Facebook Twitter

№ბს-223-220(კს-14) 10 ივლისი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ შპს „…“

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

დავის საგანი _ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, პირგასამტეხლოს დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 12 მარტის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2013 წლის 10 ივნისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის _ შპს „…“ მიმართ.

მოსარჩელემ მოპასუხესთან დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს „…“ მის სასარგებლოდ ძირი თანხის – 9750 ლარისა და გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.1% პირგასამტეხლოს დაკისრება მოითხოვა. მოსარჩელემ ასევე მათ მიერ გაწეული სასამართლო ხარჯის - 387.37 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე შპს „…“ მოსარჩელე სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის სასარგებლოდ 9750 ლარის დავალიანების, 3162.25 ლარის პირგასამტეხლოს, 2013 წლის 10 ივნისიდან გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის აღსრულებამდე გადასახდელი თანხის 0.1%-ის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ანაზღაურება და ასევე, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 387.37 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „…“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის გარემოებებიდან გამომდინარე სწორი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 12 მარტის განჩინებით შპს „…“ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ხოლო მე–60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში; აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს, ხოლო აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

საქმის მასალებით სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დადასტურებულად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილების ასლი კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა შპს „…“ საქმეში მითითებულ მისამართზე. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ საქმეზე წარმოდგენილი ხელწერილით დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილების ასლი შპს „…“ წარმომადგენელს ს. მ-ეს (კანცელარიას) ჩაბარდა 2014 წლის 11 თებერვალს. სასამართლომ მიუთითა, რომ შეტყობინების დასტურზე გზავნილის მიმღები პირის სახელი და გვარი მითითებულია როგორც გარკვევით, ასევე შტრიხული სახით; გარკვევითაა მითითებული გზავნილის ჩაბარების თარიღი და ჩამბარებელი პირის პირადი ნომერი.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება (გზავნილი) შეიძლება გაიგზავნოს ფოსტის მეშვეობით. ხოლო 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „...“ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილების ასლი კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა, რაც დადასტურებულია კორესპოდენციის ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ ვის მიერაა განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა (სასამართლოსი თუ კანონის მიერ) განასხვავებენ კანონის და სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამათუიმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსთვის, ასევე მხარებისთვის, ასევე საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, თუ მხარემ კანონისმიერ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. ამასთან, განსხვავებით სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადისა, რომელიც შესაძლებელია გაგრძელოს სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობით, კანონისმიერი ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება. საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი საპროცესო უფლება, სააპელაციო წესით გაასაჩივროს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება, შეიცავს საპროცესო მოვალებას - უფლებას რეალიზაცია მოახდინოს კანონისმიერ ვადაში. საპროცესო მოქმედების შესრულებას კანონისმიერ განსაზღვრულ დროში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია პირთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისათვის, კერძოდ, კანონისმიერ განსაზღვრულ დროში მოქმედების შესრულება განაპირობებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესაძლებლობას.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში შპს „...“ მიერ საპროცესო უფლება არ იქნა რეალიზებული კანონისმიერ ვადაში, ანუ მხარემ არ შეასრულა საპროცესო მოვალეობა კანონით დადგენილ ვადაში, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილია 2014 წლის 28 თებერვალს, გასაჩივრებისათვის დაწესებული 14 დღიანი ვადის დარღვევით, რის გამოც შპს „...“ სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 12 მარტის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა შპს „...“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად; ხოლო ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ს. მ-ე, რომელსაც ჩაბარდა გადაწყვეტილება, მართალია მუშაობს სკოლაში, მაგრამ მის მოვალეობაში არ შედის კანცელარიის წარმოება. ამგვარ ფუნციას სკოლაში საქმის მწარმოებელი ასრულებს. ამგვარად, დარღვეულია კანონის მოთხოვნა - კანცელარიისთვის ან ასეთივე დანიშნულების ორგანოსთვის წერილის ჩაბარებასთან დაკავშირებით. ხოლო კანონის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ გზავნილი შესაძლოა ჩაბარდეს შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს, ხაზგასმით მიუთითებს, რომ კანონმდებლის ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ სწორედ ადრესატმა ჩაიბაროს იგი. მოცემულ შემთხვევაში კი თანამშრომლისათვის, რომლის ფუნქციაში არ შედის ფოსტის ჩაბარება, არავის განუმარტავს, რომ გზავნილი დროულად უნდა გადაეცა ადრესატისთვის. შედეგად კი 11 თებერვალს მიტანილი გზავნილი ადრესატს - შპს „...“ დირექტორს მ. ა-ას გადაეცა მხოლოდ 14 თებერვალს. მოგვიანებით, ს. მ-ემ დირექტორს განუცხადა, რომ დაავიწყდა მისთვის წერილის გადაცემა, ხოლო შემდეგ მოერიდა ამის გაცხადება და დირექტორს უთხრა, რომ წერილი 14 თებერვალს ჩაიბარა. აღნიშნული ახსნა-განმარტება ს. მ-ემ წერილობითი ფორმით წარადგინა, რის საფუძველზეც მის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინარული ღონისძიება - მიეცა საყვედური (აღნიშნული დოკუმენტი თან ერთვის კერძო საჩივარს).

ამდენად, იქიდან გამომდინარე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება სკოლის დირექტორს 14 თებერვალს ჩაბარდა, ხოლო სააპელაციო საჩივარი წარდგენილია 28 თებერვალს, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, საპროცესო ვადა დარღვეულად არ უნდა ჩაითვალოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 2 მაისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...“ კერძო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა შპს „...“ კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში; ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტულურ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილების შემცველი გზავნილი 2014 წლის 10 თებერვალს საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა შპს „...“ და 2014 წლის 11 თებერვალს ჩაჰბარდა ორგანიზაციის წარმომადგენელს – ს. მ-ეს, რასაც იგი ჩაბარების დასტურზე ხელმოწერით ადასტურებს და მიუთითებს პირად ნომერს. ჩაბარების დასტურის კომენტარში კი, სადაც როგორც წესი ხელმომწერის შესახებ ინფორმაცია და ადრესატთან მისი დამოკიდებულება მიეთითება, ჩანაწერია გაკეთებული - კანცელარია (ს.ფ. 64).

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორმა ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ ს. მ-ე სასამართლო უწყების ჩაბარებაზე უფლებამოსილ პირს არ წარმოადგენდა. უფრო მეტიც, თავად კერძო საჩივარზე თან დართული დოკუმენტებით დასტურდება ს. მ-ის უფლებამოსილება სასამართლო უწყების ჩაბარების თაობაზე, ვინაიდან, სასამართლო უწყების დირექტორისთვის დაგვიანებით გადაცემის გამო სკოლა-ლიცეუმი „...“ თანამშრომელს ს. მ-ეს საყვედური მასზე დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისთვის გამოეცხადა და არა იმ საფუძვლით, რომ მას სასამართლო უწყების ჩაბარების უფლებამოსილება არ ჰქონდა. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს კერძო საჩივარში გადმოცემულ ინფორმაციასა და წარმოდგენილ ახსნა-განმარტებას შორის არსებულ შეუსაბამობაზე, კერძოდ, საჩივარში შპს „...“ დირექტორი აღნიშნავს, რომ მართალია ს. მ-ე მუშაობს სკოლაში, მაგრამ მის მოვალეობაში არ შედის კანცელარიის წარმოება, ამგვარ ფუნქციას სკოლაში საქმის მწარმოებელი ასრულებს; ხოლო კერძო საჩივარზე მტკიცებულებად თანდართულ ახსნა-განმარტებაში ს. მ-ე თავს სწორედ საქმის მწარმოებლად მოიხსენიებს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ ს. მ-ემ სასამართლო უწყება ჩაიბარა როგორც კანცელარიამ, სასამართლო უწყების ჩაბარებაზე მისი არაუფლებამოსილების ფაქტი კი საქმეზე არ დადასტურებულა; თავის მხრივ ს. მ-ე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებული იყო დაუყოვნებლივ გადაეცა გზავნილი ადრესატისათვის და არა დაგვიანებით. ხოლო მასზე დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება განსახილველ შემთხვევაში სცილდება სასამართლოს მსჯელობის საგანს და გავლენას ვერ იქონიებს კანონით იმპერატიულად განსაზღვრულ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

ამდენად, გამომდინარე იქიდან, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილების ასლი შპს „...“ 2014 წლის 11 თებერვალს ჩაჰბარდა, სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14 დღიანი ვადის ათვლა 2014 წლის 12 თებერვლიდან უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე შპს „...“ სააპელაციო საჩივრის წარდგენის უფლება 2014 წლის 25 თებერვლის (სამშაბათი) ჩათვლით ენიჭებოდა.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ შპს „...“ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში 2014 წლის 28 თებერვალს ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით წარადგინა (ს.ფ. 65).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „...“ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „...“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 12 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ლ. მურუსიძე