Facebook Twitter
saqme #bs-799-773(k-10)

საქმე #ბს-250-247(კ-14) 29 ივლისი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა თვითმმართველი ქ. ქუთაისის საკრებულოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 თებერვლის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე გ. კ-ის სარჩელისა გამო თვითმმართველი ქ. ქუთაისის საკრებულოს მიმართ, მესამე პირის - ქ. ქუთაისის მერიის მონაწილეობით).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

გ. კ-ემ სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხის თვითმმართველი ქ. ქუთაისის საკრებულოს მიმართ და მოითხოვა თვითმმართველი ქ. ქუთაისის საკრებულოს 2013 წლის 7 ივნისის №681 ბრძანების ბათილად ცნობა /იხ. ს.ფ. 2-13, ტ.1/.

შესაგებლით ქ. ქუთაისის საკრებულომ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ. ს.ფ. 176-182 ტ.1/.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 ივლისის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ქ. ქუთაისის მერია (იხ. ს.ფ. 191; ტ.1).

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი თვითმმართველი ქ. ქუთაისის საკრებულოს 2013 წლის 7 ივნისის №681 ბრძანება, გ. კ-ის დაჯარიმების შესახებ /იხ. ს.ფ. 133-140; ტ.2/.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ქუთაისის საკრებულომ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ. ს.ფ. 144-152; 159-167; ტ.2/.

სააპელაციო შესაგებლით გ. კ-ემ სააპელაციო საჩივარი არ ცნო /იხ. ს.ფ. 174-180 ;ტ.2/.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 თებერვლის განჩინებით ქ. ქუთაისის საკრებულოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება /იხ. ს.ფ. 191-198; ტ.2/.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ქუთაისის საკრებულომ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ. ს.ფ. 205-211 224-230; 231-237; 244-250; ტ.2/.

საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 13 ივნისის განჩინებით თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის საკრებულოს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მხარეებს საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად განესაზღვრათ 15 დღიანი საპროცესო ვადა /იხ. ს.ფ. 251-252; ტ.2/.

საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი წერილობითი მოსაზრებით გ. კ-ემ მოითხოვა თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის საკრებულოს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა /იხ. ს.ფ. 258-259; ტ.2/

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის საკრებულოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორის _ თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის საკრებულოს საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის საკრებულოს მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის საკრებულოს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის საკრებულოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის საკრებულოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე