ბ-794-2(გან-14) 14 ივლისი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე (მომხსენებელი)- მაია ვაჩაძე
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თ. გ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 12 სექტემბრის განჩინების განმარტების შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 8 ივლისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მომართა თ. გ-ემ და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 12 სექტემბრის განჩინების განმარტება მოითხოვა.
განმცხადებელმა აღნიშნა, რომ 2005 წლის 12 სექტემბერს საკასაციო სასამართლომ განიხილა თ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 11 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე. მითითებული განჩინებით საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სააპელაციო სასამართლოს განჩინება გაუქმდა შრომის წიგნაკის გაცემის დაყოვნებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, ხოლო დანარჩენ ნაწილში - სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება.
განმცხადებლის მოსაზრებით, ბუნდოვანია სასამართლოს განჩინება პროკურატურის ორგანოებიდან თ. გ-ის დათხოვნის შესახებ 2004 წლის 11 ივნისის №902-პ“ ბრძანების შეფასებასთან დაკავშირებით, რის გამოც შეუძლებელია გადაწყვეტილების შინაარსის გარკვევა.
საკასაციო სასამართლოს განჩინებით აღიარებულია მუშაკის ინიციატივით, საკუთარი ნება-სურვილის გამომხატველი პირადი განცხადებით, გენერალური პროკურატურის აპარატის ... თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტი. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ცალსახად დადგენილადაა მიჩნეული „პროკურატურის შესახებ“ ორგანული კანონის 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირადი განცხადებით საკუთარი ნება-სურვილის საფუძველზე თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტი. ასევე განჩინებით დადგენილია კასატორის მიერ 2004 წლის 10 ივნისს გენერალური პროკურორისადმი განცხადებით მიმართვა, რომლითაც იგი მოითხოვდა სხვა თანამდებობაზე დანიშვნას. ამდენად, საკასაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია გენერალური პროკურორის 2004 წლის ბრძანების საფუძველზე გენერალური პროკურატურის აპარატის ... თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტი. ამასთან, საკასაციო სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა კასატორის განცხადება სამსახურებრივი სიყალბეების ჩადენის გზით პირადი განცხადების გაყალბების თაობაზე.
განმცხადებლის მოსაზრებით, ბუნდოვანი და გაურკვეველია საკასაციო სასამართლოს განჩინება იმ ნაწილში, რომ კასატორის განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გენერალურ პროკურორს „პროკურატურის შესახებ“ ორგანული კანონის 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე პროკურატურიდან მუშაკი დათხოვნის უფლებას აძლევდა.
განმცხადებლის მითითებით, „პროკურატურის შესახებ“ ორგანული კანონის 34-ე მუხლით იმპერატიულადაა განსაზღვრული, რომ კანონის ეს ნორმა გამოიყენება მხოლოდ მუშაკის ინიციატივით დაკავებული თანამდებობიდან და პროკურატურის ორგანოებიდან დათხოვნისა და მუშაკის ნების გამომხატველი პირადი განცხადების საფუძველზე.
2004 წლის 11 ივნისის №902-პ ბრძანების გამოცემის დროს მოქმედი „პროკურატურის შესახებ“ ორგანული კანონის 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით პროკურატურის მუშაკის გათავისუფლება თანამდებობიდან ან პროკურატურის ორგანოებიდან დათხოვნა მხოლოდ მუშაკის ინიციატივით ხდებოდა, რისთვისაც საჭირო იყო ცალ-ცალკე ნების გამომხატველი პირადი განცხადებები როგორც თანამდებობიდან გათავისუფლების, ასევე პროკურატურის სისტემიდან დათხოვისათვის.
მითითებული ბრძანების გამოცემის შემდეგ ორგანულ კანონში შეტანილ იქნა ცვლილება, რომლის მიხედვით შესაძლებელი გახდა მუშაკის ინიციატივით ერთი განცხადების საფუძველზე როგორც თანამდებობიდან, ასევე სისტემიდან დათხოვნა. თუმცა ასეთ შემთხვევაშიც კანონმდებელი ერთ განცხადებაში ნების ცალ-ცალკე დაფიქსირებას მოითხოვდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებლის მოსაზრებით, ბუნდოვანია საკასაციო სასამართლოს განჩინების აღსრულების შემთხვევაში, რა ვითარებაში იქნებოდა შესაძლებელი მუშაკის დათხოვნა.
განმცხადებლის მითითებით, ასევე ბუნდოვანია საკასაციო სასამართლოს მითითება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე გენერალური პროკურორისათვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებით მუშაკის პროკურატურის ორგანოებიდან დათხოვნის შესაძლებლობაზე.
განმცხადებლის მითითებით, კანცელარიის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ იგი არ დანიშნულა სხვა თანამდებობაზე, ამასთან, დაირღვა მისი შრომითი უფლება, რამდენადაც ფაქტობრივად დღემდე დათხოვნილია პროკურატურის ორგანოებიდან, თუმცა დათხოვნის საფუძველი გაურკვეველია, რამდენადაც 2004 წლის 11 ივნისის №902-პ ბრძანებით იგი დათხოვნილია პირადი განცხადების საფუძველზე ... თანამდებობიდან და არა პროკურატურის ორგანოებიდან.
განმცხადებლის მითითებით, საკასაციო სასამართლოს განჩინების განმარტების აუცილებლობა განაპირობა „სახელმწიფო კომპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებმა, რამდენადაც მითითებული კანონის თანახმად, კომპენსაციები ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული იქნება პროკურატურიდან მუშაკის დათხოვნის მართლზომიერება, საფუძვლიანობა და დათხოვნის დროისათვის ხელფასის სარგოს ოდენობა. მითითებული კანონი არ გავრცელდა თ. გ-ის მიმართ იმის გამო, რომ სტაჟის ზღვრულ ოდენობას - 25 წელს აკლდა რამდენიმე თვე.
ამდენად, განმცხადებელმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 12 სექტემბრის განჩინების განმარტება, კერძოდ, თ. გ-ე გათავისუფლებულია მხოლოდ გენერალური პროკურატურის აპარატის ... თანამდებობიდან თუ პროკურატურის ორგანოებიდანაც, ხოლო იმგვარი მსჯელობის გაზიარების პირობებში, რომ პროკურატურის ორგანოებიდან მისი დათხოვნა მოხდა გენერალური პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, საჭირო იყო თუ არა როგორც ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივით დათხოვნილი მუშაკისათვის დასაბუთებული ბრძანების გამოცემა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ იგი განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.
ამდენად, მითითებული ნორმის დანაწესის თანახმად, განმარტების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი პირობების არსებობისას.
მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლო არ წარმოადგენს გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოს. საკასაციო სასამართლოს 2005 წლის 12 სექტემბრის განჩინებით საქმე შრომის წიგნაკის დაყოვნებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს, ხოლო დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 11 მაისის განჩინება. სააპელაციო სასამართლოს განჩინებით კი, თავის მხრივ, არ დაკმაყოფილდა თ. გ-ის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება.
განმცხადებელი განმარტებას ითხოვს მისი გათავისუფლების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 11 ივნისის №902-პ ბრძანების კანონიერების სამართლებრივი შეფასების ნაწილში. აღნიშნულ ნაწილში საკასაციო სასამართლოს განჩინებით უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უცვლელად დატოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. შესაბამისად, ამ ნაწილში საქმეზე გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოს პირველი ინსტანციის სასამართლო წარმოადგენს, რომლის საპროცესო კომპეტენციასაც განეკუთვნება მოცემული განცხადების განხილვა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული განცხადების განსჯადობის საკითხზე გავლენას არ ახდენს ის გარემოება, რომ განმცხადებლის მოთხოვნაა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 12 სექტემბრის განჩინების განმარტება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების განმარტების შესაძლებლობას მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა ადგენს მისი აღსრულების ხელშეწყობის მიზნით. მოცემულ შემთხვევაში კი აღსრულებას ექვემდებარებოდა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შევიდა კანონიერ ძალაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 12 სექტემბრის განჩინების მიღების შედეგად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე წარმოდგენილი განცხადება განსჯადობის წესების დაცვით, განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რადგან „რაიონული (საქალაქო) სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 14 ნოემბრის №649 ბრძანებულების მე-60 მუხლში საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 აპრილის №213 ბრძანებულებით შეტანილი ცვლილების თანახმად, ლიკვიდირებულ იქნა თბილისის რაიონული სასამართლოები და შეიქმნა თბილისის საქალაქო სასამართლო სპეციალიზებული სასამართლო კოლეგიებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. გ-ის განცხადება განმარტების შესახებ განსჯადობით განსახილველად გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
ნ. სხირტლაძე