა-ი 2003 წელს ამოეწერა სადავო ბინიდან. მართალია, ამჟამად მოქმედი კანონმდებლობა არ იცნობს ჩაწერის ინსტიტუტს, ხოლო რეგისტრაციას არ უკავშირებს იმ სამართლებრივ შედეგებს, რასაც წარმოშობდა ჩაწერის ინსტიტუტი, მაგრამ მ. ა-ის ბინიდან ამოწერა კიდევ ერთხელ ადასტურებს მის მიერ ბინის მიტოვების ფაქტს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, დ. ბ-ისა და დ. ა-ისათვის დამატებით მათ სასარგებლოდ წილის დათმობაზე მ. ა-ის თანხმობის მოთხოვნის და, შესაბამისად, თანხმობის არარსებობის გამო ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, განცხადების განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველი.

გარდა აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი“ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ექვემდებარება ძალადაკარგულად ცნობას ამავე კანონის საფუძველზე საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული სამართლებრივი აქტების ამოქმედებისთანავე. ანუ „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ შემუშავების უფლებამოსილება მიენიჭა საქართველოს მთავრობას, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულებით დამტკიცებული წესი ძალაში რჩება საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ამოქმედებამდე.

აღნიშნულის მიუხედავად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან დ. ბ-მა და დ. ა-მა ბინის საკუთრებაში გადაცემის შესახებ უფლების რეალიზაცია მოახდინეს და ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართეს საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულების მოქმედების პირობებში, ხოლო განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად იქნა ცნობილი, ადმინისტრაციულმა ორგანომ აღძრულ მოთხოვნასთან დაკავშირებით ახალი აქტი უნდა გამოსცეს და ხელახლა განიხილოს საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულების ფარგლებში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზაირებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს მოცემულ დავასთან დაკავშირებით, მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

ნ. სხირტლაძე