Facebook Twitter
saqme #bs-799-773(k-10)

საქმე #ბს-331-327(კ-14) 29 ივლისი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებაზე (ადმინისტრაციული საქმე ო. ბ-ის სარჩელისა გამო, მოპასუხის - აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ო. ბ-ემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მის მიერ საპრივატიზაციო ობიექტის საბოლოო ფასის ერთი თვის ვადაში გადაუხდელობის მართლზომიერად მიჩნევა, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2006 წლის 25 დეკემბრის №1275 ბრძანების, 2006 წლის 16 ნოემბრის აუქციონის შედეგების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე, ბათილად ცნობა და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის მოსარჩელის ბრალეულობის გამორიცხვის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება, ასევე მოსარჩელის მიერ ,,ბე“-ს სახით გადახდილი თანხის უკან დაბრუნება და მატერიალური ზიანის ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 1-5; ტ.1).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 4 თებერვლის განჩინებით ო. ბ-ის სარჩელი დარჩა განუხილველი (იხ. ს.ფ. 77-79; ტ.1).

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ო. ბ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება (იხ. ს.ფ. 88-89; ტ.1)

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 სექტემბრის განჩინებით ო. ბ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 4 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ. ს.ფ. 108-111; ტ.1).

საქალაქო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის ეტაპზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა ო. ბ-ის მიერ საპრივატიზაციო ობიექტის საბოლოო ფასის ერთი თვის ვადაში გადაუხდელობის მართლზომიერად მიჩნევა, 2006 წლის 16 ნოემბერის აუქციონის შედეგების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2006 წლის 25 დეკემბრის №1275 ბრძანების ნაწილობრივ, კერძოდ, ო. ბ-ის მიერ ,,ბე’’-ს სახით შეტანილი 100 000 აშშ დოლარის არ დაბრუნების ნაწილში ბათილად ცნობა და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის 100 000 აშშ დოლარის დაბრუნების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება (იხ. ს.ფ. 157-167; ტ.2)

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით ო. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 174-184; ტ.1).

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო. ბ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება(იხ. ს.ფ. 188-197; ტ.1).

სააპელაციო შესაგებლით აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 50-58; ტ.2).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 20 სექტემბრის განჩინებით ო. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 91-98; ტ.2).

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. ბ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 103-110; ტ.2).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით ო. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 20 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ. ს.ფ. 185-196; ტ.2).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ო. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ო. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2006 წლის 25 დეკემბრის №1275 ბრძანება ო. ბ-ის მიერ ,,ბე-ს“ სახით შეტანილი 100000 აშშ დოლარის არ დაბრუნების ნაწილში; აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაევალა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ო. ბ-ისათვის 100000 აშშ დოლარის დაბრუნების თაობაზე; აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ო. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა პირველ ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 5000 ლარისა და საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის გადახდა (იხ. ს.ფ. 220-230; ტ.2).

მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 234-246; ტ.2).

საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 13 ივნისის განჩინებით აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მხარეებს საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად განესაზღვრათ 15 დღიანი საპროცესო ვადა (იხ. ს.ფ. 62-63; ტ.2).

საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მოსაზრებით ო. ბ-ემ მოითხოვა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ. 258-264; ტ.2)

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობის მოსაზრებით, კასატორის _ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის - აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ არ არსებობს აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243.2, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე