კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე
საქმე ¹#ბს-323-319(კს-14) 3 ივლისი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლე _ ნათია წკეპლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,…“ თავმჯდომარის ნ. შ-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 აპრილის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე მარინე გუგუნაშვილის სარჩელისა გამო, მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, მესამე პირის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ოპერას“ მონაწილეობით).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლოში 2014 წლის 28 მაისს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-323-319(კს-14) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,…“ თავმჯდომარის ნ. შ-ის კერძო საჩივრით განსახილველად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 აპრილის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 6 ივნისის განჩინებით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,…“ თავმჯდომარის ნ. შ-ის კერძო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე იმ მოტივით, რომ იგი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39.1 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნას და კერძო საჩივრის ავტორს დაევალა 10 დღის ვადაში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (იხ. ს.ფ. 241-242).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,…“ თავმჯდომარის ნ. შ-ის კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
კერძო საჩივრის ავტორს საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 26 სექტემბრის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, განესაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ ვის მიერ არის განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა (სასამართლოსა თუ კანონისმიერი), განასხვავებენ კანონის და სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ასევე საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს კანონისმიერ ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, თუ მხარემ კანონისმიერ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. ამასთან, განსხვავებით სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადისა, რომელიც შესაძლებელია გააგრძელოს სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით, კანონისმიერი ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებას კანონისმიერ განსაზღვრულ დროში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია პირთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისათვის, კერძოდ, კანონისმიერ განსაზღვრულ დროში მოქმედების შესრულება განაპირობებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.
კონკრეტულ შემთხვევაში, ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 6 ივნისის განჩინება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2. და სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,…“ თავმჯდომარეს ნ. შ-ეს გაეგზავნა 2014 წლის 11 ივნისს. სასამართლოში დაბრუნებული გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათის თანახმად, ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 6 ივნისის განჩინება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,…“ თავმჯდომარის ნ. შ-ის შვილს მ. შ-ეს (პირადი #...) ჩაჰბარდა 2014 წლის 12 ივნისს (იხ. ს.ფ. 244), შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზის შესავსებად საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული 10-დღიანი საპროცესო ვადა ამოეწურა 2014 წლის 23 ივნისს, მაგრამ წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ შეუვსია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,…“ თავმჯდომარის ნ. შ-ის კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის კერძო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 390-ე, 396.3, 401-ე, 416-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,…“ თავმჯდომარის ნ. შ-ის კერძო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად; წინამდებარე განჩინება გადაეგზავნოს მხარეებს; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე /ნათია წკეპლაძე/