Facebook Twitter

საქმე ¹ბს-172-170 (კ-14) 10 ივლისი, 2014წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. ს-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.12.13წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ს-ამ 14.05.13წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სოფლის მეურნეობის სამინიტროს და მესამე პირის გ. ჭ-ას მიმართ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 05.04.13 წ. №56 სხდომის ოქმის ნაწილობრივ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 30.04.13 წ. №378 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 16.09.13წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ს-ამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 13.12.13წ. გადაწყვეტილებით გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ. ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 05.04.2013 წ. სხდომის ოქმი ნაწილობრივ, გ. ჭ-ას გამარჯვებულ კანდიდატად გამოცხადების, აგრეთვე მ. ს-ას კანდიდატურისთვის რეკომენდაციის არგაწევის ნაწილში. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სოფლის მეურნეობის სამინისტროს 30.04.2013 წ. №378-კ ბრძანება გ. ჭ-ას სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციაო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაევალა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დასანიშნი პირის კანდიდატის შერჩევისა და დანიშვნის საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (აქტების) გამოცემა, რომლითაც უნდა გადაწყდეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციაო სამსახურის უფროსის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატის შერჩევისა და დანიშვნის საკითხი. გაბათილებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - მოქმედება შეწყდა მომავალში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციაო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დასანიშნი პირის კანდიდატურის შერჩევისა და დანიშვნის საქმესთან დაკავშირებული გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (აქტების) გამოცემის დღიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 13.12.13წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ს-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მ. ს-ას მოთხოვნის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობა სადავო საკითხის გადაწყვეტით. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სასკ-ის 32.4 მუხლი და თავად უნდა მიეღო გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის შესახებ. საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ არ შეასრულა დაკისრებული ერთ-ერთი მოვალეობა, რაც შეადგენდა კანდიდატების მიერ წადგენილი დოკუმენტაციის დადგენილი მოთხოვნებისადმი შესაბამისობის შემოწმებას. ამასთან, საკონკურსო - საატესტაციო კომისის მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს გ. ჭ-ას არ გააჩნდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დადგინდებოდა, რომ გ. ჭ-ას სახელზე ვაიენშტეფანის უმაღლესი სასწავლებლის მიერ გაცემული მოწმობა შეესაბამისობაში იყო ეროვნული კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან. გ. ჭ-ას დიპლომის აღიარება მოხდა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს, როდესაც უკვე მიღებული იყო გადაწყვეტილება მისი თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, მ. ს-ას საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც მ. ს-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ს-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე