Facebook Twitter

საქმე ბს-315-311(2კ-14) 29 ივლისი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მერიისა და მ. ბ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებაზე (ადმინისტრაციული საქმე მ. ბ-ის სარჩელისა გამო, მოპასუხეების ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის მიმართ, მესამე პირის შპს ,,...“ მონაწილეობით).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

მ. ბ-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის მიმართ და მოითხოვა სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 8 ივნისის №01/1312 ბრძანების, სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 8 ივნისის №01/1390-1 სანებართვო მოწმობისა და ქ. თბილისის მერიის 2012 წლის 24 ივლისის №2079 განკარგულების ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 1-9; 31-39; ტ.1).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 31 აგვისტოს განჩინებით საქმეში ასკ-ის 16.2 მუხლის შესაბამისად, მესამე პირად ჩაება შპს ,,...“ (იხ. ს.ფ. 62-63; ტ.1).

მესამე პირმა შპს ,,...“ სააპელაციო შესაგებლით სარჩელი არ ცნო (იხ. ს.ფ. 69-77; ტ.1).

შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს არც ქ. თბილისის მერიამ და ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა (იხ. ს.ფ. 83-90; 212-218; ტ.1).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ.ს.ფ. 231-235; ტ.1).

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 241-251; ტ.1).

სააპელაციო შესაგებლით ქ. თბილისის მერიამ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 11-18; ტ.2).

სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა სააპელაციო შესაგებლით ასევე მესამე პირმა შპს ,,...“ (იხ. ს.ფ. 19-25; ტ.1).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით მ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 47-54; ტ.2).

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება (იხ. ს.ფ. 63-69; ტ.2).

საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 9 ივლისის განჩინებით მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 31 იანვრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ. ს.ფ. 111-140; ტ.2).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით მ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება ნაწილობრივ, მოპასუხის - ქ. თბილისის მერიის 2012 წლის 24 ივლისის №2079 განკარგულების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის 2012 წლის 24 ივლისის №2079 განკარგულება; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება მოპასუხის ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 8 ივნისის №01/1312 ბრძანებისა და 2011 წლის 8 ივნისის №01-1390-1 სანებართვო მოწმობის ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში დარჩა უცვლელად (იხ. ს.ფ. 71-89; ტ.3).

მითითებული გადაწყვეტილება ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 8 ივნისის №01/1312 ბრძანებისა და 2011 წლის 8 ივნისის №01-1390-1 სანებართვო მოწმობის ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ.98-105; ტ.3).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება ქ. თბილისის მერიის 2012 წლის 24 ივლისის №2079 განკარგულების ბათილად ცნობის ნაწილში საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ასევე ქ. თბილისის მერაიმ და მოითხოვა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 106-113; ტ.3).

საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 6 ივნისის განჩინებით ქ. თბილისის მერიისა და მ. ბ-ის საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 133-134; ტ.2).

შპს ,,...“ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მოსაზრებით მოითხოვა მ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ. 143).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის მერიისა და მ. ბ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორების _ ქ. თბილისის მერიისა და მ. ბ-ის საკასაციო საჩივრები არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორებმა ვერ დაასაბუთეს თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორების _ ქ. თბილისის მერიისა და მ. ბ-ის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ქ. თბილისის მერიისა და მ. ბ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მერიისა და მ. ბ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მერიისა და მ. ბ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე