Facebook Twitter

საქმე #ბს-400-389(კ-13) 10 ივლისი, 2014წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

სხდომის მდივანი - ა.ვარდიძე

კასატორი – მ. ხ-ა, წარმომადგენელი ნ.მ-ა (19.02.2013წ, № 130145249 რწმუნებულება)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ შემოსავლების სამსახური, წარმომადგენელი ა.დ-ე (08.05.2014წ. =21-04/31730 მინდობილობა)

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.04.13წ. განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ. ხ-ამ 16.10.12წ. სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სპს ,,მ. ხ-ას’’ პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული საბიუჯეტო დავალიანების (ძირითადი დავალიანება 2172.05 ლარი და საურავი 5570,78 ლარი), როგორც უკანონოდ დარიცხულის, გაუქმება. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2007 წელს ფოთის საგადასახადო ინსპექციიდან მიიღო წერილი, რომლის მიხედვით, ერთი და იგივე სახელწოდებით ცალ-ცალკე რეგისტრირებული ორი დამოუკიდებელი საწარმო სპს ,,მ. ხ-ას’’ არსებობა ხელს უშლიდა მომავალ საქმიანობას. აღნიშნულის გამო მან მიმართა ფოთის საგადასახადო ინსპეციას კოდის გაუქმების მოთხოვნით და შესაბამისად, გაუქმდა სპს ,,მ. ხ-აზე’’ მინიჭებული კოდი: .... 19.02.08წ იგი დარეგისტრირდა ინდ.მეწარმედ, რის შემდეგაც დროულად წარადგინა დეკლარაციები და აწარმოა სათანადო ანგარიშსწორება.

მოსარჩელის განმარტებით, იგი საქმიანობას ახორციელებს ქ. ზუგდიდში, როგორც ინდივიდუალური მეწარმე და 15.05.12წ. ჩათვლით რაიმე დავალიანება არ ერიცხებოდა, რაც დასტურდება შედარების აქტით. მიუხედავად ამისა, 2012 წელს სპს ,,მ. ხ-ას’’ პირად ბარათზე აისახა საბიუჯეტო დავალიანება 7742,83 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი დავალინებაა 2171,05 ლარი და საურავი 5570,78 ლარი. მოპასუხემ აცნობა, რომ აღნიშნული დავალიანება წარმოშობილი იყო სხვა პირადი ბარათიდან გადმოტანილი დავალიანების საფუძველზე, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. 22.08.07წ. ჩატარდა რევიზია, რასაც მოჰყვა ანგარიშსწორებათა გასწორება, რის შემდეგაც გაუქმდა მასზე ადრე მინიჭებული კოდი და იგი დარეგისტრირდა ინდ.მეწარმედ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მასზე არასწორად არის დარიცხული როგორც ძირითადი დავალიანება, ასევე საურავი.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მან 21.09.12წ. განცხადებით მიმართა მოპასუხეს-სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა არასწორად დარიცხული თანხის გაუქმება, რაზეც 28.09.12წ. წერილით უსაფუძვლოდ ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და ამის შემდეგ მიმართა სასამართლოს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 12.12.12წ. გადაწყვეტილებით მ. ხ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემების შესაბამისად, რეგისტრირებულია სპს ,,მ. ხ-ა’’, საიდენტიფიკაციო კოდით .... სპს ,,მ. ხ-ას’’ (ს/ნ ...) შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით, 15.11.12წ. მდგომარეობით ბიუჯეტის მიმართ ერიცხება სულ ძირითადი დავალიანება 2185, 05 ლარი და საურავი 5838,68 ლარი. მეწარმე და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემების შესაბამისად რეგისტრირებულია ინდივიდუალური მეწარმე ,,მ. ხ-ა’’ საიდენტიფიკაციო კოდით ... (ძველი საიდენტიფიკაციო კოდი: ...). ი/მ ,,მ. ხ-ას’’ (ს/ნ ...), შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით, 15.11.12წ. მდგომარეობით ბიუჯეტის მიმართ დავალიანება არ ერიცხება და აქვს ზედმეტობა 503,98 ლარი. სპს ,,მ. ხ-ას’’ (ს/ნ ...) საკუთრების უფლებით ერიცხება ქალაქ ზუგდიდში, ... ქუჩაზე (ყოფ. ... 1-ლი შესახვევი) მდებარე, დაზუსტებული 3000 კვ.მ. ფართის უძრავი ქონება, საკადასტრო კოდი: .... მ. ხ-ას (ს/ნ ...) საკუთრების უფლებით ერიცხება ქალაქ ზუგდიდში, ... ქუჩა N50-ში მდებარე დაზუსტებული 313 კვ.მ. ფართის უძრავი ქონება, საკადასტო კოდი: ....

სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 04.05.06წ. საგადასახადო მოთხოვნით, სპს ,,მ. ხ-ას’’ (საიდენტიფიკაციო კოდით ...), ძირითადი დავალიანება შეადგენს 981,86 ლარს, ხოლო საურავი 1340,37 ლარს. ფოთის რეგიონალური ცენტრის მიერ 13.01.09წ. მომზადდა დასკვნა, რომელშიც აღინიშნა, რომ უნდა განხორციელდეს სპს ,,მ. ხ-ას’’ (ს/ნ ...) ლიკვიდაცია და არსებული ნარჩენის კოოპერატივი ,,...’’ (ს/ნ ..., სპს ,,მ. ხ-ა’’) პირადი აღრიცხვის ბარათზე გადატანა. დასკვნას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ სპს ,,მ. ხ-ა’’ ერთი და იგივე სახელწოდებით დროის სხვადასხვა პერიოდში რეგისტრირებულიყო იყო ცალ-ცალკე, როგორც ორი დამოუკიდებელი საწარმო ზუგდიდისა და წალენჯიხის რაიონში. ამავე დასკვნით განისაზღვრა, რომ 11.01.09წ. მდგომარეობით, შედარების აქტის მიხედვით, სპს ,,მ. ხ-ას’’ (ს/ნ ...) ერიცხებოდა დავალიანება-ქონების გადასახადში საურავი 120,96 ლარი, სხვა გადასახადებში (გაუქმებული) ნარჩენი 13,00 ლარი, საურავი 61,19 ლარი; მიწის გადასახადში ნარჩენი 2172,05 ლარი და საურავი 3510, 59 ლარი. ბარათების გაერთიანების შემდეგ განხორციელდა სპს ,,მ. ხ-ას’’ (საიდენტიფიკაციო კოდით ...) ლიკვიდაცია. რეორგანიზაციის შედეგად მ. ხ-ა (კოოპ. ,,...“)(ს/ნ ...) შეერწყა სპს ,,მ. ხ-ას’’ (ს/ნ ...).

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ სპს ,,მ. ხ-ას’’ არ ერიცხება საგადასახადო დავალიანება, რაც დასტურდება საქმეში წარდგენილი გადახდის ქვითრებით. სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ხ-ა რეგისტრირებულია, როგორც ინდივიდუალურ მეწარმედ, ასევე სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებად. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში დაცულია 27.04.12წ. 1130 ლარის ოდენობით საბიუჯეტო გადასახადის ქვითარი, გადახდა განხორციელებულია ინდ. მეწარმე ,,მ. ხ-ას’’ მიერ (ს/ნ...); 27.04.12წ. 40 ლარის ოდენობით საბიუჯეტო გადახდის ქვითარი, რომელიც გადახდილია ინდ.მეწარმე ,,მ. ხ-ას’’ მიერ (ს/ნ ...); 13.01.12წ., 720 ლარის ოდენობით საბიუჯეტო გადასახის გადახდის ქვითარი, გადახდა განხორციელებულია მ. ხ-ას მიერ (ს/ნ ...) და 5.12.08წ. 700 ლარის ოდენობით საბიუჯეტო გადასახადის გადახდის ქვითარი, რომელიც გადახდილია ინდ.მეწარმე ,,მ. ხ-ას’’ მიერ. დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ აღნიშნული მტკიცებულებების შესაბამისად, მოხდა იმ გადასახადების გადახდა, რომლებიც ერიცხებოდა ინდ.მეწარმე ,,მ. ხ-ას’’, რაც შეეხება 16.07.07წ. გადახდის ქვითარს, რომელიც განახორციელა სპს ,,მ. ხ-ამ’’, სასამართლომ აღნიშნა, რომ ამჟამად არსებული დავალიანება დარიცხულია მას შემდეგ - 2009 წლის დასკვნის საფუძველზე, ორი სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პირადი ბარათების გაერთიანების შედეგად.

პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტაცია, რომ საქმეში წარმოდგენილი შედარების აქტის შესაბამისად, საზოგადოებას არ ერიცხებოდა დავალიანება და იგი მოულოდნელად აისახა 2012 წელს. სასამართლომ მიუთითა, რომ 2007 წლის და 2012 წლის შედარების აქტები, რომლებზეც მოსარჩელე ამყარებს თავის პოზიციას, ეკუთვნის ინდ.მეწარმე ,,მ. ხ-ას’’ და არა სპს ,,მ. ხ-ას’’. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 01.12.10წ. მდგომარეობით არსებული შედარების აქტი ასახავს ბიუჯეტის მიმართ ინდ.მეწარმე ,,მ. ხ-ას’’ დავალიანებას, რის გამოც სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება, რომ მან ამ დავალიანების დაფარვით შეასრულა ვალდებულება, რომელიც ეკისრებოდა სპს ,,მ. ხ-ას’’.

პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ’’ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 7.04.05წ. N228 ბრძანების 1.2 მუხლის, 8.41 მუხლის საფუძველზე სასამართლომ მიუთითა, რომ ,,მეწარმეთა შესახებ’’ კანონით განსაზღვრულ საწარმოთა რეორგანიზაციისას (გარდაქმნა, შერწყმა, გაყოფა) საწარმოთა შერწყმის შედეგად გაერთიანებული ცალკეული საწარმოები წყვეტენ არსებობას და გაერთიანების შემდეგ ისინი აღარ არსებობენ როგორც სამართალსუბიექტები, ხოლო საწარმო, რომელსაც მიუერთდნენ აგრძელებს არსებობას და გაერთიანების შედეგად წარმოშობილი საწარმო არის მიერთებული საწარმოს უფლებამონაცვლე, სკ-ის 61-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების შესაბამისად. სასამართლომ მიუთითა აგრეთვე ფოთის რეგიონალური ცენტრის მიერ 13.01.09წ. გაცემულ დასკვნაზე, სადაც აღნიშნულია, რომ უნდა განხორციელდეს სპს ,,მ. ხ-ას’’ (ს/ნ ...) ლიკვიდაცია და არსებული ნარჩენის კოოპერატივი ,,...’’ (ს/ნ ... სპს ,,მ. ხ-ა“) პირადი აღრიცხვის ბარათზე გადატანა. დასკვნას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ სპს ,,მ. ხ-ა’’ ერთი და იგივე სახელწოდებით დროის სხვადასხვა პერიოდში რეგისტრირებული იყო ცალ-ცალკე, როგორც ორი დამოუკიდებელი საწარმო ზუგდიდსა და წალენჯიხის რაიონში. ამავე დასკვნით განისაზღვრა, რომ 11. 01.09წ. მდგომარეობით შედარების აქტის მიხედვით სპს ,,მ. ხ-ას’’ (ს/ნ ...) ერიცხებოდა დავალიანება-ქონების გადასახადში საურავი 120,96 ლარი, სხვა გადასახადებში (გაუქმებული) ნარჩენი 13,00 ლარი, საურავი 61,19 ლარი, მიწის გადასახადში 2172,05 ლარი ნარჩენი, საურავი 3510,59 ლარი. ბარათების გაერთიანების შემდეგ განხორციელდა სპს ,,მ. ხ-ას’’ (საიდენტიფიკაციო კოდით ...) ლიკვიდაცია. ,,გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ’’ მეთოდური მითითების 9.1 მუხლის შესაბამისად, საწარმოს (ორგანიზაციის) რეორგანიზაციის შემთხვევაში, ბარათების შემოწმების შემდეგ, რეორგანიზებული საწარმოს (ორგანიზაციის) ბიუჯეტში გადასახდელების ანგარიშების სალდო გადაიტანება ახლადშექმნილი უფლებამონაცვლე საწარმოს (ორგანიზაციის) ბარათზე რეორგანიზაციის თარიღით. განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 13.01.09წ. დასკვნის საფუძველზე განხორციელდა სპს ,,მ. ხ-ას’’ (კოოპერატივი ..., ს/ნ ...) რეორგანიზაცია და იგი შეერწყა სპს ,,მ. ხ-ას’’ (ს/ნ ...), შესაბამისად, ეს უკანასკნელი წარმოადგენს ძველი სუბიექტის უფლებამონაცვლეს და საგადასახადო ორგანოს მიერ სწორად განხორციელდა გადასახადების მისი პირადი აღრიცხვის ბარათებზე გადატანა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 12.12.12წ გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.04.13წ. განჩინებით მ. ხ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 12.12.12წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ სსკ-ის 382.2, 390.3 მუხლებზე მითითებით სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 26.04.13წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ხ-ამ, რომელმაც მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და სპს ,,მ. ხ-ას’’ პირად ბარათზე რიცხული დავალიანების გაუქმება. კასატორმა აღნიშნა, რომ სპს ,,მ. ხ-ას’’ გაუქმების მოთხოვნით მიმართა ფოთის საგადასახადო ინსპექციას 2007 წელს, მას შემდეგ დავალიანება დღემდე უკანონოდ ერიცხება. სასამართლომ არ დაასაბუთა აღნიშნული დავალიანების დარიცხვის საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ მ.ხ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და თვლის, რომ არ არსებობდა გასაჩივრების ვადის გაცდენის გამო სარჩელის დაუშვებლად ცნობის საფუძველი, ვინაიდან მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია შემოსავლების სამსახურის 18.07.12წ. ბრძანება. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს შეადგენს სპს „მ. ხ-ას“ პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული საბიუჯეტო დავალიანების ჩამოწერა ანუ საგადასახადო ორგანოსათვის რეალაქტის, ქმედების განხორციელების დავალება (სასკ-ის 24-ე მუხ.).

ფოთის რეგიონალური ცენტრის 13.01.09წ. დასკვნაში აღინიშნა, რომ უნდა განხორციელდეს სპს ,,მ. ხ-ას“ (ს/ნ ...) ლიკვიდაცია და არსებული ნარჩენის კოოპერატივი ,,...ს“ (ს/ნ ... სპს ,,მ. ხ-ა“) პირადი აღრიცხვის ბარათზე გადატანა. დასკვნას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ სპს ,,მ. ხ-ა“ ერთიდაიგივე სახელწოდებით დროის სხვადასხვა პერიოდში რეგისტრირებული იყო ცალ-ცალკე, როგორც ორი დამოუკიდებელი საწარმო, ზუგდიდსა და წალენჯიხის რაიონში. დასკვნის თანახმად, 11.01.09წ. მდგომარეობით შედგენილი შედარების აქტის მიხედვით სპს ,,მ. ხ-ას“ (ს/ნ ...) ერიცხებოდა დავალიანება: ქონების გადასახადის საურავი - 120,96ლარი, სხვა გადასახადები (გაუქმებული) ნარჩენი 13,00 ლარი, საურავი - 61,19 ლარი, მიწის გადასახადი - 2172,05 ლარი ნარჩენი, საურავი - 3510,59 ლარი. ბარათების გაერთიანების შედეგად მოხდა სპს ,,მ. ხ-ას“ (საიდენტიფიკაციო კოდით ...) ლიკვიდაცია.

13.01.09წ. დასკვნის გამოცემის დროისათვის მოქმედი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 07.04.05წ. =228 ბრძანებით დამტკიცებული ,,გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ ინტრუქციის 8.41 მუხლის თანახმად, ,,მეწარმეთა შესახებ“ კანონით განსაზღვრულ საწარმოთა რეორგანიზაციისას (გარდაქმნა, შერწყმა, გაყოფა), საწარმოთა შერწყმის შედეგად გაერთიანებული ცალკეული საწარმოები წყვეტენ არსებობას და გაერთიანების შედეგად ისინი აღარ არსებობენ როგორც სამართალსუბიექტები, ხოლო საწარმო, რომელსაც მიუერთდნენ აგრძელებს არსებობას და გაერთიანების შედეგად წარმოშობილი საწარმო არის მიერთებული საწარმოს უფლებამონაცვლე. სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის 22.03.11წ. =2105 ბრძანებით დამტკიცებული ,,გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების 9.1 მუხლის შესაბამისად, საწარმოს (ორგანიზაციის) რეორგანიზაციის შემთხვევაში, ბარათების შემოწმების შემდეგ, რეორგანიზებული საწარმოს (ორგანიზაციის) ბიუჯეტში გადასახდელების ანგარიშების სალდო გადაიტანება ახლადშექმნილი უფლებამონაცვლე საწარმოს (ორგანიზაციის) ბარათზე რეორგანიზაციის თარიღით (რეორგანიზაციის თარიღის ათვლა მოხდება შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ სათანადო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თარიღიდან). საქმის მასალებით დასტურდება, რომ 13.01.09წ. დასკვნის საფუძველზე განხორციელდა სპს ,,მ. ხ-ას“ (კოოპ. ,,...“, ს/ნ ...) რეორგანიზაცია და იგი შეერწყა სპს ,,მ. ხ-ას“ (ს/ნ ...), შესაბამისად ეს უკანასკნელი არის ძველი სუბიექტის უფლებამონაცვლე. სპს ,,მ. ხ-ას“ (ს/ნ ...) ლიკვიდაცია განხორციელდა 31.01.09წ. და აღნიშნული საიდენტიფიკაციო ნომრით პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი გადასახადის სახეების მიხედვით არსებული ნარჩენი გადატანილ იქნა მოქმედ საიდენტიფიკაციო ნომერზე - .... ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციით სპს ,,მ. ხ-ას“ (ს/ნ ...) საბიუჯეტო დავალიანება 04.05.12წ. მდგომარეობით შეადგენს არასასოფლო მიწის გადასახადში: ძირითადი გადასახადი - 2172,05 ლარს, საურავი - 5347,28 ლარს, ქონების გადასახადში: საურავი - 120,96 ლარს; სხვა გადასახადში (გაუქმებული): ძირითადი - 13 ლარს, ხოლო საურავი - 72,18 ლარს.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ზუგდიდის სერვისცენტრის მომსახურების დეპარტამენტის 28.09.12წ. წერილის თანახმად, საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია სხვა პირადი ბარათიდან (ს/ნ ...) დავალიანების საფუძველზე, რომელშიც დავალიანება აისახა 2004 წლის მიწის ხელნაწერი ბარათიდან. აღნიშნულ დარიცხვასთან დაკავშირებით გაგზავნილია 04.05.06წ. საგადასახადო მოთხოვნა და 04.05.06წ. საგადასახადო შეტყობინება, რომლის თანახმად არასასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადში არსებული დავალიანება 03.05.06წ. მდგომარეობით შეადგენდა: ძირითადი თანხა - 959,86 ლ., ხოლო საურავი -1163,84ლ.. აღნიშნული მოთხოვნა/შეტყობინება გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა 25.05.06წ. (ჩაბარება დასტურდება საარქივო მასალებით, მ. ხ-ას 29.05.06წ. შესაგებლის ტექსტით (ტ.1, ს.ფ. 120, 139)). ფოთის რეგიონალური ცენტრის 13.01.09წ. დასკვნაში აღინიშნა სპს „მ. ხ-ას“ (ს/ნ ...) ნარჩენი საგადასახადო დავალიანების გადატანის, პირადი აღრიცხვის ბარათების გაერთიანების შესახებ. ამდენად, 04.05.06წ. საგადასახადო მოთხოვნით/შეტყობინებით გათვალისწინებული თანხები მართებულად აღირიცხა პირადი აღრიცხვის ბარათში.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პირადი აღრიცხვის ბარათზე მითითებული თანხა აღემატება 04.05.06წ. საგადასახადო შეტყობინებაში მითითებულ თანხას. 04.05.06წ. შეტყობინებაში ძირითად თანხად მითითებულია 981,86ლ., ხოლო პირადი აღრიცხვის ბარათში საგადასახადო დავალიანების ძირითად თანხად მითითებულია 2363,48 ლ., ამ შეუსაბამობაზე მ. ხ-ა სააპელაციო საჩივარში აღნიშნავდა, მიუხედავად ამისა სააპელაციო სასამართლომ არ იქონია მსჯელობა აღნიშნულთან დაკავშირებით. ამასთანავე, პირადი აღრიცხვის ბარათში გაზრდილი საგადასახადო დავალიანების აღრიცხვის საფუძველი სასამართლოს მიერ დადგენილი არ არის.

საქმეში დაცულია გადასახადის გადახდის ქვითრები სხვადასხვა თანხებზე (ტ.1, ს.ფ. 13-15; ტ.2, ს.ფ. 3-4, 165). გადასახადის გადახდის ქვითრებზე (საგადასახადო დავალება) ი/მ „მ. ხ-ას“ მითითება არ გამორიცხავდა სპს „მ. ხ-ას“ საგადასახადო დავალიანების გადახდას, მით უფრო, რომ სპს-ს საკუთრებაში მყოფი ნაკვეთის ნაწილის მისამართი და კოდი ემთხვევა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული ნაკვეთის მისამართს და კოდს, კერძოდ, საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიხედვით, სპს „მ. ხ-ას“ საკუთრებაში ერიცხება ქ. ზუგდიდში, დგებუაძის ქ. (ყოფ. გრიბოედოვის I შეს.) 3000 კვ.მ. (კოდი ...) დაზუსტებული ფართი და ... ქ. №50-ში 814 კვ.მ. (კოდი 43.36.01.010) დაზუსტებული ფართი, ხოლო ფიზიკურ პირს მ. ხ-ას საკუთრებაში ერიცხება იმავე მისამართზე ... ქ. №50-ში მდებარე 313 კვ.მ. (კოდი ...) დაუზუსტებელი ფართი. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის გადახდის დამადასტურებელი საგადასახადო დავალებებით (ქვითრებით) საგადასახადო დავალიანების დაფარვის გარკვევა საჭიროებს ინდ.მეწარმეზე რიცხული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის ოდენობის გარკვევა, ზედმეტობის შემთხვევაში ამ თანხით სპს-ს დავალიანების დაფარვის და შესაბამისად პირადი აღრიცხვის ბარათზე სპს-ზე რიცხული დავალიანების კორექტირების შესაძლებლობის დადგენა. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 26.06.07წ. №166 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესის“ 2.6 მუხლის შესაბამისად პირი უფლებამოსილია სახელმწიფო ბიუჯეტში თანხების გადახდა განახორციელოს მესამე პირის მაგივრად. ფინანსთა მინისტრის 22.11.07წ. №1226 ბრძანებით დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების მიხედვით – 1041 ნიშნას არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის გადახდას ფიზიკური პირისაგან, ხოლო 1042 იურიდიული პირებიდან. 26.11.09წ. საგადასახადო დავალიანება (ტ.2.ს.ფ.165) ... საბიუჯეტო შემოსავლის კოდზეა გადახდილი.შეფასებას საჭიროებს აგრეთვე ის გარემოება, რომ საქმეში დაცული 16.07.07წ. ქვითრის მიხედვით, 540 ლ. გადახდილი აქვს არა ინდმეწარმეს, არამედ სპს „მ. ხ-ას“ (ტ.2, ს.ფ.3). სასამართლოს მითითება, რომ დავალიანების დარიცხვა მოხდა მოგვიანებით, 2009 წლის დასკვნის საფუძველზე, არ არის დასაბუთებული, დასკვნით შესაძლებელი იყო უკვე დარიცხული დავალიანების გადატანა იმ სუბიექტზე, რომელსაც ის შეერწყმა და არა დავალიანების დარიცხვა, საგადასახადო დავალიანების დარიცხვის საფუძველს შეადგენს საგადასახადო მოთხოვნა. ამასთანავე საქმეში დაცული 04.05.06წ. საგადასახადო მოთხოვნის თანახმად, მ. ხ-ას უკვე ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანების ნაწილი. გაზრდილ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 13.06.97წ. საგადასახადო კოდექსის 155-ე მუხლისა და 22.12.04წ. საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის მე-5, მე-6, მე-7 ნაწილების თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების გადასახადის გამოანგარიშება ხდებოდა მიწის წლიური საბაზრო განაკვეთის გამრავლებით ტერიტორიულ კოეფიციენტსა და მიწის ფართობზე. 13.06.97წ. საგადასახადო კოდექსის 156.1 მუხლის და 22.12.04წ. საგადასახადო კოდექსის 275.9 მუხლის თანახმად მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელების აღრიცხვა და გადასახადის დარიცხვა წარმოებდა ყოველწლიურად 1 მარტის მდგომარეობით. 13.06.97წ. საგადასახადო კოდექსის 156.3 და 22.12.04წ. საგადასახადო კოდექსის 275.13 მუხლის მიხედვით, საგადასახადო ორგანოები მიწაზე დარიცხული ქონების გადასახადის შესახებ „საგადასახადო მოთხოვნას“ გადამხდელებს გადასახადის გამოანგარიშებისათვის საჭირო ინფორმაციის ჩვენებით აბარებდნენ საანგარიშო წლის 1 ივლისამდე. მიწაზე ქონების გადასახადების გადახდა არ ითვალისწინებდა გადამხდელის მიერ დეკლარაციის წარდგენას, საგადასახადო ორგანოებს თავად უნდა წარედგინად გადამხდელისათვის „საგადასახადო მოთხოვნა“. ასეთის წარუდგენლობის შემთხვევაში გადამხდელისათვის უცნობი იყო გადასახადის ოდენობა. ამდენად, მას უფლება ჰქონდა არ ეწარმოებია გადახდები მიწაზე ქონების გადასახადის ანგარიშში „საგადასახადო მოთხოვნის“ მიღებამდე. ამდენად, მიწის გადასახადის გადამხდელისათვის „საგადასახადო შეტყობინების“ და „საგადასახადო მოთხოვნა“ არის საგადასახადო ვალდებულების დამდგენი დოკუმენტი, რომლითაც ცნობილი ხდება გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის ოდენობა. აღნიშნული დოკუმენტის ჩაუბარებლობა წარმოადგენს მიწის გადასახადზე საურავებისაგან განთავისუფლების საფუძველს. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა აღნიშნული ნორმატიული დანაწესები, მის მიერ არ იქნა შესწავლილი საგადასახადო დავალიანების წარმომშობი დოკუმენტაცია, დავალიანების არსებობის დამადასტურებელ დოკუმენტად შემოსავლების სამსახურის 13.01.09წ. დასკვნა იქნა მიჩნეული მაშინ, როდესაც დასკვნა თავისთავად არ ადასტურებს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე საგადასახადო დავალიანების დარიცხვის მართლზომიერებას. სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ სპს ,,მ. ხ-ას“ პირადი აღრიცხვის ბარათზე დავალიანების დარიცხვა მოხდა 13.01.09წ. დასკვნის საფუძველზე, არ ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნებს. დასკვნის შედგენის დროს მოქმედი საგადასახადო კოდექსის 80.1 მუხლის თანახმად გადასახადის გადამხდელს/ საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს წარედგინება საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც არის საგადასახადო ორგანოს ადმინისტრაციული აქტი. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 07.04.2005წ. =228 ბრძანებით დამტკიცებული ,,გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ” ინსტრუქციის (ძალადაკარგულია ფინანსთა მინისტრის 31.12.2010წ. =996 ბრძანებით) 3.12 მუხლის თანახმად, საგადასახადო ინსპექცია დამოუკიდებლად ახორციელებს გადასახადის თანხების დარიცხვას და ამის თაობაზე გადასახადის გადამხდელს უგზავნის ,,საგადასახადო მოთხოვნას”. ამავე მუხლის მე-15 პუნქტიდან გამომდინარე დგინდება, რომ თანხის დარიცხვა პირადი აღრიცხვის ბარათზე ხდება საგადასახადო შემოწმების მასალების განხილვის შედეგებზე, ან საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებზე გადასახადების ან/და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში. ამდენად, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დავალიანების დარიცხვის შემთხვევაში, დარიცხვა უნდა განხორციელდეს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე, რაც საქმეში არ მოიპოვება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული. სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახალი განხილვისათვის აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. სსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველი, რაც სსკ-ის 412-ე მუხლის შესაბამისად არის სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.ხ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.04.13წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

2. სასამართლო ხარჯები განაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე