Facebook Twitter
saqme #bs-799-773(k-10)

საქმე #ბს-234-231(კ-14) 29 ივლისი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა გ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 23 იანვრის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე გ. გ-ის სარჩელისა გამო ქ. თბილისის მერიის, ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურისა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ, მესამე პირების - მ. ჯ-ას და ნ. ტ-ის მონაწილეობით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2013 წლის 15 მარტს გ. გ-ემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების ქ. თბილისის მერიისა ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისის მერიის 2013 წლის 20 თებერვლის №254 განკარგულების ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ.1-10; ტ.2).

შესაგებლით ქ. თბილისის მერიამ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 43-50; ტ.2).

შესაგებლით სარჩელი არ ცნო არც ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 93-100; ტ.2).

გ. გ-ემ 2013 წლის 16 მაისს კვლავ აღძრა სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისის მერიის 2013 წლის 10 აპრილის №667 განკარგულებისა და ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 15 თებერვლის №535869 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ასევე იშუამდგომლა გასაჩივრებული აქტების მოქმედების შეჩერება (იხ. ს.ფ. 1-11; ტ.1).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 ივნისის განჩინებით გ. გ-ის შუამდგომლობა თბილისის მერიის 2013 წლის 10 აპრილის №667 განკარგულებისა და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 14 თებერვლის №535869 გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 33-36; ტ.1).

შესაგებლებით ქ. თბილისის მერიამ და ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 50-58; 111-118; ტ.1).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 სექტემბრის საოქმო განჩინებით საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში ჩაებნენ მ. ჯ-ა და ნ. ტ-ი (იხ. ს.ფ. 149-150; ტ.1).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 სექტემბრის საოქმო განჩინებით გ. გ-ის სარჩელი ქ. თბილისის მერიის 2013 წის 10 აპრილის №667 განკარგულებისა და ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 15 თებერვლის №535869 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და სარჩელი სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიმართ ქ. თბილისის მერიის 2013 წის 20 თებერვლის №254 განკარგულების ბათილად ცნობის თაობაზე გაერთიანდა ერთ წარმოებად (იხ. ს.ფ. 149-150; ტ.1).

შესაგებლებით მესამე პირებმა მ. ჯ-ამ და ნ. ტ-მა სარჩელი არ ცნეს (იხ. ს.ფ. 162-171; 178-187; ტ.1).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 232-241; ტ.1).

გ. გ-ემ 2013 წლის 16 მაისს აღძრა სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისის მერიის 2013 წლის 10 აპრილის №668 განკარგულებისა და თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 7 მარტის №000112 დადგენილების, რომლითაც გ. გ-ე დაჯარიმდა 4000 ლარით ქ. თბილისში, ... ქ. №42-ში არსებული ფართის უნებართვოდ ამოშენებისათვის, ბათილად ცნობას და ასევე იშუამდგომლა გასაჩივრებული აქტების მოქმედების შეჩერება (იხ. ს.ფ. 1-10).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 მაისის განჩინებით გ. გ-ის შუამდგომლობა ადმინისტრაციული აქტების მოქმედების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 31-32).

შესაგებლებით ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა და ქ. თბილისის მერიამ სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 44-50; 80-88).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 189-193).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 სექტემბრისა და 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებები სააპელაციო საჩივრებით გაასაჩივრა გ. გ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილებების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელების დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 198-206; 216-224; იხ. ს.ფ. 232-241; ტ.1; ).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 19 დეკემბრის საოქმო განჩინებით გ. გ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 სექტემბრისა და ასევე სააპელაციო საჩივარი ამავე სასამართლოს 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებებზე გაერთიანდა ერთ წარმოებად (იხ. ს.ფ. 31-44; ტ.4).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 23 იანვრის განჩინებით გ. გ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 სექტემბრისა და 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებები (იხ. ს.ფ. 71-88; ტ.3).

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. გ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას ითხოვდა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის ,,ბ“ქვეპუნქტის შესაბამისად(იხ. ს.ფ. 99-105; 139-145).

საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 6 ივნისის განჩინებით გ. გ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მხარეებს საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად განესაზღვრათ 15 დღიანი საპროცესო ვადა (იხ. ს.ფ. 147-148; ტ.2).

საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი წერილობითი მოსაზრებით მესამე პირებმა - მალონი ჯანაშიამ და ნ. ტ-მა მოითხოვეს გ. გ-ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ. 160-161; ტ.2).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორის _ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, კასატორის მითითებას საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დასაშვებად ცნობის თაობაზე, რამდენადაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება (საქმეზე №ბს-391-386(3კ-12) ნ. ი-ის საკასაციო საჩივრისა გამო, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და ქ. თბილისის მერიის მიმართ, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე) გამოტანილია სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შედეგად, ვიდრე მოცემულ საქმეშია წარმოდგენილი.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ გ. გ-ის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც გ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. გ-ეს სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე თ. შ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. გ. გ-ეს უნდა დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე თ. შ-ის მიერ 2014 წლის 19 მაისს №2 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე