საქმე #ბს-286-283(კ-14) 29 ივლისი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მარტის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე ნ. ო-ის სარჩელისა გამო ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგეობის მიმართ).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ნ. ო-ემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების: ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის მიმართ და მოითხოვა თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის 2012 წლის 5 სექტემბრის 12/104504-23 წერილისა და თბილისის მერიის 2012 წლის 31 ოქტომბრის №3088 განკარგულების ბათილად ცნობა /იხ. ს.ფ. 1-11; ტ.1/.
შესაგებლით ქ. თბილისის მერიამ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ. ს.ფ. 81-89; ტ.1/.
შესაგებლით სარჩელი არ ცნო არც ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობამ და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ. ს.ფ. 161-168; ტ.1/
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის 2012 წლის 5 სექტემბრის 12/104504-2 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და თბილისის მერიის 2012 წლის 31 ოქტომბრის №3088 განკარგულება; ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ნ. ო-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ
/იხ. ს.ფ. 254-259; ტ.2/.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ. ს.ფ. 264-273; ტ.2/.
სააპელაციო შესაგებლით ნ. ო-ემ სააპელაციო საჩივარი არ ცნო /იხ. ს.ფ. 12-19 ;ტ.2/.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მარტის განჩინებით ქ. თბილისის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება /იხ. ს.ფ. 30-38; ტ.2/.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ. ს.ფ. 43-50; ტ.2/.
საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 6 ივნისის განჩინებით ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მხარეებს საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად განესაზღვრათ 15 დღიანი საპროცესო ვადა /იხ. ს.ფ. 64-65; ტ.2/.
საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი წერილობითი მოსაზრებით ქ. თბილისის მერიამ მოითხოვა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა /იხ. ს.ფ. 71-73; ტ.2/.
საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი წერილობითი მოსაზრებით ნ. ო-ემ მოითხოვა ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა /იხ. ს.ფ. 76-77; ტ.2/.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორის _ ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ ქ. თბილისის მერიის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე