455აპ ქ. თბილისი
12 სექტემბერი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),
ზ. მეიშვილი, ლ. მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების _ დ. ა-ისა და გ. ძ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ შ. მ-ის, ი. მ-ისა და ნ. ჯ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 22 იანვრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 26 სექტემბრის განაჩენით:
1. დ. ა., საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა», „გ» და ,,დ" ქვეპუნქტებით _ 6 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით, 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით _ 11 წლით და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 3500 ლარის ოდენობით. დ. ა-ს მიესაჯა 25 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 16000 ლარის ოდენობით, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი _ 3 წელი და 6 თვე და საბოლოოდ განესაზღვრა 29 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 16000 ლარის ოდენობით;
2. გ. ძ-ი, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით და მიესაჯა 11 წლით და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდა დაეწყოთ 2007 წლის 3 მარტიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
დუშეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 16 მარტის განაჩენით დ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ", ,,გ" და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტებით, 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საბოლოოდ მიესაჯა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
2006 წლის 28 აგვისტოს ნასვამი დ. ა. დაუკავშირდა დაუდგენელ პირს და განიზრახეს სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. იმავე ღამით, დაახლოებით 04 საათზე დ. ა. მივიდა დუშეთის რაიონის სოფელ მ-ში მცხოვრებ მ. ს-ის სახლთან, უკანონოდ შეაღწია შიგნით, ხმაურზე გამოღვიძებულ მ. ს-ს ხელი ააფარა პირზე და ძალადობის მუქარით მოსთხოვა ფული. როდესაც დაზარალებულმა უთხრა, რომ მხოლოდ 2 ლარი ჰქონდა, დ. ა. გაღიზიანდა, მ. ს-ს დაუწყო ცემა და კვლავ სთხოვდა ფულს. ამ დროს ბოროტმოქმედს ეზოდან დაუძახა მისმა თანამზრახველმა _ ნუღარ სცემ, არ მოკვდესო. ცემის გამო დაზარალებულმა დაჰკარგა გონება, ხოლო დ. ა-მ საფულედან ამოიღო 2 ლარი, სამზარეულოში იპოვა 200 ლარი, რასაც დაეუფლა და მიიმალა.
2007 წლის 2 მარტს დ. ა. დაუკავშირდა გ. ძ-ს და განიზარხეს, ყაჩაღურად თავს დასხმოდნენ მცხეთის რაიონის სოფელ ვ-ში მცხოვრებ ი. ხ-ს. იმავე ღამით, დაახლოებით 23.30 საათზე, გ. ძ-მა და ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა დ. ა-მ უკანონოდ შეაღწიეს ი. ხ-ის სახლში, სადაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და მუქარით დაუფლნენ დაზარალებულის მობილურ ტელეფონს, დასაკეც დანას და 40 ლარს. ამის შემდეგ თავდამსხმელები ი. ხ-ს კვლავ აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და მოკვლის მუქარით ითხოვდნენ ფულს. შეშინებულმა ი. ხ-მა საშველად უხმო მეზობლებს და გაიქცა ეზოში, მაგრამ იგი წააქციეს და კვლავ დაუწყეს ცემა. ამ დროს შემთხვევის ადგილთან მოგროვდნენ მეზობლები და ბოროტმოქმედები გაიქცნენ.
გარდა ამისა, დ. ა-მ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინა და ატარებდა ,,შAMUღAY შშ 007" მარკის 9მმ კალიბრის ცეცხლსასროლ იარაღსა და მის ვაზნას. იგი ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ,,PГД-5" მოდელის ხელყუმბარას.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ. ძ-მა, რომელმაც მოითხოვა გამართლება და დ. ა-ის ადვოკატმა, რომელმაც მოითხოვა დ. ა-ის ქმედების დაკვალიფიცირება სსკ-ის 178-ე მუხლითა და 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 22 იანვრის განაჩენით გ. ძ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო დ. ა-ის ადვოკატის სასაჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: დ. ა. გამართლდა სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა», „გ» და ,,დ" ქვეპუნქტებით _ 6 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 3500 ლარის ოდენობით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით _ 11 წლით და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით. დ. ა-ს მიესაჯა 20 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 12500 ლარის ოდენობით, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი _ 3 წელი და 6 თვე და საბოლოოდ განესაზღვრა 24 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 12500 ლარის ოდენობით; გ. ძ-ს შეუმსუბუქდა სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
მსჯავრდებულ დ. ა-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი შ. მ-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი უკანონოა შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ არასწორად დააკვალიფიცირა მსჯავრდებულ დ. ა-ის ქმედება, რასაც საფუძვლად დაედო არარსებული და არასარწმუნო მტკიცებულებები, აღნიშნულმა კი არსებითად იმოქმედა სასჯელის ზომაზე; დ. ა-მ თავიდანვე აღიარა ჩადენილი დანაშაული, თუმცა განმარტა, რომ დანაშაული ჩაიდინა მარტომ, მას თან არ ხლებია სხვა პირი და არც მ. ს-ის 200 ლარი გაუტაცია; საპროცესო კანონმდებლობის უხეში დარღვევითაა მითითებული განაჩენში მოწმე ჟ. ჭ-ის ჩვენება; მან პირველი ინსტანციის სასამართლოში განაცხადა, რომ წინასწარ გამოძიებაში საერთოდ არ დაკითხულა და არც ხელმოწერებია მისი; ამიტომ გამოძიების მიერ შეიქმნა და საქმეში ჩაიდო ყალბი მტკიცებულებები, რომლებიც დაუშვებლად უნდა ყოფილიყო ცნობილი; მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ მაინც მიუთითა აღნიშნული მოწმის ჩვენება, როგორც ბრალდების დამადასტურებელი, რაც საპროცესო კანონმდებლობის უხეში დარღვევაა.
ადვოკატ შ. მ-ის განმარტებით, სასამართლომ უხეშად დაარღვია საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნა საქმის ობიექტური, სრული და ყოველმხრივი გამოკვლევის შესახებ; შეფასება არ მიეცა და განაჩენში საერთოდ არ დაფიქსირდა სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე თ. ყ-ის ჩვენება, რომლითაც დასტურდება დ. ა-ის ჩვენება; ამდენად, ბრალდება მ. ს-ის ძარცვის ნაწილში აგებულია მთლიანად დაზარალებულის ჩვენებაზე, საქმის მასალებში კი არის დეტალები, რომლებიც ადასტურებენ, რომ მ. ს-ი აზვიადებს და შეგნებულად ამძიმებს ბრალდებას; დაზარალებული თავიდან კატეგორიულად განმარტავდა, რომ იგი დ. ა-მ გააუპატიურა, თუმცა ჩატარებული ექსპერტიზების შედეგად აღნიშნული ვერ დადასტურდა.
რაც შეეხება ბრალდების მეორე ეპიზოდს, დაზარალებული ი. ხ-ი ერთი და იგივე დეტალს სხვადასხვაგვარად და არადამაჯერებლად გადმოსცემდა, რაც რეალურად მომხდარის აღქმის საშუალებას ნამდვილად არ იძლეოდა; დ. ა-მ გულწრფელად აღიარა, რომ მან მართლაც წაიღო ი. ხ-საგან მობილური ტელეფონი და დანა იმ თანხის სანაცვლოდ, რომელიც დაზარალებულს მისთვის ჰქონდა მისაცემი, მაგრამ ყაჩაღობას ადგილი არ ჰქონია; საქმეში არსებული მტკიცებულებების ობიექტური შეფასებით ამ ეპიზოდში დ. ა-ის ქმედება უნდა დაკვალიფიცირებულიყო ძარცვით, ვინაიდან თვით დაზარალებულ ი. ხ-ის ჩვენებითაც არ დასტურდება ყაჩაღობის ჩადენა, მით უფრო, რომ სააპელაციო სასამართლომ დ. ა-ს მოუხსნა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდება; აღნიშნულიდან გაუგებარია, რომელი გარემოებით დგინდება, რომ მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიშ ძალადობასა და მუქარას და რაში გამოიხატებოდა აღნიშნული; განაჩენში მითითებული მოწმეების _ გ. თ-ისა და ბ. ბ-ის ჩვენებებით ნამდვილად არ დასტურდება დ. ა-ის მიერ ყაჩაღობის ჩადენა; მოწმეებს _ ბ. ძ-სა და გ. ო-ს არ უთქვამთ, რომ მ. ს-ის ნაამბობიდან გამომდინარე, დ. ა-ს ახლდა სხვა პირიც და მათი ჩვენებები განაჩენში არასწორად აისახა; არ არის გამორიცხული, რომ ექსპერტიზის დასკვნაში დაფიქსირებული დაზიანებები _ ნაკაწრი ტუჩსა და წარბზე _ ი. ხ-მა მიიღო ეზოში წაქცევის დროს, საავადმყოფოს კი იმიტომ მიმართა ღამის 3 საათზე, რომ ხელოვნურად ცდილობდა, შეექმნა მტკიცებულებები დ. ა-სათვის მძიმე ბრალდების წარდგენისათვის, მისი ინტერესი კი აშკარად მათ შორის ფულის გამო წარმოქმნილი უთანხმოება იყო.
გარდა აღნიშნულისა, ადვოკატ შ. მ-ის აზრით, სასამართლო ზედმეტად მკაცრი იყო დ. ა-სათვის სასჯელის დანიშვნისას.
გამომდინარე აღნიშნულიდან, კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 22 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანას, დ. ა-სათვის ძარცვის მაკვალიფიცირებელი ნიშნების ამორიცხვას, ყაჩაღობის ნაწილში კი მისი ქმედების ძარცვაზე გადაკვალიფიცირებას; საბოლოოდ დ. ა-ის ქმედების დაკვალიფიცირებას სსკ-ის 178-ე მუხლითა და 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მინიმალური სასჯელის განსაზღვრას.
მსჯავრდებულ გ. ძ-ის ინტერესების დამცველები, ადვოკატები _ ი. მ. და ნ. ჯ. საკასაციო საჩივარში აღნიშნავენ, რომ განაჩენი დაუსაბუთებელი, უკანონო და უსამართლოა; მისი დადგენისას არ იქნა დაცული საქართველოს სსსკ-ის 498-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა», „ბ» ქვეპუნქტების მოთხოვნები; გ. ძ. არ ითვალისწინებდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობას, რადგან იცოდა, რომ დ. ა. ი. ხ-ის ცოლის ძმისშვილი იყო და მიდიოდა თავისი ანაზღაურების მისაღებად. ამასთან, გ. თ-ის, ბ. ბ-ისა და გ. ზ-ის ჩვენებებით დ. ა. ხშირად აკითხავდა მამიდას და ბინაში უკანონო შეღწევას ადგილი არ ჰქონია. ასევე არათანმიმდევრულია ი. ხ-ის ჩვენებები, რაზეც მეტყველებს ის გარემოებები, რომ დაზარალებულს არ უხსენებია თანხა _ 115 ლარი, რომელიც დ. ა-სათვის უნდა მიეცა შესრულებული სამუშაოსათვის, მანვე ვერ დააკონკრეტა, სცემდა თუ არა გ. ძ-ი; რამდენიმე პირის ყოფნა შემთხვევის ადგილას არ იწვევს იმის აუცილებლობას, რომ ყველა პასუხისგებაში მიეცეს; ამასთან, არ გამორიცხავს სხვადასხვა კვალიფიკაციას; საინტერესოა, რაში გამოიხატა ყაჩაღობა; გაუგებარია, შიშველი ხელებით სიცოცხლისათვის საშიში ძალადობა ან ძალადობის მუქარა მსჯავრდებულებს როგორ უნდა გამოეხატათ; გ. ძ-ის მხრიდან მსგავსი ქმედების განხორციელება არც ერთი უტყუარი მტკიცებულებით არ დასტურდება; გარდა აღნიშნულისა, სასამართლომ არ გაითვალისწინა 18 წლის ახალგაზრდის წარსული, ის, რომ არ ყოფილა ნასამართლევი, ოჯახის წევრები გამოირჩევიან კეთილსინდისიერებით და დაუდგინა პიროვნებასა და ჩადენილი ქმედების ხასიათთან შეუსაბამო სასჯელი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატები _ ი. მ. და ნ. ჯ. ითხოვენ გ. ძ-ის მიმართ საქმის შეწყვეტას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრების მოტივთა საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებული და გამოკვლეული მტკიცებულებები საკმარისია საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად და გასაჩივრებული განაჩენი დასაბუთებულია, კერძოდ:
დაზარალებულ მ. ს-ის ჩვენებებით დადგენილია, რომ დ. ა-მ ხელი ააფარა პირზე, სცემდა და ითხოვდა ფულს. ამ დროს ეზოდან დაიძახეს _ ნუ სცემ, არ მოკვდეს, გათიშეო. დ. ა-მ დაზარალებულს ორჯერ უთხრა: ,,მარტო კი არ ვარ, იცი, რა ბიჭები მყავსო". მ. ს-მა მიუთითა, რომ დ. ა-მ სასტიკად სცემა, დაჰკარგა გონება და მომხდარის შემდეგ ვერ იპოვა შენახული 200 ლარი (ტ. 2, ს.ფ. 18).
მოწმეების _ ბ. ო-ისა და ნ. ფ-ის ჩვენებებით ირკვევა, რომ ნაცემი მ. ს-ი ნახეს თავის სახლში. დაზარალებულმა მათ უამბო, რომ დ. ა-მ მოსთხოვა ფული და უარის მიღების გამო სცემა. ამასთან, თავდამსხმელს სხვა პირიც ახლდა, რომელიც მ. ს-მა ვერ იცნო (ტ. 1, ს.ფ. 12-13; 16-17; ტ. 2, ს.ფ. 20; 23).
საქმის წინასწარი გამოძიებისას მიცემული ჩვენებები მოწმეთა თანხმობით გამოქვეყნდა სასამართლო სხდომაზე და ბ. ო-მა და ნ. ფ-მა დაადასტურეს მათი ობიექტურობა. ამდენად, უსაფუძვლოა ადვოკატ შ. მ-ის საჩივრის მოტივი, თითქოს განაჩენში არასწორად აისახა მოწმეთა ჩვენებები.
ბუნებრივია ის გარემოება, რომ საქმის წინასწარი და სასამართლო გამოძიებისას ი. ხ-ს არ უხსენებია დ. ა-სათვის გადასაცემი 115 ლარის შესახებ, რადგან დაზარალებულის არაერთი ჩვენებით, ორივე ბოროტმოქმედი ემუქრებოდა მოკვლით, სცემდნენ და ეუბნებოდნენ: ,,შენი სიდედრი რომ გარდაიცვალა, ქელეხიდან აღებული ფული გექნება და მოგვეციო". ი. ხ-მა ასევე აღნიშნა, რომ კარის გაღების შემდეგ სახლში მის დაუკითხავად შეცვივდნენ გ. ძ-ი და დ. ა.. ამ უკანასკნელს ჰქონდა შავი პისტოლეტი და უთხრა, რომ თანხა სჭირდებოდა ,,ზონაში ჩასატანად" (ტ. 1, ს.ფ. 125-128; ტ. 2, ს.ფ. 29-33).
პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებულის ჩვენებები თანმიმდევრული და დამაჯერებელია, მათ ობიექტურობაზე მეტყველებს სხვა პირთა განმარტებებიც, კერძოდ, მოწმეების _ გ. თ-ის და ბ. ბ-ის ჩვენებებით ირკვევა, რომ ი. ხ-ი ყვირილით ითხოვდა შველას. ამ უკანასკნელის სახლთან მისვლისას დაინახეს, რომ გაიქცა ორი პირი. ნაცემმა დაზარალებულმა უამბო, რომ დ. ა. და მისი თანმხლები ითხოვდნენ ი. ხ-ის სიდედრის დაკრძალვის შედეგად მიღებულ თანხას (ტ. 1, ს.ფ. 137-140; ტ. 2, ს.ფ. 37-39). მოწმე გ. ზ-მ მიუთითა, რომ, როგორც შეიტყო, ი. ხ-ს ყაჩაღურად თავს დაესხა დ. ა. და უცნობი პირი. ამასთან, დ. ა. დაზარალებულს იშვიათად აკითხავდა (ტ. 2, ს.ფ. 37).
გარდა აღნიშნულისა, მსჯავრდებულთა მიერ მათთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა დადასტურებულია ბინის ჩხრეკის, პიროვნებისა და საგნის ამოსაცნობად წარდგენის ოქმებით, ასევე _ ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნებით.
რაც შეეხება მოწმე თ. ყ-ს, იგი სასამართლოში დაიკითხა და აღნიშნა, რომ 2006 წლის 28 აგვისტოს, საღამოს დაბრუნდა სახლში, სადაც ქეიფობდა დაახლოებით ხუთი პირი, მათ შორის _ დ. ა.. თ. ყ-ი სუფრასთან მყოფთ არ შეუერთდა და დაიძინა. შესაბამისად, არ იცის, რომელ საათამდე გაგრძელდა ქეიფი. მომდევნო დღეებში შეიტყო, რომ იმ ღამით დ. ა. სახლში შეუვარდა მ. ს-ს, სცემა მას და წაართვა ფული.
მოწმის ეს ჩვენება ძარცვისათვის წარდგენილი ბრალდების ეპიზოდში დ. ა-ის უდანაშაულობაზე არ მეტყველებს და, შესაბამისად, არც გამამტყუნებელი განაჩენის დასაბუთებულობაზე ახდენს გავლენას.
ამასთან, გასაჩივრებული განაჩენით დ. ა-ს სსკ-ის 178-ე მუხლით დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 3500 ლარის ოდენობით, 179-ე მუხლით _ 5000 ლარის ოდენობით, ხოლო 236-ე მუხლით _ 2500 ლარის ოდენობით, შესაბამისად, დ. ა-ს დამატებით სასჯელად საბოლოოდ უნდა განესაზღვროს ჯარიმა 11000 ლარის ოდენობით, ნაცვლად განაჩენში მითითებული 12500 ლარისა.
მსჯავრდებულთა ქმედებები ძარცვისა და ყაჩაღობის ბრალდების ეპიზოდში უნდა დაკვალიფიცირდეს მხოლოდ სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა", ,,გ" და ,,დ" ქვეპუნქტებით და 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით, როგორც ეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენშია აღნიშნული, რადგან ამ მუხლების ყოველი მომდევნო ნაწილი მოიცავს წინას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დ. ა-ისა და გ. ძ-სათვის დანიშნული სასჯელები არ არის მეტისმეტად მკაცრი და, შესაბამისად, აშკარად უსამართლო. ამასთან, გ. ძ-ს გასაჩივრებული განაჩენით შეუმსუბუქდა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი და მისი კიდევ უფრო მეტად შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულების _ დ. ა-ისა და გ. ძ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ შ. მ-ის, ი. მ-ისა და ნ. ჯ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 22 იანვრის განაჩენიდან დ. ა-სა და გ. ძ-ის მიმართ ამოირიცხოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტი და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტი;
მსჯავრდებულ დ. ა-ს დამატებით სასჯელად საბოლოოდ განესაზღვროს ჯარიმა 11000 (თერთმეტი ათასი) ლარის ოდენობით.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.