Facebook Twitter

#ბს-271-268(გ-14) 10 ივლისი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელე _ ო. ძ-ე

მოპასუხეები _ 1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახური; 2. მ. ი-ი

დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2012 წლის 28 დეკემბერს ო. ძ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - მ. ი-ის მიმართ.

მოსარჩელემ მ. ი-ის კუთვნილი ხელვაჩაურის რაიონი, სოფელ ... მდებარე უძრავი ქონების სამეზობლო საზღვრების გაუქმება, ხოლო სარჩელის დაზუსტების შემდეგ საკადასტრო აზომვითი ნახაზით დადგენილი და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრის გაუქმება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 აპრილის განჩინებით ო. ძ-ის სარჩელისა გამო საქმეზე შეწყდა წარმოება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 აპრილის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ო. ძ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ივლისის განჩინებით ო. ძ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 აპრილის განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ადმინისტრაციული ორგანოს ჩართულობით განსჯადობის საკითხზე მსჯელობისა და საჭიროების შემთხვევაში, დასაბუთებული განჩინების საფუძველზე საქმის ადმინისტრაციულ კოლეგიაში გადაგზავნის მიზნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 27 ნოემბრის განჩინებით ო. ძ-ის სარჩელისა გამო სამოქალაქო საქმეზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ჩაბმულ იქნა მოპასუხედ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 31 იანვრის განჩინებით დაკმაყოფილდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა არასათანადო მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სათანადო მოპასუხით – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურით შეცვლისა და საქმის განსჯადობით ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში გადაგზავნის თაობაზე; ო. ძ-ის სარჩელი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის და მ. ი-ის მიმართ საკადასტრო აზომვითი ნახაზით დადგენილი და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრის გაუქმების შესახებ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველად განსჯადობით ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნა.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის №835 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სააგენტო მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების მეშვეობით. საქალაქო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში მხარე სადავოდ ხდის ხელვაჩაურის რაიონში მდებარე უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ რეგისტრირებულ მონაცემებს, რის გამოც არასათანადო მოპასუხე – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უნდა შეიცვალოს სათანადო მოპასუხით – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურით.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. საქალაქო სასამართლოს მითითებით, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს საკადასტრო აზომვითი ნახაზით დადგენილი საზღვრის გაუქმება, რაც საფუძვლად დაედო უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციას. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ 25-ე მუხლის მიხედვით (საკადასტრო მონაცემებისა და საკადასტრო აზომვითი ნახაზის ცნება), საკადასტრო მონაცემები არის ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით ასახული, მიწის ნაკვეთის საზღვრის კონფიგურაციის და ადგილმდებარეობის, მასზე არსებული ნაგებობების, მათ შორის ხაზოვანი ნაგებობების, ასევე სერვიტუტის ან სხვა სამართლებრივი შეზღუდვის ფარგლების შესახებ გრაფიკულად და ტექსტურად გამოსახული ზუსტი ინფორმაცია. საკადასტრო აზომვითი ნახაზი არის ამ ინსტრუქციის მოთხოვნათა დაცვით შესრულებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ამსახველი დოკუმენტი. ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახური ვალდებულია დაეყრდნოს ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირის მიერ შესრულებულ საკადასტრო აზომვით ნახაზს, თუ იგი აკმაყოფილებს ამ ინსტრუქციითა და საქართველოს კანონმდებლობით საკადასტრო აზომვითი ნახაზისთვის დადგენილ აუცილებელ მოთხოვნებს. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ მართალია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამავე კანონის 23-ე მუხლის „ვ1“ პუნქტის თანახმად, რეგისტრაციაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძველს სარეგისტრაციო მოთხოვნის რეგისტრირებულ მონაცემებთნ იდენტურობა წარმოადგენს. ამდენად, საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, ო. ძ-ის სარჩელი წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეს.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე; ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან განთავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფლის მიხედვით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ო. ძ-ის სარჩელი ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველად განსჯადობით გადაეგზავნა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 15 აპრილის განჩინებით ო. ძ-ის სარჩელი ერთი დონის სასამართლოებს შორის განსჯადობაზე დავის გადასაწყვეტად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოეგზავნა.

რაიონული სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე; ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილი ზოგადად უშვებს სასამართლოებს შორის დავას, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, სამოქალაქო სასამართლოებისაგან განსხვავებით, დაიშვება არა მხოლოდ საგნობრივ განსჯადობასთან დაკავშირებული დავა, არამედ აგრეთვე ტერიტორიულ განსჯადობასთან დაკავშირებული დავა.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.

რაიონული სასამართლოს მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან განთავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთებზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთებზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთის ადგილსამყოფელის მიხედვით.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 7 აგვისტოს №1/170 გადაწყვეტილების საფუძველზე შეიქმნა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო, რომლის სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.

რაიონული სასამართლოს მითითებით, საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 14 ივნისის №4757–Iს დადგენილების თანახმად, „ერთი მხრივ, თვითმმართველ ქალაქ ბათუმსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს და, მეორე მხრივ, თვითმმართველ ქალაქ ბათუმსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტს შორის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე“, ქ. ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის რიგი ტერიტორიები მოექცა ქ. ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში. აღნიშნულმა განაპირობა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გარკვეული ტერიტორიული ერთეულების თემების ნაწილობრივ დაყოფა.

რაიონული სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში როგორც სასარჩელო განცხადებით ირკვევა დავის საგანს წარმოადგენს სოფელ ... მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელიც დღეის მდგომარეობით თვითმმართველი ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებშია შესული. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის საფუძველზე, ო. ძ-ის სარჩელი წარდგენილი უნდა ყოფილიყო სასამართლოში ნივთის ადგილსამყოფელის მიხედვით. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ო. ძ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისა და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსაზრებების გაცნობის შედეგად მიაჩნია, რომ ო. ძ-ის სარჩელი საქმესთან ერთად უნდა დაუბრუნდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3. მუხლის საფუძველზე სასამართლოთა შორის დავა საქმის განსჯადობის თაობაზე, შესაბამისად, სახეზე არ არის ამავე მუხლით დადგენილი საკასაციო სასამართლოს იურისდიქცია - სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტის უფლებამოსილების თაობაზე, ვინაიდან ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო არ დავობს, რომ საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ განხილვას ექვემდებარება, არამედ, მიაჩნია, რომ საქმე სრულიად სხვა - ბათუმის საქალაქო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა არა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, არამედ ამავე მუხლის მე-2 ნაწილით და საქმე გადაეგზავნა უფლებამოსილი სასამართლოსათვის, რომელიც თუ მიიჩნევდა, რომ განსჯად სასამართლოს წარმოადგენდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3. მუხლის საფუძველზე წამოიწყებდა დავას განსჯადობის შესახებ, რა შემთხვევაშიც საკასაციო სასამართლოს პროცესუალური უფლებამოსილება, გადაწყვიტოს დავა სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, სახეზე იქნებოდა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დავა განსჯადობის თაობაზე რომლის გადაჭრის უფლებამოსილება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3. მუხლის საფუძველზე გააჩნია საკასაციო სასამართლოს, გულისხმობს სასამართლოთა შორის შეუთანხმებლობას დავის საგანთან მიმართებაში სასამართლოს უფლებამოსილების პრინციპის გათვალისწინებით, რაც კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არ არის, რის გამოც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მსჯელობა სასამართლოთა შორის ასეთი დავის არსებობისა და შესაბამისად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3. მუხლით დადგენილი წესით საქმის საკასაციო სასამართლოსათვის გადმოგზავნის თაობაზე დაუსაბუთებელია, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ საქმე ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში გადაგზავნილ იქნა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ო. ძ-ის სარჩელი წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეს, სადავო უძრავი ქონება კი სოფელ ... მდებარეობს; ხოლო ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.2. და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლების საფუძველზე, ნაცვლად განსჯადობაზე დავის წამოწყებისა, საქმე უნდა გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციულ სამართალწარმოების წესით განსახილველად იმ მოტივით, რომ საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 14 ივნისის №4757–Iს დადგენილების თანხამად, სოფელ ... მდებარე სადავო უძრავი ქონება დღეის მდგომარეობით თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებშია მოქცეული. ამასთან, მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა კლასიკური დავა სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, თუ ბათუმის საქალაქო სასამართლო არ დაეთანხმებოდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მსჯელობას დავის ბათუმის საქალაქო სასამართლოს განსჯადად მიჩნევის თაობაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად უფლებამოსილი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ საქმის გადაგზავნის შემდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლო წამოიწყებდა დავას ტერიტორიული განსჯადობის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან ამკვიდრებს არა მხოლოდ განსჯადი სასამართლოს პრინციპს, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობის მნიშვნელოვან პრინციპს - უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, რაც თავის მხრივ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას. ადმინისტრაციული კანონმდებლობის აღნიშნული პრინციპი კი ასახვას პოულობს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში /მუხლი 26/, კერძოდ, დავის განხილვის და გადაწყვეტის აუცილებლობაში უფლებამოსილი სასამართლოს მიერ.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ სადავო არ არის ადმინისტრაციული სასამართლოს უფლებამოსილება კონკრეტულ დავასთან მიმართებაში, არამედ სადავოა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის საფუძველზე ტერიტორიული განსჯადობა ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, რომლის მსჯელობის საგანი არც გამხდარა წინამდებარე საქმის განხილვის კომპეტენცია, რაც ნათლად მიანიშნებს, რომ ამ ვითარებაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიასა და ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს შორის არ არსებობს დავა განსჯადობაზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში დაშვებული სასამართლოებს შორის საქმის განსჯადობის შესახებ დავა უზრუნველყოფილია და ემსახურება საქმის მხოლოდ იურისდიქციული ორგანოს მიერ განხილვის იმპერატიული დანაწესის შესრულებას, ხოლო საკასაციო სასამართლოსათვის მინიჭებული კომპეტენცია განსჯადობის შესახებ გულისხმობს ორი სასამართლოს მსჯელობის სამართლებრივ შეფასებას. სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ საკასაციო სასამართლო მსჯელობს მოდავე სასამართლოების დასაბუთებულ შეხედულებებზე კომპეტენციის თაობაზე და წყვეტს დავას სწორედ ერთ-ერთი სასამართლოს მსჯელობის, სამართლებრივი კვალიფიკაციის გაზიარების საფუძველზე, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსჯადობის შესახებ დავის არარსებობის გამო საქმე უნდა დაუბრუნდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქმე - ო. ძ-ის სარჩელისა გამო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურისა და მ. ი-ის მიმართ, დაუბრუნდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ლ. მურუსიძე