Facebook Twitter

#ბს-291-288(კ-14) 10 ივლისი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 14 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2013 წლის 26 აგვისტოს გ. ხ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ.

მოსარჩელემ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის 2013 წლის 1 აგვისტოს №111 განკარგულებისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის 2013 წლის 1 აგვისტოს №395 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 2 სექტემბრის განჩინებით გ. ხ-ის სარჩელი მოპასუხე გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობისა და თანამდებობის აღდგენის მოთხოვნით განსახილველად განსჯად - გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოს გადაეგზავნა.

გარდაბნის მაგისტრი სასამართლოს 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. ხ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტი 2013 წლის 1 აგვისტოს №111 განკარგულება და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოებისათვის გათვალისწინებულ ვადაში, საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტის გამოცემა დაევალა; გ. ხ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტი 2013 წლის 1 აგვისტოს №395 ბრძანება და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოებისათვის გათვალისწინებულ ვადაში, საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტის გამოცემა დაევალა.

გარდაბნის მაგისტრი სასამართლოს 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 14 მარტის განჩინებით გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გარდაბნის მაგისტრი სასამართლოს 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 14 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 23 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 14 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ლ. მურუსიძე